Home რუბრიკები სპორტი ძმები ბორები _ გენიოსი მეცნიერები, რომლებიც აღმერთებდნენ ფეხბურთს

ძმები ბორები _ გენიოსი მეცნიერები, რომლებიც აღმერთებდნენ ფეხბურთს

141

2005 წლის შემოდგომაზე მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა პროგრამასვის უნდა გახდეს მილიონერიგერმანულ ვერსიას. ჟურნალისტ მატიას პოლს ერთი კითხვის გამოცნობა აშორებდა 500 ათასი ევროს მოგებას. წამყვანმა გიუნტერ იაუხმა ჰკითხა: “ნობელის პრემიის ლაურეატებიდან ვინ ითამაშა რამდენიმე მატჩი თავისი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში? ვარიანტები: გუსტავ ჰერცი, პიერ კიური, ანრი ბეკერელი და ნილს ბორი.”

მატიას პოლი შეცდა დაშინ 125 ათასი ევროთი წავიდა. მწვანე აინთო ნილს ბორის სახელზე. მაყურებლებმა სინანულით ამოიოხრეს. წაგებული კი სკამის საზურგეს მიეყრდნო. და მას ჰქონდა იმედგაცრუების მიზეზი, იმიტომ, რომ ნილს ბორს დანიის ნაკრებში არასოდეს უთამაშია.

ნილს ბორი 1885 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა ფიზიოლოგიის პროფესორ კრისტიან ბორის (ის ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე) ოჯახში. ნილსი 20 წლის იყო, როცა მიიღო დანიის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედალი ჭავლის ზემოქმედებით წყლის ზედაპირის დაჭიმვის გასაზომად შესრულებული სამუშაოს გამო, თუმცა მისი მთავარი მიღწევა ატომის აგებულების გამოსაკვლევად ჩატარებული სამუშაოებია. ფიზიკოსმა ერნესტ რეზერფორდმა, რომელსაც ნობელის პრემია 1908 წელს მიანიჭა, ბორის თეორიას “მეცნიერებაში ოდესმე შექმნილი თეორიებიდან ყველაზე რევოლუციური” უწოდა. ალბერტ აინშტაინიც ვერ მალავდა აღფრთოვანებას: “ეს ნამდვილი სასწაულია, აზროვნების უმაღლესი მუსიკალურობა”.

ნილს ბორი

ნილს ბორი 37 წლის იყო, როცა ნობელის პრემია მიიღო და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის ტიტული დაიმსახურა.

ნილს ბორი და ალბერტ აინშტაინი

1940 წელს დანიაში ცხოვრება სახიფათო შეიქნა _ ქვეყანა გერმანელმა ფაშისტებმა დაიპყრეს და ნილს ბორი შეიძლებოდა დაეპატიმრებინათ იმის გამო, რომ დედა ებრაელი ჰყავდა. 1943 წელს ნილს ბორი ვაჟთან ერთად ნავით გადაიყვანეს შვედეთში, იქიდან კი ჯერ ინგლისში წავიდნენ, შემდეგ _ აშშ-ში, სადაც მამა-შვილი სხვა გვარ-სახელით ცხოვრობდა _ ნიკოლას და ჯიმ ბეიკერები. აშშ-ში მეცნიერი ბომბის შექმნაში ჩაერთო.

ნილს ბორის საფეხბურთო ისტორია სწრაფად დასრულდა _ ფიზიკა აირჩია. თუმცა თავის უმცროს ძმა ჰარალდთან ერთად კლუბაკადემიკ ბკ”-ში მოასწრო თამაში. ჰარალდ ბორიც, რომელიც 1887 წლის 17 აპრილს დაიბადა, მეცნიერი იყო _ მათემატიკოსი. ძმებს აახლოვებდათ არა მხოლოდ მეცნიერებებისადმი ინტერესი, არამედ ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული.

როცა ნილსი და ჰარალდი დაიბადნენ, დანიაში ფეხბურთი ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული, მაგრამ მათი მამა, კრისტიანი, ერთ-ერთი იყო, ვინც კოპენჰაგენში ფეხბურთის პოპულარიზაციას ეწეოდა. მისი თანადგომით ტაგენსვეის ქუჩაზე აიგო სტადიონი. მამას ყოველთვის მიჰყავდა შვილები ფეხბურთის მატჩის საყურებლად.

გამელჰოლმის ლათინურ სკოლაში, რომელშიც ძმები სწავლობდნენ, გაკვეთილების ჩამონათვალში ფეხბურთიც შედიოდა. ნილსი და ჰარალდი კარგად თამაშობდნენ, მაგრამ, როგორც მათი თანატოლები ყვებოდნენ, ნილსი ყოველთვის ქმნიდა პრობლემებს. “ნილსი ისე ურტყამდა, რომ ბურთი ყოველთვის წყალში ვარდებოდა, _ ყვებოდა ააგე ბერლემი, ნილს ბორის სკოლელი. _ გვიწევდა წყალში შეტოპვა და ეს ქმნიდა სირთულეებს”. შესაძლოა, ამის გამო სკოლის მასწავლებელმა ნილსი კარში ჩააყენა. ამავე პოზიციაზე თამაშობდა ის, როცა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ჰარალდი განსაკუთრებული ინტელექტით გამოირჩეოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ნილსზე 2 წლით უმცროსი იყო, ძმასთან ერთად სწავლობდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ძმები საფეხბურთო სამოყვარულო კლუბ “აკადემიკ ბკ”-ში ჩაირიცხნენ (ეს კლუბი დღესაც არსებობს და დანიის მეორე დივიზიონში ასპარეზობს). “სამოყვარულო ფეხბურთის პერიოდშიც კი, როდესაც მოთამაშეთა უმრავლესობა დილით ძირითად სამსახურში მიდიოდა, ის, რასაც ძმები ბორები აკეთებდნენ, უნიკალური იყო, _ ამბობდა მაიკლ გიბონსი, ერთ-ერთი ავტორი წიგნისა (“Danish Dinamite”) დანიის ნაკრებზე. _ ადამიანები იშვიათად აღწევენ ასეთ ფიზიკურ და გონებრივ სრულყოფილებას. მათი შემთხვევა უნიკალურია”.

16 წლის ჰარალდი სპორტში უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მისი ძმა, რომელსაც სწავლა უფრო აინტერესებდა. ერთხელ გერმანული ქალაქის, მიტვაიდის, გუნდთან შეხვედრისას მეტოქემ შორიდან დაარტყა “აკადემიკ ბკ”-ს კარში, ნილსი კი ძელს იყო მიყრდნობილი ურეაქციოდ. “აკადემიკ ბკ”-ს ფეხბურთელები შოკში ჩავარდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ნილსმა ეს ეპიზოდი ასე გაიხსენა: “მე მიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მიყვარდა მათემატიკაც და ამ ორ სიყვარულს ზოგჯერ ვერ ვათავსებდი ერთმანეთთან. მახსოვს, მიტვაიდში როცა ვთამაშობდით, იდეა გამიჩნდა და შევეცადე, მყისვე ჩამეწერა, როგორც ტოლობა. ისე გამოვიდა, რომ ჩასაწერად ყველაზე მოსახერხებელი ადგილი კარის ძელი აღმოჩნდა და… ასე გავუშვი ბურთი”.

პირველ რიგში მარცხნიდან პირველი ჰარალდ ბორი

გასაკვირი არ არის, რომ 1905 წელს ნილს ბორი ფეხბურთიდან წავიდა.

“ნილს ბორი _ კაცობრიობის ერთ-ერთი ნათელი გონება _ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, _ წერდა უნგრელი, სპორტის ჟურნალისტიკის კლასიკოსი ლასლო ფელეკი, _ რეზერფორდი, რომელიც ბორის გვერდით მუშაობდა, მას ასე მიმართავდა: “მისტერ ფეხბურთელო”. მისი ერთ-ერთი ამხანაგი გიორგი გამოვი ამბობდა: “ნილსი თავის საფეხბურთო გამოცდილებას ალფა-ნაწილაკების შეჯახების შესასწავლად ჩატარებულ ცდებში იყენებდა”.

ჰარალდი 1908 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში დანიის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას იცავდა და ვარსკვლავად იქცა. ოლიმპიადაზე დანიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1910 წელს, როცა ჰარალდი დისერტაციას იცავდა, მას ფეხბურთის მოყვარული უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა (მოგვიანებით ჰარალდმაც მეცნიერება აირჩია).

“ჰარალდი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და სწრაფი ფეხბურთელი იყო, მისი თამაში ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო, _ წერს ისტორიკოსი ჰალე იორგენსენი წიგნში “დანიის ნაკრების 2198 ფეხბურთელი _ კრელბენიდან კრელდრუპამდე”. _ მაყურებელს ძალიან მოსწონდა მისი თამაში. ის ძალიან პოპულარული იყო დანიაში”.

პირველ ოფიციალურ მატჩში საფრანგეთის მეორე ნაკრებთან, რომელშიც დანიელებმა გაიმარჯვეს, ჰარალდ ბორმა 2 ბურთი გაიტანა, ხოლო მეორე მატჩი საფრანგეთის ძირითად ნაკრებთან დანიელებმა 17:1 მოიგეს. ეს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. დანიელები ფინალში დიდ ბრიტანეთთან დამარცხდნენ 0:2 და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

უმცროსმა ბორმა დანიის ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 1910-ში ითამაშა. მის ანგარიშზე სულ 4 მატჩია. რამდენიმე წლის შემდეგ ის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

* * *

პროგრამაშივის უნდა გახდეს მილიონერიმატიას პოლის წარუმატებლობის შემდეგ დიდი სკანდალი ატყდა, რადგან 500 ათას ევროდ ღირებულ კითხვაში ოთხივე კითხვა არასწორი იყო _ რედაქტორებს ჰარალდ ბორი მის ძმაში, ნილს ბორში, აერიათ. ტელევიზიამ აღიარა შეცდომა და განაცხადა, რომ ამ კითხვის დასასმელად გამოყენებული იყო ბროკჰაუზის ენციკლოპედია _ მთავარი გერმანული ცნობარი.

ტელეარხმა PTL-მა ჰოლს მეორე შანსი მისცა, მაგრამ ჟურნალისტმა ვერ უპასუხა კითხვას: “რას იყენებდნენ ადრე ფეხმძიმობის ტესტად?” _ (შარდს, ხორბლისა და ქერის მარცვლებს), და 125 ათას ევროს დასჯერდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here