წალკაში მოკლული ანდრანიკ მელტონიანის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

2062

დღეს, ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმეზე, მოკლულის მამამ, ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევნაში მელტონიანების ოჯახზე თავდასხმის სათანადოდ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები დამნაშავე პირებს ხელს აფარებენ.

მელტონიანებმა წერილობით პრემიერს, მთავარ პროკურორს, პარლამენტსა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს უკვე მიმართეს, თუმცა მათი თქმით, შედეგი ვერ მიიღეს და სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში, 2016 წლის 30 ივლისს სოფლის ცენტრში ამავე სოფლის მკვიდრმა სამსონ თამარიანმა მანქანა დააჯახა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს, რის შემდეგაც ადგილიდან მუქარით მიიმალა. შემთხვევის ადგილზე დაშავებული არასრულწლოვანის მამა, აიკ მელტონიანი მივიდა, მასთან ერთად შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა. აიკ მელტონიანმა 112-ზე დარეკა და პოლიციასთან დაკავშირება სცადა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ძმისშვილი ანდრანიკ მელტონიანი. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა მელტონიანების თქმით, მათ რეალურად არაფერი გაუკეთებიათ. პოლიციელების წასვლიდან დაახლოებით 30 წუთის ინტერვალით, შემთხვევის ადგილზე თამარიანები მოვიდნენ, კერძოდ, სამსონ თამარიანის შვილი და ძმა – სამველი. სამსონ თამარიანის შვილმა შემთხვევის ადგილზე მდგარი ხალხის მიმართულებით 2-ჯერ გაისროლა, ერთ-ერთმა გასროლამ ანდრანიკ მელტონიანი იმსხვერპლა. ამის შემდეგ თამარიანების ავტომობილი აიკ მელტონიანის მეორე შვილისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა, რა დროსაც, აიკ მელტონიანმა, ტაბელური იარაღიდან გაისროლა და სამველ თამარიანი დაჭრა. აიკ მელტონიანი განზარახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ასევე დააკავეს სამსონ თამარიანის შვილი, მკვლელობის ბრალდებით. ხოლო თავად სამსონ თამარიანს სსკ 124- მუხლი აქვს წაყენებული, რაც გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანებას ითვალისწინებს.

მეტლონიანის ადვოკატის დიანა გვიშიანის თქმით, ქვემო ქართლის პროკურატურა იყო მიკერძოებული, მომხდარზე აწარმოა არასწორი გამოძიება და ხელი დააფარა დამნაშავეებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი დაუხეიბრეს და ძმისშვილი თვალწლინ მოუკლეს, დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მინდა ავღნიშნო, რომ ქვემო ქართლის პროკურატურამ მომხდარზე აწარმოა არასწორი გამოძიება, იყო მიკერძოებული და ფაქტობრივად ხელი დააფარა დამნაშავეებს. ის ადამიანი რომელმაც დაახეიბრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილი, გამართლებულია სასამართლოს მიერ… ხოლო კვალიფიკაცია, რომელიც მის მიმართაა წარდგენილი არის არასწორი და მოსამართლემ ეს პირდაპირ მიუთითა კიდეც განაჩენში. კერძოდ, ის რომ მინიჭებული კვალიფიკაცია – სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი იყო არასწორი და განსასჯელი სხვა მუხლით უნდა დასჯილიყო. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება სასჯელის დამძიმების, გაამართლა ბრალდებული იმ მუხლში რითაც საქმე სასამართლოში შევიდა.

რაც შეეხება სამველ თამარიანს, იგი ცნობილია დაზარალებულად, არადა სწორედ მან მიიყვანა მკვლელი შემთხვევის ადგილზე, რითიც ფაქტოვბრივად დაეხმარა მკვლელს, რომ განეხორციელებინა მკვლელობა. ეს საქმე ამჯერად სააპელაციო სასამართლოში განიხილება. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, თამარიანებსა და მელტონიანებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე არსებობდა და მომხდარიც სწორედ ამას უკავშირდება.

„აიკ მელტონიანი იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წალკის რაიონიდან, ყოფილი პარლამენტარი, მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო სამსონ თამარიანი იყო საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. ანუ მათ შორის დაპირისპირება პოლიტიკური ნიშნით არსებობდა. ამას აცხადებენ როგორც აიკ მელტონიანის ოჯახის წევრები, ასევე პროკურატურაც. შესაბამისად, სამსონ თამარიანმა აღიქვა მელტონიანის შვილი მტრად და გაჩერებული მაქანა უკუსვლით დაძრა და მიზამნმიმართულად დააჯახა არასრულწლოვანს… და ეს ადამიანი დღეს გამართლებულია. უნდა ავღნიშნო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტიც კი მხოლოდ 4 თვის შემდეგ ჩატარდა, მას შემდეგ რაც ჩვენ გავახმაურეთ ფაქტი.
რაც შეეხება, ჩვენს მოთხოვნებს ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რეალური დამნაშავეები დასჯა და ასევე იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც დააფრეს ხელი დამნაშავეს. ჩვენ გავქვს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ხელი დააფარა სამსონ თამარიანს ჩადენილ დანაშაულში, დამალა სატელეფონო ზარები, რომლებიც აიკ მელტონიანმა განახორციელა 112-ში, რათა დახმარებოდნენ მის არასრულწლოვან შვილს. ამაზე მიმდინარეობს ქვემო ქართლში გამოძიება და დღესაც ვითხოვთ იმ პოლიციელების დასჯას“, – განაცხადა გვიშიანმა.

საქმის დეტალებზე ისაუბრა ანდრანიკ მელტონიანის მამამ მორლენ მელტონიანმაც.

„სამსონ თამარიანმა მანქანა დააჯახა არასრულწლოვან მერგელ ანტონიანს, მისი მოკვლა უნდოდა. ბავშვმა მიიღო დაზიანებები. ამის შემდეგ სამსონ თამარიანი მიიმალა და შემთხვევის ადგილზე მისი შვილი და ძმა გამოაგზავნა, თავისი სახლიდან, თავისივე მანქანით, მისცა იარაღი. მანამდე მანქანის დაჯახების ადგიზლე მოვიდა პოლიცია, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა ისე წავიდა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მოვიდნენ თამარიანები ადგილზე, სადაც ჩვენთან ერთად შეკრებილები იყვნენ სოფლის მაცხოვრებლები და ჩვენს თვალწინ მოკლეს ჩემი შვილი და კიდევ აპირებდა მანქანით ჩვენზე გადასვლა. ჩემმა ძმამ აიკ მელტონიანმა თავდაცვის მიზნით, ამოიღო იარაღი და მათი მიმართულებით გაისროლა. ვიმეორებ ეს მან იმიტომ გააკეთა რომ მეტი მსხვერპლი არ ყოფილიყო. აი ასე ანადგურებენ ჩვენს ოჯახს და ამ ყველაფრის ორგანიზატორია სამსონ თამარიანი“, – განაცხადა მორლენ მელტონიანმა.

მორლენ მელტონიანმა ადგილობრივი პოლიციის უფროსი უმოქმედობაში და დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა. იგი ასევე აცხადებს, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებს ადგილობრივი პროკურატურა.

“რა ხდება, გამაგებინეთ? თვალწინ მომიკლეს შვილი, დამიინვალიდეს ძმისშვილი და 108-ე მუხლით ასამართლებენ დამნაშავეებს. თავად როგორ მოიქცევიან, მის ოჯახს რომ ასე მოექცნენ? ასეთი ადამიანები მუშაობენ პროკურატურაში. ჩემი ხელით გადავეცი პრემიერს წერილი ამ საქმის შესახებ და არანაირი რეზულტატი არ არის… ბატონო შოთაძე, თქვენ აიღეთ ეს საქმე და გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება, თორემ ჩვენ თუ სამართალს აქ ვერ ვიპოვით, მზად ვართ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, რადგან სიმართლე ერთია და მე ჩემი შვილის საფლავს არ გავყიდი“, – აცხადებს მორლენ მელტონიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here