Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ საქართველოს პოზიციები ყველა სარეიტინგო სიაში გაუმჯობესდა, გაეროს მონაცემები...

ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ საქართველოს პოზიციები ყველა სარეიტინგო სიაში გაუმჯობესდა, გაეროს მონაცემები საპირისპიროზე მიუთითებს

რეიტინგი

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ბოლო პერიოდში ხშირად ამბობენ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სარეიტინგო სიაში, რომლებიც ეკონომიკის მაჩვენებლებზეა გათვლილი, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და ქვეყანა აყვავების გზას ადგას.

“ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა თითქმის ყველა რეიტინგში ეკონომიკური მიმართულებით. მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ, Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა, და, ამასთანავე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე ერთ წელიწადში შევძელით არა მხოლოდ რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მხოლოდ სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, არამედ კერძო სარეიტინგო კომპანიებიც. ამის დასტურია “მუდისის” მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის ა3-დან ა2-მდე”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ოქტომბერში ბათუმში გამართულ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კვირიკაშვილს კვერი დაუკრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინმა: “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ველოდით”.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით კი, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ხედავენ, რომ საქართველო განვითარდა, აყვავდა და კიდევ უფრო აყვავდება, მაგრამ ეს “აყვავება” მოსახლეობის ჯიბეს, მის მსყიდველუნარიანობას არ ეტყობა. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლიდან მეექვსე წელიწადი დაიწყო და ის ეკონომიკურ-სოციალური დაპირებები, რომლებიც ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და მისმა ლიდერებმა ხალხს მისცეს 2012 წელს და შემდეგ, კვლავ შეუსრულებელია:

* ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებმა, შემცირების ნაცვლად, მოიმატა. გაძვირდა წყალიც;

* საწვავი, ფარმაცევტული პროდუქცია და სხვა სამომხმარებლო საქონელი, გაიაფების ნაცვლად, გაძვირდა;

* შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175(!) ლარია;

* ბოლო, 2014 წლის, აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 14,3%, ანუ 500 ათასზე მეტი ადამიანი პენსიონერია. პენსია კი 180 ლარს შეადგენს და ამ მხრივ საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის აუტსაიდერთა რიგებშია _ უსწრებს ყველა მეზობელი ქვეყანა: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი;

* საქართველო მსოფლიოში აუტსაიდერთა შორისაა საშუალო ხელფასის მხრივაც;

* “საქსტატისმონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21,3%-ია, ანუ ასეთი ადამიანების რაოდენობა 700 ათასზე მეტია;

* არ შესრულებულა დაპირება 1000-ზე მეტი საწარმოს აშენებისა (მხოლოდ 2013 წელს 60-ზე მეტი საწარმო უნდა აშენებულიყო) და უმუშევრობის აღმოფხვრის შესახებ.

საქსტატისმონაცემებით, საქართველოში 235,1 ათასი უმუშევარია (2016 წლის მონაცემი).

ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი 16 მლრდ დოლარზე მეტია, ხოლო მოსახლეობის ვალი კომერციული ბანკების მიმართ, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 19,7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 1,4 მილიარდით მეტია, 2016 წელთან შედარებით კი _ 6,4 მლრდით(!)

ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და ზრდაზე ლაპარაკობენ.

“ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლოზუნგით “თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა” და, მიუხედავად ხელისუფლების ბაქიბუქისა, რომ საქართველოს ეკონომიკა “იზრდება”, ბედნიერი ქვეყნების სია(2017 წ.), რომელიც გაერომ გამოაქვეყნა, თვალნალნათლივ აჩვენებს, როგორ “იზრდება” და “აყვავდა” ეკონომიკა და როგორი კეთილდღეობა სუფევს ქვეყანაში.

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სარეიტინგო სია შემდეგი პარამეტრებით არის შედგენილი:

მშპ მოსახლეობის ერთ სულზე; სოციალური მხარდაჭერა; სიცოცხლის ხანგრძლივობა; არჩევნების თავისუფლება; გულუხვობა; კორუფციის დონე.

აი ამ სიაში საქართველო 155 ქვეყანას შორის 125- ადგილზეა და მას უსწრებს არა მხოლოდ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა _ რუსეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, სომხეთი (საქართველოს მხოლოდ უკრაინა ჩამორჩება, რომელიც 132- ადგილზეა), არამედ ომისგან გაწამებული ერაყი, აფრიკული გაბონი, კონგო (ბრაზავილი), სომალი, ჰონდურასი, ბუტანი, ნეპალი, მონგოლეთი და სხვ.

პირველ ათეულში კი შედის: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.

სწორედ გაეროს ეს სარეიტინგო სია მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ნამდვილ მდგომარეობაზე და არა ხელისუფლების პირველი პირების ლაპარაკი, რომ მსოფლიოს ყველა სარეიტინგო სიაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და ქვეყანა აყვავების გზას ადგას.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here