Home რუბრიკები საზოგადოება ციალა ავქოფაშვილი: საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდა, ვფიქრობდი, ჩემი შვილიშვილები ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებენ-მეთქი,...

ციალა ავქოფაშვილი: საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდა, ვფიქრობდი, ჩემი შვილიშვილები ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებენ-მეთქი, მაგრამ ახლა არაფრის იმედი არ მაქვს

1634
ციალა ავქოფაშვილი

ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭის მცხოვრებ ციალა ავქოფაშვილს შინ ვესტუმრეთ. გარეთ საშინლად ყინავდა, მაგრამ ციალა ბებოს ოთახში ზამთრის სუსხი არ იგრძნობოდა. ღუმელში ხმელი შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებდა და ოთახში ახალგამომცხვარი პურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. მასპინძელმა სახელდახელო სუფრა გაშალა, მყუდრო გარემო შექმნა და საუბარიც დაიწყო:

_ ცხოვრება ჩვენ დროს იყო. მართალია, ვშრომობდით, თანაც ძალიან ბევრს, მაგრამ შრომას ყადრი ჰქონდა.

24 წელიწადი სატყეო მეურნეობაში ვმუშაობდი, დღეში ოთხ მანეთს გვიხდიდნენ, ეს ნორმალური შემოსავალი იყო, იმდენი, რომ მე და ჩემმა ქმარმა მიწაც ვიყიდეთ, სახლიც ავაშენეთ და შვილებიც გავზარდეთ.

მერე ცუდი პერიოდი დაიწყო, პენსია 7 ლარი იყო და შევარდნაძის ცოლი ამბობდა, ცხოვრება 7 ლარით შეიძლებაო. არც ახლაა კარგი დრო, პენსია 180 ლარი კი არის, მაგრამ არაფერში გვყოფნის. შვილი მომიკვდა, მხოლოდ ჩემი რძალი მუშაობს, ვერაფერს ვახერხებთ, მოვხუცდით და წამალი გვჭირდება, ჩემი ქმარი დაბრმავდა, მისახედია, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს.

ძველ დროს ხალისით ვაკეთებდით საქმეს, რადგან ვიცოდით, დაგვიფასდებოდა. მოგვყავდა ხორბალი, სიმინდი. ხორბლის იმდენ მოსავალს ვიღებდით, რომ ერთ წელიწადს 700 კილოგრამი შინ გამომატანეს. ახლა სოფელში ხორბალი საერთოდ აღარ არის.

_ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელი ხელისუფალი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

_ არც ერთი ხელისუფალი და ხელისუფლება არ მომწონდა და არც ახლა მომწონს. ჩემი დღე და მოსწრება შრომაში გავლიე და ასეთი ცხოვრების ღირსები არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ პენსიაც მაქვს, სოციალურ დახმარებასაც ვიღებ, დღეს ფულს ფასი არ აქვს… ჩემი ქმარი უსინათლოს დახმარებას იღებდა და, რამდენიმე თვეა, შეუწყვიტეს.

ცხვირით მიწას ვთხრიდით, შვილო, და ვითომ არაფერი გაგვიკეთებია, დღეს ჩვენი ნაშრომი არავის ახსოვს.

ადამიანი კმაყოფილი არასოდეს იქნება, მაგრამ ახლა ძალიან ცუდი დროა _ ყველა მხრიდან ცუდი გესმის, მოსაწონი და გასახარელი არაფერია, ქვეყანაც უკანუკან მიდის და ხალხიც. პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდებახანდახან ვამბობ: იმ ძველ დროს რომ არ მოვსწრებოდით, აქამდე ცოცხლები არ ვიქნებოდითმეთქი. მაშინდელი ეკოლოგიურად სუფთა და ბარაქიანი საკვებით რომ არ ვიყოთ გამოკვებილნი, დღეს, არც კი ვიცი, როგორ ვიქნებოდით.

დღეს დოვლათით სავსე ოჯახს ძნელად თუ ნახავ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სოფელში ხალხს ძალიან უჭირს. სამამულო ომი გამოვიარეთ და მაშინ არ ჭირდა ცხოვრება ისე, როგორც დღეს. ომის დროს ვშრომობდით და იმდენ მოსავალს ვიღებდით, რომ ფრონტზეც ვაგზავნიდით.

ახლა ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ… ბავშვები მეკითხებიან ხოლმე, ვინ გინდა, იყოს პრეზიდენტიო. მეცინება, მე ვინც მინდა, ის აღარ მოვა და ამათი იმედი კიდევ ჩემს მტერს ჰქონდეს.

_ თქვენ ვინ გინდათ პრეზიდენტად?

_ სტალინისნაირ მმართველს ვნატრობ, მხოლოდ მისნაირი პიროვნება გადაარჩენს ქვეყანას. მახსოვს სტალინის მმართველობის წლები, მისი სიკვდილიც მახსოვს, ადგილობრივ რადიოსადგურთან მუხლამდე თოვლსა და ტალახში ვიდექით და გულამოსკვნით ვტიროდით. აი, მას ერქვა მმართველი. აბა, ახლა ვინ იტირებს ხელისუფლების წარმომადგენლისთვის?

“მთის კანონი” შემოიღეს და ახლა აქაურებს პენსია, სხვასთან შედარებით, მეტი გვაქვს, თითქოს კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სიძვირეა ძალიან, თანაც აქ ხალხი იწამლება მავნე ნივთიერებებისგან, ოქროს საბადოებზე აფეთქებების შედეგად, სახლები გვენგრევა _ ბზარები გაუჩნდა, წვიმის შემდეგ წყალი ჩამოგვდის; ვწერთ განცხადებას, რომ დაგვეხმარონ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. საქართველომ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, ვფიქრობდი, ჩემი შვილიშვილები ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებენ-მეთქი, მაგრამ ახლა არაფრის იმედი აღარ მაქვს, არა მგონია, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახალგაზრდები მეცოდებიან.

ტელევიზორს თვალს ვადევნებ, მაგრამ ერთ ადამიანზეც არ შემიძლია კარგის თქმა. ვინმემ რომ მითხრას, _ ვისაც შენ დაასახელებ, ის იქნება პრეზიდენტიო, ვერავის დავასახელებ, არავინ მეგულება სანდო ადამიანი. იმედი მოკვდა, შვილო. მე წარმავალი ვარ, მაგრამ ახალგაზრდებიც რომ ჩემსავით არიან, ეგ მიკლავს გულს. მეცოდებიან აქაური ბავშვები, ახალგაზრდები, ცხოვრება გადის და მათთვის საინტერესო არაფერი ხდება, მიწის მეტს ვერაფერს ხედავენ, თოხი და ბარია ამათი ყოველდღიურობა.

ტელეეკრანზეც ვერაფერს ნახავ კარგს, რომელ არხზეც უნდა გადართო, სიბინძურე ისმის, შვილიშვილებთან ერთად ვერ ვჯდები ტელევიზორის საყურებლად.

გაზეთის მკითხველმა რომ არ იფიქროს, სულ ბუზღუნებს, რა ცუდი მოხუციაო, კარგსაც ვიტყვი: ამ გაუსაძლის ყოფაში ჩემს ქმარს თვალის ჩინი წაერთვა, შვილიშვილმა თბილისში წაგვიყვანა, ორი ოპერაცია გაუკეთეს საწყალ ვანი პაპას და თეთრიც არ გადაგვიხდია. წამლების ყიდვა კი გვიჭირს ახლა, მაგრამ უფასოდ ოპერაციის გაკეთება დიდი შეღავათი იყო. ჩვენ ვერასდროს შევძლებდით ოპერაციის საფასურის გადახდას და ტკივილი მოკლავდა მოხუცს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here