Home რუბრიკები პოლიტიკა ცსს-ს აგენტები ცსს-ს აგენტების წინააღმდეგ

ცსს-ს აგენტები ცსს-ს აგენტების წინააღმდეგ

სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა სექტემბერში კიდევ ერთხელ მიიპყრო დასავლური და ქართული მედიის ყურადღება, როდესაც ამერიკელი პატრონების წაქეზებით, პოლონეთიდან უკრაინაში შეიჭრა მხარდამჭერებთან ერთად.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა და მასზე ძებნა გამოცხადდა, უკრაინაში კი ის ქვეყნის პრეზიდენტ პოროშენკოს საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის შერისხული და მოქალაქეობაჩამორთმეულია. საინტერესოა სააკაშვილის ბოლოდროინდელ საქციელზე ამ ადამიანების თვალსაზრისი, რომლებიც უშუალოდ მოვლენების ცენტრში იმყოფებიან, ამიტომ გზთავაზობთ კიეველი ჟურნალისტის ალექსანდრე ზუბჩენკოს წერილს _ “უკრაინელი პატრიოტების ქართული გარღვევა: ცსს-ს აგენტები ცსს-ს აგენტების წინააღმდეგ”, რომელიც ინტერნეტრესურსმა rusvesna.su-მ გამოაქვეყნა.

“ეს ყველაზე ტრაგიკომიკური სახელმწიფო გადატრიალებაა, რომელიც მინახავს; გამოცდილება მაქვს, ორი “რევოლუცია” უკვე მაძლევს სოლიდურ სამეცნიერო-პრაქტიკულ გამოცდილებას, აღარაფერს ვამბობ ფსიქიატრიის სფეროში მიღებულ ფასდაუდებელ გამოცდილებაზე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მხარდამჭერებთან ერთად, ძირითადად, ქართველებთან, გადალახა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და, პრაქტიკულად, “თეთრ ცხენზე ამხედრებული” შევიდა “ნაციის აკვნად” წოდებულ ქალაქ ლვოვში. მას პირადად შეხვდა უკრაინის “ნაგვის დედაქალაქის” მერი ანდრეი სადოვოი, რომელიც ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ გამოეწყო თეთრ, პრაქტიკულად, უხმარ ვიშიკანკაში (აღმოსავლეთ სლავური ტრადიციული სამოსი, მოქარგული პერანგი _ ნ.კ.), ქალაქის კაპიტულაციის სიმბოლოს წარმოადგენდა.

იულია ტიმოშენკო, იგივე “კიციუნდერი” (უკრ. კიცია _ კატა, ფისო _ ნ.კ.) გაუბედავად ეხუტებოდა სააკაშვილს, თითქოს გზავნიდა სიგნალს: “მეც ვმონაწილეობ სახელმწიფო გადატრიალებაში!” თუმცა საკმაოდ მტრულად შეხვდა მიხოს მხარდამჭერთა (არიან ასეთებიც) ბრბო, რომელმაც მას “კრემლის ძუკნა” უწოდა და იულია ვლადიმეროვნასთვის საწყენ სხვა სიტყვებსაც სკანდირებდა.

მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი სხვა რამ არის: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “შეგინიდან” მიხო, ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, რომლებიც სხეულით იცავდნენ უკრაინელი ერის ქართველ ლიდერს ავაკოვის (უკრაინის შს მინისტრი) აგენტებისგან, უვიზო სახელმწიფოში შევიდა. პროცესი დაიძრა და ახლა ჩვენთან დაიწყება მორიგი “რევოლუცია”. მესზაღვრეებსა და ევროპის ყველაზე მძლავრი არმიის (ასე შეაფასა პოროშენკომ უკრაინის არმია _ ნ.კ.) წარმომადგენლებს თავში წაუთაქეს და ისინიც უსიტყვოდ გაიშოტნენ “ნაცრისფერი ზონის” ბალახზე.

ვფიქრობდი, რომ გარღვევას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა. მიხო დაფუძნდებოდა ნეიტრალურ ზოლში, ხოლო “დონბასის” ლეგენდარული ბატალიონის ხელმძღვანელი სემიონ სემენჩეკო, “ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანებთან” ერთად, შეეცდებოდა გარღვევას.

მაგრამ, როგორც ჩანს, ვალცმანის (არაოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, პეტრე პოროშენკოს ნამდვილი გვარი არის ვალცმანი _ ნ.კ.) დამხობის პროექტისთვის ფულს არ იშურებენ, სხვაგვარად რით აიხსნება ის, რომ მიხომ ასე იოლად გადალახა ნეიტრალური ზონის 100 მ? აშკარაა, რომ იქ შეიყვანეს, სადაც საჭირო იყო.

ამ ქართული ჯადოსნური ალიაქოთის სპონსორი კი არის იგორ კოლომოისკი. გაქცეული უკრაინელი ოლიგარქი, რომელმაც მისთვის წართმეული “პრივატბანკის” ნანგრევებზე დაიფიცა, რომ ვალცმანს ძალიან ატკენდა. პროექტის ასამუშავებლად არაერთი ასეული კილობაქსი დახარჯეს. გამშვებ პუნქტ “კრაკოვეცზე” მოაწყვეს ყურადღების გადამტანი “ხაფანგი”: სტაციონარული სცენა შესანიშნავი ხმით, უზარმაზარი ეკრანი, რომელზეც მიმდინარეობდა ტრანსლაცია ხან ვალცმანის განკარგულებით შეჩერებული “ინტერსიტის” მატარებლიდან, ხან _ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “შეგინი-მედიკას” ნეიტრალური ზონიდან.

“კრაკოვეცზე” 5 ათასი აქტივისტი მივიდა, ორგანიზებულად, ავტობუსებით. ყველანი უზრუნველყვეს კვებით, ფულით. ყველა ტელეარხიდან მოიწვიეს 200-ზე მეტი ჟურნალისტი. ყველაფერი გაკეთდა “ღირსების რევოლუციის” საუკეთესო ტრადიციების მიხედვით: ვიდეოჩართვები ინტერნეტში, უწყვეტი ტრანსლაცია მოვლენების ადგილიდან, განხილვა სოციალურ ქსელებში, ათეულობით კომენტარი. მედიაუზრუნველყოფა მაღალი დონის იყო.

გადატრიალების მთავარი მოქმედი პირები: მიხო სააკაშვილი, ვალცმანის ყოფილი მეგობარი, ამჟამად “უკრაინელი ბარიგის” შეურიგებელი მტერი, თამაშობს როლს ქარიზმული მსხვერპლისა, რომელიც კორუფციონერებსა და ქურდებთან საბრძოლველად “ნაციის გოლგოთაზე” ადის. იულია ტიმოშენკოს _ პარტია “ბატკივშჩინასა” და რადაში ამავე სახელწოდების ფრაქციის (19 დეპუტატი) ლიდერს, აქვს ძველი და ფინანსური კუთხით ძალიან ინტიმური კონტაქტები კოლომოისკისთან. სწორედ ბენიამ დააფინანსა “კიციუნდერი” “ნარინჯისფერი მაიდნის” პერიოდში. ტიმოშენკოს მონაწილეობა გადატრიალებაში განპირობებულია გამოუვალი ვითარებით. იულია ციხეში უნდა ჩასვან. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან “კოციუნდერი” ყველაფერში ჯაბნის ვალცმანს, იქნება ეს “პარტიული არჩევნები” თუ “საპრეზიდენტო კამპანია”. რეიტინგიანის თავისუფლად დატოვება კი უმაღლეს მთავარსარდალს არ შეუძლია. “დიადი გარანტორის მეორე ვადის” გეგმა დაფუძნებულია იმაზე, რომ არჩევნებზე უნდა ჰყავდეს ხელსაყრელი სპრინგ-პარტნიორი, თუნდაც რაბინოვიჩი! ან იური ბოიკო (“ოპოზიციური ბლოკის” ფორმალური ლიდერი).

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და იულია ხვდება: ვერ მიაღწევს. ახლა კი ასეთი ხელსაყრელი შემთხვევით უნდა ისარგებლოს.

ანდრეი სადოვოი ლვოვის მერია. ოფიციალური წარმომადგენელი პოლიტიკური ძალა “სამოპომოჩისა”, რომელსაც 26 პარლამენტარი ჰყავს. ცოტა ხნის წინათ პოროშენკოს მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, მაგრამ “ლვოვის ნაგვის” სკანდალური თემის აგორების შემდეგ, ფაქტობრივად, შანსი დაკარგა. სადოვოის პირდაპირი კავშირი აქვს კოლომოისკისთან, რომელიც აფინანსებს როგორც “სამოპომოჩს”, აგრეთვე, სადოვოის ყველა პროექტს, მიმართულს ვითარების დესტაბილიზაციისკენ. ვგულისხმობ ლვოვის მერის ხელისბიჭის, “სამოპომოჩის” დეპუტატის, სემიონ სემენჩუკის, მიერ ორგანიზებულ ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ბლოკადას.

პოროშენკომ, ჩაუდგა რა ბლოკადას სათავეში, მოუგო სადოვოის, მაგრამ რინატ ახმეტოვთან (პოროშენკოს ბიზნესპარტნიორი) ერთად დიდი ზარალი განიცადა. მხედველობაში მაქვს ლეგენდარული სქემა “როტერდამ პლუსი”, რომლის მიხედვითაც, დონეცკის ქვანახშირი უკრაინას როტერდამული ფასით მიეწოდებოდა.

სემინჩეკო სააკაშვილის ძალოვანი მფარველის როლს თამაშობს. საჩვენებელი იყო “ანტიტერორისტული ოპერაციის ვეტერანების” გადასროლა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მოხალისეთა ბატალიონ “დონბასის” კოლონა 4 კმ-ზე გაიჭიმა. ეს იყო ძალის დემონსტრაცია და მომავალში კიევზე ლაშქრობის მარშრუტის შემუშავება.

სწორედ სემენჩენკო უზრუნველყოფდა ლვოვში სააკაშვილის უსაფრთხოებას. მისმა “მებრძოლებმა” ალყაში მოაქციეს სამიკიტნო, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი სადოვოისთან ერთად ვახშმობდა.

კიდევ ვინ? “ასეულის” მეთაური პარასიუკი! შეურაცხადობით სახელგანთქმული დეპუტატი, რომელიც კოლომოისკის კმაყოფაზეა.

“ევრომაიდნის” ლეგენდა, დეპუტატი საპრეზიდენტო ფრაქციიდან (!) მუსტაფა ნაიემიც გამოჩნდა “ქართული გარღვევის” მომენტში. ეს არის სერტიფიცირებული, შეიძლება ითქვას, დიპლომიანი გრანტიჭამია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კმაყოფაზეა ჰილარი კლინტონის პერიოდიდან. მისი მონაწილეობა მოვლენებს განსაკუთრებულ “შეფერილობას” აძლევს. მორიგი რევოლუციის ორგანიზებით ამერიკელები კვლავ ამღვრევენ წყალს უკრაინაში.

თუმცა, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. დღეს უკრაინაში ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის გაურკვეველი ფუსფუსია. ტრამპის რესპუბლიკელები გრანტიჭამიების დაფინანსების პროგრამებს ამცირებენ და ეძებენ, როგორ მიიღონ შემოსავალი კოლონიიდან. დემოკრატები კი ცდილობენ, არ გადაუხვიონ სტრატეგიულ ხაზს “ევროპული ერის” გარდაქმნაში კრემლის მუდმივ გამაღიზიანებლად, არ გადაუხვიონ რფ-ში უკრაინის მოვლენების განმეორების გეგმას. მუსტაფა “ქართულ გადატრიალებაში”, სავარაუდოდ, ფულის გამომუშავების ბანალური სურვილიდან გამომდინარე მონაწილეობდა. მუსტაფას მეწყვილე ყველა პროექტში კი სერგეი ლეშჩენკო “ქართული გადატრიალების” ზონაში ობიექტური მიზეზების გამო არ ჩავიდა _ ქორწინების პირველი ღამე ჰქონდა.

თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ: “ქართულ გადატრიალებაში” მუსტაფა ნაიემის მონაწილეობა უფლებას იძლევა, ვთქვათ, რომ ბოლო მოვლენებში ამერიკელების ხელი ურევია. თვითონ მიხომაც არაერთხელ განაცხადა, ტრამპი ჩემი საუკეთესო მეგობარიაო. ამ ვითარებაში სწორედ ეს არის კომიკური: სამი წლის წინათ ამერიკელებმა “ევროპული უვიზო ფასეულობების” გამო მოაწყვეს “მაიდანი”. სამი წლის შემდეგ კი კვლავ იწყება “რევოლუცია”, ოღონდ ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დანიშნულების წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი კვლავ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აგენტების ხელით ხორციელდება. შესანიშნავია, არა? ოღონდ, ბევრი პოპკორნის შეჭმა მოგვიწევს.

გადატრიალების კიდევ ერთ მონაწილეზეც უნდა ვთქვა: “გარღვევისას” ის იშვიათად ჩანდა, მაგრამ მაინც აღნიშნა თავისი მონაწილეობა მოვლენებში.

მხედველობაში მყავს უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო, პარტია “სამართლიანობის” ლიდერი, ამერიკელი დემოკრატების საყვარელი ადამიანი, პრაქტიკულად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური აგენტი უკრაინის სპეცსამსახურებში. ვიქტორია ნულანდმა ნალივაიჩენკო “პოლიტიკური წონის” მოსამატებლად ტიმოშენკოს შეტენა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა არსენ იაცენიუკმა. ამერიკელების ის კადრი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა, აგრეთვე, დამახასიათებელ ამერიკულ შეფერილობას სძენს სამომავლოდ დაგეგმილ გადატრიალებას.

რა გაკეთდა “ქართული რევოლუციის” პირველ ეტაპზე? უწინარესად, წარმოჩინდა ძალოვანი სტრუქტურების სრული უუნარობა, რადგან სააკაშვილი უკრაინაში ისე შეიჭრა, როგორც დანა კარაქში, უპრობლემოდ.

მეორე. ლვოვი მიხოსთვის საყრდენ წერტილად იქცა კიევზე შესატევად. ის იქ გმირია, მართავს ბრიფინგებს, მოლაპარაკებებს ოპოზიციის კონსოლიდაციაზე, ანუ დაუფარავად ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას. ამ რეგიონში ცენტრალურ ხელისუფლებას გავლენა, ფაქტობრივად, არ აქვს. პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ლვოვის სახალხო რესპუბლიკა.

მესამე. სააკაშვილისთვის ხელმისაწვდომია მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც, პრაქტიკულად, პირდაპირ რეჟიმში გადასცემენ მის გამოსვლებს. და ეს მოხდა ერთ დღე-ღამეში. ძალიან საინტერესო და საჩვენებელი დინამიკაა.

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში? ვალცმანი ხაზგასმით იღებს ისეთ სახეს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მივიდა რომელიღაც სამედიცინო ინსტიტუტში, ილაპარაკა ჯანდაცვის სფეროს რეფორმაზე და მხოლოდ ორიოდე სიტყვით შეაფასა “შეჭრა”: “ეს დანაშაულია, რომლის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხი უნდა აგონ, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალცმანმა “სააკაშვილის საქმეზე” სასამართლო პროცესის დაწყება გამოაცხადა. სურს, ის ციხეში ჩასვას, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩმა ჩასვა ტიმოშენკო, შემდეგ კი გააძევოს საქართველოში. წარმატების შანსი ამხანაგ პრეზიდენტს არ აქვს, რადგან საპროტესტო ელექტორატს ლიდერი გამოუჩნდა _ დიახ, ქართველი. დიახ, იდიოტი! ანუ უკრაინისთვის იდეალური კანდიდატი. უკეთესს ვერავინ მოიფიქრებდა! გსურთ, მიხოს გათავისუფლება პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან? ეს ასე მოხდება!

უკვე ვხედავ, როგორ გამოჰყავს ბრბოს სააკაშვილი პოლიციელების ავტომობილიდან.

და ყველაზე მთავარი: მიხომ პოროშენკო პუტინის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა. უმძლავრესი არგუმენტი ნაციისთვის, რომელმაც, საერთოდ, დაკარგა წარმოდგენა იმის შესახებ, სად მთავრდება “ფეისბუქი” და იწყება რეალობა.

თარგმნა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here