აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მიულოცა საიუბილეო თარიღი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომელიც 70 წლის წინათ შეიქმნა _1947 წლის 18 სექტემბერს. გთავაზობთ საინფორმაციო–ანალიტიკური რესურსის _ ZeroHedge–ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას სათაურით “დაბადების დღეს გილოცავთ, ცსს: სამმართველოს 7 საშინელი ქმედება ბოლო 70 წლის განმავლობაში”.
მთავრობის დამხობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ცსს-მ სახელი გაითქვა 1953 წელს ჩატარებული “ოპერაცია აიაქსით”, როდესაც დაამხო ირანის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი მოჰამად მასადიკი და აღადგინა რეჟიმი შაჰისა, რომელიც დასავლური სანავთობე კომპანიების ინტერესებს იცავდა. ამ ოპერაცის შედეგი იყო 1979 წლის რევოლუცია და კრიზისი.
ცსს დემოკრატიულად არჩეული სხვა მთავრობების დამხობაშიც მონაწილეობდა გვატემალაში (1954 წ.), კონგოში (1960 წ.), დომინიკის რესპუბლიკაში (1961 წ.), სამხრეთ ვიეტნამში (1963 წ.), ჩილეში (1973). მიზანი იყო ხელისუფლების სათავეში დაესვათ ისეთი ლიდერები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აშშ-ის ინტერესების გატარებას. და ეს არასრული სიაა იმ სუვერენული სახელმწიფოებისა, რომლებშიც ცსს ცდილობდა ხელისუფლების მანიპულაციას.
ოპერაცია “სამაგრი”
ერთ-ერთი უცნაური გეგმა იყო ნაცისტი მეცნიერების გადაბირება ცსს-სა და აშშ-ის სხვა სახელმწიფო უწყებებში, რათა უპირატესობა მოეპოვებინათ სსრკ-ზე.
ოპერაცია “სამაგრის” მიზანი იყო გერმანული იარაღის, მათ შორის, ბიოლოგიურისა და ქიმიურის, პოვნა და შენახვა, მაგრამ აშშ-ის სამეცნიერო დაზვერვის თანამშრომლები სწრაფად მიხვდნენ, რომ მხოლოდ იარაღი საკმარისი არ იქნებოდა, და გადაწყვიტეს, ნაცისტი მეცნიერები აშშ-ში ჩაეყვანათ.
გეგმა დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, მაგრამ მის შესახებ ცნობილი შეიქნა, როცა დაიბეჭდა ენი იაკობსენის წიგნი “ოპერაცია “სამაგრი”: საიდუმლო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელმაც ნაცისტები ამერიკაში ჩამოიყვანა”. ამას გარდა, “ცსს–მ დაადასტურა, რომ სსრკ–ის წინააღმდეგ ნაცისტების სადაზვერვო ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი რეინჰარდ გელენი ჯერ აშშ–ის არმიამ დაიქირავა, შემდეგ კი _ ცსს–მ, რათა ოკუპირებული გერმანიის საბჭოთა ზონაში ემართათ ნაცისტების 600 ყოფილი აგენტი”.
შეღწევა მასმედიაში
ცსს წლების განმავლობაში აღრმავებდა თავის გავლენას მასმედიაში, მათ შორის, კინოსა და ტელევიზიაში. პულიტცერის პრემიის ლაურეატი ტიმ ვაინერი ამბობს, რომ ცსს-ს დირექტორ ალენ დალესს მჭიდრო კავშირები ჰქონდა გაზეთებთან: “დალესს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა “ნიუ იორკ თაიმსის”, “ვაშინგტონ პოსტისა” და ქვეყნის წამყვან ყოველდღიურ ჟურნალებთან. მას შეეძლო, უბრალოდ, დაერეკა და შეესწორებინა სენსაციური სიუჟეტი, შეევიწროვებინა არასასურველი უცხოელი კორესპონდენტი ან ესარგებლა მომსახურებით ისეთი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ ჟურნალ “თაიმის” ბერლინის განყოფილების ხელმძღვანელი და “ნიუსუიკის” თანამშრომელი ტოკიოში”.
დალესმა შექმნა პროპაგანდის მანქანა, რომელშიც შედიოდა 50-ზე მეტი საინფორმაციო ორგანიზაცია და ათობით გამომცემლობა. ჟურნალისტმა კარლ ბერნშტეინმა 1977 წელს დაწერა იმის შესახებ, როგორ ასრულებდა 400-ზე მეტი ამერიკელი ჟურნალისტი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებებს და როგორ უქმნიდნენ ამ ორგანიზაციას დადებით იმიჯს 25 წლის განმავლობაში.
მკვლევარებმა _ ტომ სეკერმა და მეტიუ ალფორდმა, რომელთა ნაშრომი გამოაქვეყნა American Journal of Economics and Sociology-მ, გამოარკვიეს, რომ ცსს-მ, სამხედროებთან ერთად, გავლენა იქონია 1800-ზე მეტ ფილმსა და ტელეშოუზე, რომელთა უმრავლესობა ცსს-თან ან სამხედრო თემებთან დაკავშირებული არ იყო.
გონების კონტროლი მედიკამენტებით
1950-იან წლებში ცსს-მ დაიწყო ექსპერიმენტები ფსიქოტროპული საშუალებებით, რათა გაერკვიათ, შეიძლებოდა თუ არა ამ საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება.
ჟურნალი Smitsonian Magazine წერდა პროექტ MK-Uetra-ზე: “პროექტი, რომელიც ათ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ აშშ-ის მთავრობა არ ჩამორჩენილიყო საბჭოთა სავარაუდო წარმატებებს გონების გასაკონტროლებელ ტექნოლოგიებში. პროექტი ფართოვდებოდა და შედეგად დაიწყეს ნარკოტიკების არაკანონიერი ტესტირება ათასობით ამერიკელზე”.
ცსს-ს დირექტორის, სტენსფილდ ტერნერის, 1977 წლის ოფიციალური ჩვენების მიხედვით, პროექტის მიზანი იყო “ბიოლოგიური და ქიმიური მასალების შესაძლებლობების შესწავლა ადამიანის ქცევების შესაცვლელად”. პროექტი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული ეთიკური და იურიდიული სირთულეების, აგრეთე, საზოგადოებრიობის შესაძლო ნეგატიური რეაქციის გამო.
ცსს-მ გაანადგურა ამ პროგრამის თითქმის ყველა ჩანაწერი, მაგრამ დარჩენილი ფრაგმენტები იძლევა შესაძლებლობას ვარაუდისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში საიდუმლო ციხეებში ნარკოტიკების გამოყენებით მიმდინარეობდა ეჭვმიტანილების იძულებითი დაკითხვა.
სასტიკი წამება
ცოტა ხნის წინათ ცნობილი შეიქნა, რომ ცსს აფინანსებს ტერორისტულ პრაქტიკას ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ციხეებში არიან გამომწყვდეულნი.
აშშ-ის სენატის 2014 წლის მოხსენებაში ლაპარაკია შემთხვევებზე, როდესაც აგენტები სექსუალურ ძალადობას მიმართავდნენ დაკავებულების წინააღმდეგ, აიძულებდნენ მათ, დამდგარიყვნენ მოტეხილ ფეხებზე, აწამებდნენ წყლით ისე, რომ კრუნჩხვები ემართებოდათ და ა.შ. საერთაშორისო სასამართლო ვარაუდობს, რომ ცსს-სა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაულებები.
რადიკალების შეიარაღება
ცსს, დიდი ხანია, იარაღით ამარაგებს რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც აშშ-ს მტრად მიიჩნევდნენ. 1979 წელს ცსს-მ ავღანეთში, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის დამარცხების მიზნით, იარაღით მოამარაგა ავღანელი ამბოხებულები.
არავინ ფიქრობდა, რომ ისლამისტები, რომლებიც შეაიარაღეს, ბრძოლას დაიწყებდნენ აშშ-ის წინააღმდეგ. დასავლურმა მედიამ უსამა ბენ ლადენი მიიჩნია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლ ფასდაუდებელ პიროვნებად. ის ავღანეთში 1980 წელს ჩავიდა და შექმნა “ალ ქაიდა”, რომელიც, ცსს-ს პროგრამის მიხედვით, იღებდა დახმარებას.
სტენფორდის უნივერსიტეტი აღნიშნავდა, რომ უსამა ბენ ლადენმა და ცნობილმა პალესტინელმა სასულიერო პირმა აბდულა აზამმა შექმნეს “ალ ქაიდა” იმ მებრძოლების, ფინანსური რესურსებისა და ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც ავღანეთში საბჭოთა კავშირთან ომის შემდეგ დარჩა.
ცსს-მ, როგორც ჩანს, სწორი დასკვნები ვერ გააკეთა ავღანეთის მოვლენებიდან და ამიტომ ათი წლის შემდეგ თითქმის ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება დაიწყო სირიაში _ იარაღით მოამარაგა ისინი, ვინც თავს “ზომიერ ოპოზიციას” უწოდებს და იბრძვის ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ეს ე.წ. “ზომიერი ოპოზიცია” კი, როგორც გაირკვა, “ალ ქაიდასთან” არის დაკავშირებული.
ZeroHedge.com