ჰამლეტ ჭიპაშვილი: მიუნხენს გველის ნაკბენივით ახსოვს 2007 წელს კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა

    14-16 თებერვალს მიუნხენში გაიმართა უსაფრთხოების 61- კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრო. მიუნხენის 2025 წლის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელმაც ევროპის ანტიდემოკრატიულობაზე გაამახვილა ყურადღება და ბებერ კონტინენტს სიტყვის თავისუფლება დაუწუნა. რა მოჰყვება ვენსის სიტყვებს და რას მოიმოქმედებს ამერიკა, ჯერჯერობით უცნობია

    მსოფლიოს ახსოვს რამდენიმე პოლიტიკური გამოსვლა, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესები მოჰყვა, ერთერთი ასეთი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე.

    სწორედ მიუნხენში ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება  პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი:

    _ მიუნხენს გველის ნაკბენივით ახსოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა 2007 წელს. ვინც პუტინის სიტყვა მოისმინა, დამეთანხმება, რომ ასეთი პირდაპირობით არც ერთი ქვეყნის მეთაური არ გამოსულა არც 2007 წლამდე და არც მას შემდეგ. კარგად მახსოვს კათედრასთან მდგარი პუტინის წინ, 2-3 მეტრის დაშორებით, დარბაზის პირველ რიგში აშშ-ის დელეგაციის წევრების, განსაკუთრებით სენატორ მაკეინის უხერხული გამომეტყველება პუტინის კრიტიკაზე აშშ-ის ჰეგემონიის გამო.

    მაკეინი, კარგა ხანია, აღარ არის, მაგრამ სხვა ამერიკელები ხომ

    არიან და ხშირად ისეთს ისვრიან, რომ არა მხოლოდ დარბაზში არსებულ პოლიტიკურ ჰაერს არხევენ, არამედ დარბაზს გარეთ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებასაც. ასე მოხდა 2022 წლის თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამოსვლისას, როდესაც ის პრეზიდენტ ზელენსკის ნატოში უკრაინის მიღებას დაჰპირდა. ამ დაპირებას მოჰყვა პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

    პუტინის 2007 წლის სიტყვასა და ჰარისის 2022 წლის სიტყვას შორის საკმაო დრო იყო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, მაგრამ მოხდა პირიქით _ დასავლეთმა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად საწინააღმდეგო რამ გააკეთა _ გადაწყვიტა უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება, უკრაინის ნატოში მიღება.

    ომში ჩართული უკრაინის ნატოში გაწევრება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დააპირისპირებს რუსეთთან. ის ირიბად ისედაც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ _ უკრაინას აწვდის იარაღს, ფულს, წვრთნის უკრაინელ სამხედროებს, თვალს ხუჭავს თავისი მოქალაქეების უკრაინის ომში მონაწილეობაზე. ირიბი ომი, ანუ „პროქსი ომი“, როგორც მას უწოდებენ, ნატოს უკვე აქვს რუსეთთან, მაგრამ პირდაპირ დაპირისპირებაზე არ მიდის ობიექტური მიზეზების (უპირველესად, ომით გამოწვეული მშვიდი ცხოვრების დარღვევის) გამო. გარდა ამისა, ნატო ხედავს, რომ მისი უპირატესობა რუსეთზე მხოლოდ ქაღალდზეა, ცხოვრებაში კი პირიქით არის.

    რუსეთის უპირატესობა, სამხედრო თვალსაზრისით, ყველა სფეროში შეინიშნება. ომმა მსოფლიოს დაანახვა, რა სუსტია კოლექტიური დასავლეთის სამხედრო იარაღი რუსეთის იარაღთან შედარებით. ამერიკული ტანკი „აბრამსი“, ევროპული ტანკები, მათ შორის გერმანული „ლეოპარდი“, ისე იწვის ბრძოლის ველზე, როგორც მუყაო; გარდა ამისა, მძიმე წონის გამო უჭირთ უკრაინის შავმიწანიადაგიან ტერიტორიაზე მანევრირება. ეს ტანკები ტალახში „იხრჩობიან“ და მათი ამოყვანა ბევრ პრობლემას უკავშირდება.

    რუსეთი ყოველთვიურად ამზადებს და მოდერნიზაციას უკეთებს 30 ტანკს _ Т-72Б3-ს, Т-80БВМ-ს, Т-90М-ს. გეგმის მიხედვით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უახლოეს მომავალში გააფართოებს მძიმე ჯავშანტექნიკის წარმოებას თვეში 40-50 მანქანამდე. ევროკავშირში კი ტანკების წარმოება შეფერხებულია. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა გერმანია დღეში ერთ ტანკს უშვებდა. ამჯერად თვეში მხოლოდ 3-4-ს ამზადებს. ახალი ქარხნებია საჭირო, რაც ასევე პრობლემაა.

    უკრაინის ფრონტზე სხვა პრობლემაც ბევრია. მაგალითად, დეზერტირობა, ტყვედ ჩაბარება, რწმენის დაკარგვა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, მეომრების დეფიციტი. იარაღთან ერთად, უკრაინელიც თავდება და… ერთადერთ ფაქტორად რჩება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, მანამდე კი საჭიროა ნებისმიერი ხერხით რუსეთის ჯარის შეკავება, მაგალითად, 18 წლის ყმაწვილების ფრონტზე გაწვევით. 18 წლის გამოუცდელი ახალგაზრდების ომში ჩართვა, შესაბამისი წვრთნის გავლის გარეშე, სასაკლაოზე გაგზავნას ნიშნავს, მაგრამ აწუხებს ეს უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს? სწორედ ის მოითხოვს ზელენსკისგან 18 წლის ახალგაზრდების ომში ჩართვას.

    ხშირად ვსაუბრობ მძიმე დემოგრაფიულ სურათზე და იმაზე, რომ საბჭოთა კავშირისდროინდელი უკრაინის მოსახლეობა (52 მილიონი) რამდენიმე მილიონით შემცირდა. უამრავმა უკრაინელმა მიატოვა სამშობლო და ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთში გადასახლდა. ამასთანავე, დასავლური წყაროების მიხედვით, ომში მილიონზე მეტი უკრაინელი დაიხოცა.

    30 წლის წინათ უკრაინელი ამბობდა, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ და ევროკავშირში გაწევრებისთანავე „უკრაინა ცე ევროპა“ გახდებაო. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს მართლა ასეა, არა იმიტომ, რომ ევროპასთან დაახლოებული უკრაინა ევროპულ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას ეზიარა, არამედ იმიტომ, რომ ევროკავშირი ეზიარა უკრაინულს გაუარესებული ეკონომიკით, ბუნებრივი აირის დეფიციტით გამოწვეული პრობლემებით.

    რუსული იაფი ბუნებრივი აირის არარსებობა, ანუ ევროკავშირის მიერ მასზე უარის თქმა და 3-ჯერ ძვირი ამერიკული აირის შეძენა გახდა ევროკავშირის ეკონომიკის დაღმასვლის მიზეზი.

    გერმანიაში დაიხურა ავტო და ქიმიური მრეწველობის ქარხნები, ვინაიდან ძვირი აირით შექმნილი პროდუქცია იაფად ვერ გაიყიდება, ძვირად ღირებული პროდუქცია კი კონკურენციას ვერ უძლებს. გაიზარდა უმუშევრობა, გაჩნდა სოციალური პრობლემები, დაეცა ცხოვრების დონე, მართალია არა უკრაინულამდე, მაგრამ აღარაფერი აკლია. ასე რომ, უკრაინას ამაყად შეუძლია თქვას, რომ ის არის „ცე ევროპა“.

    რუსეთი დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყანაა, მაგრამ მან გაუძლო სანქციებს. და არა მხოლოდ გაუძლო, წინ წაიწია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან ერთად. სამწუხაროდ, რუსულ ფენომენს ვერ აფასებენ დასავლეთში, რომელიც იმეორებს იმას, რაც გასული საუკუნის 30-ანი წლებში ხდებოდა, როდესაც ევროპა ფაშიზმსა და ჰიტლერს უჭერდა მხარს. ამჯერად კი ნეოფაშიზმს უჭერს მხარს უკრაინის სახით და მის ფიურერს — „ადოლფ ზელენსკის“, თუმცა ჰიტლერი სამარეში გადატრიალდებოდა ებრაელი ზელენსკის ნეოფაშიზმით გატაცების გამო.

    რა გაეწყობა, იცვლება მსოფლიო _ ჰიტლერის პერიოდში მიზანში ამოღებული და გაწყვეტილი ებრაელობა დღეს თვითონ ანადგურებს სხვას. მაგალითად, ისრაელი _ პალესტინელ არაბებს; ზელენსკი _ თავის უკრაინელებს.  დასავლეთის მოწოდებებს რომ  არ აჰყოლოდა რუსეთთან დაპირისპირების თაობაზე, ის 2022 წელსვე შეწყვეტდა ომს, რითაც დონბასსაც შეინარჩუნებდა, ქვეყანასაც და თავის ხალხსაც.

    _ თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამენ უკრაინის პრეზიდენტს, რას მოიმოქმედებს, დათმობს ტერიტორიებს რუსეთის სასარგებლოდ?

    _ დღეს სავალალო მდგომარეობაა. მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარი ზელენსკი იძულებელი იქნება, არა მხოლოდ დონბასისა და ყირიმის, არამედ სხვა ტერიტორიების დაკარგვასაც შეეგუოს. ზელენსკი განუწყვეტლივ მოუწოდებს დასავლეთს, უკრაინა ნატოში შეიყვანოს ან ქვეყანას ბირთვული იარაღი დაუბრუნოს. „დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული ბომბები!“_ გაჰყვირის ის და არგუმენტად ბუდაპეშტის მემორანდუმი მოჰყავს, როცა კიევს ხელი მოაწერინეს მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა ბირთვული იარაღის რუსეთში გატანაზე.

    ზელენსკი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ბირთვული იარაღი უკრაინისა იყო. სინამდვილეში ბირთვული იარაღი, დამზადებული საბჭოთა კავშირში და განთავსებული უკრაინის სსრ ტერიტორიაზე, რუსეთის იყო, ანუ სსრკ-ის და მას მონიტორინგს უწევდა მოსკოვი, ის ცვლიდა ბირთვულ ქობინებს, მოდერნიზაციას უტარებდა რაკეტებს, რომლებსაც ბირთვული ქობინი მიზნამდე უნდა მიეტანა. უკრაინას ამ იარაღთან შეხება არ ჰქონია. მას არც ბირთვული იარაღის სპეციალისტები ჰყავდა და რომც ჰყოლოდა, თითსაც ვერ გაანძრევდა მოსკოვის გარეშე. ასე რომ, ტყუის ზელენსკი, როდესაც ამბობს, დამიბრუნეთ ჩემი იარაღიო…

    აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის, მილიარდერ მასკის, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წევრების, განსაკუთრებით კენედის განცხადებების მიხედვით, USAID-მა (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) თავისი ბინძური საქმიანობით არა მხოლოდ მსოფლიო დააზარალა, არამედ  ამერიკაც.

    _ USAID-მა საქართველოც ძალიან დააზიანა

    _ დიახ, ამ ორგანიზაციამ საქართველოსაც გაჰკრა კლანჭი და ლამის 25 წლის განმავლობაში აგენტურული ქსელის შექმნით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოქრთამვით, რადიოების _ „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ _ ანტისაბჭოური, ანტირუსული და ანტიქართული პროპაგანდით, ქართველში დათესა აუტანლობა რუსეთის, რუსის, საბჭოურის  მიმართ. სიტყვით  ტოლერანტობის მქადაგებელმა, საქმით  ანტიჰუმანურმა, ისე გადააგვარა ქართველი, რომ მეზობელ რუსს დაატაკა, ერთი ხელის მოსმით წააშლევინა მრავალსაუკუნოვანი ისტორია; აუკრძალა რუსული ტელეგადაცემების ყურება;  გააწყვეტინა დიპლომატიური ურთიერთობები; ისე დააშორა რუსეთს, თითქოს მასთან არასდროს ჰქონია სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური, ადამიანური და ნათესაური კავშირები.

    აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აშშ-ის „მსუბუქი ძალა“ იყო საქართველოში და ამ ძალამ გაახსნევინა მიხეილ სააკაშვილს „საბჭოთა ოკუპაციის“  მუზეუმი,  დააწყებინა ომი  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ფორმირებებში ვითომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების აღსადგენად, სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ.

    ცხინვალის 2008 წლის ომმა საქართველოს ტერიტორიას 20% ჩამოაჭრა; საქართველოს გააწყვეტინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან;  გამოიყვანა დსთ-დან და გადაადგმევინა მოჩვენებითი ნაბიჯი ყოფილ ავტონომიებთან უმნიშვნელო საკითხებზე და არა სერიოზულზე, როგორიც ავტონომიების დაბრუნებაა ჟენევაში მოლაპარაკებების საწარმოებლად.

    USAID-მა   „ვარდების რევოლუციით“ საქართველოს თავზე დაასვა ქარაფშუტა, ბოროტი, ბილწი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო საკუთარ ბაღჩად ჩათვალა და მანამდე ინავარდა, სანამ პატრონი არ შეაწუხა.

    ილონ მასკის  განცხადებით, „USAID -ი   დამნაშავე ორგანიზაციაა და ის უნდა მოკვდეს. ის ქვეწარმავლური ბუდეა რადიკალური მემარცხენე მარქსისტებისა, რომლებსაც სძულთ აშშ“.

    USAID -ი  2013-2014 წლებში აქტიურად მონაწილეობდა კიევის მაიდნის პროცესში. ჩართული იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში, არამედ შიმშილობასთან ბრძოლის პროგრამაში, ვაქცინაციაში, ბიოლოგიურ და ფარმაცევტულ კვლევებში. გულუხვად აფინანსებდა მათ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რაც გამოიყენებოდა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“, შარშანდელ და წლევანდელ ანტისამთავრობო ამბოხში, მიტინგებისა და დემონსტრაციების დაფინანსებაში. და ამას აკეთებდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სერბეთში, სლოვაკეთში და სხვაგან.

    მასკმა განაცხადა, რომ უნდა დაიხუროს „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ პროგრამები. „რადიო თავისუფლება“, მოწვეული ანტიქართველი ექსპერტებით, მსმენელს ნაცარს აყრის თვალში და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დაფინანსების შეწყვეტით „რადიო თავისუფლებას“ ხმა ჩაუწყდება, რაც მისასალმებელია.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here