Home რუბრიკები ისტორია წყევლაკრულვიანი საკითხავი

წყევლაკრულვიანი საკითხავი

886
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რა უშველის ჩვენს გაჭირვებულ საზოგადოებას, რა წამალი განკურნავს მის ახლანდელ უძლურ მდგომარეობას, რა არის უმთავრესი ჩვენი უბედურება?

მასალა, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, 1871 წლის ჟურნალკრებულში” (#5) დაიბეჭდა სათაურითრა გვეშველება, რა გვეჭირვება?”. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, ბევრ ადგილას უნებლიეთ დაგავიწყდება, რომ ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის 70-იან წლებზე საუბრობს და არა დღევანდელ დღეზე. ადამიანი ყველა ეპოქაში ერთნაირია _ ისევე უყვარს, ისევე სძულს, მოსწონს, ქმნის ან ანადგურებსდა ისტორია მეორდება, მაგრამ წარსულის გამოცდილების გააზრება და გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ვისწავლეთ.

რა უშველის ჩვენს გაჭირვებულ საზოგადოებას, რა წამალი განკურნავს მის ახლანდელ უძლურ მდგომარეობას, რა არის უმთავრესი ჩვენი უბედურება და სხვა მსგავსი საკითხები დღესაც ისევე მწვავედ დგას ქართველი საზოგადოების წინაშე, როგორც XIX საუკუნის 70-იან წლებში.

რა გვეშველება, რა გვეჭირვება?

ჩვენი ძველები რომ ბევრათ მოხერხებული იყვნენ თავის დროისთვის, ვინამც ჩვენ, ამის მიზეზი ბევრია. უმთავრესი კი ის არის, რომ ისინი დიდი ხნიდგან ჩაყენებულნი იყვნენ თავისებურს წრეში. იმათმა ისტორიულმა ცხოვრებამ დიდი ხნიდგან მოიმკო თავისებური ჩვეულება, წესი თითოეული კაცის წადილი ცხოვრებაში და იმის დანიშნულება. ყოველმა დედამ წინათვე იცოდა, როგორი უნდა ჰყოფილიყო მისი შვილი, რა ღონე და მოხერხება უნდა ჰქონოდა ვაჟკაცობაში, რომ თავის ტოლამხანაგში პატივცემული ყოფილიყო და მამაპაპის სახელი არ შეერცხვინა.

შთამომავლობა ერთი მეორის ზედ მიყოლებით იბადებოდა და კვდებოდა; მოწიფულებაში შედიოდა და მოხუცდებოდა სულ ერთი და იმავე განზრახვის ასასრულებლათ. რა იყო ეს განზრახვა? _ მემამულეს კარგათ მოეხმარა თავის მამა-პაპეული, თავის ყმები რიგზე ემუშავებინა, მომეტებულათ არ შეევიწროებინა ისინი, სახნავ-სათესი მიწები თავ-თავის დროზე ეხნა და ეთესა, თავის დროზე ჭირნახული მოჰკრიფა, ოთხფეხი ემრავლებინა და ბრძოლაში ვაჟკაცობა გამოეჩინა. იმას ხელში ეჭირა თავის მამა-პაპეული: ხვნა-თესვით მოჰყავდა პური, აშენებდა საქონელს: ხარ-კამბეჩს, ძროხას, ცხვარს და იკეთებდა იმის მატყისგან ტან-საცმელს. სარწმუნოებაზე იყო მტკიცეთ, სახარების სიტყვა ჰქონდა მაგალითად ცხოვრებაში და თუმცა ისე არ იქცეოდა, მაგრამ ეშინოდა მაინც იმისი. სხვისი არა ემართა რა; მოთხოვნილება ბევრი არ ჰქონდა: რაც ჰქონდა, თვითონვე იკმაყოფილებდა და ამ ვიწრო ცხოვრების წრეში, ის იყო მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებული, ცხოვრობდა თავის იმედათ. მეზობლობაში მტკიცე პირი ჰქონდა და ოჯახობაში _ თავისუფლება. მეცნიერება დიდი არა ჰქონდა რა, მაგრამ ოჯახში ჰყავდა მომჭირნე დედაკაცი, გაწვრთნილი სამღვთო წერილში, განვითარებულივეფხისტყაოსანში”, რომლითაც უზრდიდა კარგი ზნისას, მხნეს და სამშობლოს მოყვარულს ახალგაზრდობას.

ჩვენი წინაპარნი ბევრი არა ყოფილან რა, მაგრამ რაც იყვნენ, იყვნენ. გაჭირვებაშიაც თავისებური კაცები იყვნენ და ბედნიერებაშიაც. რაც უნდა შემთხვევოდათ ცხოვრებაში, მაინც თავისუფალნი იყვნენ. ბლამანჟეს მაგიერათ მჭადს სჭამდენ, ხადაგს იცვამდენ, მაგრამ თავის ცოდნით და გამოცდილებით ხის წვერზე რომ დაგეყენებინა, იქიდგანაც ისე გადმოგძახებდენ, აქაც ის გახლავარ, რაც მად გინახავარო, დიახ. ჩვენი ძველები ერთირამე იყვნენ, ყოველი მაშინდელი კაცი თავისთავათ კაპიტალი, თავნი იყო. შეიძლებოდა მტერი დასცემოდა, ქვეყანა აეკლო, გაეჟლიტა, მაგრამ ეს უბედურება მაინც დროებითი იყო…

ახლა ჩვენი ხალხი სწორეთ დაემსგავსა ისეთს ხალხს, რომელიც ჟამთა ვითარების გამო აყვანილა და მთვარეზე გადასახლებულა, სადაც სულ სხვა ცხოვრების წესია: სხვა ნიადაგია, სხვა წადილი და სხვა შრომა. აბა, ამაებისა სხვა პლანეტიდგან გადმოყვანილს ერს რა ეცოდინება? ჩვენი თავადაზნაურობაც სწორეთ ამავე მდგომარეობაში ჩავარდა; მიწას მუშაობს, მიწა ვეღარ არჩენს. ხელში რომ იარაღი აქვს, იმითი მუშაობს, მაგრამ ხარჯის ფასიც არ აუდის. მუშა დაჭირდა, მუშას ვერ შოულობს, ჯამაგირი უნდა, ფული იმას არა აქვს, ყელამდის ვალში ზის. დაანებოს თავი მიწის მუშაობას და სხვას რასმე მოკიდოს ხელი, მაგრამ რასა? _ სხვა ხელობას გამოცდილება უნდა, ცოდნა, სწავლა, გახსნილი გონება და გულსმოდგინებით ზედგადაკვდომა. არც ერთი ეს თვისება იმას არა აქვს. დროც თავისას არ იშლის, მიდის, ყოველს წამს სულ ახალი მოთხოვნილება მოაქვს. რაკი ცხოვრება ერთხელვე სხვა გზას გაემართა, სხვა გარემოებაში ჩავარდა, ეშურება, წინ მიისწრაფის, სულ ახალ-ახალი საქმე იწყება, რომლისაც ჩვენს საზოგადოებას არა გაეგება რა. ერთბაშათ მრავალმა მოთხოვნილებამ ჩვენი საზოგადოების გონება შეარყია, თვალი აუბა ისე, რომ არ იცის, დღეს სად არის ან ხვალ სად იქნება. დედაკაცი უწინდულათ შვილს გვიზდის, მაგრამ რა დანიშნულებისთვის არ იცის, როგორც ჩვენ თვითონ არ ვიცით. ყველანი ბრმანი შევქმნილვართ და ბრმასავით ნაბიჯის წინ წადგმას ვშიშობთ, ღრეში არ გადავვარდეთ და სულ არ დავიღუპოთ. ეს დრო ვერ გვიცვნია, იმის მოთხოვნილება ვერ შეგვიტყვია _ აი, რა არის უმთავრესი ჩვენი უძლურება, ჩვენი უბედურება.

მაშ, რა გვეშველება, რა გვეჭირვება? _ ისეთი ცოდნის წყარო, რომ იმან ჩვენს ახალგაზრდობას თვალი აუხილოს, ეს დრო კარგათ გააცნოს და იმდენათ გაავარჯიშოს იმის გონება, რომ ყოველს ახალს დროს შეეთვისოს, არც ერთი ახალი მოთხოვნილება იმის გონების თვალს არ გამოეპაროს.

ნამდვილი ახალი თაობა მაშინ გაჩნდება, როდესაც ის დაბადებიდგანვე დავაჟკაცებამდის თავის ქვეყნის ჰაერში, გარემოებაში გაიკომლება, კარგათ შეისწავლის იმის კანონებს და თან მაღალი სწავლაც მიეცემა საფუძლიანათ ცხოვრების გასაჩხრეკათ და ნამდვილი ღონისძიების მოსახმარებლათ, რომ ბოლოს მაინც გამოვიდეს ახლანდელი გაჭირვებიდგან. აქედგან ცხადათ სჩანს, რომ უმაღლესი სასწავლებელი ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვენსავე მხარეში უნდა გაიხსნას. ეს არის ახლა ჩვენი პირველი მოთხოვნილება, ეს უნდა იყოს ჩვენი მფარველი მომავალში. რა კი ეს გამოვიკვლიეთ, ახლა ისევ ზემოთ მოყვანილს კითხვას მიუბრუნდეთ: რომელი უმაღლესი სასწავლებელი უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელი უფრო მალე გამოგვასხამს ფრთებს?

უმაღლესს სასწავლებლებში სახელგანთქმულნი არიან ინჟინრების აკადემია, ტეხნოლოგიური ინსტიტუტი, მეურნეობის და ოჯახობის მასწავლებელი აკადემია და უნივერსიტეტი. ყოველს ამ სასწავლებელს აქვს თავისი დაუფასებელი თვისება, მაგრამ სამივე ზემოხსენებული უმაღლესი სასწავლებლები განირჩევიან უნივერსიტეტისაგან შინაგანი თვისებით.

ინჟინრების აკადემია ზრდის ახალგაზრდობას განსაკუთრებით გზის და ხიდების კეთებაში. ტეხნოლოგიური ინსტიტუტის დასრულებული ყმაწვილი კარგათ დახელოვნებულია მხოლოდ ფაბრიკებისთვის და ზავოდებში, რომელნიც ჩვენ სრულებით არ მოგვეძევა და იმათ დაწყებას დიდი ფული უნდა მეურნეობის აკადემიაში გაზდილი ყმაწვილი განვითარებულია განსაკუთრებით ოჯახობაში, იცის ადგილმამულის შემუშავება ევროპიულს წესზე, მრავალ-გვარი ოჯახობის დაწყება და ფეხზე დაყენება, თუ ფული ექნა. ამ ზემოხსენებულს სასწავლებლებში გამოსულნი იმდენათ განვითარებულნი და გართულნი არიან მარტო თავის ხელობაში, რომ გარეშე იმისა სხვა არა ეცოდინებათ რა და თუ თავის ხელობაში ვერ იშოვნეს ალაგი ისეთივე უღონონი და მოუხერხებელნი რჩებიან, როგორც კორპუსში გამოსულები. ისინი მხოლოდ თავის განკერძოებულს საქმეს ჩასჩერებიან და სხვა საქმიანობა, საზოლგადო საქმის ყურისგდება, ახალი მოთხოვნილების, ახალი დროს გარჩევა, თუ ერთ საქმეში ვერ იხეირეს, მეორის ხელის მოკიდება არ შეუძლიათ. ამას გარდა იმათ უნდა ჰქონდესთ უეჭველათ კაპიტალი. უამისოთ ისინი ქვეყნის გამოუდეგარნი ხდებიან და სადაც ფაბრიკები და ზავოდები ბევრი იქნება, იქ გასწევენ სამუშაოთ. მაშასადამე თუ ჩვენში ფეხი ვერ მოიკიდეს, საზღვარს გარეთ წავლენ. დურგალს თუ შინ არ ექნა სამუშაო, ქალაქში წავა. იმათი საქმეც ასეა.

უნივერსიტეტი კი სულ სხვა რიგზე ზრდის ახალგაზრდობას. თვითონ სახელი უნივერსიტეტი (universitas _ საქვეყნო, საყოველთაო) აჩვენებს, რომ იმაში გამოზრდილს ყმაწვილს ყოველ საქმეში თვალი აქვს ახელილი, ყოველს საქმეს გონება უწვდება და ცხოვრების მოთხოვნილების გაგებაში განსაკუთრებით გონება-ფხიზელია.

უნივერსიტეტის მოწაფე არაფერ მეცნიერებაში თავით ფეხებამდის არ არის ჩაფლული, მაგრამ ყოველს მეცნიერებას, ყოველს საზოგადო და კერძო საქმეს ზევიდგან დაჰყურებს. რასაც უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველას მოკლე ხანში იგებს და ყველაფერში ოსტატი ჰხდება.

უნივერსიტეტის კურსდასრულებული ორის სამის წლის განმავლობაში, თუ მოინდომა, შეუძლიან გახდეს საუკეთესო მეურნეობის მეცნიერი, საუკეთესო ინჟინერი, საუკეთესო ტეხნოლოგი და სხვ. ევროპაში მაგალითებით დამტკიცებულია, რომ პირველი კაცები ყოველ ხელობაში და მეცნიერებაში სულ უნივერსიტეტელები ყოფილან და არიან.

ამას გარდა უნივერსიტეტი ზრდის ისეთს ახალგაზრდობას, რომელსათ სისხლში აქვს გამჯდარი საზოგადოების სიკეთის წადილი. ის ჩვეულებრივის გონების სიფხიზლით ადევნებს საზოგადო საქმეებს თვალს და სადაც გასაჭირია, იქ ეტანება.

რომელს ქალაქშიაც უნივერსიტეტია, ის ქალაქი ჰხდება ყოველს საქმეში დაწინაურებული, იმის მცხოვრებლებს ემატებათ ცოდნა და გონების სიმკვირცხლე, პატიოსნური მოქმედება მრავლდება, ზნე მაღლდება.

ამას გარდა, როგორც რომელიმე საკვების მცენარის საზრდოთ შემოღება, მაგალითად, კართოფილის ან სიმინდისა, ამრავლებს იმ მხარეში კართოფილის ან სიმინდის თესვას _ ყველა ცდილობს, ეს მცენარე გააშენოს, ამიტომ რო კარგი ფასი დაედება, რადგან ყველა იმის ჭამას ეჩვევა _ უნივერსიტეტიც სწორეთ ამავე გვარათ ამრავლებს მხარეებში გიმნაზიებს და დაბალ სასწავლებლებს თავისი პანსიონებით.

უნივერსიტეტში შედიან გიმნაზიის კურს დასრულებულები. მაშასადამე, უნივერსიტეტის გახსნით, უეჭველათ ეს სასწავლებლებიც უნდა გამრავლდეს მხარეში, რადგან ყოველ წლობით ასს და ორასს გიმნაზიის კურს დასრულებულს ითხოვს.

ბევრნი იტყვიან, თავად-აზნაურობა მეტის მეტი სიღარიბის გამო ვეღარ ძლებულობს თავის შვილების არამც თუ სადმე გამოზდას, _ არამედ იმის ჩაცმადახურვაც უძნელდებაო, ასე რომ ხშირათ შეხვდებით სოფლათ აზნაურის შვილებს კონქებში გამოხვეულს და შიშველ-ტიტვლებსაც. მაშ რა გვეუნივერსიტიტება, ჯერ ისეთი სასწავლებლის გახსნა გვინდა, რომელსაც შეეძლოს მარტო ამ შიშველ-ტიტვლების რჩენა და რისიმე სწავლებაო. ამის გამო დაუმატებენ ისინი საჭიროა ისეთი სასწავლებლის გახსნა, სადაც განსაკუთრებით ჩვენი სოფლის თავად-აზნაურობის შვილები იზრდებოდესო სახელმწიფო ხარჯზე. მაგრამ ამისი მთქმელნი ივიწყებენ, რომ იქ საცა შეიძლება ნუხური ყურძნის ჭამა, კრიკინას ანუ გარეულს ყურძენს ვინ მოკიდებს ხელს. თუ კი უნივერსიტეტი იქნა, ადრე თუ გვიან ზემოხსენებული სასწავლებელიც უნდა გაიხსნას და ერთი კი არა, რამოდენიმე. და ამ სასწავლებლებში მიუცილებლათ უფრო ბევრი ვაკანსიები დარჩებათ ჩვენებს, ვიდრე ერთს რომელსამე სასწავლებელში, თუნდაც რომ იმაში მარტო ჩვენ თავად აზნაურის შვილების მეტს არავის იღებდენ.

ჟურნალიკრებული”,

#5, 1871 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here