Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: სამშობლო, ალბათ, ყველაზე ღირებულია, რასაც ადამიანი უფლისგან ჯილდოდ იღებს,...

ჯუმბერ პატიაშვილი: სამშობლო, ალბათ, ყველაზე ღირებულია, რასაც ადამიანი უფლისგან ჯილდოდ იღებს, წინაპრებისგან _ მემკვიდრეობად, შთამომავლობისთვის კი _ უდიდეს პასუხისმგებლობად

ჯუმბერ პატიაშვილი

ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა 2013 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით _ “ოცდასამი წლის შემდეგ”, რომელიც ასე იწყება: “ფიქრი და განსჯა უცხო არ არის ჩემთვის, არც ტკივილი, მით უფრო _ ტკივილის თმენა…”

წიგნის მიხედვით რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ თვრამეტსერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სცენარის ავტორია ზაალ ნემსაძე. მოგვიანებით, თვრამეტი სერია 7-მდე დაიყვანეს და მართლაც კარგი, საჭირო და ისტორიული დოკუმენტური მასალაა ასახული, ფილმის სახელწოდებაასიკეთე მაინც მოვა…” _ ეს სიტყვები ილია მეორეს ეკუთვნისსწორედ ამ წიგნსა და მის მიხედვით გადაღებულ ფილმზე გვესაუბრება ბატონი ჯუმბერი:

_ ყველა მიჩიჩინებდა, რომ წიგნი დამეწერა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები აღმეწერა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. დროთა განმავლობაში ვნახე, რომ ჩვენი ქვეყანა იმ გზით არ მიდის, რომლითაც ნამდვილად მოიპოვებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას… 80-იანი წლების მოვლენების თვითმხილველი და, ხშირ შემთხვევაში, აქტიური მონაწილეც ვარ, ამიტომ ბევრი რამ იყო სათქმელი, თუმცა მოპასუხე არ მყავდა. იმ პიროვნებებიდან, რომლებიც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ პროცესებში, ბევრი ცოცხალი აღარ არის, რაც სამწუხაროა, რადგან მათგან იყო პასუხი საჭირო და ახსნა, შესაძლოა, ვერც გაებედათ პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელი იყო მათი მოსმენა… საინტერესო ცხოვრება მქონდა მას შედეგ, რაც საკანდიდატო დავიცავი, უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი, ვმუშაობდი, ვსწავლობდი, ბევრი შემოთავაზებაც მქონდა… ვმეგობრობდი უდიდეს მეცნიერებთან და ამ მეგობრობით ძალიან ვამაყობდი.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამდი, მხოლოდ ჩემი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ბავშვობიდან კარგად ვიცნობდი ჩემს სამშობლოს, კუთხე-კუნჭული მოვლილი მქონდა, უცხო არაფერი იყო ჩემთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ცხოვრებაც ძალიან საინტერესო იყო, ის მაინც ჩემია და საინტერესო არ იქნებოდა საზოგადოებისთვის. ხალხს ის აინტერესებს, რაც მათი მონაწილეობით მოხდა. ასე რომ, წიგნში შეტანილია მხოლოდ ის ამბები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ეხება.

წიგნი “23 წლის შემდეგ” რომ იწერებოდა, იმ ადამიანთაგან, რომლებთანაც პრეტენზია მქონდა და რომელთა პასუხების მოსმენაც მინდოდა, ცოცხლები იყვნენ. მათგან პასუხებს ველოდი, რადგან იმ დროს, როდესაც ქვეყნის მეთაური ვიყავი, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ხალხს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. მაგალითად, 1988 წლის ნოემბრის აქციების გარშემო ატეხილი ამბები სულ ტყუილი იყომაშინ ყველა სვლა, ყველა ქმედება, გათვლილი იყო იმისთვის, რაც დღეს ხდება მონა არასოდეს ვყოფილვარ, არც ერთ ეპოქაში, და არც არასოდეს ვიქნები…

ამინარიდი წიგნიდან: “სამშობლო, ალბათ, ყველაზე ღირებულია, რასაც ადამიანი უფლისგან ჯილდოდ იღებს, წინაპრებისგან _ მემკვიდრეობად, შთამომავლობისთვის კი _ უდიდეს პასუხისმგებლობად.

სამშობლო არასდროს არის “აქ და ამჟამად”!

ის ყოველთვის იყო წარსულში და უნდა იარსებოს მომავალშიც.

ყველა ისე ემსახურება, როგორც ესმის და როგორც შეუძლია.

სამწუხაროც სწორედ ის არის, რომ, დამოუკიდებლობის მიუხედავად, ჩვენ დავკარგეთ “მსახურის” ფუნქცია და ხელისუფლებები “გამომძალველებად” მოგვევლინენ.

რასაკვირველია, ნებისმიერ ეპოქასა და სახელმწიფო მოწყობის პირობებში არსებობს სხვადასხვა სოციალური კლასი და ფენა, მაგრამ ილიასეული “ხიდჩატეხილობის” პრობლემა ნამდვილად აღარ უნდა იდგეს დღევანდელ საქართველოში. როდესაც მაგალითად თანამედროვე ევროპა მოგვყავს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმავე ევროპაში, ომის დროს, ინგლისის დედოფლის სასახლიდან კვამლი არ ამოდიოდა, როცა მოსახლეობას შეშა არ ჰქონდა.

როცა ხალხი ტირის, ხელმწიფეს სიცილის უფლება არ აქვს. მშიერი ხალხის ხელმწიფე მაძღარი არ უნდა იყოს, მით უფრო არ უნდა ჰქონდეს მას საკუთარი მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრების უფლება. არ შეიძლება ხალხს გამუდმებით სანახაობას სთავაზობდე, მაშინაც კი, თუ მას “პურსაც აძლევ”.

_ ბატონო ჯუმბერ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენი წიგნის მიხედვით მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს

_ როგორც კი გამოვიდა წიგნი, რეჟისორ რეზო ჩხეიძეს მივუტანე. რეზო ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც 1980-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც კაბინეტში ჩემთან ერთად იჯდა და ყველაფერს ისმენდა, რასაც ვსაუბრობდი. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, სულ მხარში ვედექი კინოხელოვნების ხალხს და არა მხოლოდ მათ. ყველგან ვიყავი, სადაც საჭირო იყო, აქაც და მოსკოვშიც, ოღონდ ქართული საქმე გაკეთებულიყო…

რეზომ წიგნი წაიკითხა, დამირეკა, შინ მიმიწვია, ავად იყო და მეც ვესტუმრე. მითხრა, რომ წიგნი ძალიან მოეწონა და ფილმის გადაღება სურდა. ვიუარე, მაგრამ მიპასუხა, რომ, უბრალოდ, შემითანხმა და გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მითხრა, ახალ ქართულ ტელევიზიას ვაკეთებ და იქ გავა ფილმიო. მართლაც თავისი ნათქვამი აასრულა და თვრამეტსერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სცენარის ავტორია ზაალ ნემსაძე. მოგვიანებით, თვრამეტი სერია 7-მდე დაიყვანეს და მართლაც კარგი, საჭირო და ისტორიული დოკუმენტური მასალაა ასახული, ფილმის სახელწოდებაა “სიკეთე მაინც მოვა…” _ ეს სიტყვები ილია მეორეს ეკუთვნის…

ამონარიდი წიგნიდან: “1989 წლის ლომისობას პატრიარქმა ოჯახთან ერთად თავის რეზიდენციაში მიმიწვია. მძიმე პერიოდი გვქონდა, უწმინდესის ლოცვამ და გამხნევებამ საოცარი ძალა მომცა. კარგა ხანს დავყავით პატრიარქთან და საუბრისას ერთი ამბავი გავიხსენე: იქ, სადაც ახლა ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიაა, სახელმწიფო სტანდარტების დახურული ობიექტი, მაღალი ძაბვის საიდუმლო ლაბორატორია იყო განთავსებული.

აჭარის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა გურამ ემირიძემ თხოვნით მომმართა: ლაბორატორიისთვის სხვა შენობა გამოგვეყო, ხოლო ეკლესიისთვის რესტავრაცია ჩაგვეტარებინა. იდეა თავისთავად მისაღები იყო, მაგრამ ორი საკმაოდ რთული პრობლემის გადაჭრას მოითხოვდა. პირველი და უმთავრესი ის გახლდათ, რომ ეკლესიის რესტავრაცია და მისთვის მოქმედი ეკლესიის სტატუსის მინიჭება მთელ რიგ სიძნელეებს უკავშირდებოდა; მეორე არანაკლებ რთულ პრობლემას წარმოადგენდა: ეკლესიის რესტავრაცია, რომელშიც წლების განმავლობაში საიდუმლო ლაბორატორია იყო განთავსებული, საკმაოდ სოლიდურ თანხას მოითხოვდა, მილიონზე მეტს, რისი დაფინანსებაც ადგილობრივი ძალებით შეუძლებელი იყო. ერთადერთი წყარო, რომელსაც თანხის გამოყოფა შეეძლო, საკავშირო საგეგმო კომიტეტი იყო. სწორედ ამ პერიოდში საკავშირო უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე კოლმოგოროვისთვის უნდა გაგვეწია რეკომენდაცია. კოლმოგოროვს შევხვდი და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი:

_ თუ გინდათ, ჩვენმა რესპუბლიკამ რეკომენდაცია გაგიწიოთ და მხარი დაგიჭიროთ, მაშინ აჭარაში ბათუმის ეკლესიის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროთ…

კოლმოგოროვს, რასაკვირველია, ჩემი “პირობა” გაუკვირდა. ორივე ვაცნობიერებდით, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საკავშირო საგეგმო კომიტეტი ეკლესიის აღდგენასა და რესტავრაციას არ დააფინანსებდა, ამიტომ ასეთი გამოსავალი მოვძებნეთ: მოგვეთხოვა არა ეკლესიის, არამედ საკონცერტო დარბაზის რესტავრაცია, რომელიც ეკლესიის შენობაში განთავსდებოდა, საიდუმლო ლაბორატორიისთვის კი უფრო კეთილმოწყობილი, შესაფერისი შენობა გამოგვეყო.

რა თქმა უნდა, ჩვენს მიზანს სრულყოფილად ვერ ვაღწევდით, მაგრამ ეკლესიაში, ლაბორატორიის ნაცვლად, კულტურული ცენტრის გახსნა საბოლოო მიზნისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი ნამდვილად იყო.

თანხა მართლაც გამოიყო და რესტავრაციას შევუდექით. ლაიფციგში ორღანიც კი შევუკვეთეთ. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა, გურამ ემირიძის ხელმძღვანელობით.

კულტურის ცენტრი 1989 წლის გაზაფხულზე ჯანსუღ კახიძისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გავხსენით. საზეიმო ღონისძიებამ საინტერესოდ, პომპეზურად ჩაიარა და მას არაერთი გამოჩენილი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო, მათ შორის რეჟისორი თენგიზ აბულაძე, რომელმაც “მონანიების” რამდენიმე კადრი სწორედ ეკლესიაში მანამდე არსებულ ლაბორატორიაში გადაიღო და ახლა გაკვირვებას ვერ მალავდა, უჭირდა იმის დაჯერება, რომ იმ შენობიდან, რესტავრაციის შედეგად, ასეთი საოცარი ძეგლი მივიღეთ. ღონისძიების შემდეგ მალევე დამიკავშირდა გურამ ემირიძე და მთხოვა: იქნებ მოვიფიქროთ რაიმე ფორმა, რომლითაც მუზეუმში დაცული ხატების ეკლესიის შენობაში დაბრძანება იქნება შესაძლებელიო.

1989 წლის აპრილის დასაწყისი იყო… ვერ მოვიცალე…

სწორედ ეს შევჩივლე პატრიარქს სინანულით იმ დღეს.

უწმინდესმა გამიღიმა და მითხრა: _ სიკეთეს სისწრაფე უხდება…

ამ ამბიდან თითქმის ორი ათეული წელი გავიდა.

მიწათმოქმედების ინსტიტუტმა, პრაქტიკულად, ფუნქციონირება შეწყვიტა და როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის უამრავ სხვა ობიექტს, მასაც გაყიდვა-გასხვისების საშიშროება შეექმნა.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი და, ვფიქრობ, სწორი გამოსავალი მოვძებნეთ: საპატრიარქოს მივმართე წინადადებით, მიწათმოქმედების ინსტიტუტი თავისი საცდელი სადგურებითა და მიწის ფართობით მის დაქვემდებარებაში გადასულიყო.

უწმინდესმა მოიწონა ჩემი ინიციატივა და შესაბამისი ნებართვისთვის პრეზიდენტს მიმართა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს პატრიარქს ჩვენი წლების წინანდელი საუბარი გავახსენე:

_ თქვენო უწმინდესობავ, 1989 წლის ლომისობას თქვენ მითხარით, რომ სიკეთეს სისწრაფე უყვარს. მას მერე სულ ვცდილობ, სიკეთის გაკეთება არ გადავდო და, რაც დროს გადის, თქვენი მოსაზრების ჭეშმარიტებაში მით უფრო ვრწმუნდები.

ახლა კი რა გამოდის, წლებია, ველოდებით ამ კეთილი საქმის აღსრულებას…

პატრიარქი მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა:

_ რას ვიზამთ, ჯუმბერ, ხანდახან სიკეთე კოჭლობითაც მოდის…

ბოლოთქმა: ოცდასამწლიანი დუმილის შემდეგ, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ ამოვთქვი…

დადგა წერტილის დასმის დრო.

ყოველ დილით, როცა ჩემი სახლის აივნიდან გავხედავ სამყაროს, პირველი, რაც თვალში მხვდება, გზის გადაღმა, ინსტიტუტის ტერიტორიაზე სოკოებივით ამოსული წითელსახურავიანი ორი ათას შვიდასი სახლია…

ამ სახლებში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ახალგორიდან დევნილი ათი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს…

რა ამაღლებულ განწყობაზეც უნდა გავიღვიძო, დარდი მაინც მეძალება.

ხუთი წელი გავიდა, ვერ შევეჩვიე. ღმერთმა არც შეგვაჩვიოს…

მახსენდება, მუდმივად მახსენდება უწმინდესის სიტყვები:

_ სიკეთეს სისწრაფე უყვარს…

_ სიკეთე კოჭლობითაც მოდის…

ნუგეში?

ნუგეშიც სწორედ ისაა, რომ, ადრე თუ გვიან, სიკეთე მაინც მოდის”.

ბევრ რამეზე წყდება გული ბატონ ჯუმბერს. წუხს გაყიდულ მიწებზე, განსაკუთრებით, ერთ ლარად გაყიდულ მიწებზე. გაიყიდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიები და ინსტიტუტები, სადაც ქართველის შრომა, ნიჭი და გენი იყო ჩადებული: _ მიწათმოქმედების ქვეყანაში რომ მიწათმოქმედების ინსტიტუტს ერთ ლარად გაყიდი, ეს ნორმალურია? დავწერე, ოფიციალური დოკუმენტებიც არსებობს, გავუგზავნეთ ქვეყნის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას და ვთხოვეთ, მიწათმოქმედების ინსტიტუტის მიწები საპატრიარქოს გადასცემოდა, მცხეთაში არსებული მიწები ისედაც საპატრიარქოს ეკუთვნოდა. თანხმობა მივიღეთ, სააკაშვილმაც ვითომ ხელი მოაწერა და, რეესტრში რომ უნდა გატარებულიყო, იმ დილას რეესტრიდან მოხსნეს და ერთ ლარად გაყიდეს. მენანება, ჩვენი ქვეყანა ასეთ მონურ მდგომარეობაში რომ არის. უზნეობა, უსინდისობა მძვინვარებს. ისეთი ტონით საუბრობენ ტელეეკრანიდან, თითქოს მხოლოდ მათზე იყოს ამ ქვეყნის ბედი დამოკიდებული… მეფე ერეკლეს რომ კაცი შეაგინებს, ის კაცი ნორმალურია? _ არა, _ გულდაწყვეტილი ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი, ერთ დროს ამ ქვეყნის მეთაური, რომელის უახლესი საქართველოს ისტორიის უმძიმესი წუთების მომსწრე იყო, რომელმაც ყველა ტკივილი თმენით გადაიტანა…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here