Home რუბრიკები საზოგადოება ცრემლისღვრა “მარაკანაზე”, “ჯადოქარი მადიარების” მარცხი და როსის სამი გოლი ბრაზილიელთა კარში

ცრემლისღვრა “მარაკანაზე”, “ჯადოქარი მადიარების” მარცხი და როსის სამი გოლი ბრაზილიელთა კარში

1613
ჯანი რივერას დარტყმის შემდეგ, ბურთი გერმანელთა მეკარე ზეპ მაიერის კარის ბადეში გაეხვია

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე ბევრი დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამართულა, მაგრამ მათგან რამდენიმე შემორჩა გულშემატკივრების მეხსიერებას, როგორც დრამატიზმით აღსავსე და უხვგოლიანი.

1950 წელი. “მარაკანაზესრულიად ბრაზილია ტიროდა

მეორე მსოფლიო ომმა 12 წელი შეწყვიტა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ციკლი. 1946 წელს ფიფას კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1950 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება მიენდოთ ბრაზილიისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროში 200 ათასადგილიან სტადიონს ააშენებდა და მართლაც, მსოფლიოში ეს უდიდესი სტადიონი 1950 წლის 16 ივნისს გაიხსნა. 1950 წლის ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე დაშვებული იყო 16 გუნდი _ ევროპიდან 8 ნაკრები: ინგლისის, ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, შვეიცარიის, შვედეთის, შოტლანდიის, იუგოსლავიის; სამხრეთ ამერიკიდან _ 5: ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის, ურუგვაის, ჩილეს (არგენტინამ უარი თქვა); ჩრდილოეთ ამერიკიდან _ 2: კანადისა და აშშ-ის; აზიიდან _ 1 (ინდოეთის), რომელმაც უარი თქვა მონაწილეობაზე.

ქვეჯგუფებიდან საფინალო ეტაპზე გავიდა 4 ნაკრები: ბრაზილის, ურუგვაის, შვედეთისა და ესპანეთის. ბრაზილიამ გაანადგურა შვედეთი (7:1) და ესპანეთი (6:1), პირველმა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაიმ კი ძლივს მოუგო შვედეთს (3:2), ესპანეთთან კი ფრე ითამაშა (2:2).

16 ივლისს, როდესაც ბრაზილია ურუგვაის ხვდებოდა, ბრაზილიელებს მატჩის ფრედ დამთავრებაც აძლევდათ ხელს ჩემპიონობის მოსაპოვებლად. “მარაკანაზე” 199 850 მაყურებელი მივიდა, დარწმუნებული თავიანთი გუნდის გამარჯვებაში. ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს (ფრიასა); ეტყობა, ჩათვალეს, რომ საქმე გაკეთებულია და ყურადღება მოადუნეს. ამით ისარგებლეს ურუგვაელებმა და ხუან სკიაფინომ და ალსიდეს გიჯამ 2 ბურთი შეაგდეს ბრაზილიელთა კარში. ბრაზილიელებმა შტურმი მოუწყვეს ურუგვაელებს, მაგრამ… “მარაკანაზე” შეკრებილ 200 ათასამდე გულშემკტკივართან ერთად მთელი ბრაზილია ჯერ გაქვავდა, შემდეგ კი აქვითინდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გულის შეტევისგან 3 ბრაზილიელი გარდაიცვალა… ურუგვაიმ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა და ამ ქვეყანაში 16 ივლისი საზეიმო დღედ გამოცხადდა.

გიჯას გოლი ბრაზილიელთა კარში
გიჯას გოლი ბრაზილიელთა კარში

1954 . უნგრეთის დიდი გუნდის მარცხი

1954 წელს შვეიცარიაში გამართულ მსოფლიოს V საფეხბურთო ჩემპიონატზე უნგრეთის დიდმა გუნდმა 5 მატჩში 27 ბურთი გაიტანა მეტოქეთა კარში (სარეკორდო მაჩვენებელი), მაგრამ ჩემპიონობა მაინც ვერ მოიპოვა. “ჯადოქარი მადიარების” გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე გაანადგურა, მათ შორის, ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებიც _ 8:3. მეოთხედფინალში მწვრთნელ გუსტავ შებეშის გუნდმა, რომელიც “ტოტალური ფეხბურთის” ადრინდელი ვერსიით თამაშობდა, და რომელშიც ისეთი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან შანდორ კოშიჩი, იოზეფ ბოჟიკი, ნანდორ ჰიდეგკუტი და, რა თქმა უნდა, ფერენც პუშკაში (მოგვიანებით ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი), დაამარცხა ბრაზილიის ნაკრები _ 4:2 (ეს მატჩი სკანდალით აღინიშნა _ მინდორსა და გასახდელში ფეხბურთელებმა ჩხუბი ატეხეს და ერთმანეთს თავზე სიფონები დაამსხვრიეს), ნახევარფინალში ამავე ანგარიშით _ ურუგვაი. ფინალში უნგრეთის “ოქროს გუნდი” (ასეც ეძახდნენ) ბერნში შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს და ყველა ვარაუდობდა, რომ უნგრელები იოლად გაიმარჯვებდნენ. მატჩის პირველ 10 წუთში პუშკაშმა და ციბორმა ორი ბურთი გაუტანეს გერმანელებს, მაგრამ შემდეგ “გერმანული მანქანა” ჩაირთო და მომდევნო 10 წუთში მორლოკმა და რანმა წონასწორობა აღადგინეს. მატჩის 84 წუთზე კი რანმა გამარჯვება მოუტანა გერმანელებს _ 3:2.

ჰელმუტ რანის გოლი უნგრეთის დიდი გუნდის კარში
ჰელმუტ რანის გოლი უნგრეთის დიდი გუნდის კარში

1966 წელი. პორტუგალია _ კსდრ. მეოთხედფინალი

1960-იანი წლების დასაწყისში ლისაბონის “ბენფიკა” ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი იყო _ 2-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი. ძირითადად, სწორედ “ბენფიკას” ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული პორტუგალიის ნაკრები 1966 წელს ინგლისში გამართულ ჩემპიონატზე. პორტუგალიელთა მთავარი ვარსკვლავები იყვნენ მარიუ კოლუნა, ჟოზე აუგუშტუ, ჟოზე ტორეში და ეისებიო (1966 წლის ჩემპიონატში გაიტანა 9 ბურთი). ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა ყველა მატჩი მოიგეს. დაამარცხეს იმხანად ორგზის ჩემპიონი ბრაზილია 3:1, მაგრამ ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო ამ გუნდის “კამბეკი” მეოთხედფინალში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან, რომელმაც იტალიის ნაკრებს დაატოვებინა ჩემპიონატი. ამ მატჩის 25-ე წუთზე პორტუგალიელები 3:0-ს აგებდნენ, მაგრამ მოზამბიკელმა “შავმა ავაზამ” გაიბრწყინა და 4 ბურთი შეაგდო კორეელთა კარში. კორეელთა დამარცხებას კი საბოლო წერტილი დაუსვა აუგუშტუმ _ 5:3. აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა III ადგილისთვის ბრძოლაში სძლია სსრკ-ის ნაკრებს, რომელშიც ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი თამაშობდნენ.

ეუსებიოს გოლი კორეელთა კარში
ეუსებიოს გოლი კორეელთა კარში

1970 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი. იტალიაგფრ _ 4:3.

1970 წლის ჩემპიონატზე ამ ლეგენდარულ საფეხბურთო დაპირისპირებას “საუკუნის მატჩი” უწოდეს.

იტალიასა და გფრ-ს შორის გამართული ნახევარფინალური მატჩი ისეთი დაძაბული და სანახაობითი იყო, რომ მეხიკოში, სტადიონ “აცტეკას” გვერდით ამ ეპიკური ბრძოლის პატივსაცემად მემორიალური დაფაც გააკეთეს.

შეხვედრის პირველი 9 წუთი დრამატულად წარიმართა, მაგრამ სულაც არ იმსახურებდა “საუკუნის მატჩის” ტიტულს. მე-8 წუთზე, რობერტო ბონინსენიას გოლის შემდეგ, იტალიამ უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ დაცვაში “ჩაჯდა”. გერმანელები კი, ფრანც ბეკენბაუერის ხელმძღვანელობით, ძალისხმევას არ იშურებდნენ იტალიელთა დაცვის გასარღვევად. მატჩის ძირითადი დროის მიწურულს, 90-ე წუთზე, გერმანელთა მცველმა კარლ-ჰაინც შნელიგერმა შეაგდო ბურთი იტალიელთა კარში. დამატებით 30 წუთში რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა _ გუნდებმა 5 ბურთი გაიტანეს. გერდ მიულერმა წინ გაიყვანა გერმანია. მას ბურგნიჩმა და ლუიჯი რივამ გოლებით უპასუხეს. მიულერმა კვლავ აღადგინა წონასწორობა 110-ე წუთზე, მაგრამ 111 წუთზე, იტალიელი ჯანი რივერას დარტყმის შემდეგ, ბურთი გერმანელთა მეკარე ზეპ მაიერის კარის ბადეში აღმოჩნდა.

პაოლო როსი
პაოლო როსი

1982 წლის ჩემპიონატი. მეორე ჯგუფური ეტაპი. ბრაზილიაიტალია _ 2:3

1982 წლის ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს ბევრი მიიჩნევს უდიდეს გუნდად, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავებით იყო დახუნძლული, ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. ტელე სანტანას შეგირდებს შორის გამოირჩეოდნენ ლეანდრო, ჟუნიორი, სოკრატესი, რიბერტო ფალკაო, ედერი და ზიკო.

ესპანეთში გამართული ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, იტალიელებთან მატჩამდე, სელესაომ (ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები) 13 ბურთი გაიტანა და ის ადამიანებიც კი აღაფრთოვანა, რომლებიც მანამდე ფეხბურთით არ ინტერესდებოდნენ. იტალიამ კი ძლივს გააღწია მეორე ჯგუფურ ეტაპზე (სამი მატჩი _ სამი ფრე), ბრაზილიელები ფავორიტები იყვნენ ამ მატჩში, თანაც ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვიტა ციხიდან ცოტა ხნის წინათ გათავისუფლებულმა (ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მოუხსნეს დისკვალიფიკაცია) პაოლო როსიმ, რომელიც 1980 წელს დააპატიმრეს იატაკქვეშა ტოტალიზატორების საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

პაოლო როსიმ ამ მატჩში 3 ბურთი გაიტანა, მესამე _ თამაშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე, ბრაზილიელების თავგამოდებული თამაშის მიუხედავად (სოკრატესმა და ფალკაიმ გაათანაბრეს ანგარიში), იტალიამ გაიმარჯვა, შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here