Home რუბრიკები ისტორია ხარფუხი

ხარფუხი

3612
ძველი თბილისი

ფეოდალური ხანის ქართულმა ისტორიოგრაფიამ ძველ თბილისზე მხოლოდ ფრაგმენტული ცნობები დაგვიტოვა. მეტი ყურადღება დაუთმო ქალაქებს XVIII საუკუნის სახელოვანმა ისტორიკოსმა ვახუშტი ბაგრატიონმა, რომლის ისტორიულგეოგრაფიული ხასიათის აღწერილობებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ ეპოქის დამკვირვებლები, ჩვეულებრივ, ნაკლებად ან სრულიად არ ეხებოდნენ ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების საკითხებს.

თბილისის წარმოშობა ხალხმა ვახტანგ გორგასლის სახელს დაუკავშირა, მეფისა, რომელიც “ღმერთს უყვარდა” და მისადმი მიძღვნილი ლეგენდით გვაუწყა ქალაქის დაბადების ამბავი. ძლევამოსილი მეფის ქანდაკება, მეტეხის პლატოდან რომ გადაჰყურებს ძველ თბილისს, თითქოს აცოცხლებს იმ სევდანარევ მოგონებას, როცა დაჭრილ ხოხობსა და მას ადევნებულ შევარდენს გოგირდოვან ცხელ წყლებში დაულევიათ სული. მართლაც, “ტფილისმა” სახელი თბილი წყაროებიდან მიიღო და ეს სიმბოლურიც იყო.

თვალწარმტაც გარემოში ნაშობ ქალაქს იმთავითვე თან დაჰყოლია მაცოცხლებელი სითბო, ხოხბისებური სილამაზე და უზომო სიყვარული. მას ხომ ბედმა არგუნა უდიდესი მისია ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში.

ძველი თბილისი

მრავალ ათას წელს ითვლის თანამედროვე თბილისის მიწებზე დამკვიდრებული ძველი მოსახლეობის შრომისა და ბრძოლის ისტორია; უდიდესი მსხვერპლის ფასადაა მოპოვებული ყოველი ახალი ნაბიჯი ცივილიზაციის მაღალი საფეხურებისაკენ. არქეოლოგიური მასალები ადასტურებს აბორიგენთა განვითარების უწყვეტ პროცესს ძველი წელთაღრიცხვის V-IV ათასწლეულებიდან, როცა თბილისის მიკრორეგიონი საკმაოდ მაღალი სამიწათმოქმედო კულტურის მქონე დასახლებათა გარემოცვაში ყოფილა. ძველი თბილისის არეალში აღმოჩენილი მასალა ადასტურებს მის მემკვიდრეობით კავშირს გვიანბრინჯაოსა და რკინის ხანის კულტურებთან.

V საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასალის ბრძანებით, მტკვრის ვიწროებში შენდება ქალაქი თბილისი ზღუდეებითურთ.

VI საუკუნის დამდეგიდან უკვე ქართლის პოლიტიკური ცენტრი “დიდი მცხეთიდან” თბილისში ინაცვლებს, ხოლო მცხეთა ამიერიდან სამეფოს ქრისტიანულ-იდეოლოგიურ ცენტრად, კათალიკოსის სარეზიდენციო ქალაქად, რჩება.

ასაკით თბილისის ტოლნი იყვნენ უპირატესად სტრატეგიულ პუნქტებში აგებული ქალაქები _ უჯარმა, ჭერემი, არტანუჯი და საქართველოს მეზობლად წარმოქმნილი ქალაქები ბარდა _ ბარდავი (პეროზაპატი) _ ალბანეთ-აზერბაიჯანში, დვინი _ სომხეთში და სხვ. ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო ისტორიულ ქარტეხილს, ხოლო საგარეო მტრებისგან მრავალგზის ფერფლად ქცეულ თბილისს კი აღდგენა-განახლების საოცარი უნარი აღმოაჩნდა. იგი დღეისათვის ერთ-ერთ ძველ და სილამაზით გამორჩეულ ქალაქად ითვლება მსოფლიოში.

წმ.ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია
წმ.ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია

დღეს თბილისს უამრავი ტურისტი სტუმრობს და ეცნობა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, მის უძველეს უბნებს, რომელთა ისტორია, ბევრმა ქართველმა, შესაძლოა, არც კი იცოდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველს შევთავაზოთ რუბრიკა “დედაქალაქის ისტორია”. დავიწყოთ ხარფუხით.

აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა.

XIX საუკუნემდე უბანს სეიდაბადი ეწოდებოდა.

XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი დამანგრეველ შემოსევებს განიცდიდა, რის გამოც ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ეს ძველი უბანიც და XVII საუკუნიდან უკვე თბილისის გარეუბნად ქცეულა. მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I-ის მემკვიდრეს, შაჰ-სეფის, ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი _ სეიდები, ამიტომ სეიდების უბანი _ სეიდაბადი დაერქვა.

XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში დასახლებულან ლეკების მიერ დარბეული სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები. 1811 წელს ხარფუხი თურმე თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს კი სამოქალაქო გუბერნატორმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება, რადგან, მისი თქმით, ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები.

ერმოლოვი დაეთანხმა ამ წარდგენას და მისი 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად თბილისის ნაწილად იქცა. ამ დროისთვის ხარფუხის მოსახლეობა სულ 33 კომლს (143 კაცს) შეადგენდა, მიუხედავად ოფიციალური აქტისა, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხარფუხი კვლავ სოფლად რჩებოდა და მხოლოდ XIX საუკუნის 60-იან წლებში იწყებს დამკვიდრებას ცხოვრების ქალაქური წესი და სათანადო განაშენიანება.

ამ უბანში, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს, მცირე ნაგები კედელი თუ საკულტო დანიშნულების ქვა იდგა ხატითურთ. თბილისელების რწმენით, ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ.

იოსებ გრიშაშვილი წერდა: ხარფუხი (ანუ ხარბუხი) ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაცსურდოს ხატსუწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს. ამ ხატს მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილებს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ვითომ ამით სურდო იკურნება ხოლმე”.

პოეტმა შესანიშნავი ლექსი უძღვნა ხარფუხს, რომელიც იმთავითნე აიტაცა ხალხმა და მალევე ძველ თბილისურ ქალაქურ სიმღერად იქცა: “…როცა გიყვარდი, ჩემი ხარფუხი / შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა / და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი / უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა”.

დღეს ხარფუხში ერთ-ერთი ქუჩა გრიშაშვილის სახელს ატარებს. ამ ქუჩაზე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა აღმართული. გვიან შუა საუკუნეებში აქ საბაჟო ყოფილა მოწყობილი, რომელიც 1883 წელს ანატოლიიდან ჩამოსახლებულ ბერძნებს შეუსყიდიათ, მოგვიანებით, 1846-1854 წლებში, კი ეკლესია აუგიათ. ეკლესიაში თავდაპირველად მღვდელმსახურება ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია წითელი აგურითაა აგებული. გუმბათი მოცისფრო ფილებით, ხოლო მკლავები წითელი კრამიტითაა გადახურული. აქ ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია კერამიკული საამქროები, რომლებიც მეცნიერებმა XI-XII საუკუნეებით დაათარიღეს.

XX საუკუნის 70-იან წლებში ეკლესია გაუქმებული ყოფილა და მასში თეატრალური საზოგადოების საწარმოო კომბინატის მექანიკური საამქრო ფუნქციონირებდა. 80-იან წლებში ეკლესიის შენობაში საპატრიარქოს ბიბლიოთეკა დაუარსებიათ. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ძალისხმევით ტაძარში მღვდელმსახურება კვლავ განახლდა.

გრიშაშვილის ქუჩის პარალელურად (ეკლესის უკანა მხარეს) დღესაც არის ქუჩა, სახელად ბერძნის ქუჩა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ამ უბანში ბერძნები სახლობდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here