Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: იერუსალიმის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების მიზანი იყო ვითარების დესტაბილიზაცია და მან...

ჯუმბერ პატიაშვილი: იერუსალიმის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების მიზანი იყო ვითარების დესტაბილიზაცია და მან ამ მიზანს მიაღწია

“იერუსალიმი უნდა იქცეს მსოფლიოს დედაქალაქად და იქ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განთავსდეს”

იერუსალიმი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ ახლო აღმოსავლეთში მრავალწლიან კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. ტრამპის ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა შეეწინააღმდეგოს აშშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე.

არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ახლო აღმოსავლეთსძალადობასა და ქაოსშიჩაძირავს. ევროკავშირის რიგ ქვეყნებშიც მიაჩნიათ, რომ აშშის მიერ რეგიონის ერთერთ მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში.

22 ქვეყნის, მათ შორის, აშშის არაბულ მოკავშირეთა, ერთობლივი რეზოლუცია კი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში სამდღიანი ძალადობისა და პროტესტის შემდეგ მიიღეს.

რეზოლუციაში წერია:

ტრამპის ნაბიჯი აღრმავებს დაძაბულობას, აქეზებს და საფრთხეს უქმნის რეგიონს, ჩაეფლოს უფრო მეტ ძალადობასა და ქაოსში”.

ამ საკითხზე საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი გვესაუბრება.

_ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება ამერიკის საქმე არ არის და არც მისი პრეზიდენტის განცხადებაზეა დამოკიდებული, ეს საკითხი ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს ეხება. ამერიკის პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდეს, მსოფლიომ არაერთგვაროვნად აღიქვა და ბევრმა სახელმწიფომ თავისი პოზიცია გამოხატა კიდეც. ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქი სად იქნება და რომელი ქალაქი იქნება, ეს მხოლოდ ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას, შესაძლოა, დიდი დაპირისპირება მოჰყვეს. ისე, ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა თითქოს უკან დაიხია და ცდილობს, პრეზიდენტის განცხადება შეარბილოს.

იერუსალიმი, ისრაელის კი არა, მსოფლიოს დედაქალაქია და ასეც უნდა იყოს. ჩვენი, ყველას ვალია, ეს ხმამაღლა ვთქვათ. ისრაელის შექმნას დიდი შრომა და ენერგია, დიდი ცოდნა და სიყვარული დასჭირდა, ამიტომ მათ, ომი კი არა, სიმშვიდე უნდათ და ეს დიდი ქვეყნების მმართველებმა უნდა იცოდნენ.

იერუსალიმის მსოფლიოს დედაქალაქად გადაქცევა შემთხვევით არ მიხსენებია, ამაზე პირად საუბრებში ბევრი დიდი პოლიტიკოსი მიუთითებს. იერუსალიმი საჭიროა მომავალი თაობებისთვის. ამ სამყაროში ვცხოვრობთ და გვევალება, მომავალი თაობები და ხალხები ერთმანეთს კი არ დავუპირისპიროთ, არამედ სიყვარულით ვაცხოვროთ… იერუსალიმი ის ადგილია, რომელზეც ამ ყველაფრის რეალობად ქცევა შესაძლებელია. იერუსალიმი უნდა იქცეს მსოფლიოს დედაქალაქად და იქ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განთავსდეს.

_ რეალურად მიგაჩნიათ ამ იდეის განხორციელება?

_ ამ იდეას ეყოლება მოწინააღმდეგეები, ისინი, ვინც დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობენ. იდეა რეალური გახდება იმ შემთხვევაში, თუ დიდი ქვეყნების მმართველები სხვა ქვეყნების არსებობასაც შეამჩნევენ და მათ აზრსაც გაითვალისწინებენ. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ, მის გარდა, სხვასაც აქვს არსებობის უფლება, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, არ იტყოდა, ისრაელი იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადდესო და არაბებს, პალესტინელებს, ებრაელებს ერთმანეთთან ომში არ ჩააბამდა.

_ ტრამპმა ვერ გათვალა, რა მოჰყვებოდა მის ამ განცხადებას?

_ ამერიკამ, ისრაელმა და პალესტინამ ამ თემაზე ორი ათეული წლის წინათ ისაუბრეს და მაშინ ამ საუბრების შედეგად მინელდა ეს თემა… ტრამპმა, ალბათ, კარგად იცოდა, რაც მოხდება მისი განცხადების შემდეგ. გარდა ამისა, ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს საქმეებში რომ ერევა, ცუდია. მისი ერთი განცხადებით იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რომ ვერ გადაიქცეოდა, ესეც იცოდა… იერუსალიმის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების მიზანი იყო ვითარების დესტაბილიზაცია და მან ამ მიზანს მიაღწია. აშკარაა დაპირისპირების ახალი ტალღა ახლო აღმოსავლეთის (და არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის) სახელმწიფოებს შორის, რაც კარგად არ დასრულდება.

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here