Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი _ წამებული რაინდები

წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი _ წამებული რაინდები

შაჰაბას I-მა და მისმა ძემ, შაჰაბას II-, განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს კახეთი. მამაშვილი ცეცხლის ალში ხვევდა საქართველოს ეკლესიამონასტრებსა და ციხესიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ადგილას სპარსელებს ასახლებდნენ. სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვამადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნაარყოფნის ზღვარზე იდგა, უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ საქართველოს წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად ცხრაათასი მხედარი მარაბდის ველზე; ამ საუკუნეშივე მოუვლინა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ისინი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ 1 ოქტომბერი (ახალი სტილით) დააწესა.

კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ციხეების აგება (ბახტრიონი, ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი კი ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები (მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში) კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს. ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, რომ “აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის”.

კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. უფალმა კახეთის მთავარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს, კეთილი განზრახვა შთააგონა: მან არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავ ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს თვითონაც გული უდუღდა ამდენი უბედურებისა და უსამართლობისაგან, მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. წმიდა ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ: “აწ უკუე აღუდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩუენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და თანადგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს”.

ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილსა და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

იკორთის ტაძარი

არაგვის ერისთავმამცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ”, ხოლო ქსნის ერისთავებმა, ბიძაძმისწულმა, ქუდზე კაცს უხმეს, შეყარეს თუშნი, მთიულნი, მცირედ კახნიუმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტა ჩავლეს და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონს უზრუნველად დაბანაკებულ თათრებს. იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლშვილი და სპარსეთს გაეშურა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა, მადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, “რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმოსრბოლი წინამავლად მათდა”.

თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს… მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

ცბიერმა შაჰმა პატივით ისტუმრა ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: “ჩუენ ნიჭთა და პატივთა თქუენთათვის არა გული გვითქუამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქუენთა, რამეთუ ჩუენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი… მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რა¡თა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ”. ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით წმიდანები სასტიკად აწამეს. წამებულნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ და უფალს განმტკიცებას ევედრებოდნენ.

წმინდანთა სამი ძვალი იკორთაში

წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთაგან დასაგესლად. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა, ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმიდა ელიზბარისა და შალვასთვის. “არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა”, _ ბრძანა წმიდა ბიძინამ.

ქსნის ერისთავებმა მშვიდად დადრიკეს თავები, მაგრამ ჯალათებმა მახვილები ვერ შეაწვდინეს დასარტყმელად, რადგან სანატრელნი ახოვანებით დიდად აღემატებოდნენ უსჯულოებს. მაშინ მტარვალებმა წვივებში ჩასცეს მახვილი და, როცა დავარდნენ, თავები წარკვეთეს ნეტარ ბიძაძმისწულს.

თანამბრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. მტარვალმა გადაწყვიტა, შეურაცხყოფით მოეტეხა ბიძინას სიმხნევე. ახოვან გმირს დედაკაცის ჩადრი დაახურეს, ვირზე შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, დასცინოდნენ და ლანძღავდნენ რჩეულთა შორის გამორჩეულ ქართველს; წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს.

ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი: ალესილი მახვილებით ჯერ ხელის თითები მოჰკვეთეს სათითაოდ, მერე _ ფეხისა; თითების შემდეგ ხელები მოსჭრეს მაჯებამდე და ფეხები _ კოჭებამდე; შემდეგ მოჰკვეთეს ორივე მკლავი იდაყვამდე და ორივე წვივი მუხლამდე. მოკვეთილ ასოებს მიწაზე ათრევდნენ და შეურაცხყოფდნენ. ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და გულიც გაუჩერა, გული, რომელმაც გაუძლო ამდენ ტკივილს. ეს ამბავი 1661 წელს მოხდა.

წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა, და მისმა ძემ, დავითმა, სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივითა და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,

თბილისი, 2004 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here