ვაშლატამისა და ატმის მოსავლის დაბინავების შემდეგ საქართველოსთვის უმთავრესი დაიწყო _ რთველი. კახელი გლეხები წელს მოსავალს არ უჩივიან და ახლა მთავარია, მოწეული ყურძენი გაყიდონ. ატამსა და ვაშლატამაზე გლეხებს მხსნელად რუსეთი მოევლინათ, რადგან, ყველასთვის მოულოდნელად, რუსულმა ბაზარმა ჩვენი მოსავალი მთლიანად გადაყლაპა და თანაც ხელსაყრელ ფასად _ გლეხები კილოგრამს 3-4 ლარად აბარებდნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ფერმერთა კმაყოფილი სახეების ხილვა, მათ არც კი სჯეროდათ, რომ რუსული ბაზრის გააქტიურების შემდეგ პროდუქტის ფასი 20 თეთრიდან 3 ლარამდე თუ ავიდოდა. უსიამოვნო იყო, ხელისუფლებამ ამაზე თვალი რომ დახუჭა და ყური დაიხშო. მთავრობის წარმომადგენლებმა ახსენეს დუბაი, იქ 120 კილოგრამი ატამი გავიტანეთ თურმე; ახსენეს გერმანია, სადაც 200 კილომდე ხილი გავიდა, ამერიკაც კი, სადაც 354 კილოგრამი წაიღო ვიღაცამ და არ ახსენეს რუსეთი, რომელმაც ათიათასობით ტონა შეისყიდა და, მეტი რომ ყოფილიყო, იმასაც აითვისებდა.
შემოდგომის პირველ ერთ კვირაში კახელმა გლეხებმა 57 ათასი ტონა ყურძენი უკვე ჩააბარეს. მათგან 34 ათასი ტონა რქაწითელია, დანარჩენი _ საფერავი. რქაწითელს ქარხნები 90 თეთრად იბარებენ, საფერავის ფასი 1,80 თეთრია. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნამდვილი საფერავის ფასი ჩვეულებრივ ბაზარზე 4 ლარიდან იწყება. თუმცა ცუდი ის არის, რომ ამ უნიკალური ყურძნის ჯიშის შეძენის მსურველი ბევრია, შესაძლებლობა კი ძალიან ცოტას აქვს. კახეთში 250-მდე ღვინის კომპანია და მარანია, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, მანამდე კი ყურძენს გურჯაანში სპირტის ქარხანა და… “გრუზვინპრომი” იღებს. ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მთავარი მოთამაშეა ბაზარზე და ეჭვი გვაქვს, ასეთადვე დარჩება. მიზეზი მარტივია _ ქართული ღვინის ქარხნების მფლობელებს თავიანთი ვენახები აქვთ და საკუთარი ყურძნის გადამუშავებით არიან დაკავებულნი. “გრუზვინპრომმა” უკვე 30 მილიონი გადაუხადა ქართველ გლეხებს და ეს მხოლოდ შემოდგომის საწყის ერთ კვირაში, მაგრამ, როგორც წესი, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ დასცდენია, რომ ყურძნის მთავარი მიმღები და ფულის მთავარი გამცემი “გრუზვინპრომია”, რადგან… ამ ყველაფერს დასავლეთი ვერ გაიგებს. დასავლელი პარტნიორები არ მოიწონებენ რუსული კომპანიის არათუ დადებით კონტექსტში ხსენებას, არამედ, უბრალოდ, იმის თქმასაც კი, რომ საქართველოში ყურძნის მთავარი მიმღები რუსული სახელის კომპანიაა.
საღვინე ყურძნის მიღებასთან ერთად, საზღვარგარეთ გადაუმუშავებელი ყურძენიც გადის. აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი ქვეყანაა ამ მიმართულებით ლიდერი და სად გავიდა ყურძნის 95%? ჰო, რუსეთში და რუსულ ბაზარზე მოთხოვნა ისე დიდია, ქართველი გლეხები მას ფიზიკურად ვერ დააკმაყოფილებენ. რუსეთის გარდა, ყურძენი კიდევ 37 ქვეყანაში გაგვაქვს, მაგრამ 36 ქვეყნის წილი 5%-ს არ აღემატება…
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები _ მინისტრები, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, მიდიან ქარხნებში, რომლებიც 1-2 მანქანა ყურძენს იბარებენ და არ მიდიან “გრუზვინპრომში”, რადგან ეს ოფიციალურად აკრძალულია. აკრძალულია იმიტომ, რომ მხოლოდ კახელმა გლეხებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ მოწეული პროდუქტის უდიდეს ნაწილს რუსეთი ყიდულობს და, ეს მთელმა ერმა რომ გაიგოს, კარგად არ იმოქმედებს დასავლეთის რეიტინგზე; იმ დასავლეთის, რომელმაც ჩამოწერილი “ჯაველინები” 75 მილიონად მოგვყიდა და კაცმა არ იცის, რისთვის ვიყიდეთ… მხოლოდ მოგვიანებით წამოსცდა ამერიკის ადმინისტრაციას, _ “ჯაველინები” მოძველებულია, სამხედრო შეიარაღებიდან უნდა ამოვიღოთო. და აგერ, ამოიღეს კიდეც, ოღონდ საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებს მიჰყიდეს. “ჯაველინები” საქართველოს გარდა აფრიკის რამდენიმე ქვეყანამაც შეიძინა და ჩვენგან აღებული ფულით ამერიკელებმა ახალი, თანამედროვე იარაღი შექმნეს. “ჯაველინებზე” ერთიც ვთქვათ და მოვრჩეთ _ იმის ნაცვლად, რომ სტრატეგიული პარტნიორი ცდილობდეს, ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაებას და შეიარაღებულ კონფლიქტს თავი აარიდოს, იარაღს გვაძლევს, მზად იყავითო. ე.ი., ფიქრობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ისევ გაისროლოს და, ვისი მიმართულებით უნდა გაისროლოს, კი ხვდებით. ვაღიაროთ, რომ დასავლეთის პოზიციები ბოლო წლები საქართველოში საგრძნობლად შესუსტდა. ყველა კვლევა თუ გამოკითხვა ნათლად აჩვენებს, მოსახლეობას ევროპისა თუ ამერიკის დაპირებების აღარ სჯერა. გამოკითხული ადამიანების 90%-ზე მეტი აღიარებს, რომ არ სჯერა საქართველოს ნატოში მიღების, მაგრამ ამ ყველაფერს მარტივად ფუთავენ _ ეკითხებიან, გინდათ, რომ მიგიღოთო, და დადებით პასუხს ასაღებენ ისე, თითქოს მოსახლეობას სჯერა და მხარს უჭერს. ერთია სურვილი და მეორე _ მოლოდინი იმისა, რა შეიძლება მოხდეს. იმავე დასავლეთმა პანდემიის პერიოდში ნათლად გვაჩვენა, რომ ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ და შემდეგ _ დანარჩენ მსოფლიოზე. ეს ყველაფერი ისე ნათლად გამოჩნდა, დასავლეთი იძულებული შეიქნა, ვაქცინის დოზები სხვებისთვის ეჩუქებინა და ამით სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ, რაც გვაჩუქეს, საკმარისი რომ არ აღმოჩნდა, კარგად მოგეხსენებათ.
და ამ ყველაფრის მიუხედავად, და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მშვენივრად იციან ქართველი ხალხის განწყობა, მაინც ჯიუტად ცდილობენ, ის დადებითი შედეგები, რომელიც, მაგალითად, რუსულ ბაზარს მოაქვს, არათუ შეფუთონ და სხვანაირად მოგვაწოდონ, არამედ გააქრონ, თითქოს არც არსებობს და გვერწმუნეთ, საკმარისია, რაიმე შეფერხება მოხდეს რუსულ ბაზარზე, მაშინვე თითს გაიშვერენ : ჩრდილოელი მეზობელი მტრულად გვექცევაო. აღარაფრს ვამბობთ იმაზე, რომ სწორედ ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის გამო ზაფხულში გაგვიძვირდა მთავარი საკვები _ პური და ოქტომბრის შემდეგ კვლავ გაძვირება უკვე დაანონსებულია. ამასთანავე, საერთაშორისო ბაზარზე აღირიცხა ბუნებრივი აირის რეკორდული მაჩვენებელი _ 1000 კუბური მეტრი 700 დოლარად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირების საკითხიც აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ამ მოლოდინების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, ხმამაღლა განაცხადოს, რომ რუსეთთან პირისპირ საუბარი ქვეყნის ეკონომიკისთვის და, რაც მთავარია, რიგითი ადამიანებისთვის, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. არადა, ხომ გამოჩნდა, რომ ევროპის 75 მილიონ ევროზე უარის თქმა არ იყო მტკივნეული. გადავიტანეთ, აპოკალიფსი არ დაწყებულა და ამას დასავლეთიც მიხვდა. თურმე არ ვყოფილვართ იმ 75 მილიონზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებულნი. ჰო, ევროპელებმა და განსაკუთრებით ამერიკის ელჩმა კი თქვა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარია, ეს ფული ძალიან გჭირდებათო, მაგრამ… რაც მთავარია, ამ თანხას სესხად გვაძლევდნენ და ოდესმე ხომ უნდა შევწყვიტოთ სესხის აღება, ხომ უნდა ვიფიქროთ ვალებიდან ამოსვლასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე?!
ისევ ხილის ბაზარს დავუბრუნდეთ. ჯერ სააკაშვილი, შემდეგ კი “ოცნების” ხელისუფლება ეცადნენ, ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზარი მოეძებნათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვიდა. ევროპამ და ამერიკამ არ მოისურვეს, ქართული პროდუქციის მთავარი მიმღები ყოფილიყვნენ და მთავარს ვინ ჩივის, მათი წილი ქართული პროდუქციის შესყიდვაში ისე მცირეა, სათქმელადაც არ ღირს. მათ არ შეიწუხეს თავი იმისთვის, რომ დიდი კომპანიები განზე გაეწიათ, აგერ, საქართველო მზარდი სახელმწიფოა, ნატურალური პროდუქტი აქვსო, და პროდუქტები ჩვენგან ეყიდათ. მათ, უბრალოდ, თავი არ შეიწუხეს და ასე იქნება მუდამ. როცა საქმეში დიდი ფული ერევა, მაშინ საქართველო და მისი მსგავსი ქვეყნები არავის ახსოვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება არ იმჩნევს რუსულ ბაზარს. არ იმჩნევს იმას, რომ ნებისმიერი ქართული პროდუქტის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში გადის; არ იმჩნევს იმას, რომ თუნდაც ახლა უკვე ჩაბარებული ყურძნის უდიდესი ნაწილი “გრუზვინპრომმა” მიიღო და ათეულობით მილიონი უკვე დაურიგა ქართველ გლეხებს. ამას დასავლეთიც შესანიშნავად ხედავს და ხვდება. ხომ შეიძლება, დასავლეთმა 20 მილიონი ევრო გამოყოს და ქართული პროდუქტი შეიძინოს, მერე სათქმელიც ექნებათ, 20 მილიონი კი მისთვის არაფერია, მაგრამ პრეცედენტის შექმნაც არ სურთ. მშვიდად ადევნებენ მიმდინარე პროცესებს თვალს და ზუსტად იციან, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება ვერ გაბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს. მერე კი… მერე რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალონ. ახლა საინტერესო ის არის, რა იქნება ის რაღაც. ეჭვი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობისთვის დასავლეთის ჩანაფიქრი კარგი არ იქნება, თუმცა როდის იყო, დასავლეთი საქართველოს მოსახლეობაზე ფიქრობდა?! აგერ, არჩევანს გვართმევენ და ნიშნულს გვიწესებენ, რომლის შემდეგაც გადაწყვეტენ, უნდა დავარღვიოთ საქართველოს კონსტიტუცია თუ არა.
ბესო ბარბაქაძე