Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ეს ციფრები ასახავს არა რეალობას, არამედ აირაის მესვეურთა სურვილებს

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ეს ციფრები ასახავს არა რეალობას, არამედ აირაის მესვეურთა სურვილებს

ჰამლეტ ჭიპაშვილი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (აირაი) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგს აქვეყნებს. შეკითხვაზე: „მომდევნო კვირას რომ იყოს არჩევნები, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“- 26%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, „ევროპული საქართველო“ – 7%, „ლეიბორისტული პარტია“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 3%, „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ – 1%, „რესპუბლიკური პარტია“ – 1%, სხვა პარტიები – 1%, არცერთი პარტია – 15%, არ მაქვს პასუხი – 20%.


აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ აზრის გამოთქმა პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს სთხოვა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: საინტერესო ის არის, რომ ეს კვლევები ისეთივეა, როგორიც იყო შარშან, შარშანწინ და ა.შ. ანუ, მათი პოზიცია არ შეცვლილა და განუხრელად აგრძელებენ წლების წინ აღებულ კურსს.

რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ციფრები ასახავს არა რეალობას, არამედ აირაის მესვეურთა სურვილებს. ანუ, იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელიც მოდის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან და შესაბამისად ეს კვლევა უნდა განვიხილოთ, როგორც გაცხადებული დირექტივა, რომელიც ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. მე შეგახსენებთ, რომ აირაიც და ენდიაიც ორივე არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ მყოფი ორგანიზაციები, ამდენად, ისინი არ უნდა აღვიქვათ ჩვეულებრივ ორგანიზაციებად. ამ ორგანიზაციების მიერ დადებული მონაცემი ნიშნავს ამერიკის საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური წრეების პოზიციას და როგორც ჩანს, იმ ძალებს საქართველოსთან მიმართებაში აზრი დღემდე არ შეუცვლიათ…

_ როგორ ფიქრობთ, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება არ უნდა დატყობოდა ამ ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში? იგი ჯერ კიდევ წინასააჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, დანარჩენ მსოფლიოს ჩვენს პოლიტიკას არ მოვახვევთო.

 _ ტრამპი ჯერჯერობით შიდა საქმეებით შემოიფარგლება და მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც ეს იყო. ის ამბობდა, რომ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობდა ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს, იქნებოდა ეს სამუშაო ადგილების შექმნა, ზოგადად სოციალური საკითხები თუ სხვა. ეს ერთი და მეორეც, ტრამპს ყავს ძალიან ბევრი მტერი. მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისუფლად იმოქმედოს და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები. მას ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, ამიტომ ჯერჯერობით დასკვნის გამოტანა ნაადრევია. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი მას შემდეგ, როცა საბოლოოდ დამთავრდება მმართველი გუნდის ფორმირება. ამას დროთა განმავლობაში დავინახავთ…

 _ და სანამ ეს მოხდება, როგორ ფიქრობთ, საზოგადოების აზრზე და განწყობაზე გავლენას ახდენს აირაის ან იგივე ენდიაის კვლევები?

 _ ცხადია ახდენს. საერთოდ, ასეთი კვლევები ყველაზე მეტად საზოგადოების იმ ნაწილზე მოქმედებს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებადაა გაცნობიერებული. ანუ, ეს არის ერთგვარი რეკლამა, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში ილექება და გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. გარდა ამისა, მსგავსი კვლევებით იქმნება ერთგვარი პოლიტიკური დღისწესრიგი, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერავინ, მათ შორის ვერც მმართველი გუნდი; ასე რომ, ეს კვლევები დიდწილად მიზანს აღწევს და თავის საქმეს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ობიექტურობის არავის სჯერა და სანდოობაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here