Home რუბრიკები საზოგადოება წამლის შემოტანას მოვითხოვთ, ბატონებო, წამლის!

წამლის შემოტანას მოვითხოვთ, ბატონებო, წამლის!

სანამ ევროპა არ დაასრულებს ვაქცინაციას, მანამდე საქართველოს მსგავს ქვეყნებს ვაქცინაზე ოცნებაც კი აკრძალული აქვთ

220
წამლის შემოტანას მოვითხოვთ, ბატონებო, წამლის!

არ შეიძლება, შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს, სადაც უნდა იყო და როგორი პოზიციაც გქონდეს. ოპოზიციას უხარია, ქილიკობს სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერ წაფორხილებაზე და ეს არასწორია. ჩვენ ნამდვილად არ გვიხარია ის, რომ წინასწარმეტყველება აგვიხდა და უკვე მერამდენედ დაანონსებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის თარიღმა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიწია. რატომ გაურკვეველი ვადით?

“როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამაზე მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითაც ჩამოვა ეს ტვირთი აქ. უკვე ძალიან რთულია და მე მესმის, დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დაანონსება”, _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ქალბატონო თამარ, პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ თქვენ თარიღს, არ კი არა, ვერ გვეუბნებით, იმიტომ, რომ თვითონაც არ იცით, შემოვა თუ არა ვაქცინა საქართველოში უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში. როცა პირველად ითქვა საქართველოში ვაქცინის გამოგზავნის შესაძლებლობაზე, შემოდგომა დასახელდა და მერე ამ თარიღმა ლამის ერთი წლით გადმოიწია, მაგრამ პირვანდელი ვერსიისკენ მტკიცედ მივდივართ.

ყველაფრის პარალელურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპებით უკმაყოფილოა. ჯანმოს მესვეურთა თქმით, თუ აცრები ამ ტემპით გაგრძელდება, 2026 წლისთვის, .., უახლოეს ხუთ წელიწადში დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 75% იქნება აცრილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხუთ წელიწადში, ვირუსი მილიონობით ადამიანს შეიწირავს. ვაქცინის შესაბამისი რაოდენობა, უბრალოდ, არ არსებობს, ანუასტრაზენეკა”, “მოდერნადაფაიზერისაჭირო რაოდენობით ვერ იწარმოება. თანაც, მხოლოდ წარმოებაში არ არის საქმე _ ამ პრეპარატების დადებითი მაჩვენებლები ძალიან დაბალია და ყველაზე მთავარი _ ნაჩქარევად შექმნილი ვაქცინები რა კვალს დატოვებს ადამიანების ორგანიზმში ორი და სამი წლის შემდეგ, არავინ იცის.

ბრიტანულმა გამოცემა “თაიმსმა” 26 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “რუსეთის ვაქცინური დიპლომატიის შედეგად ევროპა კრემლის ნემსზე ჯდება”. როგორც სტატიაში წერია, ევროკავშირი თვლის, რომ რუსეთი ჩინეთთან ერთად ცდილობს, თავისი გავლენა გააფართოვოს ევროკავშირის წევრ იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდიან. ევროკავშირი და ამერიკა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ქვეყნებმა რუსული ვაქცინა შეიძინონ და ეს მაშინ, როცასპუტნიკსყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. რაც მთავარია, რუსული ვაქცინა სხვებთან შედარებით იაფიც არის და საკმარისი ოდენობის დამზადება ტრანსპორტირებაც პრობლემას არ წარმოადგენს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: რუსული ვაქცინის შეძენა სლოვაკეთმა გადაწყვიტა, თუმცა ლიბერალურმა ოპოზიციამ ისეთი ამბავი ატეხა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მთავრობა შეიძლება გადადგეს. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უარი მიიღო ევროპულ თუ ბრიტანულ ვაქცინებზე, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში; და გადაწყვიტა, მოსახლეობა რუსული ვაქცინით აეცრა, მაგრამ, ამ სურვილს რაც მოჰყვა, უკვე გითხარით. ანალოგიური სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოშიც _ ხალხის გადასარჩენად რუსული ვაქცინის შემოტანა ქვეყნის ღალატად შეფასდება და ოპოზიცია აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას. ამ შემთხვევაში, მათ სრულად დაუჭერს მხარს დასავლეთი და არც ფინანსებს დაიშურებს საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობის ასაცრელად რუსული ვაქცინა არ შემოვიდეს.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას ევროპა ატყუებს. სათვალავი აგვერია, რამდენჯერ დაგვპირდნენ ვაქცინის გამოგზავნას, თანაც მათხოვრული ოდნეობის. მათხოვრულია ის ოდენობა, რომელიც მედპერსონალის სრულად ასაცრელადაც კი არ არის საკმარისი, მაგრამ ამასაც არ გვაძლევენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხიც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ჯაჭვისა, რომელიც მარცვალმარცვალ ააგეს დასავლელმა პარტნიორებმა და ახლა იმ ვადასაც კი არ ეუბნებიან, როდის შეძლებენ გამოგზავნას. მანამდე რა უნდა გავაკეთოთ? სწორია, უნდა მოვითმინოთ, უნდა გავუძლოთ, არ უნდა მოვკვდეთ და, თუ გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელიც მალე 4 ათასს გადააჭარბებს, კიდევ გაიზრდება, არც არაფერი _ ერთეულების გარდაცვალებაა ტრაგედია, თორემ ასეულების სტატისტიკაა.

ევროპაში სლოვაკეთის მსგავსმა ქვეყნებმა უკვე საჯაროდ დაიწყეს საუბარი, რომ დროა, რუსული ვაქცინები შეიძინონ. საქართველოს ხელისუფლების დარად, მათ არა მხოლოდ საკუთარი ერის მოტყუება მობეზრდათ, არამედ იმის ყურებაც, როგორ იხოცებიან ადამიანები კოვიდით და როგორ ვერ შველიან მათ… პოლიტიკური სვლების გამო. ჰო, სწორედ პოლიტიკური სვლაა ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში სანქციებით დასუსტებული რუსული ეკონომიკა ვაქცინების გაყიდვით არ მოძლიერდეს და ისევ იმ გიგანტად არ იქცეს, რომელსაც სანქციების გარეშე ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ ვერაფერი მოუხერხეს.

საქართველოში, პოზიციასა თუ ოპოზიციაში, სამწუხაროდ, სწორედ იმ ლიბერალური ფრთის ზეიმია, რომელიც მზად არის, დასავლეთს ბოლომდე დაუწვეს და ყველაფერში თვალდახუჭული გაჰყვეს. სამწუხაროდ, ჯო ბაიდენის გამარჯვებაც ლიბერალიზმის მორიგი წარმატება იყო და ამის შედეგია ის, რასაც დღეს ვიმკით. ადამიანების, საკუთარი ხალხის, საკუთარი ერის, საკუთარი ამომრჩევლის გადარჩენა შეგვიძლია, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთს ასე სურს, ვაქცინაზე უარს ვამბობთ. როგორ გგონიათ, რუსული ვაქცინის გაკეთებით, რუსებად გადავიქცევით, რუსულად საუბარს დავიწყებთ თუ რა მოხდება? რეალურად, მხოლოდ ის მოხდება, რომ საქართველოში გრანტის სახით წამოსასვლელი 20 თუ 25 მილიონი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადმოირიცხება, შეჩერდება და რამდენიმე ადამიანი ისედაც მსუყე ბიუჯეტს კიდევ უფრო ვეღარ შეივსებს, ამიტომ არ აძლევს ხელს არავის დასალვეთის განაწყენება; ჩუმად არის არასამთავრობო სექტორიც, რომელიც გრანტებით სწორედ დასავლეთიდან იკვებება; ჩუმად არის ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება ესიზმრება და ეს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის კეთილი ნების შედეგად შეიძლება მოხდეს; ჩუმადაა ხელისუფლებაც, ზედმეტად რომ არ აყვიროს ოპოზიცა და ვინ იჭყლიტება? სწორია _ რიგითი ადამიანები, მაგრამ ამჯერად საუბარი ამ ადამიანების სიცოცხლეზეა, სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, მაგრამ, როცა სჭირდებათ, არ იცავენ. ისე, დასავლეთისთვის საქართველოს კონსტიტუცია საქილიკო სიტყვაა, რადგან, რამდენჯერაც მოინდომეს, იმდენჯერ თავზე ისე გადაგვახიეს, ხელი არ გასვრიათ და სიტყვაც არავის შეუბრუნებია.

ისევ “თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიას დავუბრუნდეთ. როგორც ბრიტანელები წერენ, სლოვაკეთი ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსული ვაქცინის შეძენას სურს. კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა უნგრეთმა, რუსული ვაქცინისადმი ინტერესი ხმამაღლა დაადასტურეს ჩეხეთმა და ხორვატიამ, საფრანგეთიც არ არის წინააღმდეგი, რუსებთან ვაქცინის შესყიდვის თემა გაიაროს და ამ დროს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი სვამს კითხვას _ რატომ ყიდის რუსეთი ვაქცინას, ჯერ ხომ საკუთარი მოსახლეობის აცრა არ დაუსრულებია? ეს ბოლო ფრაზა არის თუ არა პირდაპირი გზავნილი საქართველოსთვის, რომ, სანამ მთელი ევროპა არ მორჩება ვაქცინაციას, მანამდე საქართველოს დარ ქვეყნებს ვაქცინაზე ოცნებაც კი აკრძალული აქვთ. საინტერესო კიდევ, იცით, რა არის? რუსული ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ხომ აქვს აღიარებული, ანუ ნებადართული და სერთიფიცირებულია, ყველაფერი კანონიერია და… კანონით მოქმედების უფლება არ აქვს არათუ რიგით ადამიანს, არამედ ქვეყანას. და მათ ჰქვიათ სტრატეგიული პარტნიორები. საკუთარი ინტერესები და სტრატეგია საქართველოზე აშკარად კარგად აქვთ მორგებული, წუნს ვერ დაუდებ. ამდენი ხანია, დავდივართ ერთ წრეზე; ამდენი ხანია, ვირებს რომ ჯოხით წინ ბალახს დაუკიდებენ, სწრაფად რომ იარონ, ისე დავყავართ და მაინც არ გვსურს მოჯადოებული წრიდან გასვლა. არადა, ყველაზე კარგი მომენტი ახლაა, სათქმელი ხმამაღლა ვთქვათ და ადამიანების სიცოცხლის სახელით დამოუკიდებელი ნაბიჯი გადავდგათ. ეს ხომ არ არის რაიმეს აღიარება ან პარტნიორობა, ან ჩახუტება და დამეგობრება _ ორი სახელმწიფო თანხმდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაზე, ერთი იძლევა ვაქცინას, მეორე იხდის ფულს. ეს დასავლეთშიც გადასარევად იციან, მაგრამ არ სურთ, რუსეთის ეკონომიკის წამოწევაში მათ დაქვემდებარებაში (სხვა სიტყვა ვერ მივუსადაგეთ) მყოფმა ქვეყნებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში. მოსახლეობის მასობრივი აცრა კი არა, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანთა ნაწილის აცრა ვერ ხერხდება, ამიტომ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ვაქცინის შემოსატანად და არ აქვს მნიშვნელობა, რუსული იქნება, ამერიკული თუ ევროპული. მთავარია, ამ ვაქცინამ გასაკეთებელი გააკეთოს და ადამიანები მომაკვდინებელი ვირუსისგან დაიცვას. ფაქტია, რომ დასავლური ვაქცინა ჩვენთვის ახლაც შორეული პერსპექტივაა და უახლოეს მომავალშიც არ იქნება იმ ოდენობაზე საუბარი, რიგით ადამიანებამდე რომ მივიდეს. გამოსავალი რუსული ვაქცინაა და სწორედ ის უნდა შემოვიტანოთ.

წამლის შემოტანას მოვითხოვთ, ბატონებო, წამლის!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here