Home რუბრიკები სამართალი “ძალადობა ძალადობას შობს”: იტალიელმა ცეცხლი გაუხსნა აფრიკელ მიგრანტებს

“ძალადობა ძალადობას შობს”: იტალიელმა ცეცხლი გაუხსნა აფრიკელ მიგრანტებს

ლუკა ტრაიანი

3 თებერვალს იტალიის ქალაქ მაჩერატაში 28 წლის მამაკაცმა ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა აფრიკული წარმოშობის უცხოელებს. შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, დაიჭრა დაახლოებით 7 ადამიანი.

სამართალდამცავებმა დააკავეს მიგრანტებზე თავდამსხმელი, რომელიც აღმოჩნდა მეზობელი ქალაქის, კორიდონიას, მუნიციპალური საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტია “ჩრდილოეთის ლიგიდან” _ ლუკა ტრაიანი. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, არის შურისძიება 18 წლის რომაელი გოგონა პამელა მასტროპიეტროს მკვლელობის გამო. ტრაიანი ამ გოგონაზე იყო შეყვარებული. მკვლელობაში ნიგერიელი მიგრანტია ეჭვმიტანილი.

დაკავებისას თავდამსხმელმა ფაშისტური მისალმების მსგავსად ასწია ხელი და დაიყვირა: “გაუმარჯოს იტალიას!”.

ამ ინციდენტამდე ორი დღით ადრე მაჩერატაში 2 ჩემოდანში ჩადებული 18 წლის რომაელი გოგონას დაჩეხილ-დანაწევრებული სხეული იპოვეს. გოგონა გასული წლის შემოდგომიდან გადიოდა ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების კურსს მაჩერატაში. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ის კლინიკიდან გაიქცა და ჩემოდნებით წაიღო ტანსაცმელი.

კარაბინერებმა, რომლებმაც დაიწყეს გოგონას ძებნა, ვიდეოკამერების ჩანაწერებით გაარკვიეს, რომ პამელა მასტროპიეტროს გაუჩინარებისას კლინიკასთან იმყოფებოდა ნიგერიელი ინოკენტ ოზენგალე _ ნარკომოვაჭრე, რომელიც იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა. სამართალდამცავებმა ნიგერიელის ბინაში გოგონას სისხლიანი ტანსაცმელი და აფთიაქში შპრიცის შეძენის გამო გამოწერილი ჩეკი იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ნიგერიელმა გოგონას ნარკოტიკის სასიკვდილო დოზა მისცა.

ინციდენტს სწრაფად გამოეხმაურა “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერი მატეო სალვინი: “ძალადობა ძალადობას შობს. მე ვგმობ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას, ვისი მხრიდანაც უნდა მოდიოდეს. ამაში დამნაშავენი კი არიან ისინი, ვინც დაუშვა არალეგალური და უკონტროლო მიგრაცია, რომელმაც იტალიის ქალაქებში ძალადობა მოიტანა. აუცილებელია მიგრანტების ნაკადების შეჩერება, სხვაგვარად ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here