Home რუბრიკები საზოგადოება ხარებას გილოცავთ, ერო და ბერო!

ხარებას გილოცავთ, ერო და ბერო!

დღე, როცა სახიერმა ღმერთმა ეშმაკის მონობისაგან ადამიანის გამოხსნა გადაწყვიტა

ერთერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს _ ხარებას წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამიჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა”.

ყოვლადწმიდა მარიამმა უბიწოდ უფლის ნების თანხმობით შვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ჩვენ არ გვექნება წმიდა ცხოვრება, ვერც ჩვენში შემოაღწევს ღვთაებრივი მადლი. დაე, ჩვენც ვემსგავსოთ მას, თავშეკავებაში, კრძალულებასა და წმიდა ცხოვრებაში. დაე, ნუ მივიდრიკებით იმ საშინელი ცხოვრების წესისკენ, რომელიც დღეს დამკვიდრებულა ჩვენს რეალობაში. დღეს ქალწულება დასაცინი გამხდარა, სიწმინდემიუღებელი, კრძალულება _ სათაკილო, უბიწოებას კი სულიერ ავადმყოფობად მიიჩნევენ. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდად დაშორდა კაცობრიობა ქრისტეს და ყოვლაწმიდა ღვთისმშობელს.

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება, როგორც “ჩვენთან არს ღმერთი”. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: “ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?” ანგელოზი მიუგებს: “სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”.

რადგან ქალწული მარიამი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა, სწორედ ამის გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: “აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ”, _ თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა.

ქრისტეს ჩასახვა ქალწულ მარიამში უფლის დიდი სასწაულია, რომელიც ამოუცნობ საიდუმლოს შეიცავს. ყოველივე ეს კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია. ვირწმუნოთ ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის და ნუ შევეცდებით, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენგან დაფარულია.

რატომ მოხდა, რომ ძე ღვთისა დაწინდვის შემდეგ კი არა, დაწინდვამდე ჩაისახა წმინდა ქალწულში? ანდა თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მისი მამაკაცზე დაწინდვა? _ სწორედ აქ არის დამარხული ღვთის განგებულების დედაარსი: უფალმა არ ისურვა, რომ იუდეველებს იესოს დაბადებისთანავე გაეგოთ მისი ქალწულისაგან შობა. ღვთისთვის უმჯობესი იქნებოდა, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა ბოროტისათვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმიდა მარიამი იყო ის ქალწული, რომელზეც წინასწარმეტყველებდა წმიდა ესაია: “აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს” (ესაია 7,14). იუდეველებს ეს საიდუმლო რომ გაეგოთ, ბოროტის ჩაგონებით ქალწულს რჯულის კანონით გაასამართლებდნენ და ჩაქოლავდნენ. თუკი მზად იყვნენ, იესო მხოლოდ იმის გამო ჩაექოლათ, რომ შაბათს კურნავდა სნეულებს, როგორღა აპატიებდნენ მარიამს უქმროდ ძის შობას? თუკი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი მარიამის სიწმინდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისაგან გადაგვარებული ურიები?

მართალმა იოსებმა, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული, უდიდესი მოკრძალებით დაიწყო ქალწულის მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემცნო მართალ იოსებს ეს საიდუმლო.

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, რომელთანაც მან სამი თვე დაჰყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გახლდათ იმისთვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დასტყობოდა. სხვებზე ადრე ეს იოსებმა შეამჩნია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მის სულში, როცა შინ დაბრუნებული ქალწული, რომლის შერთვასაც აპირებდა, ასეთ მდგომარეობაში იხილა. ალბათ, რას არ ფიქრობდა მარიამზე, რა მტანჯველი ეჭვები არ აწუხებდა მის სულს! ყოველივეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ის, რომ იოსებმა კარგად იცოდა, რაოდენ ანგელოზებრივად ცხოვრობდა აქამდე მისი დაწინდული ქალწული, რომლის უმანკოების დაცვა და მფარველობაც თავად იდო თავს. ალბათ, თვალებს არ უჯერებდა და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდ დააცქერდა, ეს მტანჯველი ეჭვი როგორმე რომ გაეფანტა. ეგებ ისიც კი განიზრახა, თავად მარიამისთვის გამოეკითხა ყოველივე, მაგრამ ვერც ეს შეძლო… იქნებ დალოდებოდა, რომ დაწინდულს თავად გაემხილა საიდუმლო? მაგრამ მარიამი არაფერს ამბობდა… ყოვლადწმიდა ქალწული დუმდა, რადგან დუმდა თვით უფალი. რაღა უნდა ექნა იოსებს? მას, მართალია, ჰქონდა უფლება, მარიამი ემხილებინა და მოსეს კანონით დაესაჯა, მაგრამ ასეთი სიმკაცრე უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისათვის, არ სურდა ქალის საჯაროდ მხილება, ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლესი სამსჯავროსთვის გადაცემა, ამიტომ “იზრახა ფარულად განტევება მისი” _ გადაწყვიტა, ფარულად გაშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა გაყრის საბუთის მიცემისას. ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან დაწინდვა ქორწინებად არ ითვლებოდა და განსაკუთრებული ფორმალობები საჭირო არ იყო.

სწორედ მაშინ უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს. იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის _ დავითის ძედ მოიხსენია იგი, რითაც შეახსენა, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ სულმოკლეობ და შფოთავ? ნუ გეშინია, ის წმინდაა და არაფერში მიუძღვის ბრალიო.

ყოველივე ეს ისეთი სიცხადით ამცნო ანგელოზმა, რომ გახარებული, გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების აღსრულებას.

ქრისტიანობა სიყვარულის და სიხარულის სარწმუნოებაა. ხოლო ხარება მოსიყვარულე ღმერთის მხრიდან ადამიანთან შეერთების სურვილის გამოხატულება და უწყებაა. ღვთისმშობლის უბიწოებამ, რწმენამ და თანხმობამ კი დასაბამი დაუდო კაცობრიობის გამოხსნის საქმეს. ხარებას ბუნებრივად მოჰყვა დედის მუცელში ცხრათვიანი ყოფნა, ქალწულობის დაურღვეველი სასწაულებრივი შობა, 30 წელი უბრალო და ჩვეულებრივი ცხოვრება და შემდეგ სამწელიწადნახევრიანი ქადაგება, რომლის დროსაც მან ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა და თვით ჯვარცმაც იტვირთა. უფალმა გამოგვიხსნა სიყვარულით, საკუთარი სურვილით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here