Home რუბრიკები საზოგადოება ჯამლეტ ხუხაშვილის მადლით გზაგაკვალული

ჯამლეტ ხუხაშვილის მადლით გზაგაკვალული

ჯამლეტ ხუხაშვილის მადლით გზაგაკვალული

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობის საფინალო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე საუბრობს ჯამლეტ ხუხაშვილი:

_ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ფინეთში გამართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს გარანტირებული აქვს გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილეობა, როგორც მასპინძელს (საამისოდ თბილისში სპორტის სასახლეც კი შენდება), ჩვენი კალათბურთელები ყველა თამაშში მოტივირებულები არიან, რათა დაამტკიცონ, რომ შერჩევით ეტაპზე სტატისტების როლით არ კმაყოფილდებიან. ამიტომ მოწინააღმდეგეებთან ყველა შეხვედრა, განსაკუთრებით კი, ფინეთთან, რომლის ნაკრებიც ჩვენს გუნდს გადამწყვეტ მომენტებში ამარცხებდა, ძალების სრული მობილიზებით ჩაატარა. ფინეთის ნაკრებთან მატჩს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა _ სპორტული და მორალური.

მიყვებოდა ამას სახელგანთქმული კომენტატორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი ონლაინ, ანუ დაუსწრებლად, მანქანის საჭესთან იჯდა და ისე. ქალბატონი ევა, მისი კდემამოსილი ცოლი, ხმის ოპერატორისა და რეჟისორის ფუნქციებს ერთდროულად ასრულებდა, და ყველანი შეთანხმებულად მანქანის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვის წესს ვაჟკაცურად ვარღვევდით. ისინი ერთი სპორტული ღონისძიებიდან სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასასწრებლად მიიჩქაროდნენ, მე _ რედაქციაში ვბრუნდებოდი მასალის ჩასაბარებლად და საკომენდატო საათის დაწყებამდე ამ ინტერვიუს ჩაწერა უნდა მოგვესწრო. დროის დეფიციტი ხუხაშვილების ყველაზე დიდი პრობლემაა.

ფინეთთან მატჩი წინა დღეს გაიმართა, თამაში ნანახი გვქონდა და ანგარიში, ცხადია, ვიცოდით, მაგრამ ჯამლეტი კომენტატორის მისთვის ჩვეულ (უნიკალურ) სტილში ისე გატაცებით ლაპარაკობდა, რომ ყურადღებად ვიყავი ქცეული და სიამოვნებით ვიხსენებდი იმ მართლაც საინტერესო შეხვედრის პერიპეტიებს.

მოკლედ, ის რთული მატჩი მეორედ მოვიგეთ ანგარიშით _ 91:85.

შევეკითხე: _ იმ მატჩის გმირი, ბატონო ჯამლეტ, თქვენი აღზრდილი და დაოსტატებული გიორგი შერმადინი იყო, რომლის სანახავად დიდი ხნის წინათ რამდენიმე ადამიანი სპორტის სასახლის პატარა დარბაზში დაგვიბარე. აქედან ხომ არ დაიწყებდითმეთქი ამ სპორტსმენზე საუბარს?

მიპასუხა ასე:

_ დავიწყებ, მაგრამ ჯერ იმას გეტყვით, რომ ჩვენს გუნდს ხუთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაგრამ ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაგვიბრუნდა _ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის გუნდმა, კონტრაქტში ჩაწერილი პუნქტის თანახმად, გამოუშვა ამ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, და მას და გიორგი შერმადინს, ორ ლიდერს, დააწვა შეხვედრის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა. აქვე შევნიშნავ, რომ ცეესკას არც ერთი ლეგიონერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის მათი გაშვება თავიანთი ქვეყნების ნაკრებების შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ერთადერთი გამონაკლისი თორნიკე შენგელიაა.

ფინეთთან მატჩი მაინც შერმადინისთვის იყო გამორჩეული, მიუხედავად იმისა, რომ მან მიგვაჩვია სხვადასხვა შეხვედრაში უმაღლესი დონის ოსტატობის ჩვენებას. ოქტომბრის თვეში ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ესპანეთის ჩემპიონატი NBA-ს შემდეგ მსოფლიოში უძლიერესად არის აღიარებული.

_ და შენ, ბატონო ჯამლეტ, პირველმა დაინახე ამ მაღალ, გამხდარ, მხრებში ოდნავ მოხრილ და მორიდებულ ყმაწვილში პერსპექტიული კალათბურთელის მონაცემები.

_ დაწვრილებით გეტყვი. 2004 წლის ბოლოს კალათბურთის ფედერაციიდან როლანდ ხომერიკმა მირჩია, ყურადღება მიმექცია ნატახტარელი ბიჭისთვის, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში პირველ ნაბიჯებს დგამდა და, პრაქტიკულად, კალათბურთის ანბანს სწავლობდა. ვნახე, მშობლებთან ერთად ვესაუბრე და 31 დეკემბერს სპორტის სასახლეში დავიბარე. კარგი “მასალა” რომ იყო, მაშინვე შევამჩნიე და პირველ ვარჯიშზე არც მეტი, არც ნაკლები, პირველი იანვრისთვის მივიწვიე. მაგრამ მამამისმა მთხოვა, ტრადიციას ნუ დამარღვევინებ, ახალ წელს ოჯახის წევრები ყოველთვის ერთად ვხვდებით და სხვა დროს გამოვუშვებ, როგორც მეტყვიო. დავეთანხმე და ორი იანვრისთვის დავიბარე. ბედობის დღეს.

_ ფეხბედნიერი გამოდგა.

_ მართლაც კარგად დაებედა ფეხის შემოდგმა სპორტის სასახლის იმ დარბაზში, რომელშიც 60-იანი წლებიდან იზრდებოდნენ ჩვენი სახელოვანი კალათბურთელები.

_ განსაკუთრებული მაინც რა შეამჩნიე ამ ბიჭს?

_ გიორგის ერთი დავალება მივეცი, რომლის შესრულებას, ჩვეულებრივ, 10 წუთს ანდომებენ. მან ორჯერ ნაკლები დრო მოანდომა. მივხვდი, რომ ჰქონდა პოტენცია, რესურსი, სპორტული ალღომაგრამ ძალიან გამხდარი იყო. ორი მეტრის და ცხრა სანტიმეტრის სიმაღლის ყმაწვილი იმის ნახევარს იწონიდა, რამდენიც, წესითა და რიგით, უნდა ყოფილიყო.

დაიწყო ვარჯიში და ერთ წელიწადში იმდენს მიაღწია, რომ საქართველოს პირველობის ყველა მატჩში, სულ ცოტა, 40 ქულას აგროვებდა. ამას საერთაშორისო ტურნირები მოჰყვა, რომლებშიც ასევე საუკეთესო იყო.

ცალკე პრობლემა იყო წონის მომატება. დიდი მჭამელი არ გახლდათ, წვნიანს ისე მიირთმევდა, როგორც, მაგალითად, ჩვენ შავ ხიზილალას.

ამის გამო სამჯერ გამექცა გუნდიდან _ არც ჭამა მინდა, არც კალათბურთიო. მაინც ჩვენი გავიტანეთ დაპანათაიკოსშირომ გავუშვით, ბიჭი, რომელიც მანამდე 87 კილოგრამს იწონიდა, 116 კილოგრამზე მეტი იყო.

დღეში სამჯერ 7-8 საათის განმავლობაში ვავარჯიშებდით მე, ჩემი ბიჭი მიშიკო ხუხაშვილი და დილაობით _ ნოდარ ქორქია. ჰყავდა თავისი ექიმი, ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილე ინგა ლაფანაშვილი (ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს. ამჟამად მისი და, ნინო, იმ სკოლის დირექტორია) ყოველდღიურად განსაკუთრებულ კერძებს უმზადებდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ფენომენური სპორტსმენის აღზრდაში გვეხმარებოდა.

_ და არავითარი შური და წინააღმდეგობა?

_ არც უმაგისობა იყო: ზოგიერთი ხმას ავრცელებდა _ ჯამლეტ ხუხაშვილმა შეიძლება გააფუჭოს და ჯობია, დროზე გაყიდოს შერმადინი უცხოეთის რომელიმე კლუბში, სადაც საერთაშორისო კლასის კალათბურთელად გაიზრდებაო. ამაზე ვუპასუხებდი ხოლმე, რომ ქართველი იუდეველი ვარ და ვითომ ჩემზე მეტად გიყვართ ფული-მეთქი?! ამას ჯობია, მხარში ამომიდგეთ და ერთად დავამტკიცოთ, რომ დიდი სპორტსმენების გაზრდა ჩვენც შეგვიძლია.

გიორგი შერმადინი სპარტულ ცხოვრებას ეწეოდა: ნატახტარიდან, მშობლების ოჯახიდან, მიშიკო ხუხაშვილის, ჩემი ბიჭის მანქანით ჩამოდიოდა თბილისში და საღამოობით კვლავ შინ ბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ოჯახმა მას თბილისში ბინა დაუთმო. რეჟიმის შენარჩუნება და მუდმივი მზადყოფნა ვარჯიშისა თუ თამაშისთვის ცხოვრების წესად ჩამოუყალიბდა.

ვასწავლიდით ინგლისურს, რომელიც აუცილებლად დასჭირდებოდა დიდ გუნდებში გადასვლის შემდეგ.

2008 წელს მას დიდი პერსპექტივის გზა გაეხსნა.

_ ბატონო ჯამლეტ, თუ არ ვცდები, მანამდეც ჰქონდა გიორგის უცხოეთის მაღალი კლასის ლიგაში გადასვლის შანსი.

_ ჰქონდა. კერძოდ, NBA-ში, მაგრამ ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი. მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში უნდა ეთამაშა ამერიკის ნაკრების წინააღმდეგ. ჩავედით მემფისში და მაინცდამაინც მატჩის დაწყების წინ, ვარჯიშისას სერიოზულად დაიზიანა ფეხი… იშვიათია ასეთი უიღბლობა.

იმხანად “ნაიკის” პრეზიდენტს უნდოდა, რომ ეს ახალგაზრდა კალათბურთელი მისი ფირმის სახე გამხდარიყო. მაგრამ ამ სურვილსაც ხაზი გადაესვა. მემფისში მეგზურობას გვიწევდა ჩემი კიდევ ერთი გაზრდილი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია, რომელმაც NBA-ში რვა წლის განმავლობაში ითამაშა.

_ რომელ განსაკუთრებულ თვისებას შეუქებდით გიორგი შერმადინს, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ, საქვეყნოდ ცნობილ სპორტსმენს?

_ გიორგი შერმადინი უნივერსალური კალათბურთელია. გუნდური სტილის მოთამაშე, იდეალური გადაცემები და ქულების მოპოვების იდეალური უნარი აქვს. ამასთან, ფარიდან ასხლეტილი ბურთების უფრო მეტი ჩამოხსნა შეუძლია, მაგრამ ცოტა დამთმობია, “თავხედი” არ არის. ამიტომაა, რომ მისი ზონიდან სხვებს მიაქვთ ბურთი _ მისი გუნდის მოთამაშეებს. ყოველი თამაშის წინ ვაძლევდი ამ შენიშვნას, მაგრამ… უაღრესად კეთილშობილი პიროვნებაა და ამიტომ პარკეტზე თავისი ზონის მკაცრ პატრონად ვერ გამოიყურება.

_ მაგრამ ეს ხელს არ უშლის, იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ასეა?

_ რა თქმა უნდა, ასეა… შერმადინმა მრავალი კლუბი მოიარა და ყველგან საუკეთესო იყო, ორჯერ მოიპოვა ევროლიგის ჩემპიონთა თასი. ასეთი წარმატება ქართულ კალათბურთში არავის ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ჩვენს ვარსკვლავ ზაზა ფაჩულიას, რომელიც NBA-ს ორგზის გამარჯვებულია. გიორგი ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებში რომ თამაშობდა, ყოველთვის საუკეთესო სპორტსმენებს შორის სახელდებოდა. ჯერ კიდევ 3-4 წლის წინათ თვის და სეზონის საუკეთესო კალათბურთელის წოდება დაიმსახურა. ფინეთის ნაკრებთან შეხვედრაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ორმოცდაათი იყო, რომელიც ბევრი სპორტსმენისთვის მიუწვდომელი მაჩვენებელია.

_ რომელშიც რა იგულისხმება?

_ ამაში შედის დაგროვილი ქულების რაოდენობა, მოხსნების რაოდენობა, შედეგიანი გადაცემები, ჯარიმების რაოდენობა, რომლებსაც მასთან ბრძოლის დროს იღებს მოწინააღმდეგე. ფინელი სპორტსმენები ამ შეხვედრაში 17-ჯერ დაჯარიმდნენ. სამივე ტანმაღალი კალათბურთელი 5-5 ჯარიმის გამო გაუგდო მოედნიდან. ვერ ვიტყვი, რომ ფინეთთან თამაში შერმადინისთვის საუკეთესო იყო. უკეთესი შედეგებიც ჰქონია სხვა შეხვედრებში, მაგრამ ფინეთთან მატჩი მისი ბენეფისი იყო. ევროპის მასშტაბით ტურის საუკეთესო მოთამაშედ მოგვევლინა.

ერთსაც დავუმატებ, რაც, არა მგონია, ბევრისთვის იყოს ცნობილი: გიორგი შერმადინი ოთხი შვილის მამაა. მისი მეუღლეა ანი ამაშუკელი. მათ დაოჯახებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ცოლმა ევამ.

_ ხანუმა?

_ გეცინებათ, მაგრამ მაჭანკალის როლი შეასრულა ევამ, როცა ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს დავით ტატიშვილის კლინიკის 10 წლის იუბილეზე. ანი ექიმია. ბედნიერი და თბილი ოჯახი აქვთ. როგორც ზღაპარშია.

* * *

გითხარით, რომ ეს საუბარი ონლაინ ჩავწერეთ. ბატონი ჯამლეტი თავის მანქანას მართავდა, ქალბატონი ევა რეჟისორის, ხმის ოპერატორისა და შიგადაშიგ სუფლიორის როლს ერთდროულად ასრულებდა. მე ნათხოვარი მანქანით მივსრიალებდი და ყველანი ერთად უშიშრად ვარღვევდით ავტომანქანის მართვის დროს მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვის წესს.

კომენდანტის საათის დაწყებამდე ნახევარი საათი რჩებოდა.

მოვასწარით!

მაგრები ვართ, არა, ჯამლეტ?

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ვისურვებდი რომ რაგბის გარდა კალათბურთიც ჩვენი თამაში იყოს და… ფეხბურთიც!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here