Home რუბრიკები პოლიტიკა ხშირ-ხშირად გავიმეოროთ, რომ დასავლეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი კი _ მტერი…...

ხშირ-ხშირად გავიმეოროთ, რომ დასავლეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი კი _ მტერი… მერე რა, რომ ციფრები სხვას ამბობენ

ხშირ-ხშირად გავიმეოროთ, რომ დასავლეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი კი _ მტერი... მერე რა, რომ ციფრები სხვას ამბობენ

პანდემიის გამო საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა დააზარალა. იმის გამო, რომ გლეხებს არ ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა, დაკეტილი იყო ყველა მაღაზია, ხოლო, თუ რომელიმე მუშაობდა, მოშორებით და იქ წასვლა ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გამო შეუძლებელი შეიქნა. გლეხები, რომლებმაც მოსავალი მოიწიეს, ვერ ახერხებდნენ მის რეალიზაციას. შესაბამისად, ახლა, როცა გზებიც გაიხსნა და მაღაზიებიც ამუშავდა, მთავარი იმედი ატმისა და ვაშლის საადრეო მოსავალია. საბედნიეროდ, წინასწარი ვარაუდით, წელს საქართველოში ატმის რეკორდული მოსავალი გვექნება და, თუ შარშან გლეხებმა 13.2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გაყიდეს უცხოეთში, წელს საექსპორტოდ გასატანი ხილის ოდენობა 35 ათას ტონას გადააჭარბებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსავლის ოდენობის შესაბამისი იქნება ფასიც, რადგან, სოფლის მეურნეობის გარდა, აკრძალვებმა რიგითი მოქალაქეებიც ძალიან დააზარალა და ხილის ფასი, მით უმეტეს სეზონზე, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა, ზუსტად ისე, როგორც შარშან და ყველაზე საინტერესოც ეს არის.

2019 წელს მიღებული მოსავლის მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან მოსავალი არ იყო დიდი, არც ფასი იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხოლო ექსპორტზე გატანილი 13.2 ათასი ტონიდან 10.7 ათასი ტონა, ანუ მოსავლის 80%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა. მარტივად რომ ვთქვათ, მთავარ მტრად გამოცხადებულმა ქვეყანამ იყიდა მოსავლის 80%-ზე მეტი და სწორედ რუსეთთან ვაჭრობით მიიღეს ძირითადი შემოსავალი გლეხებმა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 2.5 ათასი ტონიდან 1.3 ათასი ტონა სომხეთში გაიყიდა, 667 ტონა _ აზერბაიჯანში, ხოლო დანარჩენი 533 ტონა უკრაინამ, ყაზახეთმა, სლოვენიამ, ერაყმა, ირანმა, ბელარუსმა, მოლდოვამ და ყატარმა აითვისეს. ჰო, ევროპის არც ერთ ქვეყანას და, რაღა თქმა უნდა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოდან ერთი კილოგრამი ატამიც არ უყიდიათ. ეს იმ პირობებში, როცა ქართული ატამი გემოთი და სხვა თვისებებით არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. კონკრეტულმა პირებმა გვითხრეს, რომ ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ატამი თურმე მალე ფუჭდება და დიდ მანძილზე მისი ტრანსპორტირება ამიტომ ვერ ხერხდება. მართალი ხართ, ბატონებო, თორემ შარშან წარმოებული ღვინის ექსპორტით ხომ თავი მოიკლეს ამერიკელმა და ევროპელმა ბიზნესმენებმა, აქაოდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ხელი გავუწოდოთო და შტატებმა 466 056 ბოთლი ღვინო შეიძინა, ევროპამ _ დაახლოებით 10 მილიონი ბოთლი, ხოლო ჩვენმამტერმარუსეთმა _ 53 მილიონ ბოთლზე მეტი. არ დაგვავიწყდეს და ხშირხშირად გავიმეოროთ, რომ დასავლეთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი კი _ მტერი და მერე რა, რომ ციფრები სხვას ამბობენ და მერე რა, თუ ციფრები არ ტყუიან.

ისიც გავიხსენოთ, გამოჩენილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, “დისიდენტმა” და “წამებულმა” ირაკლი ოქრუაშვილმა თავის დროზე რომ განაცხადა, რუსეთი ისეთი ბაზარია, ფეკალიებსაც კი გაყიდიო და მშობლიურ მხარეს ცელი გამოუსვა, რადგან შიდა ქართლიდან ვაშლის ექსპორტი შეწყდა რუსეთში და მოსახლეობა ლამის შიმშლით დაიხოცა. ოქრუაშვილი და ძმანი მისნი ახლაც უღერებენ მუშტს რუსეთს და დასავლეთს ემადლიერებიან, რომ ციხიდან ლამის გმირებად გამოიყვანა. უგულავამ და ოქრუაშვილმა მართლა დაიჯერეს, რომ გმირები არიან და აპირებენ მაჟორიტარებადაც იყარონ კენჭი, მაგრამ სერიოზული ეჭვი გვაქვს, მარცხს ისევ რუსულ ინტერესებსა და არჩევნების გაყალბებას დააბრალებენ, ისე კი, ნამდვილად სჯერათ, რომ მათი მომრევი ამ ქვეყანაზე არავინაა, იმიტომ, რომ ზურგს დასავლეთი უმაგრებთ.

ისევ ჩვენს ტანჯულ სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკას დავუბრუნდეთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ მთავარ მტრად გამოცხადებულ ქვეყანაზე ისეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა რომ გამოაცხადოს, თქვენგან არც პროდუქცია მინდა, არც არაფერს მოგაწვდით და, საერთოდ, ხორბალსაც აღარ მოგყიდითო, კატასტროფის წინაშე დავდგებით. ეს ციფრებში ისე ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერმა დამწყებმა ექსპერტმაც იცის _ ქვეყანაში მასიური შიმშილობა დაიწყება.

ხორბალი ხომ ცალკე თემაა. საჯაროდ არავინ საუბრობს, მაგრამ ყველამ იცის, 1 ივლისს, თუ რუსეთმა არ ინება და ევრაზიის კავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებისთვის კვლავ არ დაიწყო ხორბლის მიყიდვა, პურის ფქვილი აღარ გვექნება, რადგან 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ლევან მეხუზლა რომ ამბობს, 90 მილიონ ბოთლზე მეტი გავყიდეთ შარშან და ახლა უფრო მეტის გაყიდვის იმედი გვაქვსო, იმას რატომ არ აკონკრეტებს, უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში რომ გაიყიდა? ჩვენ გეტყვით, რატომ _ ეს რომ თქვას, მტრად გამოაცხადებენ, როგორ გაბედე და ხმამაღლა რატომ თქვი, რომ ქართული ღვინის ბედი რუსეთზეა დამოკიდებულიო და თანამდებობას ისე დაატოვებინებენ, თითქოს არც უმუშავია.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ვინმეს რუსულ თემას ცხვირში ვტენიდეთ. არა, ბატონებო, უბრალოდ, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი და ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად არის. ვისაუბროთ იმაზე, რომ ღვინის გაყიდვით მიღებული 203 მილიონი დოლარიდან 120 მილიონი რუსეთზე მოდის, დანარჩენი _ 50 ქვეყანაზე. ვთქვათ ის, რომ წელს მოსალოდნელი სარეკორდო მოსავლიდან რუსეთმა თუ არ წაიღო უდიდესი ნაწილი, ანუ ლამის 80%, ატამი, უბრალოდ, დაგვილპება. ეს იმიტომ, რომ ყველგან ყველაფერი გადანაწილებულია და არავის არ სურს, თუნდაც ხარისხიანი ქართული პროდუქციის გამო საკუთარი მწარმოებელი დააზარალოს. მით უმეტეს ახლა, როცა პანდემიამ ყველა ქვეყანას დაარტყა, ყველა დიდი ქვეყნის ეკონომიკას გაუჩინა ბზარი და საქართველო, უბრალოდ, არავის ახსოვს. ერთი სატელევიზიო სიუჟეტით და ჩვენი .. პრეზიდენტის უადგილო და უაზრო გამოხტომით ხომ ამოვაკვეთინეთ ფეხი რუს ტურისტს საქართველოდან და ხომ ვიზარალეთ შარშან მილიარდ დოლარზე მეტი, პერსპექტივაში _ 2-3 მილიარდი?

ასეთი მიდგომითა და ფაქტების დამალვით, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მილიარდი ვიზარალოთ და მეტი კი არ არის საქართველოს ეკონომიკა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპული ქვეყნები და ამერიკა საკუთარ თავს მოაკლებენ და ჩვენ გამოგვიგზავნიან ფულს, აქაოდა, არაფერი გაიჭირვოთო, მწარედ ცდება. საქართველო არაფერს არ აწარმოებს და ჩამოკიდებულია იმ მწირ პროდუქციაზე, რომელსაც გლეხები, ავად თუ კარგად, ამ ჩვენს ტანჯულ მიწაზე იწევენ და, ამასაც თუ არ გავუფრთხილდით, ვღეჭოთ მერე თურქული კარტოფილი და ზამთარში 8 ლარად ვიყიდოთ სომხეთიდან და თურქეთიდან შემოტანილი ყურძენი.

ესეც პარადოქსია: საქართველოში _ ღვინისა და ვაზის სამშობლოში, ზამთარში სომხური და თურქული ყურძენი იყიდება, რადგან სომხებმა და თურქებმა თურმე შენახვის ტექნოლოგია იციან, ჩვენ კი არ ვიცით. იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ შემოდგომაზე მათ აქედან მიაქვთ ყურძენი, ინახავენ და ზამთარში ჩვენივე ყურძენს, ლარად ნაყიდ ყურძენს, მამასისხლად უკან გვიბრუნებენ?! თუ არ გიფიქრიათ, ახლა იფიქრეთ, რადგან არც სომხეთია ის ქვეყანა, ასობით ტონა ყურძენი რომ მოიყვანოს, და არც თურქეთში აქვთ ვენახები.

ის, რაც შარშან პრეზიდენტმა და ერთმა კონკრეტულმა ტელევიზიამ რუსი ტურისტების მიმართ გააკეთა, ეკონომიკური ტერაქტი იყო. არ არის გამორიცხული, მორიგი განცხადება ახლაც გაკეთდეს და გაკეთდეს იმ მიზნით, რომ რუსეთმა ჩვენი ჭარბი მოსავალი აღარ მიიღოს. ამით ხელისუფლება ხომ იზარალებს და იზარალებს, გლეხი კი ორმაგად დაზარალდება. პოლიტიკოსები, ავად თუ კარგად, აიტანენ ამ ყველაფერს, გლეხი კი, მარტივად რომ ვთქვათ, მშიერი დარჩება. ჰო, დასავლეთი აუცილებლად კმაყოფილი იქნება და ხმამაღლა იტყვის: ხომ გეუბნებოდით, რუსეთი მტერიაო, და წინაპირობას ყურადღებას აღარ მიაქცევს. ზუსტად ისე, როგორც შარშან, როცა ტურისტების ნაკადს დაგვპირდა ამერიკა და ევროპა და დაპირება ერთპროცენტიანი სიზუსტითაც ვერ შეასრულა _ რუსი ტურისტების ოდენობა ერთი პროცენტითაც ვერ ჩაანაცვლა ამერიკიდან და ევროპიდან შემოსული ტურისტების ნაკადმა. ხელისუფლებამ კი დასავლეთის მოსახიბლად რეკლამებსა თუ უფასო ჩარტერულ რეისებში 50 მილიონამდე ლარი დახარჯა და ზარალს ზარალი მიამატა.

მოკლედ, დაახლოებით 2 კვირაში საქართველოში ატმისა და ვაშლატამის არნახულ მოსავალს ველოდებით, ამ მოსავლის 80%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე უნდა გაიყიდოს. ისე ნუ ვიზამთ, რომ ამ ორ კვირაში იმდენი მოვახერხოთ, რუსეთმა ლარსი ჩაკეტოს და იქამდე მიტანილი ხილი უკან გამოგვატანოს.

ბიჭო, ირაკლი, შენს გასაგონად ვამბობ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here