მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმპერატიული დირექტივების გაცემას მალე მოჰყვა ხალხის პროტესტი ბევრ ქვეყანაში. 2020 წლიდან საქართველოშიც იბრძვიან დაძალებული აკრძალვების წინააღმდეგ. დროდადრო იმართებოდა დედაქალაქში პანდემიის საბაბით გამოცემული განკარგულებების საწინააღმდეგო აქციები, თანაც ხალხმრავალი… ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებამ კი მოსახლეობა ძალიან გააღიზიანა და 5 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრში დიდი აქცია გაიმართა დევიზით “არა კოვიდფაშიზმს! არა მწვანე პასპორტს!”. გვესაუბრება ამ აქციის ერთ-ერთი მხარდამჭერი, სამოქალაქო აქტივისტი მაია დვალიძე.
_ ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ხალხზე ძალაუფლების მოპოვების მცდელობაა. კაცობრიობაზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება არაერთ ადამიანს მოუსურვებია და ეს ისტორიულადაც დადასტურებული ფაქტია. დღეს ძალაუფლების მოპოვების ყველაზე კარგი საშუალება ადამიანების, ხალხების დაყოფა, ადამიანებისთვის სახის დაკარგვაა და ეს სადავო აღარ არის. იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ, იციან, რომ ხალხი და საზოგადოება უდიდესი ძალაა, მათ იციან, რომ ასეთ დროს ჯარი და პოლიცია სანდო არ არიან, ყველა ჯარისჯაცისა და პოლიციელის უკან ოჯახი და ნათესაობა დგას, ამიტომ ისინი სანდო და საიმედონი არ არიან საეჭვო გადაწყვეტილებების მხარდაჭერაში. იქიდან გამომდინარე, რომ ძალოვანებს ვერ ენდობიან და ხედავენ, რომ ხალხს დიდი ძალა აქვს, შეიმუშავეს ისეთი მზაკვრული რამ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია თანამედროვე კომუნიკაციების საფუძველზე და ეს არის პანდემია.
ჩვენ ვიცით, როგორ ყოფდნენ ადამიანებს: პოლიტიკური ნიშნით, კანის ფერით, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით… ეს ყველაფერი ხელოვნური და გამიზნულად შემოგდებული თემები იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა ეფექტიანი, ამიტომ ადამიანების დასაპირისპირებლად, მათთვის სახის წასაშლელად საჭირო შეიქნა მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რაც ოჯახებსაც კი დააპირისპირებდა.
ოჯახის ყველა წევრს თავისი აზრი და გემოვნება აქვს, ზოგი თვლის, რომ აცრა პანაცეაა, ზოგი თვლის, რომ სიცოცხლისთვის საშიშია… და ეს იწვევს კონფლიქტს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. მაგრამ არსებობს ოჯახები, რომლებშიც არიან პრივილეგიური ოჯახის წევრები, დომინანტი, რომლის სიტყვაც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ეს დომინანტი შეეცდება, თავისი აზრი გაატაროს და აიძულოს ოჯახის წევრები, აიცრან. და, სამწუხაროდ, ოჯახის სუსტ წევრს გააკეთებინებს ყველაფერს, რაც სურს… ასეთი ოჯახები ქმნიან საზოგადოებრივ მდგომარეობას და ეს მარტივი პროცესია მათთვის, ვის თავშიც იგეგმება საზოგადოების წევრთა, ხალხთა დამონება. ამას ისინი ოჯახის წევრების ხელით გააკეთებენ. ეს ყველაფერი ცუდი ამბებისა და ცუდი მომავლის წინაპირობაა…
_ რამდენიმე დღის წინათ გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ასამბლეის სესია, რომელზეც, რბილად რომ ვთქვათ, კაბალური რეკომენდაციები მიიღეს…
_ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სპეციალური სესია 29-30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართა. ჯანმომ განაცხადა, რომ ეს იყო ისტორული შეკრება. ასეთი რამ არ მომხდარა ძალიან დიდი ხანია. აღნიშნული ორგანიზაციის საიტზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რომ მიღებულ ინიციატივებში კაბალური არაფერია და ისინი ხალხზე ზრუნვის მეტს არაფერს მოიცავს. ეს ინფორმაცია ზედაპირულია, რომელსაც ერთვის უწყინარი კლიპები, რიტორიკული და არაფრისმთქმელი ტექსტები… მაგრამ მათი განზრახვა დაკვირვებული თვალისთვის ნათელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სთავაზობს, შექმნან საერთო წარმომადგენლობა, ჯგუფები, რომლებიც დაექვემდებარებიან ჯანმოს და უზრუნველყოფენ მისი “რეკომენდაციების” შესრულებას. ამ “რეკომენდაციების” მიხედვით, თუ ჯანმო გამოაცხადებს პანდემიას, მისი ყველა მითითება უნდა შესრულდეს. ჯანმოს უნდა მიეცეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, გამოაცხადოს პანდემია, და ეს უნდა შეასრულოს ყველა ქვეყანამ, ანუ დაეთანხმოს ჯანმოს მიერ სიკეთის სახელით ბოროტების გავრცელებას. ყველა დამეთანხმება, რომ ეს საშიშია…
ამ დოკუმენტზე ხელისმომწერ ქვეყნებს ეძლევათ გადაწყვეტილების მიმართ შიდა კენჭისყრის საშულება, მაგრამ საეჭვოა, ეს საშუალება რეალურად ექნებათ თუ არა. 2022 წლის მაისში იგეგმება პირველი საპილოტე შეხვედრა სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ჯგუფებისა, რომლებიც ჯანმოს დაექვემდებარებიან.
ადამიანი საფუძვლიანად რომ დაუკვირდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ინიციატივას, მიხვდება, რომ, თუკი მოქალაქეს დღეს ქვეყნის კონსტიტუციის, კანონმდებლობის მიხედვით რამე უფლება აქვს, მომავალში აღარ ექნება. საზოგადოდ, თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პანდემიის პერიოდში მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს, მაგრამ რეკომენდაციებში, რომლებსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვთავაზობს, წერია ერთი ფრაზა: “იძულებითი გადაადგილება”, რაც ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. გამოდის, თუკი ჯანმო საჭიროდ ჩათვლის, რომ უნდა დატოვო შენი საცხოვრისი, წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. გაუგონარი, არნახული მზაკვრობაა ჩადებული, მაგრამ ამის გაცნობიერება ძნელია სიდუხჭირეში მყოფი ადამინისათვის, რომელიც ამ მდგომარეობაში ბოლო სამი წლის განმავლობაში პანდემიის გამო აღმოჩნდა. ვაღიაროთ ყველამ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ფინანსურ-ეკონომიკურად. მართალია, ხელისუფლებამ რაღაც სუბსიდიები გამოგვიყო, მაგრამ ამ სუბსიდიების შემდეგ კომუნალურმა გადასახადებმა ისე მოიმატა, რომ ყველა ხვდება _ ჩვენ მოგვატყუეს! მოკლედ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შეუძლია, საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაგვასახლოს, ოღონდ ამას ლამაზი სახელი უწოდოს. ამ ყველაფრის დაჯერება ცოტა ძნელია, მაგრამ…
_ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ძალიან ცდილობს პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვები ფრთხილად დააწესოს, თავი აარიდოს ბევრ რამეს, მაგრამ არსებობენ ე.წ. ეპიდემიოლოგები, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოდიან…
_ პირდაპირ ვიტყვი: ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რომ პრემიერმინისტრი გამოდის, განცხადებას აკეთებს, თან ისეთს, რომ ხალხს ცოტა გული მოულბოს და მაშინვე ტელეეთერში ჩნდებიან გამყრელიძე–იმნაძე–ცერცვაძე და საწინააღმდეგოს ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების იმედად ნუ ვიქნებით. არ ეხებიან პირადად პრემიერს, მაგრამ ირიბად უპირისპირდებიან. ვარაუდები აღარ არის საჭირო, რადგან ეს სამი ადამიანი, ე.წ. ტროიკა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და თავს ახვევს ქვეყანას. ეს კი ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას დაუყენეს უკვე უფროსები, რომლებიც ჯანმოს მითითებებს პირნათლად ასრულებენ და ამ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არავის არ აქვს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან პრობლემები ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპსაც ჰქონდა და ასევე ბევრ ქვეყანას, მაგრამ ეს ორგანიზაცია მართავს ჩვენს ექიმებს, რომელთა შორისაც, თუ ამერიკელების საყვარელ ტერმინებს გამოვიყენებთ, ზოგი “ბოროტი”, ზოგი კი “კეთილი პოლიციელია”. ჰოდა, ბოროტები გამყრელიძე–იმნაძე–ცერცვაძე არიან, ხოლო ე.წ. კეთილები: ეზუგბაია, რატიანი და ვიღაც-ვიღაცები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლია და ყველა მათგანი ადამიანის ახალი ცნობიერის შექმნაზე, ადამიანის სახის წაშლაზე მუშაობენ.
_ სად არის გამოსავალი? მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპროტესტებენ პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვებს, მაგრამ არაფერი არ იცვლება. რა უნდა ქნას პატარა საქართველომ?
_ ის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ის, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ჩვენი ერის ყველაზე დიდი კოზირია… ქართველებს გვაქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება: ვუყურებთ სხვას და გვგონია, რომ მოვყვებით “პრიკუპში” (პრეფერანსის თამაშისას მისამატებელი ბანქო _ რედ.), ქართველები ფიქრობენ, თუ ძალიან გაჭირდება, მაშინ გამოვალთ ქუჩაშიო, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, გაჭირვებამდე, საქმის ბოლომდე გაფუჭებამდე უნდა დადგნენ იქ, სადაც პროტესტი აუცილებელია.
ხშირად მახსენდება ბახტრიონის ბრძოლა. სანამ შაჰ-აბასმა ნახევარი კახეთი არ გახიზნა და მათ ადგილას 80 ათასი უცხოტომელი არ ჩაასახლა, სანამ საძოვრები არ წაართვეს და საარსებო წყარო არ გადაუკეტეს, სანამ საზარელი ფაქტის წინაშე არ დადგნენ მღვდლის გაუპატიურების გამო, ხმა არ ამოიღეს ქართველებმა, მაგრამ, როდესაც გამწარდნენ, მერე იცოცხლე, ერთ კვირაში გაანადგურეს 80 ათასი ურჯულო.
დღევანდელი ქართველების მენტალიტეტი ძალიან შეცვლილია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს “კითილისმსურველებს” _ ახალგაზრდები გაანარკომანეს, დედები გახიზნეს უცხოეთში, მამები გაალოთეს, ფუნქცია დაუკარგეს და ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ წინააღმდეგობის გამწევი ადამიანი რაც შეიძლება ცოტა დარჩენილიყო. მაგრამ ვფიქრობ, თუკი საქმე იქამდე მივა, რომ ფიზიკური გადარჩენისთვის მოგვიწევს ბრძოლა, ყველანი ფეხზე დავდგებით. მჯერა, ჩვენი დედაეკლესია გადაგვარჩენს, ერთმანეთის ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაობა გადაგვარჩენს. ეკლესია ამ ბრძოლას უნდა ჩაუდგეს სათავეში და ასეც იქნება.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი