Home რუბრიკები ისტორია ჩუღურეთი

ჩუღურეთი

1552
ვორონცოვის ხიდი

ჩუღურეთი თბილისის ერთერთი ძველი უბანია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ეს არის ტერიტორია დღევანდელი ბარათაშვილისა და ჩუღურეთის ხიდებს შორის. სიტყვა ჩუღურეთი წარმოდგება თურქულიჩუღურ”-იდან და ქართულად ფოსოს, ორმოს, ღრმა ფლატეს ნიშნავს.

ეს უბანი პირველად მოხსენიებულია 1707 წელს გაცემულ წყალობის სიგელში სოფელ ჩუხურის სახელით:

“იქ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ, დედოფლით დედოფალმან, პატრონმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან, პატრონმან ბაქარ თქვენ, ჩვენის კარის მღრდელს ნაობს, შვილსა შენსა პეტრესა, გიორგის და იაკობს, ასრე რომ შვილიან კაცი იყავით და ერთი კაცის სასახლისა და საბრძელ-კალოს ალაგს დაგვეაჯენით, ჩვენცა მოკითხული ვქენით და გაღმა ჩუხურში, შენისავ სიმამრის ნაქონი ცოტა რამ ბეითალმანი ნაოხარი ალაგი იყოს, რადგან ქალაქში მისი ნაქონი სახლ-კარი შენ გქონდა, არცა ვის ხელი ჰქონდა არცა ვის ეხელყოდა, და თვინიერ შენსა, და რადგან შენის სიმამრის ნაქონი იყო, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, და როგორათაც შენს სიმამრს ლუარსაბს ქონებოდეს, რისაც მზღურითა და გზით, იმ გვარად შენთვის და შენთა შვილთათვის გვიბოძებია. ჰქონდეს და გიბედნიეროს ღ-თნ…”

მუხრანის ხიდიმ რომელიც ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას იყო
მუხრანის ხიდი, რომელიც ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას იყო

ქართულ წერილობით წყაროებში ჩუხური მეორედ 1721 წელს ქართლის აღწერის დავთარში გვხვდება. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ ტფილისის გეგმაზე დატანილია, როგორც სოფელი, და ისაზღვრება ჩუღურეთის ხევით, სოფელ კუკიათი, მტკვრით, დიდხევითა და სამგორის მინდვრებით.

1824 წლიდან ჩუღურეთი ქალაქს შეუერთდა და იგი თბილისის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბნად იქცა. მოგვიანებით აქ მდინარე მტკვარზე აშენდა ერთმალიანი რკინის ხიდი _ მუხრანის ხიდი. მისი პროექტი 1882 წელს დაამუშავა ინჟინერმა უმანსკიმ (ვერის ხიდის ავტორმა). ამის შემდეგ რამდენიმე საპროექტო წინადადება იყო წამოყენებული. ბოლოს შეჩერდნენ ე. პატონის პროექტზე. ერთმალიანი ლითონის ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს. მისი მშენებლობისას ააფეთქეს XVII საუკუნის არაგვის ხიდის ჯერ კიდევ შემორჩენილი ბურჯები. ხიდს “მუხრანის” სახელწოდება გამოჰყვა (ამ ადგილზე არსებულ მუხრანბატონის სახლის და უბნის გამო). იგი მოშალეს 1965 წელს ახალი ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ბარათაშვილის სახელი ეწოდა.

ჩუღურეთის ხიდი კი მდინარე მტკვარზე 1962 წელს აიგო, ჩაანაცვლა 1848-1853 წლებში აშენებული მიხეილის დიდი ხიდი.

აღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი

ხიდის პროექტის ავტორები არიან: ინჟინერი . ქარცივაძე, არქიტექტორები: . მელქაძე და . ყავლაშვილი. ახალი ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს მიხეილის ხიდის ძველი ბურჯები და შეინარჩუნეს ხუთმალიანი კონსტრუქცია და თაღების მოყვანილობა. საბჭოთა პერიოდში კარლ მარქსის სახელს ატარებდა, შემდეგ თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ზაარბრიუკენის სახელი ეწოდა. დღევანდელი სახელი 1994 წლიდან ჰქვია.

დედაქალაქის ამ უძველეს უბანში მატერიალური კულტურული ძეგლებიდან შემორჩენილია: კვირაცხოვლის ეკლესია (შუა ფეოდალური ხანის), წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (18-19 სს.), ღვთისმშობლის სომხურგრიგორიანული ეკლესია (19 .).

* * *

ჩუღურეთის კვირაცხოვლობის, წმინდა მოციქულის თომას ეკლესია თბილისის ერთ-ერთი ძველი ეკლესიათაგანია. ეკლესიის სიძველეს ადასტურებს მოსე ჯანაშვილი, რომელიც წერს, რომ კვირაცხოველი წმინდა თომასი უძველესი ტაძარია. დანგრეული ლანგთემურისაგან, განახლებულ იქმნა XVII საუკუნეში მთავარეპისკოპოსის ქრისტეფორეს მიერ”.

კვირაცხოვლის ეკლესია ვახუშტის დატანილი აქვს თბილისის 1735 წლის გეგმაზე. 1800 წლის გეგმაზე კვირაცხოვლის ეკლესია უკვე ნანგრევების სახითაა, 1884 წლის გეგმაზე კი აღნიშნულია “წმინდა გიორგის ეკლესია წითელ გორაზე”.

საარქივო ფოტომასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტაძარს გუმბათი და დასავლეთ მხარეს სამრეკლო ჰქონია. ეკლესიის გარშემო მდებარე შენობებში მონაზვნები და სასულიერო პირები ცხოვრობდნენ. ეკლესიის ქვის გალავნის დიდი ნაწილი ამჟამადაც არის შემორჩენილი.

წმ.ნიკოლოზის ეკლესია
წმ.ნიკოლოზის ეკლესია

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სასაფლაოს ეკავა.

XIX საუკუნის II ნახევარში თბილისში შემოსვლას იწყებენ ირანიდან დევნილი ასირიელები. ისინი კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ დაზიანებული კვირაცხოვლობის ეკლესია შეიძინეს და თავისი ხარჯით აღადგინეს.

1898 წლის 17 ივნისის ქართული გაზეთები “ცნობის ფურცელი” და “ივერია” წერენ: გუშინ, კვირას, კვირაცხოვლის წმინდა თომას ეკლესიაში (არსენალის წინ) არაჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დღეს უნდა მიეღოთ მართლმადიდებლობა ტფილისში მცხოვრებ აისორებს, რომელნიც კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნესტორის (430.) სწავლას აღიარებდნენ. თუმცა აისორები ქრისტიანები არიან, მაგრამ მათი სწავლამოძღვრება მაინც განირჩევა მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. მაგალითად, ისინი მარიამს უწოდებენ ქრისტეს მშობელს და არაღვთისმშობელს; პირჯვარს იწერენ მთელი ხელით და არა სამის თითით და სხვა ამგვარს…”

დღეისათვის კვირაცხოვლობის ეკლესიას დაკარგული აქვს ძველი სახე. თბილისში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აღდგომის სწორს ამ ეკლესიასთან კვირაცხოვლობის დღესასწაული იმართებოდა. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩასაგდებად. მრევლის რწმენით, გამარჯვებულ ჯგუფს მთელი წლის მანძილზე არ მოაკლდებოდა სიუხვე და ბარაქა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ-ნაკუწად გლეჯდნენ და ინაწილებდნენ, რადგან მისი მაგიური ძალისა სჯეროდათ. კვირაცხოვლის გორას წითელგორას (“კრასნაიაგორკას”) უწოდებდნენ, კვირაცხოვლობის დღეს აქ წითელი კვერცხების დაგორების გამო. ეს წესი რუსმა მართლმადიდებლებმა შემოიტანეს თბილისში.

2008 წლის 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) კვირაცხოვლობის ტაძრის ეზოში აკურთხა სამრეკლოს აღდგენა-აშენებისთვის განკუთვნილი ადგილი. სამრეკლოს პირველ სართულზე განათავსებენ მთავარანგელოზთა მცირე საყდარს, სადაც კვირაცხოვლობის ტაძრის აღდგენამდე წირვა-ლოცვა აღესრულება.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აგებულია 1850-იან წლებში დეკანოზ პეტრე იმნაძის მიერ. XX საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ტაძრის შენობა გამოყენებული იყო ფირფიტების საწყობად. შემდეგ ეკლესია დაიკავა “ფოლკლორის თეატრმა”. საკონცერტო სცენა მოწყობილი იყო უშუალოდ საკურთხეველში. ამ საშინელი მკრეხელობის გამო ანსამბლის ზოგიერთი წევრი დაისაჯა სხეულის დაზიანებით. ღვთის უსაზღვრო მოწყალებით, მათ სასიკვდილო განსაცდელი არ შეხვდათ. რამდენიმე ადამიანმა ცოდვა მოინანია და წმიდა ზიარება მიიღო. 1991 წელს ტაძარში ღვთისმსახურება განახლდა. ეკლესიის რესტავრირება მოხდა დეკანოზ გრიგოლ გოცირიძის ძალისხმევითა და პირადი დანაზოგით.

ტაძარი წარმოადგენს გუმბათოვან ბაზილიკას გვიანდელი მინაშენებით.

ჩუღურეთში მდებარეობს თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი აღმაშენებლის გამზირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here