Home რუბრიკები საზოგადოება ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

ხორბლის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

5584
ხორბალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

მარცვლეულ და საბურღულე კულტურების ჯგუფში გამორჩეული ადგილი უკავია სასურსათო კულტურას _ ხორბალს. იგი სასურსათო კულტურათა ოქროს ფონდშია შესული და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის არსებობასა და საქმიანობაში. სხვა პურეულთან შედარებით მას ახასიათებს ნახშირწყლებისა და ცილების ყველაზე სასარგებლო შეფარდება მაღალხარისხოვანი წებოგვარათი. ამით არის განპირობებული მისი განსაკუთრებული პოლიმორფიზმიც-ფორმათა იშვიათი სიმრავლე, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულებით.

საქართველოს პურეულის ნათესებში ხორბალი, სიმინდის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო თავთავიანებს შორის _ პირველზე. ხორბლის ნათესი ფართობები საქართველოში, ძირითადად, არის საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გორის, ხაშურის და ქარელის რაიონებში.

მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14 სახეობა ხარობს, მათგან 5 ენდემური. ასეთებია მახა, ზანდური, ჩელტა ზანდური, ქართული ასლი და დიკა. ამით დასტურდებაა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის წარმოშობის კერაა.

საქართველოში გავრცელებული ხორბლის ჯიშები

ბეზოსტაია1. გამოყვანილია კრასნოდარის სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტში ჰიბრიდიზაციის გზით _ ლუტესცენს-17-ისა და სკოროსპელკა-2-ის შეჯვარებით. მიეკუთვნება სახესხვაობა ლუტესცენს, თავთავი გრძელი, მკვრივი, კომბლისებური ფორმის, საშუალო სიმაღლისაა. არის საშემოდგომო, ნაკლებად ზამთარგამძლე. კარგად იტანს გვალვას, საკმაოდ გამძლეა ყვითელი და მურა ჟანგას მიმართ. არ ახასიათებს მარცვლის ცვენა. მარცვალი მსხვილი, ნახევრადრქისებური. 1000 მარცვლის მასა 45 გრამია. ხასიათდება კარგი დაფქვისა და პურცხობის თვისებებით. არის უხვმოსავლიანი, მძლავრი ჯიში.

ვარძია. გასავრცელებლად დაშვებულია 1993 წლიდან აღმოსავლეთი საქართველოს ხორბლის მწარმოებელი ყველა რაიონისთვის. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების ინსტიტუტში ჯიშ ხულუგოზე ქიმიური მუტაგენეზით. სავეგეტაციო პერიოდი 230 -235 დღეა, მცენარის სიმაღლე _ 76-80 სმ, თავთავის სიგრძე _ 8-9 სმ. შეფერილობა _ წითელი. მარცვლის რაოდენობა თავთავში 60-72-ია, საშუალო მოსავლიანობა 3,5-4,5 ტ/ჰა-ზე, მარცვალი წითელი, მსხვილი, მკვრივი, გამძლეა სოკოვანი დაავადებებისა და ჩაწოლისადმი. გამოირჩევა გვალვაგამძლეობით. მარცვალი არ ცვივა, ადვილად ილეწება.

დოლის პური 35-4 (თეთრი დოლი 35-4). გამოყვანილია საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, ადგილობრივი პოპულაციიდან გამორჩევის გზით. რბილი ხორბლის ჯიშია, ძირითადი სახესხვაობაა ერითროსპერმუმი. თავთავი _ თითისტარისებრი, საშუალო სიმკვრივის, კბილაკი _ წაგრძელებული. არის საადრეო, ზამთარგამძლე და გვალვაგამძლე. ავადდება ყვითელი და მურა ჟანგათი. ცვენა არ ახასიათებს. მარცვალი, ძირითადად, რქისებრი.

წითელი დოლის პური _ საშემოდგომო ადგილობრივი ჯიშპოპულაცია. დარაიონებულია 1933 წლიდან. საშუალო სიმკვრივის, კბილაკი წაგრძელებული. არის საადრეო. ზამთარ და გვალვაგამძლეა. არ ახასიათებს ცვენა, მარცვალი, ძირითადად, რქისებრია.

შავფხა ადგილობრივი. ადგილობრივი ჯიში. არის ორი სახესხვაობა _ ცერულესცენსი (თავთავი და ფხები _ შავი, მარცვალი _ თეთრი) და ლობიკუმი (თავთავი და ფხები _ შავი, მარცვალი _ მოწითალო). ჭარბობს პირველი სახესხვაობა. ითესება შემოდგომასა და გაზაფხულზე. გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. მარცვალი დიდი ზომის, წაგრძელებული, რქისებრი კონსისტენცისაა. დაფქვისა და პურცხობის თვისებები საშუალოზე მაღალია.

სპარტანკა _ დარაიონებულია 1990 წლიდან ქართლის, გორის, დუშეთის, კასპის, მცხეთის, ხაშურის რაიონების სარწყავი ნაწილისთვის, აგრეთვე, ახალგორისა და ცხინვალის რაიონების დაბლობი სარწყავი ნაწილისათვის, თრიალეთის მთა-ტყიანი (ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს) რაიონების ნაწილისთვის, გარე კახეთის ზეგნის (გურჯანიის რაიონის უკანა მხარე), საგარეჯოს რაიონის დაბლობისა და სიღნაღის, დედოფლისწყაროს რაიონის _შირაქის ველის (უკანა მხარის) ტერიტორიისთვის, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის, ახმეტისა და თელავის რაიონებისა და ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ნაწილისთვის. ჯიში მიეკუთვნება ძლიერი ხორბლების ჯგუფს _ სახესხვაობა ლუტენსცენსს. თავთავი მარაოსებრი ფორმისაა, საშუალო სიგრძის, საკმაოდ მჭიდრო. მარცვალი მოგრძოა, ოვალური, მცირე სიღრმის ღარით. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის მიხედვით საშუალო საადრეო ჯიშების ჯგუფს მიეკუთვნება. მცენარის საშუალო სიმაღლე 65-85 სმ-ია, 1000 მარცვლის მასა 39-45 გრამია. არის საკმაოდ მაღალმოსავლიანი. 1987-1988 წლებში გორის, დმანისის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე მოსავალი 3,3-8,1 ტ/ჰა იყო. Aაქედან, მაქსიმალური მოსავალი_8,13 ტ/ჰა მიღებულია დმანისის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, ხოლო დედოფლისწყაროს ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე მიღებულია 5,26 ტ/ჰა.

საგაზაფხულო ჯიშები

დიკა 9/III. ხაზოვანი ჯიში, გამოყვანილია საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში, ინდივიდუალური გამორჩევით წალკის რაიონის ჯიშ დიკის პოპულაციიდან. მიეკუთვნება დიკის სახესხვაობა სტრამინეუმს. თავთავი სწორი ან თითისტარისებრია.ითესება გაზაფხულზე, გამძლეა სიცივისა და გვალვის მიმართ.., მარცვალი რქისებრია. 1000 მარცვლის მასა 27-31 გრამია. დაფქვისა და პურცხობის თვისებები ნორმალურია.

დიკა ჯავახეთური _ ადგილობრივი ჯიში, დარაიონებულია 1939 წლიდან. არის დიკა ხორბლის, ქართლიკუმისა და რბილი ხორბლის ნარევი. ძირითადი სახესხვაობაა რუბიგინოზუმი (წითელი დიკა). ითესება გაზაფხულზე, ადრეულია და გვალვაამტანი. გამძლეა ჟანგა და გუდაფშუტოვანი დაავადებების მიმართ. ჩაწოლისადმი გამძლეა. მარცვალი რქისებურია.

ხორბლის მოვლამოყვანის ტექნოლოგია

საქართველოში ხორბლის კულტურა ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ნაწილში. ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, აგრეთვე, ადრე გაზაფხულზე. ძირითადად გავრცელებულია საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: ბეზოსტაია (უფხო)-1, ვარძია, დოლის პური 35-4, ადგილობრივი თეთრი და წითელი დოლის პური, შავფხა, კოპერი, ჯაგერი და სხვ. საგაზაფხულო ხორბლებიდან კი გავრცელებულია დიკა 9/14, დიკა ჯავახეთის, შესაძლებელია კოპერისა და ჯაგერის ჯიშების დათესვაც.

ხორბლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინამორბედ კულტურას. აღმოსავლეთი საქართველოს სარწყავ მიწებზე ხორბლის შემოდგომით დასათესად სასურველი წინამორბედებია მოკლე ვეგეტაციის სამარცვლე სიმინდი, სასილოსე სიმინდი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სამარცვლე-პარკოსანი კულტურები _ სოია, ლობიო, მუხუდო.

ურწყავ პირობებში სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე პარკოსანი კულტურები, სასილოსე სიმინდი, ერთწლოვანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი, მრავალწლოვანი პარკოსნების კორდი. დასაშვებია ხორბლის ერთი და იმავე ჯიშის ორ წელიწადს ზედიზედ დათესვა. რეკომენდებულია შავი და მოთესილი ანეული.

ნიადაგის დამუშავება. დათესვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს არანაკლებ 15-20 დღით ადრე. საშემოდგომო ხორბლისთვის ნასიმინდარი უმჯობესია, ჯერ მძიმე დისკოებიანი იარაღით დამუშავდეს და შემდეგ 22-25 სმ-ზე მოხდეს წინმხვნელიანი გუთნით ჩახვნა. ხნულის დასარევლიანების შემთხვევაში საჭიროა კულტივაცია-დაფარცხვა.

სარეველებიანი მინდორი უნდა დამუშავდეს 14-16 სმ სიღრმეზე საოში გუთნით, ზედმიბმული ფარცხით. ანალოგიურად უნდა დამუშავდეს ნამზესუმზირალი მინდვრები გარე კახეთში, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონების უკანა მხარეში. ნამზესუმზირალი და ნასიმინდარი მინდვრები თესვის წინ უნდა დამუშავდეს მხოლოდ დისკოებიანი ფარცხით, ზედმიბმული ზიგზაგით. რეკომენდებულია ხორბლის ზედიზედ ორ წელიწადს თესვა. ასეთი მინდვრიდან აღებული მოსავლის მარცვლის სათესლედ გამოყენება დაუშვებელია.

საშემოდგომოდ დათესილი ხორბლის აღების შემდეგ ნაწვერალი ნახევრად ანეულის წესით უნდა დამუშავდეს. ნაწვერალი იხვნება წინასწარი აჩეჩვის გარეშე, თავთავიანი კულტურის აღებისთანავე, 22-25 სმ სიღრმეზე. სარეველების გამოჩენისთანავე უნდა ჩატარდეს დაფარცხვითი კულტივაცია. ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურები _ ლობიო, სოია და მწვანე საკვებად ან თივად ნათესი ერთწლიანი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით დაკავებული მინდორი.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდის მოხსნა რეკომენდებულია 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინმხვნელიანი გუთნით _ 25-27 სმ სიღრმეზე. ურწყავ ადგილებში კორდი უნდა მოიხნას ბალახნარის პირველი გამოჩენისთანავე. კორდის თესვისწინა დამუშავება, ნასიმინდარის მსგავსად, უნდა ჩატარდეს მხოლოდ მძიმე დისკოებიანი ფარცხით. საგაზაფხულო ხორბლის დასათესად მზრალი უნდა დაიფარცხოს ხნულის გარდიგარდმო.

ქარისმიერი ეროზიის ზონების (დედოფლისწყარო, სიღნაღის უკანა მხარე, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მცხეთის, საგარეჯოს რაიონები) სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდი უნდა დამუშავდეს ბელტის გადაუბრუნებლად ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე, ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით _ აგვისტოს მესამე დეკადიდან სექტემბრის მეორე დეკადამდე. 6-8 დღის შემდეგ უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 25-27 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ნიადაგი მუშავდება ფარცხით.

ურწყავ მიწებზე კორდი პირველი გათიბვისთანავე უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე.

ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ მინდორში ჯერ უნდა ჩატარდეს სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების დაქუცმაცება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო შემდეგ დამუშავდეს ღრმადგამაფხვიერებლებით 22-25 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა. თავთავიანების ნაწვერალი უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 22-25 სმ სიღრმეზე, ხოლო თესვამდე _ ბრტყელმჭრელი კუტლივატორით 8-10 სმ-ზე. თესვის წინ უნდა დაიფარცხოს. წყლისმიერი ეროზიის ზონებში ხვნა, თესვა და ნათესის მოვლის სამუშაოები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო მიმართულებით. 3(- 4( დახრილობის ფერდობებზე ნიადაგის დაცვისათვის რეკომენდებულია განივი კონტურული დამუშავება. 5( დახრილობის ფერდობზე უფრო ეეფქტიანია ღრმად ხვნასთან ერთად ბაზოების გაკეთება გუთნის ბოლო ტანზე დაყენებული დაგრძელებული თათით, რომელიც ხნულის ზედაპირზე ყოველ 150 სმ-ის შემდეგ წარმოქმნის შემაღლებულ ბაზოს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ოთარ ლიპარტელიანი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გულნარი ჩხუტიაშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here