Home რუბრიკები ისტორია ძმა ძმისთვის…

ძმა ძმისთვის…

1542
ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინთან

საქართველო ისეთიკოლონიაიყო რუსეთისა, რომლის წარგზავნილებს ფართოდ უღებდნენ კარს იქაურ უმაღლეს სასწავლებლებში და აძლევდნენ ისეთ განათლებას, რომლის წყალობით საქართველომ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები მისცა კაცობრიობას.

რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონე მარტო ცოდნა და განათლებაა, ღონე არ ექნება გაუნათლებელ კაცს თავის ჯაჭვის დასამტვრევადო”, _ ბრძანებდა დიდი ილია. ეს რწმენა ასაზრდოებდა უცხო მხარეში სამშობლოსა და თავისიანებს მოწყვეტილ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის თანადგომითა და თანამოძმეთა დახმარებით აღწევდნენ სანუკვარ მიზანს. ამის უამრავი მაგალითია შემონახული და უკვდავია სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც თანამემამულეებს დახმარების ხელს უანგაროდ უწვდიდნენ.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი კონსტანტინე ანდრონიკაშვილი მოგვითხრობს მთელ რიგ შეხვედრებზე რსფსრ სახალხო არტისტთან, წარმოშობით ქართველ ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინთან ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას, როდესაც ანდრონიკაშვილი პარიზში სწავლობდა და იქიდან 1909 წელს მოსკოვში ჩავიდა.

“დაუვიწყარია ჩემთვის ეს შეხვედრები, _ იგონებს რეჟისორი, _ რადგან პირველსავე შემთხვევაში ვიგრძენი სუმბათაშვილის დიდი დაინტერესება ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა სწავლა-განვითარებით. მან დაწვრილებით გამომკითხა, თუ სად და რას ვსწავლობდი, ვაპირებდი თუ არა სამშობლოში დაბრუნებას სამუშაოდ. მითხრა, _ მოსკოვში ხომ არაფერი გესაჭიროებაო. მე ვთხოვე, დამხმარებოდა, რათა დავსწრებოდი წარმოდგენებს მოსკოვის თეატრებში, კერძოდ _ სამხატვრო თეატრში და ამ თავისთვის წვრილმან საქმეს სუმბათაშვილი ისე მოეკიდა, შემრცხვა კიდეც, რომ შევაწუხე. იმ ხანს მოსკოვში ყოფნისას დავრწმუნდი, თუ რა განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღოდა სუმაბათაშვილს ქართული კულტურის ხელის შეწყობაში.

არ დამავიწყდება სუმბათაშვილთან შეხვედრა 1916 წელს, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა. ქართველმა საზოგადოებამ შესანიშნავი შეხვედრა მოუწყო სცენის ამ სახელოვან ოსტატს. ძალიან გახარებული იყო. კერძო ბაასში ვასო აბაშიძესთან, ვალერიან გუნიასთან, ჩემთან და ქართული თეატრის მთელ რიგ სხვა მუშაკებთან სუმბათაშვილი ბევრს გვიამბობდა თავისი სასცენო გამოცდილების შესახებ, ყველას გვამხნევებდა და სცენისადმი სიყვარულს გვინერგავდა”.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი 1911-1931 წლებში რეჟისორად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1931-1945 წლებში _ რუსეთში, გორკის, როსტოვის, სარატოვისა და სხვა ქალაქების თეატრებში; 1945-1947 წლებში _ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1945-1954 წლებში ის თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი გახლდათ. ავტორია პიესებისა: “სიზმარი კოშკში”, “სიყვარულის ყვავილი” და სხვ.; თარგმნა სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, მოლიერის “გააზნაურებული მდაბიო”, ლოპე დე ვეგას “თივა და ძაღლი” და სხვ.; კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა სხვადასხვა დროს დადგა სპექტაკლები: ი. გედევანიშვილის “სინათლე”, გ. კაიზერის “გაზი”, ტ. რამიშვილის “სტუმარმასპინძლობა”, ვ. ჰიუგოს “რუი-ბლაზი” (სვერდლოვსკში), ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”, ვ. გაბისკირიას “მარტოხელა”, შ. დადიანის “ვარამი”, და სხვ.

საქართველოს სსრ სახალხო არტისტმა შალვა დადიანმა ალექსანდრე სუმბათაშვილის ქველმოქმედების შესახებ შემდეგი გვიამბო: “მქონდა შეხვედრები რუსული სცენის ამ დიდ ოსტატთან და ქართული კულტურის თვალსაჩინო მოამაგესთან.

XIX-XX საუკუნეებში მწერლობა და თეატრი იყო ქართული ეროვნული ცნობიერების შენახვისა და გამოვლენის, გაცოცხლებისა და აღორძინების უმთავრესი საშუალება, სწორედ ხელოვნებისა და ერის ცხოვრების ამ ორ უმნიშვნელოვანეს დარგში მიუძღვის შალვა დადიანს დიდი დამსახურება. წლების მანძილზე იგი იყო საქართველოს მსახიობთა კავშირის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე. მან სცენაზე 200 მეტი როლი განასახიერა.

“მახსოვს 1903 წელი, _ იგონებს შალვა დადიანი, _ როდესაც მოსკოვში ვიყავი თავისუფალ მსმენელად მოსკოვის უნივერსიტეტში. მე, მოსკოვის ქართველთა კოლონიის ერთ-ერთ წევრს, მაინტერესებდა ის საკითხები, რომლებიც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ყველა ამ საკითხსა და საქმეს იმ დროს სუმბათაშვილი უვლიდა. კერძოდ, ის დიდ დახმარებას უწევდა მოსკოვში სასწავლებლად ჩამოსულ ქართველ ახალგაზრდობას. მოსკოვში დიდად პოპულარული ყოველწლიური ქართული საღამოები მუდამ სუმბათაშვილის მოთავეობით ეწყობოდა. მიზანი ამ საღამოებისა საქველმოქმედო იყო. საღამოს შემოსავალი ქართველთა სათვისტომოების ფონდში მიდიოდა, აქედან კი მოსწავლე ახალგაზრდობას ეძლეოდა დახმარების სახით. სუმბათაშვილის მიერ ამ საღამოების მოთავეობა სრული გარანტია იყო, რომ შემოსავალი ბლომად იქნებოდა. სუმბათაშვილის გავლენით ამ საღამოებში რუსული თეატრის საუკეთესო ძალები მონაწილეობდნენ, რაც, ცხადია, აუარებელ ხალხს იზიდავდა. 1903 წლის 14 იანვარს, მოსკოვში ახალჩასული, პირველად დავესწარი ქართულ საღამოს. მოსკოვის რჩეული საზოგადოება ამშვენებდა შეკრებულებას. ვინ გინდა, რომ აქ არ იყო მაშინდელი რუსეთის ინტელიგენციიდან… სუმბათაშვილი არა მარტო განაგებდა ამ საღამოს და უზრუნველყო საუკეთესო ძალების მონაწილეობა, არამედ თითონაც გამოვიდა ესტრადაზე და თავისი შეუდარებელი დიქციითა და ხმით წაიკითხა ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი”, რუსულად თარგმნილი ტხორჟევსკის მიერ. აი, ამ საღამოზე გავიცანი სუმბათაშვილი. თავაზიანად მომეპყრო მე, ახალგაზრდას, გამომკითხა საქართველოს ამბები, კერძოდ ვასო აბაშიძეზე, ილია ჭავჭავაძეზე. გამაცნო ზოგიერთი მოსკოველი მოღვაწე. მიმიწვია საღამოს შემდეგ გამართულ ვახშამზე. მას შემდეგ მრავალჯერ მქონია მასთან საქმიანი კავშირი ქართული თეატრის შესახებ. მუდამ თავაზიანი, დიდი პატივისცემით მომპყრობი თავის თანამემამულეთადმი, გულწრფელი დამხმარე გაჭირვებაში _ აი, ასეთი იყო სუმბათაშვილი”.

ასე შეაფასა სუმბათაშვილის ამაგი შალვა დადიანმა, კომედიური ჟანრის ფუძემდებელმა ქართულ დრამატურგიაში.

ცნობისთვის: ალექსანდრე სუმბათაშვილი 1863-1877 წლებში ცხოვრობდა საქართველოში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ავტორია ოცამდე პიესისა, ისტორიული დრამებისა.

1903 წელს სუმბათაშვილიუჟინმა საქართველოს უძღვნა ისტორიული დრამაღალატი”, რომელიც ერთგვარი მონატრებაა ჩვენს გმირულ წარსულზე. მისი პიესები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა 1889 წლიდან (მთარგმნელები აკაკი წერეთელი, ვალერიან გუნია, კოტე მესხი, ნიკოლოზ ავალიშვილი). პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგის თეატრებში. არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. 1882 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში.

ალექსანდრე სუმბათაშვილიუჟინი მგზნებარე ტემპერამენტის, ფართო დიაპაზონის, ტრაგიკული პლანის რომანტიკოსი მსახიობი იყო. ასრულებდა, აგრეთვე, სახასიათო, კომედიურ როლებსაც. მისი გმირები თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე, ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იყვნენ. 1923 წელს მონაწილეობდა რუსთაველის თეატრში კონსტანტინე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში _ ზურაბ ანტონოვისმზის დაბნელება საქართველოში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here