Home რუბრიკები პოლიტიკა ჭილყვავების გადაფრენა პროვინციაში

ჭილყვავების გადაფრენა პროვინციაში

ანუ გაცუდებული დემოკრატია

XIX საუკუნის სამოციანელთა და მამათა თაობების ერთერთი ოდიოზური ფრაზა _ “ხელი გაიქნია, ფეხი…” _ დღევანდელ ტელესივრცეში ჩაანაცვლა და გადააჭარბა კიდეც ესესაა მორიგი მგლოვიარე ყარაჩოხელის, იმავესტინგერი ჟურნალისტისგორიდან მოწოდებული რეპორტაჟის ოქროს წინადადებამ, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში დეპორტირებული მიხეილ სააკაშვილის (იმავე _ “საქართველოს მესამე პრეზიდენტის”, მოშიმშილე პატიმრის) ახალი საბინადროს უაღრესი მონდომებითა და დაუფარავი პათოსით აღგვიწერდა: “გორის ჰოსპიტალს აქვს უკანა შესასვლელი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბილიკიც”.

გამდიდრდა თავანკარა ქართული: თუ აქამდე ქართულში ენის რეფორმატორები, რომლებისთვისაც, როგორც ჩანს, სიტყვა ბილიკი სრულად ვერ გადმოსცემდა “საცალფეხო გზის, სიარულის ნაკვალევის” (ქართული ენის ლექსიკონის ერთტომეული, გვ. 61) არსს, ამდიდრებენ სიტყვა საცალფეხოთი”.

საცალფეხო ბილიკი უფრო ტავტოლოგიაა, ვიდრე დაზუსტება, გამდიდრება, გაკეთილშობილება, არსის სრულად გადმოცემის სურვილი; უკეთ რომ ვთქვათ, უსწავლელობის საჯაროდ გამოტანის სამარცხვინო მაგალითია, კოვიდივით გადამდები.

ამიტომაც გაიკეკლუცა და ვერტმფრენის (შვეულმფრენის) დასაფრენი მოედანი ბილიკად მონათლა ჩვენმა ახალგაზრდა კოლეგამ.

და არავინ შეუსწორა.

ხოლო ამ ნაწერს რომ არ წაიკითხავს ეს ნედლი შტო ჟურნალისტიკისა, აგერ დღე და აგერ ხვალეო.

ვნახავთ…

“უკანა შესასვლელის” მნიშვნელობა თუ განსამარტავია ვინმესთვის, პროქტოლოგებს მიმართოს, რადგან მათზე უკეთ არავის აქვს ათვისებული ადამიანის სხეულის გეოგრაფია, კერძოდ, მისი დამაბალანსებელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს აქტივისტების მყარად ჯდომას ხელმძღვანელი თუ ნაკლებად ხელმძღვანელი თანამდებობების მოყანყალე სავარძლებში.

წაიკითხავთ ამ შესავალს და, ალბათ, დაასკვნით, რომ ეს წერილი კვლავ ქართული ენის სიწმინდის პრობლემას მიეძღვნება.

არა.

მაშ რა არის?

არის ისეთივე “ტოპამბავი”, როგორიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისგან დაოსებული სხეულის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული სიუჟეტებით ყველა სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამის დაწყებაა აუცილებელი.

ერთი და იმავე ქვეტექსტებით მოსაბეზრებლად გამეორებული.

ცნობისთვის: მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიაში პოპულარული ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი რუსეთის ტელესივრცეში მიშიკოდ მოხსენიებულ სააკაშვილს მაინცდამაინც სააკიშვილს ეძახის:სააკიშვილიო.

მესამე პრეზიდენტია, საიმს! ყოფილი. სამასოიანი აბრევიატურის (აშშ) სახელმწიფოს მიერ გამოკვებულ-გამოზრდილი, საქართველოში ხელდასმული და ჩვენი არჩეული მესამე პრეზიდენტი _ სამიდან ერთ-ერთი მხოლოდ. ასე, აღმატებულ ხარისხში ამბობენ ნაცები მიხეილის სახელსა და რიგითობას _ მესამეაო. მეორეში (ედუარდ შევარდნაძეში) რომ არ აერიოთ, მით უფრო, მეოთხეში: მარგველაშვილი უახლეს ისტორიაში სრულ არარაობად არის წარმოგდგენილი.

ამის გარჩევაღა აკლდა ორკაციან გამბიტში (მელია-სააკაშვილი) დაბნეულ სექტანტებს კაროკანის დაცვის მოშველიება დასჭირდათ რუსთავის მეთვრამეტე დაწესებულების სამკურნალო პალატიდან გორის ჰოსპიტალში გადაფრენილი ჭილყვავის დასაცავად, რომლის თანამოძმენი გაზაფხულზე იწყებენ შეჩვეულ ადგილზე დაბრუნებას.

გაზაფხულის მოლოდინში ვართ ყველანი.

დრო _ აჭრილი, როგორც თანამედროვე უმწიფარიძეების ტვინები: დემოკრატიის პრობლემებისადმი მიძღვნილ სამიტზე იწვევენ ევროპელები ნაცისტურ-ბანდერული უკრაინის წარმომადგენლებს, რომელთა იდეოლოგია აგებულია იმათ საქებ-სადიდებლად, ვინც ძალას არ იშურებდა პოლონელი და ებრაელი ხალხების ამოსაწყვეტად. ამ თემაზე კამათობენ ანალიტიკოსები და საფუძვლიანად განიხილავენ ქალბატონ ოპლებაუმის ახლახან რომელიღაც ბროშურაში გამოქვეყნებულ მყვირალა სტატიას.

რა არისო დემოკრატია?

ის ხომ არა, რომ მოკლეს ვერაგი სადამ ჰუსეინი და მისეული ერაყი ნანგრევებითა და ქაოსით აავსეს? ან ის, რომ მოსპეს დიქტატორი მუამარ კადაფი და მის ნაცვლად დატოვეს სისხლიანი ქაოსი და ნანგრევები? რატომ მოხდა, რომ ავღანეთში, სადაც აშშ და დასავლეთის კოალიცია შევიდა, დაამხეს საზიზღარი თალიბები და ოცი წლის განმავლობაში თავიანთი ლეკალოებითა და რეცეპტებით აშენებდნენ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დაინგრა, და იძულებული გახდნენ სამარცხვინოდ გაქცეულიყვნენ?!”

ესაა დემოკრატია თურმე.

და არა ლოგიკური ჩიხი?!

ანალიტიკოსები ამბობენ, სწორედ ასეთია “ფსევდოდემოკრატიული, რადიკალური ლიბერალიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ხოლო ხალხს წართმეული აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება”.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, დემოკრატია საერთოდ აღარ არსებობს: არის დემოკრატიული მეთოდები პოლიტიკური სისტემების, სახელმწიფოების, სხვა სტრუქტურების სამართავად და ამის საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-ბრძანებლური მეთოდები. რაც მთავარია, ერთსაც და მეორესაც აქტიურად გამოიყენებენ ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად.

მაგრამ დემოკრატია შინაგანად დალპა.

პრობლემა ის არის, მიაჩნიათ ექსპერტებს, რომ დასავლეთის სამყარომ და მისმა ადეპტებმა მთელ მსოფლიოში ვერ შეძლეს, შემოეთავაზებინათ ისეთი რამ, რაც მოხიბლავდა მასებს, რომლებიც გაჰყვებოდნენ ამ სიახლის ავტორებს.

ის, რისი მოწმენიც დღეს ვართ, არის ლიბერალური იდეის კრიზისი, გახრწნა იმისა, რასაც დემოკრატიას ვუწოდებთ. უღიარებულობა საკუთარი შეცდომის.

ფუძემდებლური პრინციპები დავკარგეთ, მაგრამ ვაიძულებთ სხვებს, მიიღოს და უერთგულოს ჩვენი რწმენის სიმბოლოს. ასეთ ვითარებაში ფილოსოფოსობიდან ინკვიზიციამდე მივდივართ, რადგან არ გვსურს, კრიტიკულად შევაფასოთ ყველაფერი ის, რის პროპაგანდასაც ვეწევით, და ვთავაზობთ სხვებს. ამ სხვათა მიერ ჩვენი შეთავაზების მიუღებლობა კი მათდამი ზიზღის გამოწვევის მიზეზი ხდება.

დემოკრატებმა უღალატეს იმ პრინციპებს, რომლებისაც ოდესღაც სჯეროდათ.

ამერიკელები მთელ მსოფლიოში მხარს უჭერენ ფრიად საეჭვო რეჟიმებს იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმები აღიარებენ და მოქმედებენ ამერიკის საეჭვო ღირებულებათა პოლიტიკის ჩარჩოებში.

სიყალბეა და უპრინციპობა, რაც დემოკრატიაზე გულაცრუების უპირველესი მიზეზია.

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ დღეს დემოკრატიის მიმართ რწმენის დაკარგვა ისეთივე არნახული მასშტაბისაა, როგორიც 80-იანი წლების დასასრულისა და 90-იანების დასაწყისში მისით მოხიბვლის ყოვლისმომცველობა იყო:

კოსმოსური მასშტაბის და სრულიად არაკრიტიკული. გვჯეროდა ნათელი მომავლის ამობრწყინების.

მწარედ მოტყუვდით ჩვენი მალემრწმენობისა გამო _ თუნდაც იმისა, რომ, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად და ჩვენი მოსახლეობის სოციალური ყოველდღიურობის დონის ასამაღლებლად საკმარისი იქნებოდა ჩაის წარმოების გაზრდა და პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანა. თუ არა და, მზად ვიყავით, ბალახი მოგვეძოვა და დემოკრატია მშიერ კუჭზე დაგვენერგა.

დღეს შიმშილის ზღვარზე ყოფნა უმთავრეს და გადაულახავ პრობლემად წარმოგვიდგა.

და არსად ჩანს მობალახე ჰომო საპიენსი.

თვალი აეხილა ხალხს და კრიტიკულად განეწყო ცარიელი დემოკრატიის მიმართ.

ისტერიკაში ხომ არ ჩავვარდით?

დღეს ჩვენი მოსახლეობა, გამოკითხვის შედეგებს თუ ვენდობით, სახელმწიფო მართვის სტრუქტურებიდან პირველ ადგილზე არმიას რომ აყენებს, ეკლესიის რომ სჯერა და ენდობა, იმიტომაც ხომ არა, რომ არც ერთს, არც მეორეს ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა არ ევალება?

ინვესტიციები, კრედიტები, როგორც პოლიტოლოგების ტრადიციული ტელედებატების ზოგიერთი მონაწილე ამბობს, მხოლოდ დროებითი დეკორაციაა, სპექტაკლის მომდევნო მოქმედებაში სხვა ანტურაჟი ჩაენაცვლება, რომელიც მოქმედების განვითარებას პეწს კი შესძენს, მაგრამ ვერ შეცვლის.

არც არასდროს შეუცვლია.

ხოლო ის თოფი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს უნდა გაისროლოს, სად ჰკიდია, სცენის დეკორაციის რომელ კედელზე, წარმოდგენა არ მაქვს.

ამიტომ ისევ იაკობ კედმის ვკითხოთ, რადგან მისი მოღვაწეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი სხვებზე უკეთ ერკვევა შექმნილ ვითარებაში და შეიძლება ისეთი რამ გვითხრას, რომ თმები (ვისაც შერჩა) ან ყალყზე დაგვიდგას, ან გაგვითეთრდეს მყისიერ.

ამბობს კიდეც:

_ სოლჟენიცინს ადამიანები არ გამოუკითხავს. წერდა იმას, რასაც გამოსტყუებდა. პატიმრობაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში იყო “სტუკაჩი” (კაგებეს ინფორმატორი). “შარაშკაში” (საიდუმლო ლაბორატორიაში, სადაც ლავრენტი ბერიამ ციხის ნაცვლად თავი მოუყარა წამყვან მეცნიერებს, ატომური იარაღის შექმნაზე სამუშაოდ) რომ გადაიყვანეს, იქაც “სტუკაჩობდა”, არც პროფესიით, არც მეცნიერული ცენზითა და გამოცდილებით იქ მისი ადგილი არ ყოფილა. ბანაკიდან გასვლის შემდეგ ეს ჭორები ლიტერატურულად დაამუშავა და წიგნებად გამოსცა. არც ერთი მისი ნათქვამი ფაქტებით არ დასტურდება. ასეთია იმ მკვლევარების აზრი, რომლებმაც შეისწავლეს მისი შემოქმედება. იმავეს ამბობენ ისინიც, ვინც მასთან ერთად იხდიდა სასჯელს და რცხვენიათ, რომ სოლჟენიცინი მათ თავს უტოლებს.

რასაც სოლჟენიცინი წერს, მისი წარყვნილი შეხედულების ნაყოფია. სხვა არაფერი.

ასეთია ჩემი პირადი აზრი.

ხოლო იმ ქალბატონის, რომლის ნაწერზეც ჩამოვარდა საუბარი, აზროვნება ბაყაყისას ჰგავს: მხოლოდ თეთრსა და შავ ფერებს არჩევს და აღიქვამს. ასეთივეა მისი ბუნება, არა მარტო მისი მხედველობა, არამედ ტვინიც ასე აქვს მოწყობილი.

მისი წერილი გატენილია სიცრუით, სიმახინჯითა და პათოლოგიური ზიზღით, სხვა არაფერია. არც ლოგიკა, არც აზრის თანმიმდევრობა. ღირსი არ არის, განვიხილოთ, როგორც მეცნიერული დოკუმენტი. აშკარაა, ადამიანს, რომელსაც ამის დაწერა შეუძლია, აზროვნების, ანალიზის არავითარი უნარი არ გააჩნია.

ორმა მომენტმა გამახარა განსაკუთრებით; უწინარეს ყოვლისა, მისი და მისნაირების დონემ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები არიან. ისინი ცხოვრობენ თავიანთ წარმოსახვით სამყაროში.

მეორეც, მისმა აღიარებამ, რომ ჩაისვარეს: ჩვენ წავაგეთ, აღარაფერი დაგვრჩა, ვსხედვართ ჩვენს განავალში, ვიჩიჩქნებით, ვფართხალებთ წუმპეში და ვერაფერს მივაღწიეთ. ასეთია მისი ნაწერის თავისუფალი ინტერპრეტაცია.

ასეთებია ლიბერალური ინკვიზიციის მთელი პლეადა, ისეთივე უსულგულო, დაუნდობელი, ისეთივე დანაშაულებრივი. ჭეშმარიტ სარწმუნოებას ამოფარებული…

* * *

აიჭრამეთქი დრო, ცხოვრება ჩვენი, რაც, დამემოწმებით, ამ მიმოხილვასაც დაეტყო.

დროის პროდუქტია და იმიტომ.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here