ბატონებო! ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც მოგაგონებთ: ქართული გეოგრაფიული სივრცის ობიექტურად ჩამოყალიბებული კანონზომიერება, მისი 700-კილომეტრიანი საერთო საზღვარი რუსეთთან დანაშაულად თვლის საქართველოს ნატოში ინტეგრაციას; ეს ვინმეს ახირება კი არა, თვით ქართული მიწის ძახილია; ეს ძახილი მე შევიცანი და თქვენ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონებო _ ღარიბაშვილებო, ზალკანიანებო, სააკაშვილებო, ბოკერიებო, ხაზარაძეებო, გახარიებო და ა.შ.
ასე როგორ დაგაბრმავათ, დაგაჩმორათ, დაგარეტიანათ თუ გამოგათაყვანათ ძია სემმა და წაგართვათ საღად აზროვნების, თვით აქსიომური ჭეშმარიტების შემეცნების უნარი?
თქვენ, ბატონებო, მხოლოდ იმისთვის იღვწით, რომ რაც შეიძლება მყარად და საბოლოოდ დავკარგოთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მათ ჯავახეთი და მარნეულიც ზედ მივაყოლოთ. წლების წინათ ჯავახეთის სომხების თავკაცმა აღასი არაბიანმა განაცხადა კიდეც: “თუ საქართველო ნატოში გაერთიანდება, ჩვენ, ჯავახელი სომხები, დავიწყებთ მოქმედებას გამოყოფისათვის”. წაიკითხეთ, ბატონებო, 2012 წლის #13 “საქართველო და მსოფლიო” (გვ. 11).
თუ აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, აფხაზებმა და ოსებმა ჯეროვნად შეიმეცნეს ობიექტური კანონზომიერება _ სამხრეთკავკასიური მიწის ძახილი და ნატო-ევროსტრუქტურებზე უარი თქვეს, თქვენ რა უბედურება დაგემართათ? ხარაბუზამ ასე როგორ დაგიბრიყვათ? გამოფხიზლდით!
ბატონებო, კარგად დააკვირდით, წაიკითხეთ რუსი მხატვრის, ანდრეი დოროფეევის, აქ წარმოდგენილი კოლაჟი. ყველაფერი ნათელია _ დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდებათ.
ბატონებო პოზიციიდან და ოპოზიციიდან, ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ჩვენი სულიერი მოძღვრის _ ილია მეორის მიერ ჯერ კიდევ 20 წლის წინათ, 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ასახულ ბრძნულ რჩევას: “ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე მისაღები ნეიტრალიტეტის პოზიციაა”.
ბატონებო, ასე როგორ დაყრუვდით, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი რჩევა ვერ შეისმინეთ? ჩვენს სულიერ წინამძღოლს რელიგიურ დღესასწაულებზე რომ ეახლებით და მის მიმართ ვითომ სიყვარულს გამოხატავთ, სინამდვილეში ყალბები, ცრუები და ფარისევლები ბრძანდებით.
მოგაგონებთ, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში ვ. კოვალენკომ ორგზის განაცხადა: “საქართველოს სახით ჩვენ გვინდა მეზობლად გვყავდეს აყვავებული, დამოუკიდებელი და ნეიტრალური ქვეყანა; რუსეთი გამოხატავს ნებას, იყოს მისი ნეიტრალობის გარანტი”.
ბატონებო, ყოველივე ეს თავიდანვე ყურად რომ გვეღო, ტერიტორიებს აღარ დავკარგავდით და ვერც ბატონი ერდოღანი გვეტყოდა: როგორც რიზე, ისე ბათუმიც ჩვენიაო.
ხელისუფალნო, ოპოზიციის ძალებო, საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვან, სტრატეგიულად მრავალმხრივ მომგებიან გეოგრაფიულ სივრცეს თქვენ ქვეყნისათვის სასარგებლოდ კი არა, მხოლოდ უაღრესად საზიანოდ და დამღუპველად იყენებთ; აქსიომაა ეს, მტკიცება არ სჭირდება.
დასკვნა ერთია: აშშ-დასავლეთისკენ დაჟინებული ლტოლვის შედეგად ბედშავი საქართველო აშშ-ის ნეოკოლონიად ჩამოყალიბდა. არავითარი დამოუკიდებელი, მით უმეტეს სუვერენული ის არ გახლავთ, ბატონებო. განა ვერ ხედავთ, როგორ თავხედურად ერევა აშშ-ის ქალბატონი ელჩი საქართველოს საგარეო თუ საშინაო საქმეებში?!
“3+3” ფორმატის ქვეყნების მოსკოვის 10 დეკემბრის ღონისძიებაში საქართველომ მონაწილეობა რომ არ მიიღო, შეცდომა კი არა, დანაშაულია! იმის დასტურია, რომ აშშ-ის მონა და კოლონია ვართ. ვაი, ჩვენს თავს, უბედურს!
ბატონებო, თქვენ საქართველოს აშკარა მტრები ხართ: სამშობლოს გამყიდველებად იქეცით, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი გაგებითაც, რადგან ათიათასობით ჰექტარი თვალმარგალიტი ქართული მიწა გადამთიელ უცხოტომელებზე გაყიდეთ. აბა, მითხარით, საბჭოეთის წლებში თუნდაც ერთი გოჯი ქართული მიწა უცხოტომელებზე თუ გაყიდულა? _ ამის დასახელებას თქვენ ვერ შეძლებთ. მაშ, ვინ ყოფილან ქვეყნის პატრიოტები: თქვენ თუ ისინი, რომლებსაც ყოვლად უსინდისოდ და უსირცხვილოდ ავადმოსაგონებლებს რომ უწოდებთ, თუ თქვენ? ეს, დაე, მკითხველმა განსაჯოს.
ბატონებო, თქვენი გაჯანსაღების მსურველი ვარ, გაგიმხელთ მკურნალს, რომელიც სრული ასი პროცენტით გამოგაჯანმრთელებთ; ეს არის გაზეთი “საქართველო და მსოფლიოს” სიმართლით გაჯერებული დიდებული პუბლიკაციები; ყოველთვის იკითხეთ ისინი და ყველაზე დიდი უბედურებისგან _ გეოპოლიტიკური სიბრმავისგან თავს დააღწევთ.
ასეთ დროს, როცა თქვენ დამსახურებულ ბრალდებებს გიყენებთ, ჰორიზონტზე საქართველოს გადარჩენის იმედი გაჩნდა _ ეს არის ახალი კონსერვატიული მოძრაობა. მე, 92 წლის ბერიკაცი, ამ მოძრაობას მხარს ვუჭერ, იმიტომ, რომ ის ქართული მიწის გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას, მის ძახილს ეხმიანება და შესატყვის სამოქმედო პროგრამას გვთავაზობს. კერძოდ, საქართველომ უარი უნდა თქვას წყეულ ნატოში გაერთიანებაზე, აირჩიოს ნეიტრალიტეტი, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და კეთილმეზობლური თანამშრომლობა მეზობელ რუსეთთან. ამით შეიქმნება საქართველოსთვის სასარგებლო გარემო და ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივა.
გაბედულად იმოქმედეთ, ახალო კონსერვატორებო! იცოდეთ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მეტადრე შუა ხნისა და ზემოთ, თქვენ მხარეს დაიჭერს. ახალგაზრდობაც გამოფხიზლდება. არ შეგაშინოთ ქვეყნის მოღალატეების მიერ კონსტიტუციაში ჩადებულმა ნაღმმა _ ნატოში შეძრომის სურვილმა.
ახალო კონსერვატორებო! იცოდეთ, ისტორია თქვენ მხარეზეა. ასეთია თვით მისი კანონზომიერი განაჩენი. მაშ, იმოქმედეთ!
თქვენი გამარჯვებისა იყოს, ახალო კონსერვატორებო! დარწმუნებული ვარ, აღმოჩნდებიან ისეთი ძალები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გვერდით დაგიდგებიან.
ჩემო ქართველებო, დავდგეთ ახალი კონსერვატიული მოძრაობის მხარეზე და ყველა ერთად გავიმარჯვებთ!
თქვენდამი კეთილი სურვილებით,
გივი გურეშიძე,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,
პოლიტოლოგი ქუთაისიდან