35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვან ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ N16-თან მდებარე ე.წ. ,,წითელ ბაღში’’, ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ა. ნ., ლ. ხ. და ბ. ა. სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, მათ კლასელს ნ.მ.-ს და ყოფილ პარალელურ კლასელებს, ამჟამად ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნ.ც.-ს, ი.ც.-ს და ლ.ხ.-ს. საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც არასრულწლოვანმა ა.ნ.-მ მკვლელობის განზრახვით, დანით ასევე არასრულწლოვნებს ნ.ც.-სა და ი.ც.-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები.
სამართალდამცველებმა ა.ნ. 2018 წლის 1 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.