Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლება ვერ დაასახელებს ერთ სფეროსაც კი, რომელშიც ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობისთვის რამე...

ხელისუფლება ვერ დაასახელებს ერთ სფეროსაც კი, რომელშიც ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობისთვის რამე სასიკეთოდ შეიცვალა, რამე გაიაფდა, გადასახადი შემცირდა

83

არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა ქვეყანა, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ლიდერი თანხმდება, რომ ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტად საკვები პროდუქტი გაძვირდა. შესაძლოა, ამის გამოძახილი იყოს ისიც, რომ წამყვანი ქვეყნები ხელოვნური ხორცის შექმნაზე მუშაობენ, რადგან ის უფრო იაფი ეღირება, თუმცა გემოვნური თვისებებითა და სარგებლიანობით ნამდვილ ხორცთან ახლოსაც ვერ მივა. ისე, წლების წინათ ამბობდნენ, არცთუ შორეულ მომავალში ხორცი დელიკატესი იქნება და მას ყველა ვერ შეჭამსო, რაც სასაცილოდ ჩანდა, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება საქართველოში უკვე მუშაობს. ამიტომ წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც კი აქტიურად მოქმედებენ, რათა მოსახლეობისთვის საკვები ხელმისაწვდომი იყოს და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარსა და ფასებს ვერაფერს უხერხებენ, გადასახადებს მაქსიმალურად ამცირებენ, ეს კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები გააიაფოს.

გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საკვებ პროდუქტებზე დღგ სიმბოლური იქნება და ამიერიდან 1%-ს შეადგენს. რას მოიტანს ეს? გადასახადის შემცირებით მოსახლეობა, სულ ცოტა, 50 მლრდ დოლარს დაზოგავს. ეს თანხა ხალხს დარჩება და, როგორც თურქეთის მთავრობა აცხადებს, კვლავ ადგილობრივ ეკონომიკაში ჩააბრუნებს. თურქეთმა, ამასთანავე, საკვები პროდუქტების ქვეყნიდან გატანაზე გადასახადი გაანულა, შეტანაზე _ გააძვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მეწარმესა თუ ბიზნესმენს, ურჩევნია, ქვეყნის შიგნით აწარმოოს, ერთი კვადრატული მეტრი მიწაც კი არ დატოვოს დაუმუშავებელი და, რასაც მოიყვანს, პრაქტიკულად, გადასახადს არ იხდის, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ადგილზე გაყიდის თუ ქვეყნიდან გაიტანს. სამაგიეროდ, სანამ რამეს შეიტანს ქვეყანაში, ყველა დაფიქრდება, რადგან გადასახადის მომატების გამო შეტანილი პროდუქტი ადგილობრივზე გაცილებით ძვირი იქნება. საქართველოში კი დღგ 18%-ია და არ აქვს მნიშვნელობა, საკვებ პროდუქტს აწარმოებ თუ განათების ბოძებს. სხვათა შორის, წლების წინათ, როცა არჩილ არველაძე 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო, განაცხადა: იქნებ წყალზე გადასახადი შეამციროს სახელმწიფომ, არ შეიძლება საფეხბურთო სკოლა, რომელიც მოედანს რწყავს, და რესტორანი, რომელიც თეფშებს რეცხავს, ერთნაირად იხდიდნენო და მაშინ ამ განცხადებას პოლიტიკური სარჩული დაედო. არადა, მართალი თქვა არველაძემ. საქართველოში არაერთი კანონია დასახვეწი, მაგრამ კანონმდებლები არ ჩქარობენ, მანამდე კი მოსახლეობას შიმშილით სული ძვრება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აგერ, გასულ კვირას, 1 კილოგრამი წიწიბურას ფასი 9 ლარს გასცდა და ვითომც არაფერი _ ხელისუფლებამ მშვიდად აღიქვა. წიწიბურა ბავშვებისთვის აუცილებელი პროდუქტია და ახლა თავად განსაჯეთ, რამდენი ოჯახი მოახერხებს წიწიბურას შეძენას. დამატებითი ღირებულების 18%-იანი გადასახადი ხელისუფლებამ მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე მაინც რომ შეამციროს 8%-მდე, ყველაფერი 10%-ით გაიაფდება და გვერწმუნეთ, ეს უდიდესი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის, რადგან ადამიანები თვის განმავლობაში სოლიდურ თანხას დაზოგავენ. შესაძლოა, მაღალჩინოსანთა შემთხვევაში სხვაგვარადაა, მაგრამ რიგითი მოკვდავები შემოსავლის უდიდეს ნაწილს სწორედ საკვებში ხარჯავენ. სამწუხაროდ, ზუსტად ვერც იმას ვიტყვით, გადასახადების შემცირების შემთხვევაში გააიაფებენ თუ არა ბიზნესმენები პროდუქტებს. დიდია ალბათობა, რომ შემცირებული გადასახადი ბიზნესმენებმა მოგების მარჟაში გადაანაწილონ და ხალხს არც არაფერი გაუიაფონ. ამის ნათელი მაგალითი არაერთხელ გვქონია, სამწუხაროდ, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. შესაძლოა, რომელიმე ბიზნესმენი აღშფოთდეს, მაგრამ, ბატონებო, როცა ეროვნული ვალუტა უფასურდება, სწორედ თქვენ, ბიზნესმენები, აძვირებთ პროდუქტს და ამას იმით ხსნით, რომ ლამის ყველაფერი შემოგვაქვს და საქართველოში გაძვირებული დოლარი ფასებს ავტომატურად აძვირებსო. აი, ლარმა გამყარება დაიწყო და ახლა იმას ამბობთ, რომ ჩვენ, შემომტანების გარდა, პროდუქციის გამტანებიც ვართ და გამყარებული ლარი გაიაფების შესაძლებლობას არ გვაძლევსო. რა გამოდის? გამყარდება თუ გაუფასურდება ლარი, მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ყველაფერი ძვირდება, ხომ? და ეროვნული ბანკი რატომ ხარჯავს მილიონებს, ლარის კურსი რომ დაიჭიროს? საკუთარ რეზერვებს ვალად აღებული ფულით რატომ ავსებს? ამის აზრი აგვისხენით, ამის აზრი გვითხარით? მე გეტყვით _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და მის მეუღლეს საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში 80-ზე მეტი ანგარიში აქვთ, სადაც ასიათასობით ლარი თუ დოლარი ერიცხებათ. ამას გარდა, ბატონმა კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის შარშან ხელფასის სახით 62 712 ლარი აიღო, ხოლო იმავე ბანკის პრეზიდენტობისთვის ცალკე _ 147 443 ლარი. მისმა მეუღლემ კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში შარშან 183 660 ლარი გამოიმუშავა. ჰოდა, ახლა როგორ გგონიათ, ბატონ კობას აინტერესებს, წიწიბურა 9 ლარი ეღირება თუ, საერთოდ, უფასოდ დაარიგებენ? კაცი მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი რომ არის ქვეყანაში, ერთ სამსახურში, ერთ შენობაში რომ დადის და ორ ხელფასს იღებს, ხომ შეიძლება გამოვიდეს და თქვას: ხალხო, მე კი ვიჭერ ვალუტის კურსს, მაგრამ ბიზნესმენები გატყუებენ, პროდუქციას შეგნებულად არ აიაფებენო? მაგრამ არა, ბიზნესის უკან მაღალჩინოსნები დგანან და, გვენეტაძემ ეს რომ თქვას, იმ ერთშენობიანი და ორხელფასიანი სამსახურიდან მოისვრიან, მერე კი მასაც მოუწევს წიწიბურას ფასით დაინტერესება. სასაცილოდ ისმის, მაგრამ მაინც _ ერთ-ერთი ნავთობკომპანიის შეფმა განაცხადა: საწვავის გაიაფება თუ გინდათ, ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი შემიმციროს და მეც გავაიაფებო. მაგალითად, შეუძლია აქციზი 25 თეთრით შეამციროს და მეც 25 თეთრს დავაკლებ საწვავსო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ამ განცხადებას არავინ გამოეხმაურა, მაგრამ ესეც გავლილი გვაქვს _ თავიდან დააკლებენ, შემდეგ კი იმ 25 თეთრს მოგების მარჟაში გადაისვრიან და მშვიდად გვეტყვიან: მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდა და იმიტომ მოიმატაო. გამოდის, ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება მსოფლიო ბაზარზე, რისი ფასი დაიკლებს ან მოიმატებს, აქ ყველაფერი მაინც გაძვირდება. ხელისუფლება, რომელიც მეათე წელია, ქვეყნის სათავეში ამის გასაკონტროლებლად არაფერს აკეთებს; უფრო ზუსტად, თავად აკონტროლებს ყველაფერს და მომატებული ფასი არ აღელვებს; ხელისუფლებას არ შეუძლია, დაასახელოს ერთი სფეროც კი, სადაც ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობისთვის რამე სასიკეთოდ შეიცვალა, რამე გაიაფდა, რამის გადასახადი შემცირდა. პირიქით _ ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და იმატებს, შემოსავალი კი… ახლა გვეტყვიან, _ პენსიები ას ლარზე მეტით გავზარდეთო, მაგრამ ამ გაზრდილი პენსიის მსყიდველუნარიანობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების წინათ იყო. პენსია კი გაიზარდა, მაგრამ ეს პენსიონერებზე დადებითად ვერ აისახა. ისე, ამასაც მოხერხება უნდა _ პენსია მოუმატო და პენსიონერს უფრო გაუჭირდეს _ ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს.

ხელისუფლებაში, სავარაუდოდ, არც ის იციან, რომ ხორბლისა და სიმინდის შემდეგ, რუსეთი წიწიბურას წარმოებაშიც მსოფლიო ლიდერი ხდება და ამ პროდუქტზეც მცურავ ბაჟს აწესებს, ანუ მეგობარი ქვეყნებისთვის მცირე გადასახადი, არამეგობრებისთვის _ დიდი. ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა რუსეთთან უკვე გააფორმეს გრძელვადიანი ხელშეკრულებები როგორც ხორბლის, ისე სიმინდისა და ქერის მიწოდებაზე, ახლა რიგში წიწიბურა დგას და ეს მაშინ, როცა იგივე ევროპა რუსეთს სანქციებით ემუქრება. ყველამ იცის, რომ რუსეთის გარეშე არსებობა გაუჭირდებათ; ერთია, რას ამბობენ ხმამაღლა და მეორე _ როგორ მოქმედებენ სინამდვილეში. რუსეთის მაგალითზე, თურქეთიც ცდილობს, გახდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც, მიუხედავად გარე ფაქტორებისა, თავის რჩენას მოახერხებს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული ნაბიჯებიც სწორედ ამის გამოძახილია. აღარც კი გვახსოვს, რამდენჯერ დავწერეთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სოფლის მეურნეობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს, პრიორიტეტად აქციოს და ქვეყანაში იმდენი პროდუქტი აწარმოოს, ადგილობრივ მოსახლეობას რომ ეყოს.

“თურქეთში გადასახადის შემცირების შემდეგ, როგორც კი საგაზაფხულო პროდუქტი წამოვა, მარნეულში ფერმერები პროდუქტს წყალს რომ ატანდნენ, ის მონაგონი იქნება. ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს”, _ გან?ცხადა ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა და პირდაპირ მიანიშნა, რომ მეზობელ სახელმწიფოში განულებული გადასახადების ფონზე, იქაური პროდუქცია ადგილობრივს უდიდეს კონკურენციას გაუწევს და აქ წარმოებას აზრი არ ექნება, თუ კანონმდებლობა სასწრაფოდ არ შეიცვლება. კანონმდებლობის შეცვლაზე კი არც არავინ ფიქრობს და არც არავინ მუშაობს, ჩვენი კანონმდებლები ჯერ იმაზე შრომობენ, შარლ მიშელის მიერ დაჯღაბნილი დოკუმენტიდან რომელი მიიღონ და რომელი _ არა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here