Home რუბრიკები პოლიტიკა ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

ჯერ კიდევ შეიძლებოდა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება

ვალერი ჩხეიძე

გენერალლეიტენანტ ვალერი ჩხეიძესთან რედაქცია შეთანხმებული იყო საუბრების ციკლის გამოქვეყნებაზე, რომლითაც გაზეთის მკითხველი გაეცნობოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დაფარულ ფაქტებსა და მოვლენებს.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ღირსეულმა ადამიანმა და სახელმწიფო მოღვაწემ აღნიშნული პროექტის მხოლოდ ერთი წერილის დამთავრება მოასწრო. დღევანდელი პუბლიკაციაშეწყვეტილი თხრობისპრემიერაც არის და ფარდის დაშვებაც ერთდროულად. “საქართველო და მსოფლიოსრედაქცია კვლავ უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს უმძიმესი დანაკლისის გამო. უშიშროების გენერალლეიტენანტმა ვალერი ჩხეიძემ სახელმწიფო უშიშროების დაცვას შესწირა თავისი ცხოვრება. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსებისა და მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1984-1987 წლებში ავღანეთში სპეციალურ დავალებას ასრულებდა. მომდევნო წლებში დააწინაურეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ, სასაზღვრო ჯარების სარდლად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორად. ვალერი ჩხეიძის საუბარი ჩაიწერა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა არმაზ სანებლიძემ.

_ აფხაზეთის თემა ჩემთვის ფრიად მტკივნეულია. მიუკერძოებლად რომ ილაპარაკო, ემოციებს უნდა მოერიო, დაიოკო შენი განცდები, რაც ძალიან ძნელია.

მაინც შევეცდები, _ ასე დაიწყო საუბარი ბატონმა ვალერი ჩხეიძემ.

_ ქართველებს გვიჭირს, დროებით მაინც რომ დავივიწყოთ შეკითხვები “პირველმა ვინ დაიწყო?”, “ვინ არის დამნაშავე?” მაგრამ უნდა მოვერიოთ ემოციებს, ყველა გაცვეთილ კლიშესა და სტერეოტიპზე ვთქვათ უარი და მშვიდად დავიწყოთ იმის გარკვევა, სად და ვისი ბრალით დავუშვით შეცდომა ჩვენ, ქართველებმა, აფხაზებთან თანაცხოვრების პერიოდში.

აფხაზთა მღელვარება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში შეიმჩნეოდა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ პერიოდულად მეორდებოდა: 1958, 1978, 1989 წლებში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სიმწვავით იყო გამორჩეული.

როგორც ცნობილია, ცარიელ ადგილზე და არაფრისგან პრობლემები არ წარმოიქმნება.

აფსუების, ამ ადიღეური ტომების, საქართველოში ჩამოსახლებისა და ჩვენს ტერიტორიაზე დაფუძნების ისტორიის მოყოლას არ შევუდგები, რადგან იგი ცნობილია მეტ-ნაკლებად განათლებული ჩვენი მოქალაქეებისთვის.

აფხაზეთის მოვლენები ჩემთვის აქტუალური გახდა 70-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ჩემდაუნებურად ამ პროცესების მოწმე და თვითმხილველი გავხდი.

1978 წელს, ზაფხულში ჩვენ, ოფიცრები, სასწრაფოდ შეგვკრიბეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეხუთე სართულზე, დარბაზში, რომელსაც ენაკვიმატმა კოლეგებმა “ბერძნული დარბაზი” დაარქვეს არკადი რაიკინის ერთ-ერთი რეპრიზის გავლენით (“Вгреческом зале”).

შეკრებილებს გამოგვიცხადეს, რომ სოხუმიდან მიღებული იყო საგანგაშო ცნობა. ინტელიგენციის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა _ მწერლებმა, მსახიობებმა, მხატვრებმა _ გამართეს მიტინგი, გადაკეტეს ქალაქის ქუჩები და მოითხოვეს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლა.

ქვეყანაში “უძრაობის ეპოქის” აყვავების პერიოდია და საბჭოთა ხელისუფლება ამ მოთხოვნას არათუ ვერ დააკმაყოფილებდა, არამედ არც განიხილავდა, რადგან გამორიცხული არ იყო, ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულიყო საბჭოთა კავშირის დაშლის ის პროცესი, რომელსაც გორბაჩოვმა “პერესტროიკის” შემოღებით დაუდო სათავე.

სწორედ ამიტომ დაავალეს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობას, რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს სერიოზულად მიდგომოდნენ ამ პრობლემას, გამოევლინათ არეულობის მოთავენი და მათთან ჩაეტარებინათ შესაბამისი მუშაობა.

აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ და გავიხსენებ 1956 წლის მარტის მღელვარებას საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, თბილისში, როცა სანაპიროზე, სტალინის ძეგლთან შეიკრიბა ახალგაზრდობა ხრუშჩოვის მიერ სტალინის “პიროვნების კულტის” წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გასაპროტესტებლად.

მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც ქალაქის ცენტრისკენ დაიძრა, მერვე პოლკის ჯარისკაცებმა ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს. ასობით ახალგაზრდა დაიხოცა.

ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც საჯაროდ რეპრესიების წინააღმდეგ ილაშქრებდა. სწორედ მაშინ იყო, საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი რომ დაგვემუქრა: “თუ თქვენ, ქართველები, არ დაშოშმინდებით, აფხაზებს მოგისევთო”.

პირდაპირ ვაცხადებ: სწორედ ხრუშჩოვთან უნდა ვეძებოთ აფხაზეთში ანტიქართული განწყობილების გამწვავების სათავე.

აქვე დავძენ: რუსები არაფერ შუაში არ არიან, ნიკიტა და რუსები ერთი და იგივე არ არიან

განვაგრძობ შეწყვეტილ თხრობას:

ზემოთ ნახსენები თათბირის შემდეგ უშიშროების ოფიცრები აფხაზეთში გადაგვისროლეს _ ოპერატიული შემადგენლობის ასი თანამშრომელი. თითოეულს კონკრეტული ამოცანა დაგვისახეს _ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.

მართალი გითხრათ, შექმნილ ვითარებაში მაშინ ბოლომდე ვერ ვერკვეოდი, რადგან მხოლოდ უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და მნიშვნელოვან ინფორმაციებზე ხელი არ მიმიწვდებოდა, ერთ რამეს კი ვხვდებოდი: აშკარა იყო ამ კონფლიქტის ერთგვარი ხელოვნურობა, თითქოს ვიღაც ხალხის მასის ემოციებს თავის სასარგებლოდ წარმართავდა. არადა, ხალხის განწყობილებასთან თამაში კარგის მომტანი არასოდეს ყოფილა, მით უფრო მაშინ, როცა ამთამაშსფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები უდგანან სათავეში.

სოხუმის ცენტრში 60 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. რომელი პროვოკატორი წარუძღვება მათ და საით წარმართავს? _ აი, ეს იყო უპირველესად გასარკვევი.

სოხუმში მივლინებული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ოფიცრები ტურბაზაში დაგვაბინავეს. დავიყავით ჯგუფებად და დამსვენებლების ლეგენდებს ამოფარებულები სექტორების მიხედვით გავნაწილდით: ზოგი _ ქალაქში, ზოგი _ გუდაუთის რაიონში. მე ამ უკანასკნელში მოვხვდი.

გუდაუთა, მოგეხსენებათ, საკურორტო ზონაა, რომელიც ისევე, როგორც მთელი აფხაზეთი, საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის კერად იყო მიჩნეული. იმ ზაფხულშიც უამრავი დამსვენებელი სტუმრობდა ამ რეგიონს.

ახალგაზრდები ვიყავით და, ასაკისთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, მზად ვიყავით სეპარატისტული არეულობის ცენტრში _ სოფელ ლიხნში ჩავსულიყავით, მაგრამ ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა არ გვირჩიეს. ვერ ვიტყვი, თვითონ ძაბავდნენ სიტუაციას თუ მართლა ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მაგრამ დაჟინებით მოგვთხოვეს, ხელი აგვეღო განზრახულზე. არადა, სწორედ ლიხნში შევძლებდით, მოგვეპოვებინა სარწმუნო და მრავალმხრივი ინფორმაცია სეპარატისტული განწყობილებების სიღრმესა და მასშტაბურობაზე, გამოსვლების ორგანიზატორებზე და ა.შ.

თბილისიდან აფხაზეთში მივლინებული თანამშრომლების ხელმძღვანელი იყო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი შოთა ზარდალიშვილი, რომელსაც ყოველ საღამოს მოვახსენებდით, რა ვნახეთ, რას ვფიქრობთ და როგორი დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა შექმნილი რთული სიტუაციიდან.

ვითარება მართლაც რთული იყო: გუდაუთაში, მაგალითად, აშკარად იგრძნობოდა ანტიქართული განწყობილება. თუ სოხუმში ასე თუ ისე ცდილობდნენ, შეენიღბათ ამბოხებულთა მიზნები და მისწრაფებანი, აქ ყველაფერი ხელისგულზე იდო. სოხუმში, ლენინის მოედანზე გამოსული მომიტინგეები ცდილობდნენ, დასაშვებ საზღვრებს არ განსცდენოდნენ, სამართლებრივ სივრცეში დარჩენილიყვნენ, რათა მშვიდობიანი გზით მოეპოვებინათ საქართველოდან გამოყოფისა და ცალკე რესპუბლიკად ჩამოყალიბების უფლება. ეს ერთი. მეორე, როგორც ჩანდა, თავს იზღვევდნენ მოსალოდნელი რეპრესიებისგან. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მწერლები, მათ შორის, ინალიფა, ბარციცი და სხვები.

ჩემი დაკვირვებით, ამ პროცესს წარმართავდა ერთი ხელი, ერთი დირიჟორი: გუდაუთის მიტინგზე ნათქვამ და მომწიფებულ იდეას აქაური ორ-სამკაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ ჩაიტანდა სოხუმში და იქ უმეტესი აუდიტორია ზარ-ზეიმით აიტაცებდა, შემდეგ პედაგოგიურ ინსტიტუტში, მასმედიის ადგილობრივი საშუალებებით გავრცელდებოდა. ასე რაზმავდნენ ხალხს, ასე ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი.

ყველაფერი მართვადი პროცესის კლასიკური სქემით წარიმართებოდა, თუმცა კარგად შენიღბული და კარგად კონსპირირებული იყო.

შედეგად, გარკვეული ჯგუფის (თუ ჯგუფების) იდეა ხალხის აზრად და მასის მოთხოვნად საღდებოდა: მიტინგების მონაწილენი იჯერებდნენ, რომ მათი მოთხოვნა საკუთრივ მათი იდეა იყო.

ჩვენი ეს დაკვირვება მოვახსენეთ გენერალ ზარდალიშვილს.

თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ჩვენ, თბილისიდან ჩასულები, უშიშროების ადგილობრივი კომიტეტის აგენტებს უნდა დავკავშირებოდით და, სპეციალური ტერმინი რომ ვიხმარო, “საკონტროლო შეხვედრები” მოგვეწყო. ჩვეულებრივ ასეთ შეხვედრებს ხელმძღვანელი შემადგენლობა მართავს, მაგრამ ამ სპეციფიკურ ვითარებაში ჩვენც ჩაგვრთეს, ახალგაზრდები, რომლებსაც ხელმძღვანელი თანამდებობების დასაკავებლად დიდი გზა გვქონდა გასავლელი.

აფხაზ კოლეგებთან პირველივე შეხვედრისას შევამჩნიე, რომ ისინი სხვადასხვა მოტივით ფეხს ითრევდნენ. ვერ ვიტყვი, რომ არ სურდათ, მაგრამ, თავს რომ არიდებდნენ ამ შეხვედრებს, აშკარად ჩანდა. მესმოდა მათი _ ჩვენ წავიდოდით, ისინი დარჩებოდნენ და გართულებების თავიდან ასაცილებლად თადარიგს იჭერდნენ. მესმოდა, მაგრამ არ ვამართლებდი.

თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ: გვაწვდიდნენ ინფორმაციას და ამას ისე აკეთებდნენ, თითქოს ჩვენი მოპოვებული იყო.

ჩვენს ოპერატიულ ჯგუფს (შვიდნი ვიყავით) უხუცესებთან მუშაობა დაგვავალეს.

ცოტა უხერხული კი იყო, სრულიად ახალგაზრდებს ეს საქმე რომ გვანდეს _ ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო ჩვენ შორის, მაგრამ ხელმძღვანელობამ, ეტყობა, სწორად გათვალა, რადგან უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს საზოგადოებაში მაშინ სახელიც ჰქონდა და ავტორიტეტიც. აქედან გამომდინარე, უხუცესების მხრიდან ნდობაც და გარკვეული პატივისცემაც გარანტირებული გვექნებოდა. მით უფრო, რომ ჩვენთან ერთად გამოცდილი აფხაზი ჩეკისტებიც იყვნენ.

სეპარატიზმი, რომელიც მთელ აფხაზეთში იყო მოდებული, რა თქმა უნდა, უხუცესებშიც იგრძნობოდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here