წყეულიმც იყოს!

    დემოკრატია  (ხალხის მმართველობა) ძველ საბერძნეთში იღებს სათავეს და  საუკეთესოდ არის მიჩნეული  მმართველობის იმ ფორმათა შორის, რომლებიც  კაცობრიობას შეუქმნია და გამოუვლია. ფართოდ არის გავრცელებული უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამი: „დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სხვა ფორმებს, რომლებიც მანამდე  შექმნილა”.

    ნებისმიერი მმართველობისას  ხდება მიღებული ფორმის ხალხისთვის თავს მოხვევა დარწმუნებისა თუ ძალდატანების გზით, დაწყებული მონათმფლობელობით და დამთავრებული თანამედროვე დემოკრატიით. არსებობს ასეთი ფორმულა: მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, ვალდებულია, იცხოვროს იმ მოცემულობაში და იმ ცხოვრების წესით, რომელიც გაბატონებულია. აქ არის ერთი არსებითი მომენტი:  მმართველობის ნებისმიერი ფორმისთვის, გარდა დემოკრატიისა, ეს ძალდატანება მისი შინაგანი თვისებაა, მისი არსიდან გამომდინარეობს და მისი ბუნების შესაბამისია. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველობის ფორმის მიმართ  არც ინდივიდის და არც ხალხის პროტესტი არ მიიღება. ეს მდგომარეობა არა მხოლოდ გასაგები, არამედ მისაღებიცაა ორივე მხარისთვის. ასეა, მორჩა!

    დემოკრატიის დროს განსხვავებული ვითარებაა. დემოკრატიის დროს,  არათუ ხალხს, ნებისმიერ ინდივიდს აქვს პროტესტის უფლება, რადგან დემოკრატიული მმართველობა სწორედ ამას ეფუძნება  სიტყვისა და გამოხატვის უფლებასა და თავისუფლებას, მეტიც მართვის თავისუფლებასაც (დემოკრატია  – ხალხის მმართველბა). მონათმფლობელი კონსტიტუციურად სწორია, როდესაც მონას უფლებას არ უტოვებს, მაგრამ დემოკრატიის დროს არც სახელმწიფო და არც სხვა ვინმე კონსტიტუციურად არ არის უფლებამოსილი, დემოკრატიის საწინააღმდეგო  აზრი, პროტესტი, გამოსვლა ჩაახშოს, რადგან… რადგან დემოკრატიაა, სიტყვის თავისუფლებაა, გამოხატვის თავისუფლებაა და ა.შ. დემოკრატიას აღმოაჩნდა შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ სისტემა, რომელიც ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს, ვერ ანიჭებს ადამიანს ამ თავისუფლების მიმნიჭებელი სისტემის საწინააღმდეგო გამოსვლის უფლებას, ოღონდ  არა კონსტიტუციურად და კანონმდებლობით, არამედ მისი შინაარსითა და ლოგიკით, მისი შინაგანი თვისებითა და ბუნებით. როდესაც დემოკრატია დემოკრატიის საწინააღმდეგო განწყობების გამოხატვას ხელს უშლის, ასეთ შემთხვევაში იგი საკუთარ არსს ფორმალურად ეწინააღმდეგება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელს არ უშლის, საკუთარ არსს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება.

    ამ ვითარებას შესანიშნავად ასახავს ვოლტერის მოსწრებულად ნათქვამი: მე კატეგორიულად არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის, რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს“.  ეს იმას ნიშნავს, რომ არის ვითარება, როდესაც დემოკრატია იძულებულია, საკუთარ თავს დაუპირისპირდეს, რათა საკუთარი პრინციპი დაიცვას. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში დემოკრატია საკუთარ თავს თუ დაიცავს, იგი ავტომატურად საკუთარ პრინციპს დაუპირისპირდება, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან დაპირისპირებაა.

    დემოკრატიას აქვს რამდენიმე სუსტი წერტილი (აქილევსის ქუსლი). ერთი უპირველესთაგანი ისაა, რასაც შილერი გულისხმობდა მის ცნობილ ნათქვამში: „ხმებს კი არ უნდა ითვლიდნენ, არამედ წონიდნენ. სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილება უმრავლესობითა და უგუნურებით მიიღება, ადრე თუ გვიან დაიღუპება”.   ნიცშე კი უფრო შორსაც მიდიოდა და უფრო კატეგორიულიც იყო: თანამედროვე დემოკრატია სახელმწიფოს დაცემის ისტორიული ფორმაა“.

    ფაქტია, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ბრძენი სანთლით საძებნია, ანუ ხალხში გონიერ ნაწილს ნაკლებად გონიერი ნაწილი სჭარბობს ყოველთვის. აქედან გამომდინარე თქვა შილერმა, ხმების დათვლაზე უკეთესი მისი აწონვა იქნებოდაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სასწორი ჯერ არ გამოუგონიათ, ამიტომ ისევ ხმების დათვლას უნდა დავჯერდეთ. ისე, დიდებული ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილიც უკმაყოფილო იყო ხმების დათვლის გავრცელებული პრაქტიკით:

    ჰო, მათემატიკაზე მოგახსენებდით. აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კივინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდიოო, მაგაზე უკეთესს  რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ. ჰოდა, მოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და, რომ ჰკითხავენ, – რამდენი კაცი დგას ქუჩაში? – იტყვის: ორი. აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ ორი, ის და ის, ესე იგი, ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება”.

    ზუსტად ის მსჯელობაა, ჩვენ რომ გვჭირდება. ილია ჭავჭავაძის დროსაც იქნებოდა ვინმე, რომელი ერთი დავასახელო, ვთქვათ, ნიკა გვარამიას ჭკუის კაცი და, მაგათ საარჩევნო ხმებს თუ არ ავწონიდით და, როგორც დემოკრატია ითვალისწინებს, დათვლიდით, რას მივიღებდით, თანაბარი მნიშვნელობის ორ ხმას? ასეთ შემთხვევაში, როგორც დოჩანაშვილი ბრძანებს, მათემატიკა ნამდვილად არ გამოდის ზუსტი მეცნიერება, ხოლო  დემოკრატია მთლად ბითურობად გამოიყურება, ვინაიდან გამოდის, რომ მას არ აქვს ნაკლებად ჭკვიანი უმრავლესობის აზრის აგრესიისგან ჭკვიანი უმცირესობის აზრის გადარჩენის მექანიზმი, ანუ ხარისხი ეწირება რაოდენობას. ბოლომდე  გამოკვეთილად არა, მაგრამ ამავე აზრის შემცველია აბრაამ ლინკოლნის მიერ ნათქვამი, რომელშიც უდიდესი ცინიზმია ჩაქსოვილი: „დემოკრატია არის ხალხის მმართველობა ხალხის მიერ ხალხისთვის”. ლინკოლნი ანალოგიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს მის შემდეგ სიტყვებშიც, რომლებშიც ასეთივე შეფარული აზრი იკითხება: „არ  ვისურვებდი ვიყო მონა, თუმცა არც მათ ბატონობას ვისურვებდი, ესაა ჩემი აზრი დემოკრატიაზე”.

    დემოკრატია კიდევ ერთი კუთხით უნდა განვიხილოთ. ესაა ზნეობა.

    ზნეობა საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა. ზნეობრივი ნორმები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ანუ მისი შეუსრულებლობის გამო ადამიანები სისხლის სამართლის წესით არ ისჯებიან. მიუხედავად ამისა, ზნეობრივ ნორმებს იურიდიულ ნორმებზე მაღალი ღირებულება აქვს. ზნეობის ინსტიტუტი თავისუფლების მომნიჭებელი კი არ არის, პირიქით –  ხშირად იგი სხვადასხვა სახის თავისუფლებათა შემზღუდავი (ზოგჯერ ამკრძალავი) საზოგადოებრივი ინსტიტუციაა. დემოკრატია კი შეზღუდვათა და აკრძალვათა მოხსნისკენ ორიენტირებული წესია ცხოვრებისა და მართვისა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან დაპირისპირებულია.  ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ ოპერირების განსხვავებული მექანიზმები გააჩნიათ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თუნდაც ამიტომ, დემოკრატია და ზნეობა მთლად დაპირისპირებული თუ არ არიან, რამდენადმე მაინც განიზიდავენ ერთმანეთს – ერთი ზღუდავს, მეორე ათავისუფლებს. ძირითად, მიმართულებებზეა საუბარი, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ყველანაირი შეზღუდვა ზნეობრივი არ არის და არც ყველა თავისუფლებაა დემოკრატიული. ანტონ  ჩეხოვი ციკლში „წერილები ვენიდან” 1891 წელს წერდა: „ყოველ მოსახვევში წიგნების მაღაზიაა. უცნაურია, რომ აქ ყველაფრის წაკითხვა და თქმა შეგიძლია”.  ამ საქმეს ზოგადად და ზედაპირულად თუ შევხედავთ, მოგვეწონება, რა თქმა უნდა, თავისუფლების ის ხარისხი, როდესაც „ყველაფრის წაკითხვა და ყველაფრის თქმა შეგიძლია”, მაგრამ დავაკვირდეთ და კარგად გავიაზროთ სიტყვა „ყველაფერი”.  ყველაფერში ხომ ბევრი ცუდი რამეც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგალითად, პორნოგრაფია? ვისი პირმშოა ეს უსაშინლესი ჟანრი, თუ არა დემოკრატიისა და ყოვლისნებადართულობისა?

    ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია!” –  დოსტოევსკის ეს გულისგამგმირავი ამოკვნესა წინასწარი ჭვრეტა იყო ამორალიზმის ცუნამისა, რომელიც თვისუფლების იმ ვულგარულ გაგებას მოჰქონდა, დემოკრატიის სახელით რომ უნდა მოვლენოდა მსოფლიოს. დღეს პორნოგრაფია  ისე თავისუფლად დასეირნობს ინტერნეტსივრცეში, რომ ნებისმიერი მოზარდისთვის ხელმისაწვდომია. იგი თითქოს აკრძალულია, მაგრამ როგორ შეიძლება აკრძალული უწოდო იმას, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია?!

    შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა, რამდენი ასეთი უარყოფითი მხარე აღმოაჩნდა დემოკრატიას. უარყოფით მხარეთა შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი დადებითი მხარეების (რაც უდავოდ გააჩნია) რეალიზებაც ვერ მოხერხდა ისე, როგორც საჭირო იყო. ბენჯამინ ფრანკლინი წერს: დემოკრატიაა, როდესაც ორი მშიერი მგელი და ერთი ბატკანი სადილის მენიუს კენჭს უყრიან”. დიდმა მოაზროვნეებმა მრავალი კუთხიდან შეხედეს, შეისწავლეს და გააანალიზეს დემოკრატია. სამწუხაროდ, დასკვნა ყოველთვის არ არის დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელი იმანუელ კანტი დაუფარავი ცინიზმით ამბობდა: დემოკრატია სამ უმთავრეს პრინციპს  ეყრდნობა: სინდისის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და გონიერებას, რომ პირველი ორიდან არც ერთი არ ყოს გამოყენებული.  ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პითაგორაც ისეთივე შეუვალი იყო დემოკრატიის შეფასებისას, როგორც ათასწლეულის გასვლის შემდეგ კანტი აღმოჩნდა: კაცობრიობა სამი რეალური საფრთხის წინაშე დგას  –  სწავლულთა მატერიალიზმი; სასულიერო პირთა გარყვნა; დემოკრატიული ქაოსი”.

    ხალხი ყოველთვის არ ისწრაფვის დემოკრატიისკენ. ხალხი უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. იგივე უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „დემოკრატიის საწინააღმდეგი საუკეთესო არგუმენტი ხუთწუთიანი გასაუბრებაა საშუალო ამომრჩეველთან”.  ინდოეთის უდიდესი შვილი მაათმა განდი ამბობდა: ობლებისთვის, უსახლკაროების და მკვდრებისთვის რა მნიშვნელობა აქვს,  თუ რისი შედეგია ნგრევა და განუკითხაობა   ტოტალიტარიზმის თუ დემოკრატიის და ლიბერალიზმის?!

    არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთნაირი დემოკრატია ვერ განხორციელდება  სხვადასხვა გეოგრაფიულ, ისტორიულ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ, მენტალურ გარემოში. ყაზახეთის ლიდერმა ნურსულთან ნაზარბაევმა ერთხელ დანანებით თქვა: „ძალიან მინდა ისეთი დემოკრატია ავაშენო, როგორიც ამერიკაშია, მაგრამ ყაზახეთში საიდან მოვიყვანო ამდენი ამერიკელი?!” კარგი ნათქვამია, ღრმა აზრის შემცველი.

    ბევრი მოსწრებული ნათქვამის მოტანა შეიძლება, მაგრამ, რაც მოვიტანეთ, ისიც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ დემოკრატია მიზანი არ არის და მით უფრო დაუშვებელია თვითმიზანად მისი გადაქცევა. დემოკრატია შეიძლება მხოლოდ საშუალებად განვიხილოთ, მაგრამ ესეც ეჭვქვეშ დგება იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად იგი არსად  განხორციელებულა. ის, რაც დემოკრატიის სახელით გვაქვს, მხოლოდ ფსევდოდემოკრატიაა – მოჩვენებითი, ყალბი და მახინჯი. ოცდაათი წელიწადია, საქართველოში დემოკრატიას გაიძახიან და მის დროშას დააფრიალებენ, მაგრამ ვის შეუძლია,  ადგეს და თამამად განაცხადოს, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენეთ? ის, რომ დასავლურ აგენტურას შავი ფულით დაფინანსებული ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები აქვთ, ოდნავადაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ დემოკრატიაა. პირიქით, ეს ხალხის ხმის საგულდაგულოდ დახშობის მაუწყებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაშიც, ტელეარხებზეც, სოციალურ ქსელებშიც, ვისაც რა მოესურვება, იმას გაჰკივის და გაჰყვირის, საოცარია, მაგრამ ხალხის ხმა ნაკლებად ან საერთოდ  არ ისმის. ხალხის ხმას მონდომებული და გაფაციცებული მიყურადება სჭირდება, რომ ამ ქაოსში, ამ დომხალში, ამ კაკოფონიაში ამოიცნო და გაშიფრო. ხალხი იმ დღეს წყევლის, როდესაც შემოიპარა  ეს შემზარავი მონსტრი, რომელიც თავს დემოკრატიად გვასაღებს.  წყეულიმც იყოს! – ეს არის ის საერთო სახალხო ამოძახილი, რომელიც საქართველოში გამეფებულ ქაოსში უნდა ისმოდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ისმის, ვინაიდან მართლა მართლის მთქმელი, როგორც იდევნებოდა, ისევე იდევნება ან გიჟად ცხადდება. მართლა მართლის მთქმელი სინტაქსურად ისეთივე არასწორი ფორმაა, როგორიც კაცური კაცი, მაგრამ, როგორც ეს მეორე უმართებულო გრამატიკული ფორმა დამკვიდრდა ენაში, ალბათ, ასევე დამკვიდრდება ის პირველიც – მართლა მართლის მთქმელი, რადგან ფსევდომართლის მთქმელი და ვითომ მართლის მთქმელი იმდენი გვყავს, თვლა არ აქვს. მართლის მთქმელობას მხოლოდ გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, ჭკუა და გონებაც სჭირდება. ამას თუ გულისხმობდა გენიალური ჩეხოვი, როდესაც წერდა: „მთელი ჩემი ავადმყოფობა იმაში მდგომარეობს, რომ ოცი წლის განმავლობაში  ამ ქალაქში ერთი ჭკვიანი ადამიანი ვიპოვე და ისიც გიჟი აღმოჩნდა!”

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here