რამდენიმე თვეა, ლუდომანიის გამო თავი არავის მოუკლავს ან, უბრალოდ, საზოგადოებისთვის უცნობია ასეთი შემთხვევა. სათამაშო ბიზნესიც კლავს ადამიანებს და ნარკოტიკებისგან განსხვავებით ეს ნელი სიკვდილია. ადამიანები კარგავენ ყველაფერს, ქუჩაში რჩებიან და მერე… მერე ყველაფერი ისე მიდის, თითქოს სიზმარია, თითქოს ეს შენს თავს არ ხდება, მაგრამ საბოლოოდ შედეგი სავალალოა და ძალიან ბევრ ჩვენებურს ყველაფერი სწორედ სათამაშო ბიზნესში აქვს წაგებული.
სამწუხაროდ, თამაში შინიდან გაუსვლელად შეიძლება. ონლაინკაზინოებმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წალეკა ქვეყანა და აგერ უკვე მერამდენე წელია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ინტერნეტის მოხმარების მთავარი მიმართულება სწორედ ონლაინკაზინოების ვებგვერდებია. მეტიც, ყოველი წლის ბოლოს მოწინავე ხუთეულში სამი მაინც ასეთი ვებგვერდია.
საქართველოში პირველი ონლაინკაზინო 2008 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ეს ბიზნესი ისე განვითარდა, 108 000 (არ გვეშლება, ას რვა ათასი) პროცენტს გადააჭარბა. მსოფლიოში არც ერთ ბიზნესს ისეთი მატება არ ჰქონია, როგორც ონლაინკაზინოს საქართველოში. ეს იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ მოსახლეობას ფული გაუჩნდა. სინამდვილეში კი, როცა საქმე სათამაშო ბიზნესის განვითარებას ეხება, ყველაფერი პირიქითაა, ანუ სოციალური ფონი ისე გაუარესდა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მილიონები იშოვოს და, თუ პირველ ჯერზე არ გამოუვა, მეორედ ცდის, მესამედ, მეოთხედ, მეასედ, მეათასედ და, როცა უკან მოიხედავს, აცნობიერებს, რომ საცდელი აღარაფერია.
2024 წელს საქართველოს ბიუჯეტი 28,3 მლრდ ლარი იყო, აზარტულ თამაშებში ფულის ბრუნვამ კი 76 მილიარდი, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტზე თითქმის სამჯერ მეტი შეადგინა. როგორ გგონიათ, ეს ნორმალურია? პრაქტიკულად აზარტული თამაშების სამყარო არის სახელმწიფო სახელმწიფოში, სახელწიფოზე სამჯერ მეტი თანხებით და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს კერძო ბიზნესია, ხელისუფლება არ ჩაერევა, რეალობა სხვაგვარია – სახელმწიფო შეიძლება ვერც ჩაერიოს, რადგან, როცა ასეთ თანხებზეა საუბარი, იქ სხვა ბერკეტები მუშაობს, სხვა ინტერესებია და რიგითი მოქალაქეებისთვის ეს სფერო არათუ დახურული, არამედ მიუწვდომელი არის და იქნება. როგორ არ უნდა გავიხსენოთ, ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მფლობელი, რომელიც ამბობდა, რომ მას ე.წ. ობშჩაკი ებარა, ოღონდ არა ქურდული, არამედ სახელმწიფო და იქ ქეში მუდმივად ედო. ჰო, ნაცებს თავის დროზე უკონტროლო ქეში ხშირად სჭირდებოდათ და ერთი თუ ორი მილიონის მობილიზება პრობლემა არასდროს ყოფილა. სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც ვიღაცებს (საბედნიეროდ, ყველას არა) სჭირდებათ ხოლმე რაღაც საქმეების „გაიმასქნებისთვის“ დიდძალი ფული და ასეთ შემთხვევაში ონლაინკაზინოების მფლობელი იდეალური ვარიანტია. მას არავინ მოჰკითხავს თანხის წარმომავლობას და „კრიშის“ სანაცვლოდ მზად იქნება, ეს ფული მუდმივად შეინახოს და საჭირო დროს გასცეს. ის, რომ ხელისუფლებაში ვიღაცას ხელს აძლევს ონლაინკაზინოების არსებობა (თუნდაც გაუბედურებული ადამიანებისა და სუიციდების ხარჯზე), ტყუილად არ გვიხსენებია. თავად განსაჯეთ – არაერთხელ ითქვა (2012 წლის არჩევნების წინ ერთ-ერთი დაპირებაც იყო), რომ შემუშავდებოდა ძალიან მკაცრი სტანდარტები და მეტიც, დიდ კაზინოებს ქალაქგარეთ გადაიტანდნენ. მერე გაირკვა, რომ ქალაქგარეთ მათი გადატანა არ გამოვიდოდა, რადგან ტურისტების დიდი ნაწილი თურმე კაზინოში სათამაშოდ ჩამოდის საქართველოში; გაირკვა ისიც, რომ ონლაინკაზინოს შეზღუდვა მხოლოდ ზერელედ შეიძლება, რადგან… რადგან რეალურად პრობლემის მოგვარება არავის სურს ან ამ პრობლემას ვერ ხედავს. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ.
ამჟამინდელი კანონმდებლობით, ონლაინკაზინოში, საერთოდ, კაზინოში თამაში აკრძალული აქვთ 25 წლამდე პირებსა და საჯარო მოხელეებს. ეს მაშინ, როცა საქმე ეხება იმ კაზინოს, რომელშიც შესვლის დროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენებაა აუცილებელი, თორემ, როცა ონლაინკაზინოში თამაშობ, შეგიძლია მშობლის ან თუნდაც მეგობრის პირადობის მოწმობით ისარგებლო და შეიძლება, არასრულწლოვანიც იყო და საჯარო მოხელეც. ანუ, ამ მიდგომამ აშკარად არ გაამართლა და ხელისუფლება, სათამაშო ბიზნესს ყოველწლიურად უძვირებს გადასახადს. ისინიც ამ გაძვირებას მშვიდად ხვდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ ამ გაძვირებულ გადასახადს ისევ მოთამაშეებისგან ამოიღებენ.
„ონლაინკაზინოების მთავარი შემოსავალი სლოტებიდან მიღებული ფულია. არის პროგრამა, რომელსაც დააყენებ და იმის მიხედვით გასცემს მოგებას. მაგალითად, ლას ვეგასსა და მონაკოში, სადაც კაზინოების ბუმია და ერთი – აშშ-ის, ხოლო მეორე ევროპის კაზინოების დედაქალაქად ითვლება, მოგებას 70%-ით გასცემენ, ანუ კაზინოს მფლობელის მოგება 30%-ია და, შესაბამისად, იქ დიდი მოგებაც ხშირია. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოგების გაცემის ნიშნული, ძირითადად, 5%-ზე დაბლაა, ანუ თამაშობ 100 ლარს და არის შანსი, მოიგო 5 ლარი. გაგიკვირდებათ და პლუსი ამასაც აქვს – ეს 5% შეიძლება თვეების განმავლობაში გროვდებოდეს და მერე ვინმეს გაუმართლოს და მოიგოს, დიდი თანხა – 50 ან 100 ათასი. საქართველო პატარაა, ეს ინფორმაცია მალე ვრცელდება, იტყვიან: აი, მან მოიგო და მოგებული ფულით ახალი მანქანა იყიდაო… სწორედ აქ იწყება კატასტროფა – ყველას სჯერა, რომ შემდეგ თვითონ მოიგებს, მაგრამ ეს შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ აღარ იქნება. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და საქართველოში არავინ ამოწმებს, მოგების რა პროცენტზე მუშაობს ესა თუ ის კაზინო“, – გვითხრა ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა.

როგორც წესი, კაზინოები მოულოდნელად წელიწადში 3-4-ჯერ უნდა მოწმდებოდეს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, წელიწადში ერთხელ თუ შეამოწმეს, ისიც „ჯიგრულ-ქართულ“ პონტში და დანარჩენი, უბრალოდ, არ აინტერესებთ. სხვა საკითხია, საიდან აქვთ ადამიანებს იმდენი ფული, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 76 მილიარდ ლარს აჭარბებს. არსაიდან, წარმოუდგენელია, რიგით ადამიანებში ასეთი თანხები ტრიალებდეს. უბრალოდ, ისინი იმ უძრავ ქონებას, რომელიც მშობლებისგან დარჩათ ან რომელიც წვალებით შეიძინეს, აგირავებენ, მერე კი კარგავენ. აღსრულების ეროვნული ბიურო ეფექტიანად მუშაობს და სულაც არ აინტერესებს, ვინ რა წააგო, ვინ რჩება საცხოვრებლისა და შემოსავლის გარეშე და ასე გრძელდება წლიდან წლამდე. ხომ შეიძლება, ამ 108 000%-იან ზრდას მაინც მიაქციოს სახელმწიფომ ყურადღება და მიხვდეს, რომ რაღაც ისე ვერ თუ არ არის?! ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ ისეთი აკრძალვა დავაწესოთ, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოქალაქეების ყვლეფის შესაძლებლობას არ მისცემს?! თუნდაც მხოლოდ უცხოელებს ჰქონდეთ ნება, როგორც ონლაინ, ისე ჩვეულებრივ კაზინოში ითამაშონ. ეს მართლა გამოსავალი იქნება და მოსაზრება, რომ კაზინოებს ხელს უცხოელების გამო არ ჰკიდებენ, გამართლდება. სხვაგვარად ასე გაგრძელება მიგვიყვანს იქამდე, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის ბიუჯეტის ხუთმაგი ოდენობა გახდება და მერე თავად დაიწყებს პირობების კარნახს. ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე პაბლო ესკობარის შემოსავლებმა გაასწრო კოლუმბიის ბიუჯეტს, ყველა დროის ყველაზე ცნობილი ნარკობარონი სახელმწიფოს დაუპირისპირდა და ლამის ბეჭებზე გააკრა კიდეც. თავშიც ვახსენეთ და ახლაც გავიმეორებთ – ნარკომანია ხშირად მაშინვე კლავს მომხმარებელს, თამაშზე დამოკიდებული ადამიანები კი ნელ-ნელა კვდებიან და ოჯახის წევრებსაც წაიყოლებენ ხოლმე, ბოლომდე აუბედურებენ. რამდენმა ადამიანმა უნდა დაწეროს გამოსათხოვარ წერილში, რომ თვითმკვლელობა თამაშზე დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა, რომ ყველაფერი წააგო სიცოცხლის გარდა და ახლა იმ სიცოცხლესაც ემშვიდობება… ვინმემ მათ გამო ბოდიში მოიხადა? თუ ის არის გამოსავალი, ცნობილი ადამიანები რომ ჩართეს და ყოველდღე ვიდეორგოლებში აჩვენებენ, როგორ იგებს, მაგალითად, ნიკა ქავთარაძე ათი ათასს ან ვანიკო თარხნიშვილი – ასი ათასს? ჰო, მსახიობები თუ შოუმენები (ასეთებიც გვყავს) შესავალს აკეთებენ, რომ მხოლოდ ერთობიან და მერე სიხარულის ყიჟინას დასცემენ ხოლმე, როცა თითქოს სლოტი რამდენიმე ათეულ ათასს მოაგებინებს. სინამდვილეში ასე არ ხდება, სინამდვილეში ყველა ცნობილ თუ უცნობ ადამიანს, რომლებიც სათამაშო ბიზნესს რეკლამას სოციალური ქსელში უკეთებენ, კონკრეტულ საღამოს 200-დან 300 დოლარამდე მოგება აქვს, ის ასი ათასები კი კაზინოს რჩება.
ლევან გაბაშვილი