“ჩრდილოეთ კორეის საკითხზე მოლაპარაკებების დრო დასრულდა”, _ განაცხადა გასულ კვირას აშშ–ის წარმომადგენელმა გაეროში _ ნიკი ჰეილიმ, ხოლო ამ ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ სანქციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი. ტრამპის ადმინისტრაციის რადიკალურ პოზიციას ფხენიანის მიმართ, ჩინეთზე ზეწოლის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეტექსტი აქვს _ ის ხელს უწყობს იაპონიის შეიარაღებას, რამაც მომავალში შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ამ ქვეყნის დაპირისპირების ალბათობა როგორც ჩრდილოეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და რუსეთთან.
ოფიციალური ტოკიო იმედოვნებს, რომ აშშ-ჩრდილოეთ კორეის მორიგი დაპირისპირება მშიდობიანად დასრულდება, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების გაძლიერებაზე ფიქრობს. იაპონიაში განლაგებულია აშშ-ის ბაზები და 45 ათასზე მეტი სამხედრო. ომის დაწყების შემთხვევაში ამ ბაზებიდან ჩრდილოეთ კორეაზე იერიშებს მიიტანენ და ისინი საპასუხო დარტყმების სამიზნედ გადაიქცევიან.
სერიოზულ პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ იაპონია ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მაგალითად, ამერიკული ბაზა იოკოსუკაში განლაგებულია ტოკიოს აგლომერაციის უშუალო სიახლოვეს, სადაც ათეულობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩრდილოკორეელების მიერ ბირთვული ან თუნდაც ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიღოს.
იაპონიას გააჩნია “იჯისისა” და “პეტრიოტის” ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, მაგრამ სამხედრო ექსპერტები მათ რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ, ამიტომ ტოკიო სახმელეთო ბაზირების ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა “იჯის ეშორ”-ის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. ეს სავსებით შეესაბამება ტრამპის ადმინისტრაციის მოწადინებას, მოკავშირეებს რაც შეიძლება მეტი ძვირად ღირებული იარაღი მიჰყიდოს. მოსკოვსა და პეკინში მიიჩნევენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის.
თუმცა ეს უმნიშვნელოა სხვა სიახლესთან შედარებით _ იაპონია “ტომოჰავკების” ტიპის რაკეტების შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. ადრე მას მსგავსი შეიარაღება არ გააჩნდა, რადგან ის მხოლოდ შეტევითია და არა თავდაცვითი. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხის შემდეგ, იაპონიამ მიიღო კონსტიტუცია, რომლის მეცხრე მუხლში ნათქვამია, რომ ქვეყანა “სამუდამოდ ამბობს უარს ომზე, როგორც ერის სუვერენულ უფლებაზე, აგრეთვე, შეიარაღებული ძალის გამოყენებაზე ან გამოყენების მუქარაზე, როგორც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის საშუალებაზე”. იქვე ნათქვამია, რომ იაპონია “არასოდეს შექმნის სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებს, ისევე, როგორც ომის წარმოების სხვა საშუალებებს”. ამის საფუძველზე “იაპონიის თავდაცვის ძალები” ყოველთვის განიხილებოდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დაცვაზე ორიენტირებული სტრუქტურა.
“ცივი ომის” წლებში იაპონიასა და აშშ–ს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა მოხდა – პირველი პასუხისმგებელი იყო იაპონიის კუნძულებისა და მისი მიმდებარე საზღვაო ზონის დაცვაზე, ხოლო მეორე _ შეტევით ოპერაციებზე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ბოლო წლებში სინძო აბეს მთავრობამ ახალი, “კოლექტიური უსაფრთხოების” კონცეფციის დამკვიდრება დაიწყო, რომლის თანახმად იაპონიამ შეიარაღებული ძალები შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მოკავშირეების დასაცავად; მაგალითად, თუ ჩრდილოეთ კორეა იერიშს მიიტანს არა იაპონიის ტერიტორიაზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ ძალებზე. ამან ბუნებრივად წარმოშვა კიდევ ერთი _ “პრევენციული თავდაცვის” კონცეფცია, რომელიც შესაძლებელს ხდის იერიშის მიტანას ჩრდილოკორეულ ბაზებზე (მათ შორის “ტომოჰავკების” გამოყენებით). პრემიერმინისტრი აბე მიიჩნევს, რომ მსგავსი დარტყმა არსებითად თავდაცვითი იქნება და, შესაბამისად, კონსტიტუციას არ დაარღვევს. “ტომოჰავკების” შეძენის გეგმები პეკინისა და მოსკოვის შეშფოთებასაც იწვევს.
ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ იაპონია რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გახდება, რადგან ბირთვული იარაღი არ გააჩნია. ისინი არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ იაპონიას ბირთვული იარაღის შექმნა ძალიან სწრაფად შეუძლია. მის განკარგულებაშია 9 ტონა შესაბამისი კონდიციის პლუტონიუმი და 1,2 ტონა გამდიდრებული ურანი. ეს მხოლოდ იაპონიის ტერიტორიაზე. ხოლო 35 ტონა იაპონური პლუტონიუმი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საცავებში ინახება. ახალი რეაქტორი როკაშოში წლიურად 8 ათასამდე ტონა პლუტონიუმს გამოიმუშავებს; უხეშად რომ ვთქვათ, ეს ათასი ჰიროსიმის ტოლფასია. იაპონიას გააჩნია შესანიშნავი სამეცნიერო და სამრეწველო ბაზა იმისთვის, რომ სწრაფად შექმნას არა მხოლოდ ბირთვული ქობინების შთამბეჭდავი მარაგი, არამედ რაკეტები მათთვის.
საგულისხმოა, რომ მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობაში ბოლო დროს დამკვიდრდა მოსაზრება, რომ აშშ-ის “ბირთვული ქოლგა” საკმარისი არაა და იაპონიას საკუთარი ბირთვული ძალები უნდა გააჩნდეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სიგერუ ისიბა, როემლიც სინძო აბეს ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად განიხილება, აცხადებს: “ჩვენი კომერციული ბირთვული რეაქტორები უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ისინი ბირთვული ქობინების სწრაფი შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს”.
2006 წელს იაპონიის მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების თანახმად, იაპონიას ბირთვული შეიარაღების შესაქმნელად 3-5 წელიწადი და 1,8-2,7 მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც საგრძნობი, თუმცა არა წარმოუდგენელი ხარჯია.
იაპონიის პირველი პრემიერმინისტრი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქვეყანას “თავდაცვითი ბირთვული იარაღი” უნდა ჰქონდეს, ნობოსუკე კისი გახლდათ (პოსტს 1957-60 წლებში იკავებდა). ამჟამინდელი პრემიერი სინძო აბე მისი ღვიძლი შვილიშვილია, რომელიც თავს კისის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ სურს, ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში, რათა შეიარაღებული ძალებისთვის უფრო მყარი იურიდიული სტატუსი შექმნას. სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ იაპონელების უმრავლესობა მის მოსაზრებას იზიარებს. ვერ ვიტყვით, რომ იაპონია მილიტარისტულმა ფსიქოზმა მოიცვა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იაპონელების ნაწილი სადავო საკონსტიტუციო ნორმას მაინც სუვერენიტეტის შეზღუდვად, ეროვნული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელ ფაქტორად აღიქვამს. არიან ისეთებიც, ვინც იზიარებს მთავრობის არგუმენტებს ჩრდილოკორეული საფრთხის თაობაზე და ჯარის გაძლიერებას მხარს ამიტომ უჭერს.
ამა წლის 17 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა არ გამორიცხა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული საფრთხის გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეას შეიძლება საკუთარი ბირთვული იარაღი გაუჩნდეს. ზოგიერთმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ ეს პეკინზე ზეწოლის პოლიტიკის ნაწილია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ეს უფრო რთული თამაშის ნაწილი იყო.
ჩრდილოეთ კორეის პრობლემა ქმნის საუცხოო საბაბს იაპონიის არმიისა და ფლოტის გაძლიერებისთვის, ისე, რომ ეს რუსეთის ან ჩინეთის საწინააღმდეგო აქტად არ აღიქვან. იაპონიას ორივესთან ტერიტორიული დავა აქვს, თუმცა მათი სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა ადრე სერიოზულად არ განიხილებოდა, მხარეთა სხვადასხვა “წონითი კატეგორიების” გამო. მაგრამ, თუ იაპონიის შეიარაღებული ძალები გაძლიერდება და დაახლოებით იმავე მოცულობის ბირთვულ არსენალს შექმნის, როგორიც ჩინეთს გააჩნია, ვაშინგტონს შესაძლებლობა მიეცემა, ამ სპექტაკლის მეორე აქტი გაითამაშოს.
ასი წლის წინათ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო თავისი აზიური მოკავშირის, იაპონიის იმპერიის გამოკვება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა. იაპონიას მაშინ გაცილებით ნაკლები რესურსი ჰქონდა, ვიდრე რუსეთს, მაგრამ მისი ძალები კონცენტრირებული იყო, რუსეთის კი (ან თუნდაც ჩინეთის, იაპონიასთან 1894-95 წლების ომის დროს) უზარმაზარ სივრცეზე მიმოფანტული. იაპონიის სტრატეგია ეფუძნებოდა რეგიონში მოწინააღმდეგის მცირე ძალების დამარცხების იდეას, მანამ, სანამ მათი გაძლიერება მოხერხდებოდა. ეს ექსპერიმენტი ბრიტანელებისთვის ცუდად დასრულდა _ დრაკონის მოთვინიერება ვერ მოხერდა, ორმოციან წლებში იაპონია თავს დაესხა ყოფილ მოკავშირეს და, მასთან ერთად, აშშ-ს, აიღო სინგაპური, დაბომბა პერლ-ჰარბორი და მის დასამარცხებლად მოკავშირეებს დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდათ. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლა, თუმცა სტრატეგიული ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, იგივე დარჩა _ სწრაფი, მოულოდნელი შეტევა და სადავო ტერიტორიების დაკავება, მანამ, სანამ მოწინააღმდეგე ძალთა მობილიზებას მოახდენს. ერთადერთი არსებითი განსხვავება ასი წლის წინანდელი სიტუციისგან ბირთვული შეიარაღების ფაქტორია და სწორედ მის გარშემო მიმდინარეობს ახლა რთული თამაში, რომელიც მოაგონებს ჭადრაკს ოთხი მოთამაშის (აშშ, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი) მონაწილეობით.
დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ იაპონელები “მუშტებზე იყურებიან”. მათი პოტენციური მოწინააღმდეგეები ძალზე ძლიერები არიან, ამასთანავე, მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხის შემდეგ, ერი მართალაც სხვანაირად უდგება ომისა და მშვიდობის პრობლემას და თავის შესაძლებლობებსაც გაცილებით რეალისტურად აფასებს. მაგრამ, ამავე დროს, იაპონელების ეროვნულ ხასიათში არის ძნელად გასაშიფრი ფაქტორები, რომლებმაც მათ შეიძლება სიფრთხილე დაავიწყოს. ცნობილი ფრაზა “თბილისის “აგდებას” რა უნდა” სავსებით სამართლიანია ტოკიოს მიმართაც. ამგვარად, ამერიკელები, საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მოახერხებენ, იაპონიაში აგრესიული მილიტარისტული სულისკვეთება გააძლიერონ. იმედია, მათ კარგად ახსოვთ, რით დასრულდა დრაკონის მოთვინიერების წინა მცდელობა.
ლუკა ნემსაძე