ბოლო დროს, განსაკუთრებით “ქართველთა მარშის” შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “ლიბერალური ფაშიზმი”, “ქართული ფაშიზმი”, “ჩვეულებრივი ფაშიზმი” და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ პროპაგანდისტული იარლიყებია, მაგრამ შესაძლოა, ვითარება გაცილებით საგანგაშო იყოს.
ტერმინს “ფაშიზმი” საქართველოში, როგორც წესი, მაშინ იყენებენ, როდესაც რეჟიმის სისასტიკის ან რადიკალური ქსენოფობიის აღწერა სჭირდებათ. ამასთანავე, პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების ნაწილი მიიჩნევს,რომ, თუ ოპონენტს ფაშისტს უწოდებს, ეს მასთან დისკუსიის აუცილებლობისგან გაათავისუფლებს და მისი განადგურების (ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკურის, ვიდრე ფიზიკურის) იდეას ლეგიტიმურს გახდის. ამ კონტექსტში, ფაშიზმი 99%-ის შემთხვევაში გამოიყენება, როგორც მეტაფორა ან იარლიყი. ხოლო იმისთვის, რომ ნამდვილი ფაშისტები გამოვავლინოთ, აუცილებელია, გავაანალიზოთ მათი მიდგომა ისეთი ფუნდამენტური საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, “ერი და სახელმწიფო”.
საბჭოთა კავშირში ფაშისტურს ჰიტლერისა და მუსოლინის რეჟიმს უწოდებდნენ, მაშინ, როდესაც დასავლეთში საუბრობდნენ ნაცისტურ გერმანიასა და ფაშისტურ იტალიაზე. ამ ტერმინოლოგიური სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა მარქსისტები მთავარ და საკმაოდ საშიშ მოწინააღმდეგედ სწორედ “კლასიკურ” ფაშიზმს მიიჩნევდნენ, მაშინ, როდესაც გერმანულ ნაციზმს, თავისი ვულგარული რასისტული დოქტრინით, მარგინალურ გადახრად თვლიდნენ. გარკვეული ლოგიკა ამაში იყო _ მარტივად რომ ვთქვათ, იდეოლოგიას, რომელიც, ჰიტლერიზმის მსგავსად, ამა თუ იმ ეთნოსის (ან რასის) წარმომადგენელს აპრიორი პირველობას ანიჭებს, ნაკლები შანსი აქვს, სხვა ეთნოსების წარმომადგენლები მოხიბლოს. იტალიური ფაშიზმი არ ეყრდნობოდა ისეთ მძლავრ სახელმწიფოს, როგორც გერმანული ნაციზმი, მაგრამ იდეოლოგიური გავლენის თვალსაზრისით უფრო საშიში იყო.
იმის გამო, რომ გერმანია და იტალია ომში მოკავშირეები იყვნენ, ხოლო სოციალისტურ ბანაკში სხვაობას ნაცისტებსა და ფაშისტებს შორის თითქმის არ ამჩნევდნენ, დღეს ყველამ როდი იცის, რომ ჰიტლერსა და მუსოლინის სახელმწიფოს როლის მიმართ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. “რასა და არა სახელმწიფო არის ზეადამიანის გაჩენის მთავარი წინაპირობა, ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ამოცანა გახდება ზრუნვა ისტორიის ისეთი სახელმძღვანელოს შექმნაზე, რომლებშიც მთავარ ადგილს რასობრივი პრობლემა დაიკავებს”, _ წერდა ადოლფ ჰიტლერი “მაინ კამფში”. მუსოლინი რასის ფაქტორს ერთობ სკეპტიკურად აფასებდა: “რასა 95 პროცენტით შეგრძნებაა”, _ წერდა ის. დუჩე საკითხს დასავლური ტრადიციის კალაპოტში განიხილავდა, რომლის თანახმად ერი სახელმწიფოზე მიბმული ფენომენია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ ზღვარზე სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ეთნიკურ ნაციონალიზმს შორის. მუსოლინი სახელმწიფოს ღირებულებათა პირამიდის მწვერვალზე ათავსებდა, მაშინ, როდესაც ჰიტლერი განიხილავდა მას, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც რასის ინტერესებს ემსახურება.
ალბათ, აუცილებელია ბოდიშის მოხდა ორი დიქტატორის ესოდენ უხვი ციტირებისთვის, თუმცა ამჯერად ეს აუცილებელია. “ფაშისტისთვის ყველაფერი სახელმწიფოშია და არაფერი ადამიანური და სულიერი არ არსებობს და არანაირი ფასი არ აქვს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით, ფაშიზმი ტოტალიტარულია და ფაშისტური სახელმწიფო, როგორც ყველა ღირებულების სინთეზი და ერთობლიობა, ხალხის ცხოვრების ახსნას ახდენს, ავითარებს მას და მის რიტმს აძლიერებს, _ წერდა მუსოლინი “ფაშიზმის დოქტრინაში”, _ ერი კი არ ქმნის სახელმწიფოს, როგორც ამას აცხადებს ძველი ნატურალისტური მიდგომა, რომელიც საფუძვლად დაედო XIX საუკუნის ეროვნულ სახელმწიფოებს, პირიქით _ სახელმწიფო ქმნის ერს”.
აქ, ალბათ, საჭიროა, “გადავახვიოთ ფირი” და გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, კერძოდ კი “ნაციონალების” გაქანებული ეტატიზმი და კვაზი-რელიგიური დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი ცალკეული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ. გასაკვირი ამაში არაფერია, რადგან სწორედ ის განიხილებოდა, როგორც ერის რადიკალური განახლების (თუ გნებავთ, “თავიდან შექმნის”) ერთადერთი საშუალება. გავიხსენოთ ის სახელმწიფო, რომელიც ტოტალური კონტროლისკენ მიისწრაფვოდა და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში შეჭრას ცდილობდა. სააკაშვილის თაყვანისმცემლები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ მათმა ბელადმა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგადი ლიბერალიზაციისა და ფორმალური რეგულაციების შემცირების პარალელურად, ძლიერდებოდა სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე; იმ წლებს ტყუილად არ უწოდებენ ბიზნეს-ტერორის ან დიდი წნეხის პერიოდს. მანიაკური ეტატიზმის, სახელმწიფოსგან კერპის შექმნის გარდა, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ორიენტაცია ბელადზე, რომელიც ასევე გვახსენებს იტალიის გამოცდილებას, პოპულიზმი, მილიტარიზმი (ყოველ შემთხვევაში საწყის პერიოდში), არსებითად ტოტალიტარული პროპაგანდა, შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ და ა.შ., მადლობა ღმერთს, რომ გარკვეული შიდა და გარე ფაქტორების თანხვედრის გამო, ბენიტო მუსოლინის სახელობის ტოტალურმა სახელმწიფომ საქართველოში კონტროლის სფეროს მაქსიმალური გაფართოება ვერ შეძლო და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.
არანაირი ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გოლდბერგის ცნობილმა წიგნმა ეს ტერმინი მთელ მსოფლიოში ფრიად პოპულარული გახადა. ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, ბანალური ფაშიზმი. მან მოკლა საწოლს მიჯაჭვული ქართული ლიბერალიზმი, რათა მისი სახელი გამოეყენებინა და დასავლეთის თვალში მაქსიმალურად მომგებიანად წარმოჩენილიყო _ სულ ეს იყო. ცხადია, საქართველოში არიან ნამდვილი ლიბერალებიც, მაგრამ მათ სახელს ამოფარებული ფაშისტები გაცილებით აქტიურად მოქმედებენ.
საინტერესოა, ვინ ეპაექრება მათ ყველაზე აქტიურად: მემარცხენეები? _ არა (საერთოდ, ქართული მემარცხენეობის აღწერა უფრო რთულია, ვიდრე პოსტშიზოფრენიული დეპრესიის; მასზე ცალკე უნდა ვისაუბროთ). იქნებ დაბნეული კონსერვატორები? _ არა. ქართველი ფაშისტების ყველაზე თანმიმდევრულ ოპონენტებად ქართველი ნაცისტები გვევლინებიან (აქ საუბარია არა იმდენად მარგინალურ ნეონაცისტურ ჯგუფებზე, რამდენადაც შედარებით ფრთხილ და საშიშ ადამიანებზე).
“სახელმწიფო მხოლოდ ინარჩუნებს რასას, ხოლო ეს უკანასკნელი განსაზღვრავს კულტურის დონეს… ჩვენმა დღევანდელმა სახელმწიფომ, როგორც ფორმალურმა მექანიზმმა, შეიძლება გარკვეული პერიოდი იარსებოს, მაგრამ ჩვენი რასა მოწამლულია, რაც შეუქცევადად ამცირებს ხალხის კულტურულ დონეს და შემზარავი მოვლენების მიზეზი ხდება”, _ წერდა ადოლფ ჰიტლერი. ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საუბრები საქართველოზე, რომელიც იღუპება იმის გამო, რომ მართვის სადავეები ანტიეროვნული ძალების ხელშია. მაშინ, როდესაც, რადიკალი ნაციონალისტების აზრით, სახელმწიფო ერის (ამ შემთხვევაში ეთნიკური გაგებით) უზენაესი ინტერესების რეალიზაციის, პრივილეგირებულ მდგომარეობაში მისი ჩაყენების ინსტრუმენტად უნდა იქცეს. ამ პროპაგანდის ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს ის, რომ ქვეყანა მართლაც დაღუპვის პირასაა და ის, ვინც ამას აღიარებს, გაცილებით იოლად ეთანხმება მომდევნო, ძალზე ტოქსიკურ არგუმენტებსაც. სწორედ ამ გზით მოიპოვეს გერმანელმა ნაცისტებმა წარმატება საპარლამენტო არჩევნებში. ეს მეთოდი ეხმარება ქართველ კრიპტო-ნაცისტებს, გაავრცელონ ლამის ზოოლოგიური ქსენოფობიით გაჟღენთილი ლოზუნგები და წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური ინტრიგები ჯვაროსნულ ლაშრობად “ლიბერალური ფაშიზმის” წინააღმდეგ, რომელიც (რაზეც უკვე ვისაუბრეთ) არსებითად ანტილიბერალურია.
მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ახარებს დაპირისპირება ჰიტლერისა და მუსოლინის იდეურ მემკვიდრეებს შორის (მიუხედავად იმისა, გაეცნენ თუ არა ისინი შესაბამის დოქტრინებს თუ “ველოსიპედი თავიდან გამოიგონეს”). სავარაუდოდ, მის ლიდერებს ჰგონიათ, რომ ეს პოლემიკა იმიტაციური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ეხმარება იმაში, რომ მოსახლეობის ყურადღება მთავრობის კოშმარული პოლიტიკიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ამ დროს მათ შეიძლება არ გაითვალისწინონ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – ნორმალური კონსერვატორები, ლიბერალები თუ ზომიერი ნაციონალისტები ბოლო დროს რადიკალების – პირობითი “ნაცისტებისა” და “ფაშისტების” გავლენის ქვეშ ექცევიან. ეს კი ძალზე საშიშია, როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მთლიანობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჰიტლერისა და მუსოლინის შეწყვეტილი პოლემიკა, XXI საუკუნეში ესოდენ უცნაური ფორმით საქართველოში გაგრძელდებოდა?
მართალია, ამ ეტაპზე დაპირისპირება მნიშვნელოვანწილად თეატრალიზებულია, მხარეები ერთმანეთის ლანძღვის ხარჯზე პიარქულებს იწერენ და, შესაბამისად, ერთმანეთს სჭირდებიან, მაგრამ მთავარია, რომ ისინი მოქმედებენ ანტიდემოკრატიული, არაადამიანური ტრადიციის კალაპოტში და ხელს უწყობენ იმ იდეების გავრცელებას, რომელთაც არც ერთი ერისთვის კარგი არაფერი მოუტანია.
“ფაშიზმი არა მხოლოდ მართვის სისტემა, არამედ, უპირველესად, აზროვნების სისტემაა”, _ წერდა ბენიტო მუსოლინი და, შესაძლოა, ეს ერთ-ერთი საკვანძო ფორმულირებაა მისი მოძრაობის ისტორიაში. ფაშიზმი ძლიერი შხამივით მოქმედებს და, ორგანიზმის (ერი იქნება თუ ინდივიდი) გადარჩენის შემთხვევაშიც კი, თანმდევი პრობლემები აქტუალობას ათწლეულების განმავლობაში არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყო ღია თუ შენიღბული ფაშისტური და ნაცისტური იდეები, მათი გავლენის ნეიტრალიზებას კიდევ საკმაო დრო დასჭირდება.
დიმიტრი მონიავა