უსმენ, უყურებ, კითხულობ ჩვენი ქვეყნის მედიასაშულებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და დიდი ქართველი კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას, სიტყვები გახსენდება: “ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი _ სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. …ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი”. ქართულ მასმედიასა და, საერთოდ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება.
_ ქალბატონო ხათუნა, ჩვენ ხშირად გვისაუბრია მედიის ნეგატიურ როლზე საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მეზობელ ქვეყნებს შორის მართლაც საომარი მდგომარეობაა, ჩვენი ტელევიზიების პროპაგანდა ღალატის ტოლფასია…
_ მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ საინფორმაციო ომების ეპოქაში, პრაქტიკულად, არ არსებობს თავისუფალი ტელემედია, რადგან ყველა მათგანის უკან რომელიღაც მხარე დგას და თითოეული მედიასაშუალება პროპაგანდისტულია: ზოგი _ ამ მხარის, ზოგიც _ მისი საპირისპიროსი, ამიტომ მედიაც ქცეულია პოლიტიკურ მხარედ _ სად არის ინფორმაციული ბალანსი? სად არის ჟურნალისტური მიუკერძოებლობა, ინფორმაციის უტყუარობა? ეს ცნებები, ფაქტობრივად, მირაჟად იქცა. მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზიები, მართლაც მეოთხე ხელისუფლებაა. მათ უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნებში და, საზოგადოდ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ამის საილუსტრაციოდ ერთ პატარა მაგალითს გავიხსენებ: ლადო კახაძე იყრიდა მთაწმინდაზე კენჭს ორჯერ ზედიზედ _ პირველად არ ჰქონდა მასმედიის მხარდაჭერა, მეორედ კი ხელისუფლების კადიდატი იყო და აპიარებდნენ სახელისუფლო არხები, რის გამოც პირველ და მეორე არჩევნებზე ერთსა და იმავე უბანზე მიღებული ხმების რაოდენობა ათჯერ განსხვავებული აღმოჩნდა.
ამდენად, მსოფლიოს უხილავმა გლობალისტურმა ძალებმა საკუთარი ადეპტების მეშვეობით მთლიანად შეძლეს მასმედიის ძირითადი საშუალებების ოკუპაცია და ასე ცდილობენ ხალხების ფართო მასების ტვინების გამორეცხვას, რასაც ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც. ამ ყველაფრის უკან დგას იუდას ვერცხლი _ გრანტებისა და დონაციების სახით. საკმარისია, ჩავიხედოთ თუნდაც სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ოფიციალურ მონაცემებში, რომ ვნახავთ, როგორ ერევიან ასეთი საეჭვო ორგანიზაციები ქართული ტელევიზიების საქმიანობაში, აძლევენ ფულს და უკვეთენ კიდეც მუსიკას _ უსაზღვრავენ კონკრეტულ მიმართულებებს, აძლევენ მითითებებს და უკვეთენ მუშაობის ორიენტირებს, შემდეგ კი იბარებენ ანგარიშებს, თუ როგორ შეასრულეს საშინაო დავალებები ამ ტელევიზიებმა. ამიტომ არის, რომ ტელევიზიებისთვის არის თემები, რომლებსაც ადევს ტაბუ და არასდროს აშუქებენ და ასევე, არიან მიუღებელი ადამიანებიც, სამაგიეროდ, ატრენინგებენ თავიანთ ჟურნალისტებს, რა და როგორ უნდა გააშუქონ. მაგალითად, ტელევიზიების მხრიდან სრული ბოიკოტი ჰქონდა აქციებს, როცა ხალხი აპროტესტებდა ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას, უცხოელებისთვის მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების უკონტროლოდ მინიჭებას და ა.შ., სამაგიეროდ, მაგალითად, 2019 წელს ევროკავშირიდან შემოსული დიდი ტრანშის _ 4,8 მილიონი ევროს დაფინანსებით ჩატარდა კონფერენცია “მედიის თვალით დანახული მიგრაცია _ აღქმები, შესაძლებლობები და გამოწვევები”, რომლის შედეგადაც დატრენინგებულ ჟურნალისტებს საზოგადოება მიგრანტების მიმართ უფრო შემწყნარებელი უნდა გაეხადათ, ანუ ევროკავშირი ცდილობს, თავიდან აირიდოს აზიიდან მომდინარე მიგრანტების დიდი ნაკადები და ეძებს ტერიტორიებს, სადაც შეიძლება ეს ნაკადები წარმართოს, ამაში კი აქტიურად იყენებს ფულით ნაყიდი მასმედიის საშუალებებს. აი ესაა ის საფასური, რომელზეც თქვენ მეკითხებოდით.
_ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ არა მხოლოდ ტელევიზიები, არამედ ჩვენთან რეგისტრირებული არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები, მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. რის საფასურად, რა მოლოდინი აქვთ?
_ ზუსტად იმავე პრინციპით არიან გადაბირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც _ ისინი ხომ მთლიანად გლობალისტების ფულით არიან დაფინასებულნი და მათი ინტერესების გამტარნი არიან ეროვნულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც. თუ გახსოვთ, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ძალიან კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა არასამთავრობოების მისამართით და ვფიქრობ, თავის დროზე მისი წასვლა პრემიერმინისტრის პოსტიდან ამ განცხადებებსაც უკავშირდებოდა. ახლაც მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია, რომ დიდი წნეხია პრემიერზე იმის გამო, რომ უკრაინა–რუსეთის ომის მიმართ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს და ცდილობს, ამერიკის საელჩოსგან დამოუკიდებელი პოზიცია შეინარჩუნოს, რომლის გამოც მის მოშორებას ცდილობენ. მსურს, პრემიერს სოლიდარობა გამოვუცხადო, ღვთის წყალობა და გამძლეობა ვუსურვო, რომ შეძლოს, გაუძლოს ყველანაირ ზეწოლას და საქართველო გადაარჩინოს ყველანაირი მავნებლებისა და ავანტიურისტების ზეწოლისგან.
საზოგადოდ, ვისურვებდი, რომ უკონტროლოდ არ შემოედინებოდეს ფინანსები ტელევიზიებისა და არასამთავრობოების არხებში და არსებობდეს სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს დააწესებს ამ სახსრების მიზნობრიობაზე, რომ ისინი არ იყოს გამოყენებული ეროვნული ინტერესებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს სფერო არ უნდა იყოს მიტოვებული ასე უკონტროლოდ.
_ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა თავის ერთ–ერთ ინტერვიუში პირდაპირ მოითხოვა ე.წ. პრორუსული ტელევიზიების დახურვა. თუმცა, მე არ ვიცი, რომელია პრორუსული ტელევიზია… რატომ აძლევს ელჩი თავს უფლებას, მსგავსი განცხადები გააკეთოს?
_ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, გლობალიტურმა ძალებმა ფულით, სპეციალური პროგრამებისა და მათი ადეპტების მეშვეობით მიაღწიეს იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი, მათ შორის საქართველოც, ვასალ ქვეყნებად აქციეს. ეს ქვეყნები მათ კრედიტებზე ისე არიან დამოკიდებულნი, რომ მათთან შეთანხმების გარეშე პარლამენტი კანონსაც ვერ იღებს.
მექანიზმი კი ასეთია: გვაძლევენ ფულს მხოლოდ კოსმეტიკური ღონისძიებებისთვის. მაგალითად, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ბოლო პერიოდში დიდი თანხები მოგვცეს ე.წ. პანდემისთან საბრძოლველად და ა.შ., მაგრამ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ განვავითაროთ ეკონომიკის დარგები _ ინდუსტრია, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, რადგან ეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მოქმედებენ მხოლოდ დასავლური ზესახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე. მათ კი სულაც არ აძლევთ ხელს ბაზარზე ახალი, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ქვეყნების შესვლა და საკუთარი გასაღების ბაზრების დაკარგვა. ამიტომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნები თანდათან აქციეს უცხოურ კრედიტებზე დამოკიდებულად და, რაც ყველაზე სამწუხაროა, განუვითარებელი ეკონომიკის პირობებში ამ კრედიტების გადახდისუუნაროდ. მათ ფულზე დამოკიდებულებამ კი იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს თანამედროვე პილატე-პროკურატორები თითის ქნევით გველაპარაკებიან და მოურიდებლად გვითითებენ, რა და როგორ ვაკეთოთ. ჩვენ დღეს ნამდვილი კი არა, სუროგატული დამოუკიდებლობა გვაქვს. შორიდან მოვუარე თქვენი კითხვის პასუხს _ ჩვენს საშინაო საქმეებში რომ არავინ ჩავრიოთ, საჭიროა, რეალური დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ. ეს კი შეუძლებელია რეალური ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, რომელიც, თავის მხრივ, რადიკალური ღონისძიებების გატარებითაა შესაძლებელი _ დოვლათის შემქმნელი დარგების განვითარების მიმართულებით.
რაც შეეხება ე.წ. პრორუსული მედიასაშუალებების დახურვას, ეს არის გლობალისტების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის გაგრძელება ე.წ. კუდიანებზე ნადირობის მიმართულებით _ ესაა ბრძოლის ნაწილი ე.წ. რუსულ პროპაგანდასთან, ამისთვისაც მსოფლიოში დიდი სახსრები იხარჯება. ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და შევისისხლხორცოთ გლობალისტების პროპაგანდა _ ესაა მათი სრულიად დაუფარავი აგრესიული დაკვეთა. ჩვენი ადეკვატური პასუხი უნდა იყოს _ არა რუსულ და არა გლობალისტურ პროპაგანდას. ჩვენ მხოლოდ ეროვნული “პროპაგანდა” გადაგვარჩენს.
არაერთხელ თქმულა, რომ საქართველოს შიგა და გარე მტრების სურვილია, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რათა შემდეგ როგორც ერთმა, ასევე მეორემაც შეძლოს მღვრიე წყალში თევზის დაჭერა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ღარიბაშვილის ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, არ მოექცეს შიგა და გარე მავნებლების წნეხის ქვეშ და იმოქმედოს მხოლოდ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისე, როგორც დღემდე შეძლო დაეკავებინა ზომიერი პოზიცია უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების დროს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე არ იქცა მესამე მსოფლიო ომის პოლიგონად.
და, თუკი გაგრძელდება წნეხი პრემიერმინისტრზე და ეცდებიან მის გადაყენებას, ვფიქრობ, ხალხმა მასობრივად უნდა გამოუცხადოს პიროვნულად მას სოლიდარობა და არ დაუშვას ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს გლობალისტების სრული მარიონეტის გაპრემიერებამდე, ეს საქართველოს დიდ საფრთხეს უქადის.
საქართველომ ამ ჭეშმარიტად აპოკალიფსურ ეპოქაში უნდა შეინარჩუნოს სამეუფეო გზა, ოქროს შუალედი და 90-ე ფსალმუნის მსგავსად არ გადაიხაროს არც მარჯვნივ და არ მარცხნივ, რაზეც ახდება კიდეც წინასწარმეტყველება, რომ უკანასკნელ ჟამს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო გადარჩება და იქნება ოაზისი, რომლისკენაც გამოეშურებიან გადარჩენის მსურველები მთელი მსოფლიოდან.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული ტერორისტებიც რუდიმენტები არიან რუსეთის მიმართ დასავლეთის უკიდეგანო სიძულვილისა და შეურიგებლობისა; უკრაინული ფაშიზმიც რუდიმენტია გერმანული (დასავლური) ფაშიზმისა; დღეს გაბატონებული რუსოფობიაც რუდიმენტია ევროპული ანტისემიტიზმისა, ისევე, როგორც ქართველების ერთი ნაწილის დასავლეთით გამოლენჩებაა რუდიმენტი ძველი, განუხორციელებელი გეოპოლიტიკური ალტერნატივისა, ისტორიული აკვიატებისა, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობისა და რეალობის დეფორმირებული აღქმისა.