Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და აფხაზეთისა და ე.წ....

ხელისუფლებების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა

საქართველო და ნატო

საქართველოს ყველა ხელისუფლება (გამონაკლისია ზვიად გამსახურდიას მთავრობა), რომლებიც დასავლელი პატრონების მითითებებით იკვებებოდნენ და იკვებებიან, მრავალი წელია, მოსახლეობას ყურებს უჭედავენ ევროკავშირსა და ნატოზე ლაპარაკით, რომ ნატო დაგვიცავს და ნატოს დახმარებით აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ერთვოდა ცრუ, ილუზორული დაპირებები: “მალე შევალთ ნატოში!”, “მალე მივიღებთ მაპს!”, “მივიღეთ მაპზე უკეთესი!”, “მეტი ნატო საქართველოშიდა .., მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირიქით _ 2008 წელს ავანტიურისტი სააკაშვილის უგუნური მოქმედებით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებთან ერთად, კოდორის ხეობაც დავკარგეთ და რამდენიმე სახელმწიფომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

2008 წლიდან, როდესაც ბუქარესტში ნატოს სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ქართველი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზული რჩება, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა _ მოუგვარებელი.

არადა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რამდენჯერმე მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად _ 2015 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:

“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ხშირად გვისაუბრიაჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზირაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებებთან თანამშრომლობა”.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად ადგას აშშ-ის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპილ გზას, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების ტყუილების გუდაში ტყუილები გათავდა და ახლა ახალი სატყუარის გადაგდებას ცდილობენ ქართველი საზოგადოებისთვის.

საქართველოს ნატოში შესვლა აშშისა და ევროპის ინტერესებშია” _ ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში ამერიკული პრესტიჟული კვლევითი ინსტიტუტის _ Heritage Fundationის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ექსპერტმა ლუკ კოფიმ. მასში ნათქვამია:

“საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია… აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, დაეხმაროს მას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში გაერთიანებას… 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრებას დაჰპირდა. ბრიუსელის 2018 წლის სამიტი კიდევ ერთხელ იძლევა შანსს, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს. საქართველო მყარად უნდა იდგეს ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს მიიღებს “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, _ ნათქვამია ანგარიშში. ლუკ კოფი, რომელმაც აღიარა თუ უნებლიეთ წამოსცდა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა აშშისა და ევროპის ინტერესებშია”, აგრეთვე, წერს: “რადგან ნატოს რიგი წევრები შიშობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაერთიანება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო, ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს, ამიტომ ნატოში შესვლა, შესაძლოა, განხორციელდეს ახალი ფორმულით _ “განსაკუთრებული კომპრომისით”, რომელიც მე-5 მუხლის დროებით შეჩერებას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სიხარულით მიიღებენ ნატოს წევრობის ამ კომპრომისულ ვარიანტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ”.

აი ასე: “ხალხის რჩეულები” _ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოღონდ დასავლელი პატრონების მითითებები შეასრულონ და თბილი სკამები შეინარჩუნონ, მზად არიან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები დათმონ ნატოში შესვლის სანაცვლოდ.

სწორედ ამ საფრთხეებზე საუბრობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია 13 წლის წინათ, 2005 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. იმხანად ჰორიზონტზე არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩანდა და არც მსოფლიოს ფინანსური კრიზისი, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება კი ომახიანად გვპირდებოდა ახალი წლის “მალე” აღნიშვნას ხან _ ცხინვალში, ხანაც _ სოხუმში და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ თვითონ იქნებოდა ინიციატორი ტრაგიკული მოვლენებისა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა. თუმცა ალექსანდრე ჭაჭია ამ საფრთხეებზე, მოსალოდნელ კატასტროფაზე მკაფიოდ მიანიშნებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე, საზოგადოებას:

* ძალიან მაწუხებს, როგორ აპირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ნატოში შესვლის საკითხის მოგვარებას, უფრო ზუსტად, რა პირობებს უკარნახებს მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ძალიან მაფიქრებს, რომ სოხუმში ყოფნისას აშშის ელჩმა ტეფტმა მოიწონა და პროგრესული უწოდა კონფლიქტის მოგვარების აფხაზურ გეგმას. გეგმის პირველივე პუნქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს. მაშ, ვისთვის არის ეს გეგმა პროგრესული? არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გოგობიჭები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, . . დემოკრატიული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაიწყებენრუსთავი 2”-ის ეთერში გამოსვლებს ნატოში ნებისმიერ, თუნდაც სადავო ტერიტორიაზე უარის თქმის ფასად შესვლის შესახებ”.

ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც ენ-დი-აის კვლევამ დაადასტურა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც მეტეოროლოგიურ ზონდს გაუშვებენ ხოლმე ატმოსფეროს დასაზვერად, ისე შემოაგდეს “სტრატეგიულმა პარტნიორებმა” საქართველოში საინფორმაციო ზონდი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” გარეშე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ, და ატყდა კიდეც მასმედიაში “ექსპერტების” მსჯელობა ნატოში ნებისმიერ ფასად შესვლის შესახებ.

* აი კიდევ ერთი ამონარიდი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან, ოღონდ “საქართველო და მსოფლიოს” 2012 წლის მაისის ნომრიდან:

საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხსმაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება. ნატოს არასოდეს არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით, სადაც კი შევიდა, ამას ყველგან მოჰყვა ქვეყნის რამდენიმე კვაზისახელმწიფოდ დაშლა. მინდა, შევახსენო მათ, ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ იმავე ერაყში, რომელიც ამერიკელებმატირანიისგან გაათავისუფლეს”, მათი ჯარების გაყვანის დღე სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული, ხოლო იაპონელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იაპონიის ისტორიაში ყველაზე ბედნიერი დღე ოკინავიდან ამერიკული ბაზის გაყვანის დღე იქნებაიცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშის გარდა, საქართველოს ნატოში შესვლით დაინტერესებული? თურქეთი და აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები. თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც შეხედოს და ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც 200 წლის წინათ რუსებმა გაყარეს. ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ეს იმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს კი _ რუსეთის? “

დღეს, როდესაც ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლუკ კოფიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს შესვლა ევროპისა და აშშ-ის ინტერესებშია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში სიხარულით თანხმდებიან ნატოს წევრობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დასავლეთმა თქვა ლუკ კოფის პირით. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ არავის გახსენებია, რომ პროპაგანდა უფრო ადრე დაიწყო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. აი რა განუცხადა მან 2016 წლის დეკემბერში გერმანული გამოცემა Die Zait-ის ჟურნალისტს:

ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (? _ .). ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ნდობის ხარისხის ამაღლებაში მდგომარეობს _ ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი მასთან არაფერი აქვს საერთოეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში”.

როგორც ხედავთ, საქართველოს პრემიერმა აღიარა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველა ხელისუფლების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა. ისე კი, ნატოს წევრობას მართლაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, დასავლეთს საქართველო ნატოს წევრად მხოლოდ იმიტომ სურს, რომ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე, განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს, რადგან, თუ საქართველოში ნატოს ბაზები განლაგდება, რუსეთის, ამ უდიდესი ბირთვული პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, სამიზნეში აღმოვჩნდებით.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. ნატოში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკი და აგიტაციაპროპაგანდა გაუთავებელ კაკოფონიად რომ არ იქცეს, იქნებ კიდევ ერთხელ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩატარდეს რეფერენდუმი საკითხზე _ უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here