ფაშიზმზე გამარჯვების დღემდე, 9 მაისამდე, ორი დღით ადრე “სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს” თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი მიუვიდა _ მას 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას უკრძალავენ.
_ წერილში, რომელიც მივიღე, ფაშიზმის ნიშნებს ვხედავ, რადგან არ შეიძლება, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდე და თან ამბობდე, საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოჩნდესო. საბჭოთა სიმბოლიკით იბრძოდა მილიონობით ჯარისკაცი, რომლებმაც ფაშიზმზე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დაგვირგვინდა, საბჭოთა სომბოლიკის რაიხსტაგზე ატანით.
თუ 9 მაისს, გამარჯვების დღეს, მივალ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პატივის მისაგებად, სხვა რა სიმბოლიკა უნდა მივიტანო იქ, თუ არა საბჭოთა, თუ არა ნამგალი და ურო, წითელი ვარსკვლავი?! საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დაბრძანდებიან ვაკის პარკში ფარისევლური მწუხარებით და დგანან იქ, რა, “უცნობი ჯარისკაცი” საბჭოთა სიმბოლიკა არ არის?! იქ რომ ხუთქიმიანი ვარსკვლავია, რომლიდანაც მარადიული ცეცხლი ამოდიოდა და ჩააქრეს, ის ვარსკვლავი ხომ საბჭოთა სიმბოლიკაა, ჩამქრალი, მაგრამ მაინც საბჭოთა ვარსკვლავი?! რა სინდისით მიდიან ვაკის პარკში?! მიდიან იმიტომ, რომ ქართველი კაცი მოატყუონ.
დღეს ამბობენ, _ 8 მაისს არის გამარჯვების დღეო. ეს უცოდინარობით არ მოსდით. უსინდისოდ იქცევიან _ უნდათ, ფაშიზმზე გამარჯვება მიაწერონ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს, ამიტომ ამბობენ ასე: დასავლეთის დროით 8 მაისი იყო გამარჯვების დღეო.
გამარჯვების დღე არის 9 მაისი და ფაშიზმზე საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა. სტალინმა, მისმა პოლიტიკამ, დიპლომატიამ და მხედართმთავრულმა გენიამ ამერიკის შეერთებული შტატებიც და დიდი ბრიტანეთიც აიძულა, გამხდარიყო მისი მოკავშირე, მათ სხვა გზა არ დაუტოვა, თორემ ამერიკაც და ბრიტანეთიც ჰიტლერის წამხალისებლები და დამფინანსებლები იყვნენ. დიდ სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა და ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა, იქ ჩაიხოცნენ… და ამ ვიგინდარებს ჰყოფნით ნამუსი, მითხრან: საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოაჩინოო. ამაზე დიდი უტიფრობა და უგუნურება არც მინახავს და არც გამიგონია!
_ წერილი, რომელიც თქვენ მიიღეთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბლანკზეა დაბეჭდილი და ხელს აწერს “თავისუფლების ქარტიის” თავმჯდომარე, ვინმე სულხან გოცაძე…
_ ვინ არის ეს “ქარტია” და ვისი “უშიშროებაა”, თვითონ არკვიონ ერთმანეთში, ამერიკის უშიშრებაა თუ რა ჯანდაბაა, არ ვიცი. ვისაც უნდათ, იმას მოაწერინონ ხელი. ერთი ვიცი, რომ “თავისუფლების ქარტია” კი არ არის ეს, არათავისუფლების ქარტიაა, ეს თავსმოხვეული ქარტიაა, რომელიც აიძულებს ქართველ ხალხს, შეაფურთხოს და დაივიწყოს ის სიმბოლიკები, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხა.
შოთა რუსთაველს აქვს ნათქვამი ასეთი ფრაზა: “ქმნა მართლისა სამართლისა”. სამართალი მართალი უნდა იყოს, კანონიც მაშინ არის კანონი, როდესაც კანონიერია.
“პადოშა” რომ დარბოდა და მეცნიერებათა აკადემიის შენობას ვარსკვლავი მოახერხეს, ასეთი კანონი უსამართლოა. კომუნისტური მოძრაობა, სოციალისტური იდეოლოგია მსოფლიოში არსებობს და მას არსად კრძალავენ. ფაშისტური იდეოლოგია აკრძალულია, რადგან ის გასამართლებულია, ჯერ მოახერხონ, რომ კომუნისტური და სოციალისტური იდეოლოგია საერთაშორისო სამართლით გაასამართლონ, აღიარონ დამნაშავე იდეოლოგიად და მერე აკრძალონ.
აქ რომ ჩინეთის პრეზიდენტი ჩამოვიდეს, არ ჩამოკიდებენ ჩინეთის დროშას, რომელზეც იგივე სიმბოლიკაა აღბეჭდილი, რაც საბჭოთა პერიოდში იყო?
ჩვენი ხელისუფლების საქციელი უგუნურება და უტვინობაა, ამიტომ არ დავემორჩილები მათ კანონებს, ქართველი ხალხი არ უნდა დაემორჩილოს მათ კანონებს. მათ ნამგალი და ურო, როგორც სიმბოლიკა ისე კი არ აკრძალეს, შრომა აკრძალეს, საერთოდ, დაამშიეს ქართველი ხალხი და გააქციეს ქვეყნიდან. ამ ხელისუფლების იდეოლოგიის მომხრე ფაშისტების მომხრეა, ეს თანამედროვე სახეცვლილი ფაშიზმია. ფარატინა ფურცელი, რომელიც გამომიგზავნეს ფაშიზმის ნიმუშია.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი