Home რუბრიკები საზოგადოება ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

1471
ვალერი ჩხეიძე

გენერალლეიტენანტ ვალერი ჩხეიძესთან რედაქცია შეთანხმებული იყო საუბრების ციკლის გამოქვეყნებაზე, რომლითაც გაზეთის მკითხველი გაეცნობოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დაფარულ ფაქტებსა და მოვლენებს.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ღირსეულმა ადამიანმა და სახელმწიფო მოღვაწემ აღნიშნული პროექტის მხოლოდ ერთი წერილის დამთავრება მოასწრო. დღევანდელი პუბლიკაციაშეწყვეტილი თხრობისპრემიერაც და ფარდის დაშვებაც არის ერთდროულად. “საქართველო და მსოფლიოსრედაქცია კვლავ უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს უმძიმესი დანაკლისის გამო. უშიშროების გენერალლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ სახელმწიფო უშიშროების დაცვას შესწირა მთელი თავისი ცხოვრება. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსებისა და მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984-1987 წლებში ავღანეთში სპეციალურ დავალებას ასრულებდა. მომდევნო წლებში დააწინაურეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ, სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად. ვალერი ჩხეიძის საუბარი ჩაიწერა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა არმაზ სანებლიძემ.

ავდექით, უნდა დავიშალოთ და ამ დროს არძინბა მომმართავს: თუ შეგიძლიათ, ცოტა ხნით შეიცადეთ, ავთო იოსელიანს კი სთხოვა, იქნებ, არავინ შემოუშვათო.

სამუშაო კაბინეტის გვერდზე პატარა ოთახი ჰქონდა, პატარა მაგიდითა და ორი სავარძლით. შევედით. მაგიდაზე დადგა კონიაკი “ნაპოლეონი”, შოკოლადი, მდივანს ყავა შემოატანინა. დავსხედით და საუბარს იწყებს არძინბა:

_ თქვენ ხომ იცით, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ერთი გასროლა რომ მოხდეს, აუცილებლად დაიწყება ომი.

ვუპასუხე, რომ კარგად მესმის, რაზეც მიმანიშნებდა, და ვიცი, რას ნიშნავს ომი, პირველი გასროლა, პირველი დაღვრილი სისხლი, რადგან ავღანეთის კამპანია გამოვლილი მქონდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ სიტუაციას თქვენებიც ძაბავენ და ვინ დადგება თავდებად, რომ პირველი გასროლა მათი მხრიდან არ მოხდება-მეთქი.

_ როცა თქვენები გვიტევენ, ჩვენ იძულებულები ვართ, შევიარაღდეთ, _ მიპასუხა მან, _ თბილისიდან სულელური მითითებები მოდის.

_ გავარკვიოთ, რომელი მითითებები გაქვთ მხედველობაში.

_ რა არის გასარკვევი? თქვენ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი რომ დაამხეთ, განა შეიძლება ამის შემდეგ თქვენი ნდობა?! ვხედავ, რომ თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ იმ სისტემიდან.

_ დიახ, მე იმ სისტემიდან ვარ, რომელსაც თქვენც კარგად იცნობთ! _ ჩავურტყი, _ აფხაზეთის უშიშროებაშიც ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს, _ და მაგალითად დავუსახელე იმ თანამშრომლის გვარი, რომელიც მასთან იყო კონტაქტზე. გადაბირებით კი სხვამ გადაიბირა.

მივახვედრე, რომ მისი ბიოგრაფიის ამ გასაიდუმლოებულ ნაწილში კარგად ვიყავი გარკვეული.

(იმ თანამშრომლების გვარებს ახლა არ დავასახელებ, იმიტომ, რომ საერთოდ წინააღმდეგი ვარ, როცა ვინმეს შეახსენებენ ოდესღაც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. ეს ოპერმუშაკს ღირსებას არ მატებს).

ვუთხარი, რომ აფხაზები მცდარი ინფორმაციებით აპელირებენ, რომ არც ჩვენ ვართ ზოგჯერ ბოლომდე გარკვეული ცალკეულ მომენტებში. შევთავაზე ერთობლივი კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა უთანხმოების გამომწვევ მიზეზებს, მივიდოდა საერთო, შეთანხმებულ დასკვნებამდე, შეიმუშავებდა კონკრეტულ წინადადებებს, რომელთა რეალიზაცია განმუხტავდა არსებულ დაპირისპირებას. პუნქტობრივად ჩავყვეთ-მეთქი ნებისმიერ პრობლემას და ასე ვიმოქმედოთ თანამშრომლობის რეჟიმში.

_ მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, _ მეუბნება არძინბა და დასძენს: _ იმედი მაქვს, რომ, რაც აქ ნახეთ და მოისმინეთ, ყველაფერს ობიექტურად მოახსენებთ ედუარდ შევარდნაძეს, რადგან აქედან, თქვენი ქართველი ამხანაგები თბილისს ყოველთვის სწორ ინფორმაციას არ აწვდიან.

ზუსტად ასე თქვა.

არძინბასთან საუბრის შემდეგ განმიმტკიცდა აზრი, რომ მზადდებოდა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც ყველა შესაძლებლობით თავიდან უნდა აგვეცილებინა. ისე ჩანდა, რომ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს არ სურდა, საქმე სისხლიან შეტაკებამდე მისულიყო, მაგრამ ჩვენც და აფხაზებიც ინერციით მივდიოდით სწორედ აქეთკენ, და რომ მოსალოდნელი კატასტროფით დაინტერესებული იყო მესამე მხარე: “გათიშე და იბატონე!”.

ჩვენი საუბრისას ავთო იოსელიანმა რამდენჯერმე შემოიხედა. თურმე გარეთ უკვე შეგროვებული იყვნენ ჟურნალისტები და ელოდნენ ჩვენს კომენტარებს.

ავთო შემოიხედავდა, ნახავდა, რომ საუბარს განვაგრძობდით, დაბრუნდებოდა ჟურნალისტებთან და ეუბნებოდა, რომ მოლაპარაკება მშვიდად მიმდინარეობს, რომ ყავას სვამენ და მალე გამოვლენო, მაგრამ მალე არ გამოვიდა. პირისპირ საუბარი 40 წუთს გაგვიგრძელდა.

დამშვიდობებისას არძინბამ მთხოვა, გადამეცა შევარდნაძისთვის მისდამი პატივისცემა და კვლავ გამიმეორა, რომ მზად იყო მოლაპარაკებისთვის. დასძინა, რუპატივცემლოდ ვერ გაგიშვებთ და გთხოვთ, ვახშმად გვეწვიოთო.

დერეფანში ჟურნალისტებთან სახელდახელო, 5-7-წუთიანი ბრიფინგი გაიმართა. ვუთხარი, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი ნორმალურად დამთავრდებოდა.

ასე აღმოვჩნდით სანაპიროს ერთ-ერთ რესტორანში ქართველები და აფხაზები. თამადა შამბა იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი. იქ მოვიდა სერგეი ბაგაფში _ მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი, იყვნენ გენადი ბერულავა, ძიაფშიბა, გივი ლომინაძე, ავთო იოსელიანი. მეც იქ გახლდით. რომან გვენცაძე და გელა ლანჩავა კი ადრევე წავიდნენ სოხუმიდან.

იმ ვახშმობის დროს დამიახლოვდა კაკალია, რომელიც არძინბასთან შეხვედრის წინ გამაცნეს, როგორც მისი მრჩეველი სამხედრო საკითხებში. იგიც, ჩემი არ იყოს, ავღანელი აღმოჩნდა, სატანკო პოლკის მეთაური, ბაგრამის პროვინციაში მსახურობდა.

გამახსენდა და ვუთხარი კიდეც, რომ ნამყოფი ვიყავი ბაგრამის სატანკო პოლკში და აბანოშიც გემრიელად დავიბანე-მეთქი: ფანშერსა და გულბახორში მივლინების დაძაბულობა სწორედ იქ მოვიხსენი.

ის ჩემი აბანო იყოო, _ მითხრა.

საოცარია: მთა მართლაც არ შეხვდება მთას, კაცი კაცს კი ყოველთვის გადაეყრება. ამ შემთხვევაშიც დამტკიცდა ეს ხალხური სიბრძნე.

გავიხსენეთ ავღანეთი, ვისაუბრეთ ამ მთისა და იმ ბარის. ამასობაში ვახშამიც დამთავრდა და კაკალია მეუბნება, რომ ენგურის ხიდამდე გამაცილებდა. ახლა ღამეა, უამრავი საგუშაგოა გზაზე და, რამე ხიფათს რომ არ გადაეყაროთ, მეც გამოგყვებითო. შემდეგ ჩუმად ჩამილაპარაკა: “გზაში ვისაუბროთ”. ჩავსხედით მანქანაში და დავადექით გზას.

მართალი აღმოჩნდა კაკალია: სოხუმიდან ის-ის იყო გამოვედით და გაგვაჩერეს.

აფხაზების საგუშაგო აღმოჩნდა. ჩემი მეგზური აფხაზურად დაელაპარაკა. ეტყობა, უთხრა, რაც საჭირო იყო და გაგვატარეს.

ცოტა რომ გავიარეთ, ისევ გაგვაჩერეს. კაკალიამ მითხრა, ახლა შენი ჯერია დაელაპარაკო, რადგან აქ ქართველები დგანანო.

დაველაპარაკე. გაგვატარეს.

და ასე გამეორდა რამდენჯერმე, სანამ ენგურის ხიდამდე მივაღწევდით.

გზადაგზა კაკალია მეუბნებოდა, რომ ხედავ, რამდენი საგუშაგო მიყენიაო. თუ ისე მოხდება, რომ თქვენი სამხედრო ტექნიკა აქ შემოვა, ყველას დავწვავთო.

ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ იძულებული შევიქენი, მებლეფა და ვუთხარი:

_ ხომ იცი, რომელი “კანტორიდან” ვარ და, როგორ გგონია, სანამ ტექნიკას აქეთ დავძრავთ, არ შემოვგზავნით სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფს?! ყველა შენ პოსტს გადავბუგავთ.

თქმით კი ვუთხარი, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა, რადგან სპეცდანიშნულების ჯგუფის შექმნას მხოლოდ აგვისტოში შევუდექით.

მაშინ კი აპრილი იყო.

ასეთი ჯგუფი მაშინ რომ გვყოლოდა, აუცილებლად მოვსპობდით აფხაზურ საგუშაგოებს, ჭეშმარიტად ვამბობ ამას.

ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მივადექით ენგურის ხიდს. გადმოვედით მანქანიდან და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ავღანელების წესით, ქუდები (“ავღანკები”) გავცვალეთ.

აი, მაშინ მითხრა:

_ გულწრფელად გთხოვ, ვალერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ომი.

გადავეხვიეთ ერთმანეთს.

_ წავედი ახლა მე, ვალერი, ჩემი სულელები (“დურაკებიო”, თქვა), რომ დავარწმუნო. შენ შენიანები მოიყვანე ჭკუაზეო.

დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ასე დამთავრდა ჩვენი შეხვედრა, რომელიც უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან აფხაზეთის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე მან დაწერა პატაკი და წავიდა.

მას შემდეგ პოლკოვნიკი ვლადიმერ კაკალია არსად შემხვედრია.

სადღაც გაკრთა ინფორმაცია, რომ ტვერის მხარეში ავღანეთში მებრძოლი ვეტერანების საბჭოს ხელმძღვანელობდა ვლადიმერ კაკალია. იგი იყო თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ, სადაც არის, ღმერთმა გაუმარჯოს, რადგან იმ ხანმოკლე შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ვლადიმერ კაკალია იყო ნამდვილი ოფიცერი, პროფესიონალი სამხედრო, საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა, როგორი კატასტროფის წინაშე იდგნენ ქართველები და აფხაზები.

იმ ღამეს არა, მაგრამ მეორე დილასვე დავურეკე ბატონ ანზორ მაისურაძეს. მან მითხრა, რომ ავთანდილ იოსელიანს ზოგადად უკვე მოუხსენებია მისთვის ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრის შედეგებზე და მთხოვა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი თბილისში დაწვრილებით სასაუბროდ.

თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ მივედი მასთან, ვუთხარი, რომ არძინბა მზად არის მოლაპარაკებისთვის. მოხსენება რომ დავამთავრე, ანზორ მაისურაძემ “Bz”-თი დაურეკა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუას. უთხრა, ვალერი ჩხეიძე ჩამოვიდა სოხუმიდან, საინტერესო მასალები აქვს და ეგებ მოუსმინოთო.

სიგუამ, _ ახლავე წამოდითო.

მივედით.

თენგიზმა ყურადღებით მომისმინა. ერთი-ორჯერ რეპლიკით კვერი დამიკრა, ანზორს მიმართავდა, _ ხედავ, რა ხდებაო, რითაც ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ აფხაზეთთან კონფლიქტში არც ჩვენ ვიყავით უცოდველები.

კვლავ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ პრობლემაზე: ჩვენ თვითონ უნდა გავერკვეთ ვითარებაში _ რა იყო, როგორ მოხდა. შემდეგ უნდა დავიწყოთ იმის დადგენა, პირველმა ვინ გამოჰკრა ჩახმახს თითი _ აფხაზმა თუ ქართველმა, რუსები ამარაგებდნენ იარაღით თუ არა და ა.შ. რატომ დავუშვით კონფლიქტის გაღვივება ჩვენ, ქართველებმა, რატომ ვერ დავარწმუნეთ აფხაზები, რომ მათი სეპარატიზმი იყო გზა დაღუპვისა და გადაგვარებისკენ. თუ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ სახელმწიფო (და გვაქვს კანონიერად), საშინაო საქმეები უნდა მოვაგვაროთ, უწინარეს ყოვლისა. პასუხი უნდა გავცეთ ყველა შეკითხვას. თუ ეს არ გავაკეთეთ, ამ პრობლემას ვერასოდეს მოვაგვარებთ. ყოველთვის სხვებზე დამოკიდებულები დავრჩებით, რომლებიც, როგორც ყოველთვის, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

არ ვამბობ, რომ აფხაზები ამ შემთხვევაში ანგელოზები იყვნენ. ხელები მათაც სისხლითა აქვთ გასვრილი, მაგრამ ჩვენი შეცდომები უნდა ვიპოვოთ, გავაანალიზოთ და, საჭიროებისამებრ, ვაღიაროთ

სიგუასთან საუბარი დავამთავრე იმით, რომ არძინბას დაეჭვების მიზეზიც ვუთხარი: თქვენ როგორ უნდა გენდოთ, როცა კანონიერი პრეზიდენტი დაამხეთო.

სიგუამ დაურეკა ედუარდ შევარდნაძეს, მოკლედ მოახსენა იმის შესახებ, რაც ჩემგან მოისმინა.

შევარდნაძე ეკითხება:

_ ვინ დაავალა წასვლა და არძინბასთან შეხვედრა?

ეტყობოდა, ნაწყენი იყო ან ვიღაცის მიკერძოებული მოხსენებით შექმნილი ჰქონდა უარყოფითი აზრი ასეთ “თვითნებობაზე”, თუმცა არ უთქვამს, მე რატომ არ შემითანხმესო.

სიგუამ უპასუხა, რომ ჩხეიძე მაისურაძის დავალებას ასრულებდაო, და სთხოვა, ეგებ, მოუსმინოთო.

_ კარგი, დავუძახებო, _ იყო პასუხი.

არ მივუწვევივარ.

არადა, ომის თავიდან აცილება მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

ვალერი ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here