ეროვნული ვალუტა უთავო მხედარს დაემსგავსა, საით გააქროლებს ბედაური, კაცმა არ იცის და, რაც მთავარია, არავინ არ იცის, როდის შეძლებენ ამ უთავო მხედრის დაჭერას. ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ მისი ინტერვენციები საკმარისი აღარ არის და ლარის გაუფასურება თურმე ცუდი მოლოდინის ბრალია. გამოდის, ჩვენი და თქვენი _ საზოგადოების ბრალია, საზოგადოების, რომელსაც თურმე მომავლის ეშინია. არადა, არ უნდა გვეშინოდეს, რადგან პრემიერი დაგვპირდა: ეკონომიკას ისე წამოვწევთ, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება და ასეთი შედეგი ბევრ წამყვან სახელმწიფოს არ ექნებაო. რა თქმა უნდა, სიტყვით ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მაგრამ, მოდი, ვნახოთ, საქმით რა ხდება.
იმპორტიორთა კავშირის შეფმა ივა ჭყონიამ ათი დღის წინათ თქვა: ლარი 3.10 ნიშნულს თუ გადასცდება, იძულებული ვიქნებით, პროდუქტები გავაძვიროთო. ახლა კი, როცა ეროვნული ვალუტა მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, პროდუქტების ყოველდღიურ გაძვირებას უნდა ველოდოთ, რადგან ბიზნესმენები არ დაიწყებენ მოგების მარჟის შემცირებას, არ გაკოტრდებიან და იძულებული იქნებიან, ფასებს მოუმატონ. შედეგად, მივიღებთ ევროპულ ფასებს, ხოლო ხელფასი და პენსია ისევ ქართული იქნება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საქართველოს საგარეო ვალი მარტო ერთ, გასულ კვირას 168 მილიონი დოლარით გაიზარდა და, საზოგადოდ, საგარეო ვალმა უკვე გადაასწრო ქვეყნის წლიურ ბიუჯეტს. რას ნიშნავს ეს? ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ, ეკონომიკის მშენებლობა კი არა, შეიძლება, საქართველო გაკოტრებულად გამოაცხადონ და სწორედ აქ დაიწყება ჩვენი მონობის გაოფიციალურება. ახლავე გეტყვით, რასაც ვგულისხმობთ და რაზე გვაქვს ეჭვი.
უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ორიოდე წლის წინათ ანალოგიურ მდგომარეობაში საბერძნეთი ჩავარდა. ერთ–ერთი ძველი ცივილიზაცია, ქვეყანა, რომელიც, პრაქტიკულად, ყველაფრის ფუძემდებელი იყო, მსოფლიომ გაკოტრებულად სწორედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საგარეო ვალმა სახელმწიფოს ბიუჯეტს გადაასწრო. 10,7-მილიონიანი ქვეყანა გადახდის უუნარო გახდა, გაკოტრებულად გამოაცხადეს და რამდენჯერმე მთავრობაც შეცვალეს. ბერძნებს შიმშილის რეალური საფრთხე დაემუქრათ და შემდეგ იყო, მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები რომ დაეხმარნენ, წელში გამართეს, ოღონდ ეს არ იყო უანგარო დახმარება. ქვეყანა გამოცხადდა გაკოტრებულად და ხელახლა აიღო ვალები. ახლა საბერძნეთს იმდენი ვალი აქვს, ორი საუკუნე სჭირდება, საბოლოოდ რომ დაიძვრინოს თავი და გათავისუფლდეს. ალბათ, ხვდებით, რომ ეს ძალიან, ძალიან დიდი დროა ჭაობიდან ქვეყნის ამოსაყვანად და ის მოჩვენებითი ეკონომიკური მდგრადობა, რომელიც ახლა ერთი შეხედვით საბერძნეთშია, დიდი ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და საკმარისია, საბერძნეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი თამაშის დაწყება მოინდომოს, ბერკეტი იმისა, რომ ხელისუფლება შეცვალოს, სწორედ დიდ ქვეყნებს აქვთ. ელემენტარულად, ფულს აღარ მისცემენ, ვალების დაბრუნებას მოითხოვენ და… შიმშილი ისეთი რამ არის, ვერც ერთი ერი ვერ აიტანს.
საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი: ის ხომ არა, რომ ბევრი ქარტეხილის მიუხედავად, ბერძნები ამბობდნენ, რომ ევროპაში უძველესი სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ, მათ მიერ მიღებულ კანონებსა თუ წეს-ჩვეულებებზე შეიქმნა ლამის ნახევარი ევროპა, და რომ კულტურას ისინი ქადაგებდნენ და უნდა გამქრალიყო ერის თვითმყოფადობა, წარსული და დამდგარიყო მწარე რეალობა. ამაყი ერი უნდა გადაქცეულიყო მონად და ეს შეძლეს, ეს მოხერხდა. ბერძნები ახლა იმაზე არიან გადართულნი, როგორმე შიმშილით არ დაიხოცონ და ხელისუფლებაც, წარსულზე კი არა, მომავალზე საუბრობს. იმასაც გეტყვით, რომ მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალი 22 594 დოლარია.
ახლა საქართველოზე გადავიდეთ და ჩვენს მშპ-ზე ვთქვათ. მოსახლეობის ერთ სულზე მშპ 3 863 დოლარია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ იმაზე შვიდჯერ უარეს დღეში ვართ, ვიდრე ბერძნები და, შესაბამისად, ჩვენი გაკოტრება შვიდჯერ უფრო ადვილია. მოსახლეობაც სამჯერ ნაკლებია ჩვენთან და, სურვილის შემთხვევაში, ზესახელმწიფოებს ჩვენი გაკოტრება და მთლიანად მათზე ჩამოკიდება “კაპიკები” დაუჯდებათ. ამას, სავარაუდოდ, იმიტომ არ აკეთებენ, რომ ჯერ ამის საჭიროება არ არის. ხელისუფლება თუ ოპოზიცია დასავლეთის სურვილს უსიტყვოდ ასრულებს და ესეც არ იყოს, ბერძენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქართველი პოლიტიკოსები მაღალი თუ დაბალი ტრიბუნიდან სწორედ იმას ლაპარაკობენ, რასაც დასავლეთი უწერს.
საზოგადოდ, ევროკავშირი ხომ იმიტომ შეიქმნა, გაჩენილიყო განცდა, რომ არ არსებობს ერი, რომ ყველა ერთია, მაგრამ ეს იდეა ჩანასახშივე მოკვდა. ევროკავშირი დიდმა ქვეყნებმა სხვების სამართავად და სატყუარად შექმნეს, რომ იქ მოხვედრა საოცნებო ყოფილიყო. სხვა კავშირებში მოხვედრის გაუთავებელი პერსპექტივით დაიღალა ხალხი და ახალი სატყუარა შემოაგდეს. გვერწმუნეთ, დაძველდება ეს თემა და ახალი კავშირი შეიქმნება, რომელშიც მოხვედრას ისევ ოცნებად დაგვიწესებენ და ასე ვიტრიალებთ ერთ წრეზე. ევროკავშირის “სიკეთეს” მალე მიხვდა დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა, რომელსაც ასევე დიდი წარსული აქვს. მაგრამ ისე დიდი იყო ბრიტანეთის ეკონომიკური სიძლიერე, რომ მას ვერ მოერივნენ, ვერ წააქციეს, თუმცა მცდელობა და მუქარა იყო. მუქარა, როგორც ეკონომიკური სანქციების (კავშირიდან გასვლის შემთხვევაში), ასევე იმის, რომ ქვეყნიდან სხვადასხვა ევროპული ბრენდი გავიდოდა და ბრიტანეთის ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიადგებოდა. საბოლოოდ, ბრიტანელებმა ეკონომიკასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას შორის არჩევანი მეორეზე გააკეთეს და გაუმართლათ _ არ წაიქცნენ, არ დაეცნენ და ევროპაში თანასწორ მოთამაშედ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ამას საქართველო ვერ მოახერხებს…
ერთ-ერთმა ექსპერტმა რამდენიმე დღის წინათ თქვა: ლარის რეალური კურსი 4.00-ია და ამასთან შეგუება მოგვიწევსო. რა გამოდის? ყველამ იცის, რომ ეროვნული ვალუტა 4.00 ნიშნულისკენ მიექანება და ვერაფერს შვრებიან? თუ არ შვრებიან? მაშინ, ისიც ვთქვათ, რომ ახლანდელი 250-ლარიანი პენსია, ნაციონალების დროს 147 დოლარი იქნებოდა, ახლა კი 74 დოლარი, ე.ი, იმის ნახევარია. გამოდის, მომატებული პენსიის პირობებში, რეალურად, შემოსავალი განახევრებული გვაქვს და, იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების ვარიანტს საქართველოს დასასრულის დასაწყისად განვიხილავთ, რეალობა ესაა. როგორ გგონიათ, ასეთი პენსია-ხელფასების (ხელფასებიც მომატებულია) პირობებში, დოლარის კურსი ისეთი რომ იყოს, როგორიც ადრე, მოსახლეობას პრეტენზია ექნებოდა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამას უკვე დასავლეთი არ დაუშვებს და არ დაუშვებს სწორედ იმიტომ, რომ მუდმივი უკმაყოფილების პირობებში იოლი იყოს ხალხის ქუჩაში გამოყვანა. უბრალოდ, დასავლეთმა ვერ გათვალა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასე მწარედ დაამახსოვრებდა ხალხს თავს და ადამიანური რესურსის გარეშე დარჩებოდა. პრინციპში, ისინი 2003 წელსაც 5 ათასიოდე კაცით იყვნენ პარლამენტთან მისული და ბოლოს ყველაფერი “ვარდების რევოლუციით” დასრულდა. ამის მცდელობა არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება და მორიგი რევოლუცია, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამღუპველ შედეგს გამოიღებს.
იმის მიუხედავად, რომ მოქმედი ხელისუფლება აქტიურად ახსენებს ამომრჩეველს ნაციონალების მმართველობის ცხრა წელს, უნდა ესმოდეს, რომ საბოლოოდ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ცოცხსა და შიმშილს შორის მოუწევს და, ლოგიკას თუ მივყვებით, ცოცხი კლავს ზნეობრივად, შიმშილი _ ფიზიკურად და ამიტომ აუცილებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელია რამის მოფიქრება, გაკეთება, შექმნა. აუცილებელია თუნდაც იმ დასავლეთის მიღებული გრანტების ჯეროვნად გამოყენება და არა შინ წაღება.
2003 წლიდან დღემდე დასავლეთმა ვალებისა თუ გრანტების სახით ათ მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხა და ვინმე იტყვის, ეს ფული სად წავიდა, სად გაქრა, რაში დაიხარჯა? ეროვნული ვალუტის კურსზე 30 და 40 მილიონით რომ თამაშობთ ხოლმე, 10 მილიარდს ქვეყანა უნდა აეყვავებინა და ლარის კურსს დოლარისთვის გაესწრო, მაგრამ არა, ეს ფული, უბრალოდ, გაქრა და დაიკარგა.
დასასრულ, ისიც გავიხსენოთ, მოქმედმა პარლამენტარმა და ისევ პარლამენტარობის მსურველმა გიორგი გაჩეჩილაძემ რომ თქვა: ლარი დოლართან მიმართ რომ გამყარდება, თუ ხართ მზად იმისთვის, ჭარბ ლარს რა უყოთ, დოლარზე ძვირი რომ ეღირებაო? ბატონ გიასთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, მაგრამ იქნებ იგივე კითხვა ახლა დასვას, მაგრამ, როგორც არქიფო სეთური იტყოდა, “პირიქით, ასინეთა, პირიქით…”
ბესო ბარბაქაძე