Home რუბრიკები საზოგადოება “ძალიან უცნაური ქართველი”

“ძალიან უცნაური ქართველი”

1263
არჩილ ადამია

არჩილ ადამია სოხუმში დაიბადა, გაიზარდა და ისწავლა. შემდეგ თბილისში ისწავლა და იმუშავა, შემდეგ _ მოსკოვში, მერე სოხუმს დაუბრუნდა, მოგვიანებით კვლავ მოსკოვში ცხოვრობდა, მუშაობდა დადაიღუპა.

წელს აპრილში ათი წელი სრულდება მისი გარდაცვალებიდან.

აჩიკო ადამია, შესანიშნავი და მართალი სოხუმელი კაცი, სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან სოხუმელად რჩებოდა. მოღვაწეობდა მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის, აგრეთვე, ბიზნესის სფეროებში, ჩართული იყო სახალხო დიპლომატიაში.

უყვარდა ეკლიანი ხუმრობა და კაფიები, ბევრ რამეს ირონიულად უყურებდა და აფასებდა. დედამიწის ზურგზე არავისთვის _ ოჯახის წევრებისთვისაც კი, არასოდეს უთქვამს შენი ჭირიმე და არც სხვა მოსაფერებელი სიტყვები.

60 წელი ისე იცხოვრა, ძალიან ცოტამ თუ იცოდა მისი ჭეშმარიტი ბუნება. როგორი სიყვარულითა და სითბოთი იყო განმსჭვალული მისი გული, როგორ იცოდა მოყვასისთვის მხარში ამოდგომა. არ ვიცი, ეშინოდა, არ ვიცი, ერიდებოდა თუ რცხვენოდა თავისი ბუნების გამომჟღავნებისა, მაგრამ ერთი რამ ნათელია _ საბურველში გაახვია და დამალა ეს ყოველივე ყველასგან. და ასე იარა ამ დუნიაზე.

აჩიკოს ბავშვობისა და სიყრმის მეგობრები არიან (არასრული სია): ოთარ ჩხოტუა, დათო ფილია, თამაზ კვიკვინია, ვახტანგ ალანია, სერგეი ბაღაფში, ბუთუ კვეკვეცია, ალექსანდრე ანქვაბი, კოტე ყიფიანი, ვახო და დორიკ გოგოხიები, ნუგზარ და ვახტანგ გოგოხიები, ლევან ბიბილეიშვილი, ჯონი ჯოხაძე, ლორიკ მელაძე, ნოდარ პატიაშვილი, ალექსანდრე ჭაჭია, ზურაბ ერქვანია, ზაურ მიქვაბია.

მათთან ერთად გაატარა მთელი ცხოვრება.

დადგა განსაცდელის ჟამი _ 1992 წლის აგვისტო. დაიწყო სხვა ცხოვრება სოხუმში და, საერთოდ, აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა.

აჩიკო იყო პირველთაგან ერთ-ერთი, რომელმაც მშობლიური ქალაქის დასახმარებლად აუცილებელი ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვანი სახსარი გაიღო სოხუმისა და მისი მოსახლეობის დასაცავად.

აი ამ საგანგებო სიტუაციაში გამოვლინდა მისი კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი და მოყვასისადმი თანადგომა. მან პირნათლად შეასრულა ჭეშმარიტი სოხუმელის უდავოდ დიდი, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია.

1993-2007 წლებში აჩიკომ თავისი ცხოვრების წესად აქცია თანადგომა. ამ გზაზე მისწვდა არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ ახლობლების ახლობლებს, არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მეგობრების მეგობრებს, ნათესავებსა და მათ ნათესავებს. მაგრამ ამას აკეთებდა უხმაუროდ, თბილად, ტაქტიანად, დელიკატურად, გულწრფელად და გულიანად. ყოველთვის გაურბოდა მისდამი მადლიერების გამოვლენის ნებისმიერ მცდელობას.

ამავე პერიოდში დიდი ძალისხმევა მოახმარა ქართულ-აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას, მაგრამ ისე წავიდა იმქვეყნად, რომ პრაქტიკულად ვერაფერს მიაღწია.

“ძალიან უცნაური” ქართველი კაცი იყო აჩიკო ადამია _ თავის სიცოცხლეში პრაქტიკულად არავისი სადღეგრძელო არ წარმოუთქვამს და შეუსვამს, არც თავისი სამშობლო უდღეგრძელებია ჭიქითა თუ ყანწით, მაგრამ რეალური საქმით, რაც მან გაუკეთა ადამიანებსა და სამშობლოს, სულ ცოტა, ორ თაობას ემახსოვრება.

შენი ჭირიმეთი არავისთვის მიუმართავს, მაგრამ ენაცვალა, თავს შემოევლო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) თანაქალაქელებს, თანამემამულეებსა და სამშობლოს.

დღეს მის ტრადიციებს განაგრძობენ ქალიშვილი ნანა და ვაჟი დავითი...

თენგიზ ახობაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here