Home რუბრიკები საზოგადოება წეროვანში ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი აღნიშნეს

წეროვანში ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი აღნიშნეს

წეროვანში ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავი აღნიშნეს

2017 წლის 8 ნოემბერს დიდ ქართველ მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს _ ილია ჭავჭავაძეს დაბადებიდან 180 წელი შეუსრულდა.

წეროვანში, საკუთარი სახლის ეზოში, ჯუმბერ პატიაშვილმა ილიას სახელობის დარბაზი გააკეთა და მისი 180 წლისთავიც სწორედ ამ დარბაზში აღნიშნა წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ პოეტები: თემურ ჩალაბაშვილი და ედუარდ უგულავა. საღამოს დაწყებამდე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სვეტიცხოვლის ეკლესიის წინამძღვარმა აკურთხა.

წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები, წაიკითხეს მისი ლექსები, პოემები, ნაწყვეტები პროზიდან, წარმოადგინეს სცენები ილიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლებიდან.

კმაყოფილი და ბედნიერი იყო ყველა _ სტუმარიც და მასპინძელიც, განსაკუთრებით _ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი, რადგან მისმა ჩანაფიქრმა, რომ ილიას სახელობის დარბაზი მომავალი თაობისთვის კულტურის ცენტრად ქცეულიყო, გაამართლა. ის დაჰპირდა ახალგაზრდებს, რომ დარბაზში მალე ფილმების ჩვენებაც იქნებოდა შესაძლებელი. პირველი, რასაც ახალგაზრდები იხილავენ, დოკუმენტურ ფილმად გადაღებული ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1987 წელს, სწორედ ჯუმბერ პატიაშვილის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობისას, უდიდესი ღონისძიებები ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, რომელსაც სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.

წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პოეტი თემურ ჩალაბაშვილიც მიესალმა და მადლობა გადაუხადა: “ქართველს ხალხს ეროვნული ბიბლიოთეკა წაგვართვეს და ლიბერალური შეხედულებების ადამიანები მიიყვანეს, ილიასა და აკაკის ფოტოები ჩამოხსნეს, _ მათი დრო აღარ არისო… ამ ცუდი საქმის გამკეთებლებს მინდა ვუთხრა: ვერასდროს, ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ ჩამოხსნის ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილის სურათებს. ეროვნულობა ჩაგვრას განიცდის დღეს, მაგრამ ეს დროებითია. ილიას დაბადების დღეა, მის ლექსებს ვკითხულობთ და თითქოს ახლა დაიწერაო, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება. საქართველოში ყოველი დღე ილიასია და ამას ვერაფერი წაშლის… დიდი მადლობა ბავშვებსა და პედაგოგებს ამ მონდომებისთვის. გიყურებთ ახლა და ვფიქრობ, ეს ქვეყანა არ გადაშენდება. თქვენსავით ეროვნულ მოტივებზე გაზრდილი ბავშვები სანამ იარსებებენ, საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საოცარ გარემოში ვართ ყველანი და აქედან დანახული ჩვენი ქვეყანა საამურია.

მადლობის მეტი რა გვეთქმის ბატონი ჯუმბერისთვის ამ ლამაზი საღამოსთვის, მადლობა ახალგაზრდებსაც, რომლებმაც ასე შეისწავლეს ილიას შემოქმედება.

პოეტმა ახალგაზრდებს საკუთარი ლექსები წაუკითხა. ასევე, რამდენიმე ლექსი წაიკითხა ახალგაზრდა პოეტმა ედუარდ უგულავამ.

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here