Home რუბრიკები საზოგადოება ხსენება წმიდა ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა

ხსენება წმიდა ეფემია ყოვლადქებულის სასწაულისა

დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის ხსენების დღე 16 სექტემბერია, 24 ივლისს კი მართლმადიდებელი ეკლესია იმ სასწაულის ხსენების დღედ მიიჩნევს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის გაძლიერებაში. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების _ სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო.

ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. “ხორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა” ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია, კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.

კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.

ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებისაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.

მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსასვლელად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს, მარტვილი ქალწულის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ “სასტიკებითა და კსინვით” მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე, ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას.

 

წმინდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცვლელი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა

გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას. მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.

წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა.

ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმინდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამ სოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და “კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს”. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: “აღმორბიოდე, გვირგვინთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი”. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღმერთმა ნეტარი მარტვილი ღირსყო, კიდევ ერთხელ საჯაროდ დაემოწმებინა და ეღიარებინა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდე.

შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას.

დიდმოწამე ეფემიას სახფლავზე აგებულ დიდებულ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები

ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრებაზე ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების ექვსასოცდაათმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი, იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი და რომის პაპის, ლეონის. წარმომადგენლები. მონოფიზიტები ალექსანდრიელი პატრიარქის _ დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის _ ევტიქის წინამძღვრობით მრავლად იყვნენ შეკრებილნი.

ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად, მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს.

მაშინ კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა, საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისთვის მიენდოთ მისი რჩეული ჭურჭლის _ ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით, რომლის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოების აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დაუყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატორმა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გახსნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმიდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.

ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას, მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.

VII საუკუნეში, სპარსელთა თავდასხმის დროს ნეტარი ეფემიას წმიდა ნეშტი ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში, მისსავე სახელზე ნაკურთხ ტაძარში გადაასვენეს. მრავალი წლის შემდეგ ხატმბრძოლობის მძვინვარებისას, ლუსკუმა უხრწნელი ნაწილებით მწვალებელი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (716-741), ბრძანებით ზღვაში გადააგდეს. სიწმიდე ნაოსანმა ძმებმა _ სერგიმ და სერგონმა იპოვეს და ადგილობრივ ეპისკოპოსს გადასცეს, რომელმაც იგი ფარულად დაკრძალა. მას შემდეგ, რაც VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.) ხატმბრძოლობა საბოლოოდ დაიგმო, ტარასი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (784-806), იმპერატორ კონსტანტინე VI-ის (780-797) და მისი დედის _ ირინეს (797-802) თანდასწრებით ნეტარის ნეშტი კვლავ საზეიმოდ გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.

მომზადდა წიგნიდანწმიდანთა ცხოვრება”,

ტომი III, თბილისი, 2001 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here