ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება სამუშაო ადგილებს შექმნიდა. ვიცოდი, რომ რაღაც გრანდიოზული პროექტი დაიწყებოდა, ხალხი დასაქმდებოდა და თავში ის დაპირებული ასი ქარხანა მიტრიალებდა, ოცნებაში (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) რომ გუგუნებდა.
ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ჩემი მოლოდინი ახდა _ ხელისუფლება, ქარხნების კი არა, პირდაპირ ქალაქის მშენებლობას იწყებს და… მიშას მომხრეები ნუ ჩაფიქრდებით, ანაკლიის ნაცვლად სამთავრობო ქალაქი აშენდება და თანაც, სადმე შორს და დასაკარგავში კი არა, აგერ, თბილისის გულში, კონკრეტულად კი _ ორთაჭალაში. ახლა მეტყვით, ორთაჭალა თბილისის გული არ არისო და ისტორიას გადახედეთ, სწორედ რომ ორთაჭალაა თბილისის გული და მანდ ჩაიფუფქა ის ხოხობი, რომელმაც ჩვენი დედაქალაქის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.
ხელისუფლება პრაქტიკულად ვახტანგგორგასლობს და ახალ თბილისს აარსებს, ქალაქს, რომელიც დარჩება შთამომავლობას. ტერიტორია უკვე გამოყოფილია, მშენებლობაც _ დაწყებული, ზედმეტი ხეების მოთხრა დავით ნარმანიას პირადად ავალია (ხეების მოთხრა ამ მთავრობაში არავის ეშლება, მაგრამ ნარმანიას განსაკუთრებით აქვს “დამუღამებული”) და მიდის მშენებლობა. დაახლოებით ისეა, როგორც ქართულ მულტფილმში _ ხალხი იყეფებს, ოპოზიცია იყივლებს და სოფელიც აშენდება… თუმცა, რაღა სოფელი, ქალაქი, ბატონებო, ქა–ლა–ქი!
ჩვენ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, ამ ქალაქში, სამინისტროების გარდა, აუცილებლად იქნება ერთი ქარხანაც, რომელშიც მინისტრები გამოიძერწებიან, ანუ ხომ არის ელმავალმშენებელი ქარხანა, საკონსერვო ქარხანა… ეს იქნება სამინისტრო ქარხანა (გნებავთ _ მინისტრთმშენებელი). როგორ? ძალიან მარტივად და რამდენიმე მაგალითს აქვე მოგახსენებთ.
მაგალითად, შეაგდებთ კონვეიერში ნოდარ ხადურს და გამოვა ფინანსთა მინისტრი. მერე, ეს მინისტრი რომ არ გაამართლებს, სიმწრით თმას რომ მოიგლეჯთ, ამ მოგლეჯილი თმის ბღუჯას შეაგდებთ კონვეიერში და გამოვა ახალი ფინანსთა მინისტრი.
განათლების მინისტრი გნებავთ? _ კი, ბატონო, შეაგდებთ კომბალს (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) და გამოვა ჯეჯელავა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მინისტრების გამოჩორკნისას, პროპორციების დაცვა საჭირო არ არის, რაც გამოვა, გამოვა. რაც მთავარია, ქარხანა მხოლოდ მყარ მასალაზე არ იმუშავებს, შეგიძლიათ კონვეიერში ჩაასხათ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიც მზად არის. ხელში რაც მოგყვებათ, იმას თუ ჩაყრით, საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებთ.
ყველას, ალბათ, გაინტერესებთ, პრემიერმინისტრი როგორ გამოჰყავთ. ფიქრით თავს ნუ შეიწუხებთ, რადგან პრემიერმინისტრს ამ ქარხანაში არ ამზადებენ. პრემიერმინისტრს ძეგლის დარად ასხამენ, ანუ პრემიერმინისტრი არის ჩამოსხმული. თუ არ გჯერათ, გადახედეთ წინას, ამჟამინდელს (გნებავთ, მომავალსაც) და ნახავთ, რომ სუფთა ჩამოსხმაა და არა ქარხნული წესით დამზადებული.
ოთხ წელიწადში ერთხელ, ისე, რომ გადაკეთება არ დასჭირდება, ქარხანა პარლამენტარებსაც გამოუშვებს. ივანიშვილს რომ ხეები გადააქვს, გზად, დიდი ხე რომ არ დაზიანდეს, ასობით ხეებს ბელავენ, ანუ სხეპენ და იმ ანასხეპ ტოტებს თუ ჩაყრით კონვეიერში, მიიღებთ საპარლამენტო უმრავლესობას სრული შემადგენლობით. მართალია, მერე და მერე ზოგი გაიფოთლება და ეკლებიც გამოსდის, მაგრამ, აბა, როგორ გინდათ, ისეთი ქარხანა არსებობს სადმე, წუნდებულ საქონელს რომ არ უშვებს?
ჩემს მეგობარს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა, კონვეიერიდან ყველა ერთად რომ გამოდის, სქესს როგორ არჩევენო და, ღმერთო მომკალი, რისთვის სჭირდებათ პარლამენტარებს სქესი?! უსქესოა ყველა, ერთ თარგზე და ერთ ჩიპზე (ჭიპზე არა, ჩიპზე) მოჭრილი. მოკლედ, ორთაჭალელებისა და, საზოგადოდ, თბილისში მცხოვრებთა საყურადღებოდ: ოთხ წელიწადში ერთხელ იმ ქარხნიდან თეთრი ბოლი ამოვა ხოლმე და არ შეგეშინდეთ, ეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებია. პარლამენტის თავმჯდომარეს თავიდან არავინ არჩევს, მერე, ნაუცბადევად აკეთებენ ხოლმე და ისიც ნელ–ნელა სწავლობს ჯერ “თავს”, მერე “მჯდომარეობას” და, მართალია, ხშირად მხოლოდ მჯდომარე შეგვრჩება ხოლმე ხელში, მაგრამ რა გაეწყობა _ საქართველოს დალხენილი ცხოვრება როდის ჰქონია?!
ეს _ რაც შეეხება სამთავრობო ქალაქს, ანუ ცოცხლების ქალაქს. ძლიერნი ამა ქვეყნისანი მომავალზეც ფიქრობენ და ამიტომ მკვდრების ქალაქსამახათას მთაზე ახალი პანთეონი გაშენდება. პანთეონი ძველ რომში ყველა ღმერთის ტაძარს ერქვა და ესენიც ხომ ღმერთები არიან, შესაბამისად, მათი კვალი წარუშლელად რომ დაგვრჩეს მეხსიერებაში, პანთეონიც სჭირდებათც აშენებენ.. როგორც გაირკვა, დიდუბის პანთეონში ხალხი აღარ ეტევა, მთაწმინდის პანთეონი დახურულია, საბურთალოს პანთეონს არ აღიარებენ და დღის წესრიგში დადგა ახალი პანთეონის მოძიება. მახათას მთა ნაწილს იდეალურად ეჩვენა, ნაწილს _ არ მოეწონა, _ შორია და ჭირისუფალი ხშირად ვერ ამოვა ჩვენს მოსანახულებლადო. ანუ “ცნობად” თუ უცნობ გვამებს, თან ახალი პანთეონი უნდათ, თან ქალაქის შუაგულში, ცოცხლად დარჩენილმა შთამომავლობამ ხშირად რომ მიაკითხოს და ახალი ყვავილები დააწყოს მათ საფლავებზე. ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს და იცით, რა მაინტერესებს? ვეძებე და ვერსად ვნახე (მე სხვა თბილისი), გალაკტიონს, ილიას ან სხვებს დაებარებინოთ, რომ მოკვდები, პანთეონში დამმარხეთო. რატომღაც მგონია, რომ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პიროვნებამ, თორემ რამდენიც იტყვის, ჩემი ადგილი პანთეონშიაო, იმდენი თუ იქ წავაცუნცულეთ, მალე ყველა სასაფლაო პანთეონად გადაკეთდება და რიგითი მოკვდავების ადგილი აღარ დარჩება. შესაბამისად, შემოვდივართ წინადადებით, საპანთეონო ხალხის შთამომავლობა რომ არ დაიღალოს, ერთი პატარა ადგილი იმ ახალ სამთავრობო ქალაქში გამოვყოთ, რომელიც, ეჭვი მაქვს, ძალიან მალე აშენდება და მერე რა, თუ ასობით მილიონი დაიხარჯება, მათი ჯიბიდან ხომ არ მიდის?!
თან იქ არსებულ პანთეონს ორმაგი დატვირთვა ექნება _ მიხვალ ერთად თავმოყრილ სამინისტროებში და, იქიდან გულდათუთქული რომ წამოხვალ, შეივლი პანთეონში, გულს გადააყოლებ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ისეთ ადამიანებსაც ნახავთ მომავლის (ამჟამინდელშიც) პანთეონში, ხმამაღლა რომ იტყვით: “ძაღლი მიგაკვდა სულშიო”, და ასე, ემოციებდაცლილი დაბრუნდებით შინ.
არის კიდევ ერთი ვარიანტი _ ვინმე რომ გარდაიცვლება, პარლამენტში ვუყაროთ ხოლმე კენჭი, დავასაფლავოთ თუ არა პანთეონში. მაინც ათას სისულელეს უყრიან ხოლმე კენჭს და… თან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პირველ კენჭისყრაზე თანხმობა თქვან, მერე გადაიფიქრონ, როგორც, მაგალითად, ეროვნული ბანკისთვის ბანკების ზედამხედველობის ჩამორთმევის უფლებისას მოხდა. ჰოდა, პანთეონში დასაფლავებულ ცნობილს თუ უცნობს ჯერ დავმარხავთ, მერე ამოვთხრით და სხვაგან გადავიტანთ. და, გარდა იმისა, რომ ხალხი დასაქმდება, მარტო ხეების მოთხრა და გადატანა აღარ იქნება სალაპარაკო, მკვდრების ტარებასაც დავიწყებთ აქეთ-იქით. ახლა არ მითხრათ, მკრეხელობააო… 150 მკვდარი სული დადის კვირაში ორჯერ თბილისი–ქუთაისის ავტობანზე და ეგ არ არის მკრეხელობა?!
ისე, პანთეონის რა გითხრათ და, წინა ხელისუფლებას გილიოტინა ედგა ქუჩაში და ხან სად სჯიდა მოსახლეობას სიკვდილით და ხან _ სად… ჰოდა, ის ჯალათები დღესაც თბილ ადგილებზე არიან, ის გილიოტინა გადანახული აქვთ და მაგაზეც იფიქრეთ, ბატონებო, შემთხვევით სადმე არ დაგიდგან და ეს თქვენი ნალოლიავები ხელისუფლება ქათამივით არ წააკლან ზედ…
ბესო ბარბაქაძე