ჰამლეტ ჭიპაშვილი: ქართველებმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღეს დიდ სამამულო ომში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დაესწრება 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებას

    9 მაისს რუსეთის დედაქალაქში გრანდიოზულად აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა მოსკოვში, ზოგი _ მიწვევით, ზოგი _ თავისი სურვილით. საქართველოს ხელისუფლებამ კი, მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედივით ლანძღვაგინებით არ მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს, მაინც ვერ გადადგა ნაბიჯი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოსკოვში წასასვლელად ან წარმომადგენლის გასაგზავნად.

    რა და ვინ უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის მთავრობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:

    _ 9 მაისს რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს აღნიშნავს,   8 მაისს _ ევროპელები. ამ დღეს უკრაინის მომხრე ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები კიევს ეწვევიან _ ნეოფაშისტურს, ბანდერულს, მისასამძიმრებლად თუ გამარჯვების მისალოცად, ძნელი გამოსაცნობია.

    უკრაინა დიდ მარცხს განიცდის ფრონტზე. ასეთ დროს სტუმარი მასპინძელს ამხნევებს, მაგრამ უშველის კი მილიონზე მეტი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ოჯახს გამხნევება? დაქცეულ უკრაინას აღორძინების სულს შთაბერავს? გამხნევებასთან ერთად წააქეზებენ კიდეც _ მიდით, მიდით, თქვენ გვერდით ვართო. უკრაინული ნეოფაშიზმი მხოლოდ უკრაინის საზღვრებში რომ ჩაიკეტოს, შედარებით ნაკლები თავის ტკივილის მომტანი იქნება მსოფლიოსთვის, მაგრამ აღორძინებულიყავისფერი ჭირიხომ ევროპასაც მოედება?!

    ისე, ევროპიდან არ გავრცელდა უკრაინაში ნეოფაშიზმი? მაგრამ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ხომ არ არის ნეოფაშიზმის თაყვანისმცემელი? _ არ არის! მათგან ერთ-ერთი სლოვაკეთია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მწარედ იწვნია ჰიტლერული ფაშიზმის საშინელებები. სლოვაკეთისთვის გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული წითელ მოედანზე ბევრს ნიშნავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ მოსკოვში ჩასვლა.

    როგორ თუ მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერმინისტრმაო! _ ლამის ტანზე შემოიხია ტანსაცმელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა კაია კალასმა, _ არავინ გაბედოს მოსკოვში წასვლა, არც ერთმა წევრმა და არაწევრმა,ასოცირებულმაცო.

    კაია კალასის ბრძანებამ ისე გააცეცხლა ფიცო, რომ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა: ახლა 2025 წელია და არა 1939, მე დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერმინისტრი ვარ და, სადაც მინდა, იქ წავალო.

    ნახეთ, პატივცემულო მკითხველო, ბრიუსელელი მოხელის თავხედობა რა დონეზეა! კალასს, ფონ დერ ლაიენს, სხვა ბრიუსელელ მოხელეებს, არავის მიერ არჩეულებს, რამხელა ამბიციები აქვთ და წარმოიდგინეთ ევროკავშირში მყოფი საქართველო.

    თუმცა კალასის ბრძანება საქართველოსაც ეხება, როგორც წევრობის კანდიდატ ქვეყანას. თუ სომხეთს შეეხო, რომელიც ასოცირებული წევრიც არ არის, საქართველოს არ ეხება?!

    სომხეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საჯაროდ დაგმო კაია კალასის მიერ სომხეთისთვის გაგზავნილი ბრძანება, რომ პრემიერმინისტრ ფაშინიანს უარი ეთქვა მოსკოვში გამგზავრებაზე, რა შუაშია ევროკავშირი სომხეთთან, ჩვენ, უბრალოდ, გამოვთქვით სურვილი ევროკავშირში გაწევრებაზე; ჩვენ არ  ვართ ასოცირებული ქვეყანა, მით უმეტეს წევრი და ვერავინ აუკრძალავს ფაშინიანს მოსკოვში ჩასვლას, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი ჩვენი გამარჯვების ამსახველია, იმ ომში 300 000 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთო, _ განაცხადა მან.

    _ 9 მაისს ბევრი ქვეყნის  წარმომადგენელი ჩავა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და აღლუმს დაესწრება, მაგრამ საქართველოდან, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო დიადი გამარჯვებისთვის, არავინ

    _ საქართველოს მოსახლეობამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო დიდ სამამულო ომში, იმდენი, რამდენიც იმხანად მოსახლეობით ნაკლებმა სომხეთმა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ მიიღებს მონაწილეობას წითელ მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში.

    _ რატომ ვერ ჩადის საქართველოს მთავრობა მოსკოვში?

    _ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ასე ინება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა  2008 წლის ცხინვალის ომში დამარცხებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

    ძნელია იმის თქმა, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თუ აიძულეს სტრატეგიულმა პარტნიორებმა.

    ომის გამჩაღებელს უნდა სცოდნოდა, რომ ცხინვალში შეჭრით ვერაფერს მიიღებდა, რომ ცხინვალს რუსეთი დაეხმარებოდა, ისევე, როგორც 1992 წელს ჩრდილოეთ კავკასია დაეხმარა აფხაზეთს. სააკაშვილმა აფხაზეთის საკითხში არ გაიაზრა წინამორბედი პრეზიდენტის საბედისწერო ნაბიჯი და დაუშვა  უარესი შეცდომა. თუ შევარდნაძის ავანტიურას არ მოჰყოლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური აღიარება, სააკაშვილის ავანტიურას მოჰყვა. შევარდნაძის შეცდომის, უფრო ზუსტად, დანაშაულის წამქეზებელი ცნობილი არ არის, ვინაიდან ასეთი არ იკვეთება, სააკაშვილის წამქეზებელი კი იკვეთება _ ეს არის აშშ.

    შევარდნაძის მიერ დაწყებულმა ომმა და მასში სამარცხვინო დამარცხებამ, ყოფილი ავტონომიის ფაქტობრივმა დაკარგვამ, აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულმა 300 000 ლტოლვილის უსერიოზულესმა პრობლემამ, რომელიც დღესაც არ არის მოგვარებული, საქართველოს მოსახლეობის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა, მარცხით გამოწვეულმა ნიჰილიზმმა უარყოფითად იმოქმედა ერზე  და მომავალშიც იმოქმედებს.

    შევარდნაძის მმართველობას სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა დაუსვეს წერტილი. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ხელისუფლების ცვლას, როგორც წესი, ახლავს ყოფილის მუშაობის შეფასება _ მეტწილად დადანაშაულების მიზნით. ამ შემთხვევაში  ასეთი რამ არ მომხდარა და არ მომხდარა იმიტომ, რომ შევარდნაძის უსაფრთხოებას დასავლეთი უზრუნველყოფდა. სააკაშვილს  აზრადაც არ მოსვლია შევარდნაძის მიერ აფხაზეთში გაჩაღებული ომის შეფასება. როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის ყოფილ ავტონომიებში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა პატრიოტიზმი იყო. ამ საქმეში ორივეს მომხრეებიც ჰყავდათ, რომლებიც წინასწარ ვერ საზღვრავდნენ ომის შედეგებს. შევარდნაძის ვითომ პატრიოტულმა, სინამდვილეში აგრესიულმა გამოხდომამ აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვა გამოიწვია.

    რაც შეეხება 2008 წლის ცხინვალის ომს, საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იყო _ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, ამიტომ მისი პოლიტიკური ელიტა კარგად უნდა ყოფილიყო გათვითცნობიერებული, რა შედეგები მოჰყვებოდა ომის გაჩაღებას.

    დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ 1992 წლის შემდეგ დაგროვილმა გამოცდილებამ ბევრი ვერაფერი შესძინა პოლიტელიტას.

    ნაციონალური მოძრაობისხელმძღვანელი თინა ბოკუჩავა საჯაროდ რომ განაცხადებს, 2008 წელს სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრიობას იცავდაო, რბილად რომ ვთქვათ, ეს უცოდინარობას ნიშნავს ან საერთაშორისო შეთანხმების ფეხებზე დაკიდებას.

    სამხრეთ ოსეთში მშვიდობას უზრუნველყოფდა ეუთო, მასთან ერთად _ რუსეთისა და საქართველოს სამშვიდობო ძალები.  ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს მოლაპარაკებები ეწარმოებინა სამხრეთ ოსეთთან საქართველოს შემადგენლობაში მისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, მან დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის წაქეზებით იარაღს მოჰკიდა ხელი საკუთარი ხალხის სამხედრო ძალით დასაქვემდებარებლად. თინა ბოკუჩავას თვალსაზრისს იმ ომზე „ნაცმოძრაობის” სხვა წევრებიც იზიარებენ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის” წევრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ასე მიიჩნევენ _ სამხრეთ ოსეთი ჩვენი იყო და იქ, რასაც გვინდოდა, იმას გავაკეთებდითო.

    პოლიტიკოსობა სხვა პროფესიასთან შედარებით დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. პოლიტიკოსი სახელმწიფოს წინაშეა პასუხისმგებელი და არა რომელიმე დარგის _ მშენებლობის, განათლების, მეცნიერებისა და ა.შ.

     ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ქვეყანაში მოიტანა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსობა; გაჩნდა მრავალი პარტია, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველი. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს სახელმწიფოს შენება და ამ საქმის მიმართ პასუხისმგებლობა.

    ისტორიის ერთობ მოკლე პერიოდში გამოვლენილმა უპასუხისმგებლობამ  ორი მძიმე დარტყმა მოგვაყენა _ ადამიანთა მსხვერპლითა და ტერიტორიების დაკარგვით.

    _ ვართ თუ არა დაზღვეული იმ ორი მძიმე დარტყმის გამეორებისგან?

    _ ამჟამინდელი პოლიტიკოსების ქმედებების გათვალისწინებით არანაირი გარანტია იმისა, რომ უპასუხისმგებლობას აღარ გავიმეორებთ, არ არსებობს, ვინაიდან უპასუხისმგებლობა ჩანს ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით პოლიტიკაში.

    უპასუხისმგებლობად მიმაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინისა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან პესკოვის განცხადებებზე (რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის პასუხი _ საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ რუსეთი დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებსო.

    პასუხი მართლაც მარტივია _ საქართველო არ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას; აქედან გამომდინარე _ არც პოლიტიკური კავშირების. პაპუაშვილს „ოცნების“ ხელისუფლებამ ათქმევინა ის, რაც „ოცნებას“ უნდა ეთქვა. არის თუ არა პაპუაშვილის განცხადება უპასუხისმგებლო? ჩემი აზრით, არის! ოპოზიციისთვის _ არა. ოპოზიციაც ხომ, წლებია, ანალოგიურ თვალსაზრისზეა.

    _ .., ხელისუფლება და ოპოზიცია რუსეთთან კავშირების აღდგენის შესახებ ერთ პოზიციაზე არიან?

    _ დიახ, პატივცემულებო. არა მხოლოდ ამ საკითხში, სხვაშიც იგრძნობა პოზიციათა თანხვედრა. მოდი, სიღრმისეულად განვიხილოთ პაპუაშვილის „ბრძნული“ პასუხი. საქართველოს არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რომელიც თვითონ საქართველომ გაწყვიტა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით ცხინვალის ომის წაგებისა და ყოფილი ორი ავტონომიური ფორმირების რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ. ევროკავშირის სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და გაეროს ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ომი საქართველომ დაიწყო და გამოიყენა აკრძალული ჭურვები.

    საერთაშორისო სარბიელზე, კარგა ხანია, ცნობილია აგრესორის ვინაობა, მაგრამ საქართველოს საზოგადოებას ეს არაფრად მიაჩნია. მას თავისი თვალსაზრისი აქვს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი.

    2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ზოგი ქართველის ნაღრძობი ტვინი ვერა და ვერ ჩარეცხა, ამიტომ ვიმეორებთ: „ომი რუსეთმა დაგვაწყებინა, ჩვენ უმანკო კრავები ვართ, რუსთა მიერ დაზარალებულნი, ტერიტორიებწართმეულნი”.

    საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს არ ვენდობით და საქართველოს პარლამენტის სპეციალურ კომისიას ვქმნით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, მათ შორის ცხინვალის ომის დაწყების საკითხიც იქნება განხილული და, როგორც ჩანს, ომის გამჩაღებელი სააკაშვილის, მისი „ნაცმოძრაობის” დამადანაშაულებელი განაჩენიც იქნება გამოტანილი.

    კომისია გვერდს ვერ აუვლის სააკაშვილის დანაშაულს ომის გაჩაღების გამო. და რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რაც თავის დროზე მიიღეს ევროკავშირის საგამოძიებო სპეციალურმა კომისიამ და გაერომ. ანუ, ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა რუსეთმა. მაშ, რას ვედავებით რუსეთს?

    თუ ომი სააკაშვილმა დაიწყო, ხოლო რუსეთმა დაიცვა ცხინვალში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და სამშვიდობო ძალები, რუსეთია დამნაშავე თუ ომის დამწყები საქართველო?!

    _ რატომ დაიპყრო რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები?

    _ აქაც პასუხი მარტივია. რუსეთი იძულებული იყო, დაეკავებინა ყოფილი ავტონომიების ტერიტორიები, ვინაიდან საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა ავტონომიებთან მოლაპარაკების დაწყებაზე, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ფორმირებების საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის სტატუსი და ნაცვლად ამისა, ისტერიკული ყვირილი მორთო აღნიშნული ავტონომიების სამხედრო ძალით დაბრუნების თაობაზე.

    რუსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ გონგამოცლილი და ავანტიურისტი სააკაშვილისგან, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა, ყველაფერი იყო მოსალოდნელი და ყოფილ ავტონომიებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოების მიზნით აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ამასთანავე გააფორმა ხელშეკრულება სააკაშვილის მოსალოდნელი აგრესიისგან დასაცავად.

    პაპუაშვილისა და „ოცნების“ მიხედვით, არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან დღეს ან ხვალ არ იქნება. ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა დაიკავა დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, და რუსეთის   სურვილის მიუხედავად, ისინი წინააღმდეგნი იქნებიან ჩვენთან შეერთებაზე, რაც  უნდა ფართო ავტონომია შევთავაზოთ.

    დამოუკიდებლობიდან ავტონომიაზე ჩამოქვეითება ლოგიკას არ შეესაბამება, თუმცა ასეთი რამ მოხდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს ერთმანეთთან სამოკავშირო ხელშეკრულება აკავშირებდა. 10 წლის შემდეგ აფხაზმა ბოლშევიკებმა თვითონ მოითხოვეს სსრ-ის სტატუსის გაცვლა ავტონომიაზე _ საქართველოს სსრ შემადგენლობაში. მაშინ ამ გადაწყვეტილებისკენ აფხაზებს სტალინმა და ბერიამ უბიძგეს. დღეს კი სტალინისა და ბერიას გაცოცხლებაც ვერ ააღებინებს ხელს ყოფილ ავტონომიებს დამოუკიდებლობაზე.

    ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის მიმართ. აბსტრაქტული განცხადება — ჯერ ტერიტორიები, შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ილფისა და პეტროვის „12 სკამიდან“ ცნობილ ფრაზას მაგონებს: „დილით ფული, საღამოს სკამები. დილით სკამები, საღამოს ფული!“.

    დასავლეთის მიერ გაჩაღებულ  ომს მოჰყვა დასავლეთის ცრუ დაპირება დაკარგულის დაბრუნების თაობაზე. ქართულმა პოლიტიკამ, საზოგადოებამ გულუბრყვილოდ დაიჯერა ეს ზღაპარი. დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებამ ზღაპარი კიდევ უფრო გააზღაპრა. დღეს აღარც დასავლეთი „გვამხნევებს“ და აღარც ტერიტორიების გამთლიანების იმედი გვაქვს. ზოგ ოპოზიციონერს  კი ისევ ჰგონია, რომ დასავლეთი დაგვეხმარება, როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და აღადგენენ უკანალის ლოკვის პოლიტიკას.

    რუსეთს ვთხოვთ ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ არ ვთხოვთ თურქეთს, რომელსაც არანაკლები ტერიტორიები აქვს ჩვენთვის წაგლეჯილი. უფრო მეტი ექნებოდა, ოსმალეთს რუსეთთან ომი რომ არ წაეგო და რუსეთისთვის სოლიდური ფულის გადახდის ნაცვლად ბათუმი და მისი შემოგარენი არ გადაეცა. რუსეთის იმპერიის მიერ სისხლით მოპოვებული გამარჯვების ნაყოფს ვიმკით  აჭარის ავტონომიის სახით.

     კიდევ ერთ კითხვას დავსვამ: აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში მზად ვართ მის სამართავად? გვაქვს თუ არა გეგმა  ხალხის მართვისა, რომელსაც არ სურს ჩვენთან ცხოვრება; ხალხის, რომელიც აფხაზურ და რუსულ ენებზე ლაპარაკობს და კულტურულეკონომიკური ცხოვრებით რუსეთთან არის ჩახუტებული?  აფხაზეთი ისეა დაშორებული ჩვენგან, როგორც ჩვენ _ ავსტრალიისგან. და, რაც დრო გადის, მით მეტად ვშორდებით.

    2008 წლის ომის შემდეგაც შეიძლებოდა ჩვენგან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, ხელს რომ შეუწყობდა ჩატეხილი ხიდის აღდგენას. მხედველობაში მაქვს ურთიერთობის ხელახლა დაწყება, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯებისთვის. ურთიერთობის აღდგენა კი რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის გარეშე მიუღწეველი ოცნებაა.

    რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა, საქართველოსა და აფხაზეთს შორის დანგრეული სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა, აფხაზეთთან ბიზნესკავშირების დამყარება, ისე, როგორც სავაჭროეკონომიკურის, კულტურის, ხელოვნების, სპორტის კუთხით და .. ჩვენგან მოითხოვს აქტიურობას, პასუხისმგებლობის მაქსიმალურ გამოვლინებას და არა გაბუტვას ან სხვის მოიმედეობას.

    საქართველოს ხელისუფლება თავისი ინერტულობით გვაფიქრებინებს, რომ არ სურს დაკარგულის დაბრუნება; რომ ის, კარგა ხანია, შეეგუა მათ არყოფნას საქართველოს შემადგენლობაში და ლიტონ სიტყვებს ისვრის ტერიტორიული გამთლიანების თაობაზე, რათა ხალხს აფიქრებინოს, რომ ის მუდამ ამაზე ზრუნავს.

    პატივცემულო ხელისუფლებავ, ტყუილად ირჯებით, ხალხმა ყველაფერი იცის!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here