Home რუბრიკები ისტორია წყევლაკრულვიანი საკითხავი

წყევლაკრულვიანი საკითხავი

ნუთუ ფულზე გაიცვალა ქართველი კაცის კეთილშობილება და სათნოება?

1291
როსტომ წერეთელი

აკაკი წერეთლის მამის, როსტომ წერეთლის, შთამბეჭდავი სახეერთსა და იმავე დროს მიმტევებელი და დამთმობი და მეორე მხრივფიცხი და ახირებული, “ჩემი თავგადასავლის”‘წაკითხვის შემდეგ მკითხველს სამუდამოდ ჩაებეჭდება მეხსიერებაში, მაგრამ პოეტის მამის პორტრეტი დასრულებული არ იქნებოდა, თუ გამოვტოვებდით აკაკი წერეთლის ვრცელ პუბლიცისტურ თხზულებასშავიქვა”. მასში აღწერილია, როგორ უმასპინძლა როსტომ წერეთლმა უცხოელებს. შეიძლება ითქვას, რომ, იქ მოთხრობილი ამბის მიხედვით, მხოლოდ ერთი კაცის კი არა, ზოგადად, ქართველი კაცის კეთილშობილებისა და სათნოების სურათია დახატული.

 და დღეს, როცა საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ეძებს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გზებს, ქართველი თავადის თუმცა გულუბრყვილო, მაგრამ ხალას პატიოსნებაზე დაფუძნებული ურთიერთობა იქნებ ერთგვარი ნიშანსვეტიც კი იყოს უცხოელებთან ქართველების დამოკიდებულების.

დღეს საქართველოში ათასი ჯურის გადამთიელი ჩამოდის, ზოგი _ ტურისტად, ზოგიც _ ბიზნესის საწარმოებლად. მათგან, მართალია, ზოგი მაშინვე უკანვეა გასაბრუნებელი, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, რომლებთანაც ეს ხალასი პატიოსნება აუცილებლად გვჭირდება, თორემ რა გამოდის: სირცხვილით ვიწვით, როცა ქართველიტაქსისმძღოლი უცხოელს ატყავებს, ვაჭარი მამასისხლად სთავაზობს ხილსა თუ ჩურჩხელას, ქართულ სანელებლებსერთი სიტყვით, მავანი ხელიდან არ უშვებს შანსს, უცხოელს რაც შეიძლება მეტი ფული დასტყუოს და არად დაგიდევს იმ ხალას პატიოსნებას, რომლითაც, ალბათ, აგრერიგად იწონებს თავს გაშლილ სუფრასთან.

 ნუთუ ფულზე გაიცვალა ქართველი კაცის კეთილშობილება და სათნოება?

აი დღეს ჩვენი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

შავიქვა

ერთხელ ვიღაც ბორდოელი ვაჭრები მოსულიყვნენ ჩვენში, დაეთვალიერებინათ ადგილობრივ, გაესინჯათ შავი-ქვა და დაღლილ-დაქანცულები მოგვადგნენ კარზე. ჩვენ ჩვეულებისამებრ პატივი ვეცით უცხო სტუმრებს და მოუსვენეთ იმ ღამეს სასტუმროში. შუაღამე გადასული იყო, რომ რაღაც უცნაური ხმაურობა შემომესმა იმათ საწოლითგან და თანაც მამაჩემის ხმა გავარჩიე: “რას შვრებით? როგორ გეკადრებათო?” და სხვანი!… შევიჭერი საჩქაროდ მეც და რა გამოდგა: თურმე ფრანცუზებს ძილი გასტეხოდათ. ჩამოეგდოთ საუბარი სხვათა შორის პოლიტიკაზე, ვეღარ შეთანხმებულიყვნენ და მოსვლოდათ ხმა-მაღალი ლაპარაკი. მამაჩემს გამოჰღვიძებოდა იმათს ხმაურობაზე და, რადგანაც მათი სიტყვა არ ესმოდა, ჩხუბობენო, ჰგონებოდა და გასაშველებლად შესულიყო. სტუმრებიც, უდროო დროს მათთან შესული მასპინძელი რომ დაენახათ, და ისიც უცნაურის ტანისამოსით, შემკრთალიყვნენ და აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ… რომ მაღალი სახლი არა ყოფილიყო, ვგონებ, იკადრებდნენ ფანჯრიდგან გადახტომას. ეს რომ გავიგე, სიცილი ამიტყდა… ბაზელმა და პონშარმაც, ამ გვარებისანი იყვნენ, სიცილით მოიხადეს მამაჩემთან ბოდიში, მაგრამ მოხუცებულ მასპინძელს კი ეუცხოვა და ვეღარ მოიბრუნა გული: “რა დროს პოლიტიკაზე ლაპარაკია და ისიც ამ სიშორესო? …მე კი გული გადამიტრიალეთო-და?…’_ უპასუხა ძალდატანებულის ღიმილით.

მერე მე მომიბრუნდა და მითხრა: “შვილო, ეს სულ შენგან მჭირდეს! ღმერთი! რჯული! ეს შავი-ქვა ჩვენ ხეირს არ დაგვაყრის და ერთხელაც იქნება, უხიფათოდ არ ჩაივლის!…” ამითი გავათავეთ იმღამინდელი ახირებული შემთხვევა. მეორე დღეს დილა-ადრიან შემოვიდა ჩემს ოთახში მამაჩემი და მითხრა: ის ფრანცუზები, გათენდა თუ არა, ბაღში წავიდნენ და ვაითუ რაღაცა დუელი უქვიათ, ის გამართონ და ერთი უბედურება მოახდინონო. ჯერ კიდევ არ გაეთავებინა საუბარი, დავინახეთ ფანჯრიდან, რომ ისინი ორივე ხელი-ხელ გამოყრილი მეგობრულად დაბრუნებულნი მოდიოდნენ!… შემოვიდნენ ჩვენთან, მოგვემშვიდობნენ და ჩვეულებრივის ზრდილობიანობით ბოდიში მოიხადეს მამაჩემთან წუხანდელ შემთხვევის გამო: “არ გვეგონა, თუ თქვენც ისე ახლოს ბრძანდებოდით და გესმოდათ ჩვენი ბაასიო!”… იმათმა ზრდილობიანობამ მამაჩემს გული მოუბრუნა: “ღვთის მადლმა, არ ყოფილან ესენი ურიგო კაცებიო. და თითონაც ალერსითა და ბოდიშით უპასუხა: _ მეც-კი უკაცრავათა ვარ, რომ უცბად შემოგეჭერით, მაგრამ ერთხელვე შეშინებული ვარ უცხოელ სტუმრისაგანო და მისი ბრალი იყოო. მაგრამ, მართალი უთქვიათ: ერთის ხისგან ჯვარიც გამოვა და ბარიცო! ხალხიც ყოფილა და ხალხიცაო… მე კი ჯერ თქვენი ქვეყნელი სტუმარი არა მყოლია და თქვენც იმისთანა ტუტუცი მეგონეთ, როგორც ის ერთი უცხო ქვეყნელი, ღუბერნატორმა რომ გამომიგზავნაო, _ სთქვა სიცილით და მოაყოლა: _ ამ ათის წლის წინად გენერალ-გუბერნატორს გამოეგზავნა ჩემთან ერთი ვიღაც უცხო ქვეყნელი!… “მეცნიერი კაცია, ჩვენის ქვეყნის გამოკვლევა უნდა, ბუნების გამომძიებელია და მიიღე, ხელი შეუწყვეო. მაშინვე-კი მკრა რენჩხად გულზე და ვსთქვი: როგორ თუ ბუნების გამომძიებელიო? ღვთის გაჩენილსა და გამართულ ბუნებას რაღა გამოძიება ეჭირვება? მე გეტყვი, წუნს ვინმე დასდებს-მეთქი! ვფიქრობდი, მაგრამ მიღებით კი მაინც მივიღე. სწორედ მოგახსენოთ, ამხელა კაცი დავბერდი და ჯერ იმისთანა ახირებული სტუმარი არა თუ არ მინახავს, ამბადაც არ გამიგონია. მისგან არც გამარჯობა და არც გაგიმარჯოს. იყო თავისთვის გაბერილ-გაბუტული, თითქო ბუზადაც არავინ მიაჩნიაო, მაგრამ ნამდვილს ბუზებს-კი ძალიან დასდევდა. დილიდან საღამომდე სულ ტყე და ველში იყო. ყვავილებსა ჰკრეფდა და ჭიებს იჭერდა. არც იცინოდა, არც ხმას იღებდა, თუმცა თარჯიმანი ერთის მაგიერ ორი ახლდა. ხანდახან წამოიძახებდა ხოლმე: “ია! იაო!”, თითქოს პატარა ყმაწვილს აბოდებსო, და ან “ნეინ-ნეინო!”, თითქო ღორებს უძახისო. ამის მეტი მისის პირიდგან არა ამოდიოდა-რა! ექვსი დღე დარჩა ჩემსას, მაგრამ ისე-კი მომაბეზრა თავი, რომ ექვსი საუკუნე მეგონა. ან კი რა სასიამოვნოა მისთანა სტუმარი, რომელიც მგლოვიარე ჭირისუფალსა ჰგავს? წასვლის დროს პატივი ვეცი და მოვიწვიე დიდ-ძალი ხალხი, სუფრა გარეთ გავშალეთ. კარგი დღე იყო. ის, როგორც საპატიო სტუმარი, თავში დავსვით და გაიმართა ლხინი. ის მაინც სულ იბღვირებოდა. ბოლოს, როდესაც იმის სადღეგრძელოსა ვსვამდით, აიღო თავი მაღლა, წამოვარდა უცბად ზეზე, გავარდა მინდვრად, ხან იქით გარბოდა და ხან აქეთ!.. ღმერთმა ისე თქვენი მტერი შეაწუხოს, მე მაშინ შევწუხდი და მოწვეულებსაც დამწარდათ ლხინი. ვიფიქრე: “ვეჰ, გამიწყრა ღმერთი და სტუმარი გადამერია-თქო…. გამოუყენე მსახურები, რომ არსად გადაჩეხილიყო, და რა გამოდგა: თურმე ის, ხატის პეპელა რომ არის, ჭრელი, იმას გამოსდგომოდა დასაჭერად… ამ შემთხვევამ დიდი უსიამოვნება გამოიწვია. ისეც არ იყო ალერსიანი სტუმარი და მაშინ ხომ სულ კოლოტივით გაიბერა. აღარც ბოდიში, აღარც ალერსი, არაფერი აღარ გაგვივიდა იმ დალოცვილთან. ჯავრობდა: “ხელი რად შემიშალეთ და იმისთანა პეპელა გამაშვებინეთო!” ვეუბნები: “ბატონო, ფილოსოფოსს გეძახიან, როგორ გეკადრებათ პეპელების დევნა, ეგ ხომ ბავშვების საქმეა!… მაგრამ, აჰ, არა ჰქნა, არ მოიბრუნა გული და აღარც კი გამოგვთხოვებია, ისე წავიდა გამწყრალი.

ქუთაისში რომ ჩავედი, ერთის წლის შემდეგ გუბერნატორმა მკითხა სიცილით, იმ კაცს, მე რომ გასტუმრეთ, რა უყავით იმისთანა, რომ ასე გაჯავრებით გიხსენიებთ აი ამ წიგნშიო, გადაშალა რაღაც წიგნი და წამიკითხა: იქ თავის მოგზაურობის აღწერაში, იმ ახირებულს კაცს ცუდად მოვეხსენებიე და სხვათა შორის იმას იხსენიებდა, რომ პეპელა გამაშვებინესო. აბა, მე, თუ გინდა, გამლანძღა პატივისცემის სამაგიეროთ! რა გაეწყობა. კაცია და გუნებაო, ნათქვამია, მაგრამ პეპელას დაჭერა რაღა დასატრაბახებელი იყო. ჩვენში ყურებით დათვს იჭერენ და ისიც არაფრად მიაჩნიათ.

ამ მუსაიფის დროს მოხუცებული ბაზილი ძლივს იჭერდა სიცილს, მაგრამ ახალგაზრდა პონშარი ხარხარებდა და ეს ძალიან მოსწონდა მამაჩემსაც: აი, სტუმარი ამისთანა მეამებაო!… ქრისტიანულად კიდეც იცინიან, კიდეც ჩხუბობენ და სიტყვა-პასუხიც ადამიანური აქვთო!…

სადილობაში სულ სხვა-და-სხვა გვარს მუსაიფში გაატარეს დრო. სადილად მასპინძელიცა და სტუმრებიც გამხიარულდნენ. მამაჩემმა დასცალა თასი და გადაუგდო პონშარს, დაიჭი და იმ შენის საყვარლის სადღეგრძელო დალიე, იმისი, წუხელი რომ ესარჩლებოდიო!… სტუმარმა მარდად დაიჭირა თასი და პასუხად ეს უთხრა: მე რომ ჩემის საყვარელის რესპუბლიკის სადღეგრძელო დავლიო, ამ ჩემს მეგობარ-ამხანაგს ეწყინება, რადგანაც ბონაპარტიელიაო!… განა იმის სადღეგრძელოს-კი არ დავლევთო, უპასუხებდა მასპინძელი… მაგრამ არ იქნა, აქაც ვერ შეთანხმდნენ სტუმრები და ბოლოს ესა სთქვა ბაზილმა… მართალია, ჩვენ, ფრანცუზებს, სხვა-და-სხვა პოლიტიკური რწმუნება გვაქვს, მაგრამ ყველას ერთად-კი მაინცა გვყავს ერთი საზოგადო საყვარელი, ე. ი. სამშობლო ქვეყანა, და თუ თქვენი ნება არის, იმის სადღეგრძელოს-კი დავლევთო. მამაჩემს ისე მოეწონა ეს, რომ ჩუმად მეკითხებოდა: კოცნა არ იციან მაგათშიო?… ღმერთმა აკურთხოს თქვენი ქვეყანაც და თქვენი ხალხიცაო, მაგრამ ვაი თუ იქაც პეპელების დევნა იცოდნენო!.. _ ღიმილით უთხრა სტუმრებს და ძალზედაც გამხიარულდა.

რამდენსამე დღეს დარჩნენ ჩვენსა სტუმრები და მამაჩემი ისე მიეჩვია, რომ ხანდახან მუნჯურადაც კი ანიშნებდნენ ხოლმე ერთმანეთს… მასპინძელი ჩვენის ძველების ამბავს მოუყვებოდა ხოლმე თარჯიმანის პირით და სამაგიეროდ იმათაც ათქმევინებდა. განსაკუთრებით ბონაპარტის ამბები და ომები მოსწონდა ხოლმე. როდესაც ბორდოელებმა წასვლა დააპირეს, მთხოვეს, რომ პირობა შემეკრა მათთან შავი-ქვის შესახებ, მაგრამ რადგანაც მამულები მამაჩემისა იყო, კანონით იმასთან უნდა შეეკრათ პირობა.

აქაც ერთი ახირებული ამბავი მოხდა. სხვათა შორის პირობაში ისიც იყო მოხსენებული, რომ წლამდე ჩვენ სხვას ვერ გადავცემდით მადანს სამუშაოდ და, თუ ამ ხნის განმავლობაში ისინი აღარ მოვიდოდნენ, მაშინ კი ხელ-გახსნილი ვიქნებოდით. ხელის მოწერაზე რომ მიდგა საქმე, მოხუცმა მასპინძელმა იწყინა და ასე სთქვა:

_ ეგ რაღა საჭიროა? თუ სიტყვას ძალა დაუკარგავს და სანდო აღარ არის? თუ კი ვინმე იმ ღვთის მოცემულს ნიჭს ენას უმტყუნებს და სიტყვას გასტეხს, კაცის ხელით გაკეთებულს მაგ პატარა ქაღალდს რაღად იწამებსო! აბა, მე ძველი კაცი ვარ, ჩვენის მეფეების მომსწრე, და ისე ვწირავ, როგორც დღემდი მიწირავსო. მე ჩემს სიტყვას არ შევშლი და თქვენ თქვენი იცითო, _ ესა სთქვა და დასამტკიცებლად ულვაშზე გადაისვა ხელი.

ფრანცუზები გაოცებით მისჩერებოდნენ, და როდესაც მე ავუხსენი მათ, თუ რას ნიშნავდა ჩვენში ძველად ულვაშზე ხელის გადასმა და რა დიდი აღთქმა იყო, ბაზილმაც მაშინვე, თავის მხრითაც, დარბაისლურად გადაისვა ხელი ულვაშზე და ახალგაზრდა პონშარმა-კი სიცილით სთქვა: _ მე რომ ჯერ არც-კი მეტყობა ულვაში, არ უნდა გადავისვა ხელიო?

მაგრამ მასპინძლისაგან ეს პასუხი მიიღო: _ ვისაც ულვაში სწამს, ის არც საულვაშეს უღალატებსო! _ და გადაასმევინა ხელი. ამით გათავდა იმათი პირობა და ხელ-შეკრულობა…

წლის განმავლობაში ყოველ დღე მოუთმენლად ელოდა მამაჩემი თავის ნაცნობ სტუმრებს, ერთი წელიწადიც კიდევ პაემანზე მეტი უცადა და, რომ მაშინაც აღარ მოვიდნენ, როგორღაც დაფიქრდა… ამასობაში სხვებმა, ვისაც კი ჰქონდა შავი-ქვა, მუშაობა დაიწყეს და ჩვენ-კი მხოლოდ ბორდოელების შემჩერე ვიყავით.

ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ მოახსენა მამას: _ ბატონო! ქვეყანა გაკეთდა ამ შავის ქვით და ჩვენ-კი ვსხედვართ გულხელდაკრეფილი და ფრანცუზებს ვუცდითო!… ეგების ახლა ისინი ცოცხალიც აღარ იყვნენო!… ამასწინათ რომ ომი ჰქონდათ გერმანელებთან, შეიძლება იმ ომში მოჰკლესო!

_ ჰმ, სწორედ მაგრე იქნება, მამაჩემი ნუ წამიწყდება… თორემ, მე რომ ის ხალხი მიცვნია, ცოცხალი პირობას როგორ გასტეხდნენო. ვაი, საცოდავები, უთუოდ მოუკლავთ და მით უფრო აღარ გვმართებს პირის გატეხაო!.. იმ კაცს ქვეყნისათვის თავი დაუდვია და რომ ვუმტყუნო, რაღა პირით შევხვდე იმ დიდსოფელსო?

ეს შეიცხადა, როგორც ნამდვილი ნათესავები და მეგობრები და ბოლოს, როცა მოიმგლოვა, იკითხა: _ იქაურის კანონით ხომ შვილები იქნებიან მათი მემკვიდრეები და ყოველგვარი მოვალეობაც შვილებზე გადადისო.

ჩვენ დასტური მივეცით, მაგრამ ესეც-კი დავამატეთ, რომ ულვაშების მემკვიდრეობა არ იციან იმ ქვეყანაში-თქო. _ არაო, მე მაინც ობლებს უნდა მოვუცადო, სანამ დაიზრდებოდნენო, _ სთქვა და გაათავა. სიტყვის შებრუნება ტყუილი იქნებოდა.

მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი იცოცხლა მამაჩემმა და, ვინც უნდა მოსულიყო, შავ-ქვაზე, ყველას ამას ეუბნებოდა: _ სხვასთან მაქვს საქმე დაჭერილი და გათავებულიო!

როცა კვდებოდა, მიმიხმო და მითხრა:

_ შვილო, ერთი ანდერძი, მინდა, დაგიგდო და შემისრულეო. სანამ ობლები არ დაიზარდნენ, შავ-ქვას ნურავის გადასცემო.

ჯერ არ გასულა ოცდა-ერთი წელიწადი, ნიშანი სრულ წლოვანებისა, და მეც ვიცდი. როდესაც ზოგიერთები თითქმის ჩემს გასაგონად იტყვიან ხოლმე: ვინ პოეტი და ვინ შავი ქვაო!… დაიწყო და ბოლო კი ვეღარ გაატანაო. აღარც თითონ მუშაობს და აღარც უნდა, სხვას გადასცეს ის შავი ქვაო! მეც ამას გავივლებ ხოლმე გუნებაში: დიახ, პოეტების საქმე ქვა კი არ არის, გულია! კარგად ვიცი, რომ იმ ორის ბორდოელის მემკვიდრეები არ მოვლენ, მაგრამ რა ვქნა, რომ მამაჩემის უკანასკნელი ნაანდერძევი სიტყვა მაინც რჯულის კანონად მაჩნია გულის ფიცარზე!… გავტეხო? არა… დეე, სხვების მცნება ჯერ ფული იყოს და მერე გული. მე კი პოეტების გიჟურს მცნებას ვერ ვუღალატებ! ჯერ გული და მერე ფული!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here