Home ახალი ამბები საქართველო ცესკო _ უზრუნველყოფილი სიბერე

ცესკო _ უზრუნველყოფილი სიბერე

1297
ცესკო

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ვებგერდზე გამოქვეყნდა წერილი ცესკოს ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონშისახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”. გთავაზობთ ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) წევრობა, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, ბევრისთვის, ალბათ, იმიტომაც არის სასურველი, რომ იქ მაღალი ანაზღაურებაა. 2015 წელს ცესკოს მიერ დამტკიცებული განკარგულების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 5 500 ლარს შეადგენს, მოადგილის _ 4 700 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის _ 4 600 ლარს. რაც შეეხება კომისიის დანარჩენ 10 წევრს, მათი ანაზღაურება თვეში 3 900 ლარია (ამ თანხებში არ შედის დანამატი და პრემია, რომლებიც არანაკლებ შთამბეჭდავია). საარჩევნო პერიოდში კი ცესკოს წევრების ანაზღაურება ორმაგდება. შესაბამისად, თავმჯომარის ანაზღაურება 11 000 ლარი ხდება, მოადგილის _ 9 400 ლარი, მდივნის _ 9 200 ლარი, ხოლო წევრებისა _ 7800 ლარი (ბოლო არჩევნების პერიოდში გაორმაგებული ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში გაიცემოდა). გარდა ამისა, როგორც წესი, ცესკოს წევრი უზრუნველყოფილია სხვადასხვა საკომუნიკაციო ხარჯით, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ცესკოს ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონში “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”. ცესკოს წევრი და აპარატის მოხელეები კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს მიიღებენ. კომპენსაციის დანიშვნის პირობაა 65 წლის მიღწევა ან არანაკლებ 25 წლის შრომის სტაჟი, რომლიდანაც, სულ ცოტა, 6 თვე ცესკოს წევრის თანამდებობაზე მუშაობა უნდა იყოს. პროექტის განმარტებით ბარათში არაფერი წერია, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ მათ კომპენსაცია. სამაგიეროდ წერია, რომ ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედი უნდა იყოს.

ცნობისთვის: ზემოთ აღნიშნული “გენიალური” ინიციატივა იმ ქვეყნის ცესკოში დაიბადა, რომელშიც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. მსოფლიო ბანკის მიერ შარშან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, საქართველოს მთელი მოსახლეობის 32.3% (1.4 მლნ) სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ამ ფონზე მით უფრო გაუგებარია, რატომ უნდა უხდიდეს სახელმწიფო კომპენსაციას ცესკოს წევრებს, რომლებიც ამ უფლება-მოვალეობის შესრულებისას სრულად არიან უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here