Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენ უფრო გვაინტერესებს, ბიზნესი იყოს თავისუფალი”

“ჩვენ უფრო გვაინტერესებს, ბიზნესი იყოს თავისუფალი”

1903
თავიანთი საქმის დიდოსტატები

ვხედავ, კაცთათვის

სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა,

თუ არ იხარა თავის ნაღვაწით,

რადგან ესაა მისი წილი

ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს,

რა მოხდება შემდგომად მისა?”

ეკლესიასტე 3,22

დღევანდელი პუბლიკაციით ვაგრძელებთ წერილების ბეჭდვას რუბრიკითმისი უდიდებულესობა მუშათა კლასი”.

ერთად მოჰკიდეს საქმეს ხელი

როგორც იქნა, აცივდა. ბოლო წლების თბილ შემოდგომას შეჩვეული თბილისელებისთვის ცოტა მოულოდნელად. 16 ნოემბერს, დილით, აღმაშენებლის ხეივნიდან გლდანისკენ გადასახვევის ჩაყოლებით, მტკვრის მარჯვნივ გაშლილ სივრცეში მაინც განსაკუთრებით იგრძნობოდა ტემპერატურის მკვეთრი დაცემა ნულისკენ. ცელსიუსით.

16 ნოემბრის ასეთ დილას შევხვდი იმ უბანში პაპუნა ლაღიძესა და შოთა სამსონაშვილს, რომლებსაც ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სახელოსნო აქვთ გახსნილი, ამერიკის საელჩომდე მისვლას სულ არაფერი რომ არ აკლია, იქ.

_ გუშინ და დღეს კი არა, ხუთი-ექვსი წელიწადია, აქ ვმუშაობთ. აქ დავიწყეთ მეორადი ავტომანქანების დაშლა-აწყობა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მეტიც შეგვეძლო და გადავედით მანქანების შეკეთებაზე. წლებია, ვემსახურებით მოქალაქეებს და დღემდე თავი არ შეგვირცხვენია, _ მიყვება პაპუნა ლაღიძე, შემდეგ შოთაც ჩაერთვება საუბარში, სამსონაშვილი.

_ რატომღაც დამაინტერესა “ფოლკსვაგენ-შკოდას” ფირმის მოდელმა და დეტალურად შევისწავლე ეს მანქანა. ერთხელ, როცა ჩემი ავტომობილი ავტოავარიაში სერიოზულად დაზიანდა, გადავწყვიტე, დამეშალა და ავტონაწილებად გამეყიდა. დაშლის პროცესში დავრწმუნდი, რომ შემეძლო ჩემი ცოდნა ხელობად გამომეყენებინა და მოქალაქეების მიღება დამეწყო, შემეკეთებინა მათი დაზიანებული მანქანები.

პირველად “დამოუკიდებელ ცურვაში” დიღმის მასივის მეორე კვარტალში გავიდა, სადაც საერთო სარგებლობის “ორმოზე”, ღია ცის ქვეშ (“მაწვიმდა, მათოვდა”) დაიწყო თავისი კერძო საქმე, როგორც თვითდასაქმებულმა, თანდათან გაშალა და გააფართოვა სამუშაო არეალი და ახლა უკვე სოლიდურ ობიექტს ხელმძღვანელობს შოთა სამსონაშვილთან ერთად, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.

უკვე ვთქვით, რომ მწყობრიდან გამოსულ მანქანებს შლიდნენ და ნაწილებს ჰყიდდნენ, მაგრამ, ნახმარი ნაწილებით მოვაჭრეებისგან განსხვავებით, ამ ნაწილებს კლიენტებს მანქანებზე თავადვე უყენებდნენ.

ახლა ავტონაწილები შემოაქვთ დუბაიდან, ჩინეთიდან. სახელოსნოში შვიდნი არიან _ ელექტრიკოსი, მღებავი, ძრავისა და სავალი ნაწილის სპეციალისტები. ვინ თვითონ მოვიდა, ვინ _ კლიენტების რეკომენდაციით მიიღეს. მაგალითად, ნუგზარ კევლიშვილი. მეგობარმა გვირჩია _ კარგი ბიჭია, ცენტრში სტაჟირება გაიარაო. დავიყენეთ გვერდით და ახლა ერთად ვართ. დავმეგობრდით. ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ: მიხეილ ვაშაკიძე, ომარ ზურაბაშვილი, ბესარიონ დევდარიანი, გიორგი იზორია, ნუგზარ კევლიშვილი.

უფრო აპირებენ გაფართოებას.

უფროსებმა ხომ შეაქეს თანამშრომლები, ახლა ოსტატებსაც მოვუსმინოთ:

_ ძალიან კარგები არიან, _ ამბობს გიორგი იზორია, სერტიფიცირებული მღებავი, _ მეგობრული, ძმაკაცური. ამიტომ ვარ აქ ამდენი ხანი, თორემ რა გამაჩერებდა! ექვსი წელიწადია, ერთად მოვდივართ. ერთი პერიოდი “ფეიქრებზე” (ფეიქრების ქუჩაზე, სადაც ნახმარი ნაწილები იყიდება) ერთად ვმუშაობდით, ერთ სერვისში. ვნახე, რომ ნორმალური ხალხი იყო, საქმის მცოდნე და პასუხისმგებელი, გადავწყვიტე, მათთან ერთად ერთ წრეში ვყოფილიყავი. არც შევმცდარვარ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი წელიწადი გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ჟესტი, “მალიარკა”, პლასტმასის აღდგენა. ამაზე მე ვმუშაობ.

არ არსებობს გაუკეთებელი

საუბარი საერთო ხდება, ყველა ერთვება და აზრი ეკარგება დაკონკრეტებას, ვინ იყო ამა თუ იმ რეპლიკის, მოსაზრების, ინფორმაციის მომწოდებელი თუ ავტორი.

_ ვარემონტებდით მექანიკურ კოლოფებს. პრაქტიკამ ბევრი რამ გვასწავლა და ამჟამად სიჩქარის არეული კოლოფების აწყობა ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია.

_ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ვერ შეგიკეთებიათ დაზიანება?

_ როგორ არა. მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, _ არ არსებობს გაუკეთებელი. მეტი დაკვირვება სჭირდება, ინტერნეტის ყურადღებით მოქექვა, ბოლოს და ბოლოს, მაინც გამოგვისწორებია _ XXI საუკუნეა, მოგეხსენებათ. თუ ნიჭი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ.

_ სადღაც ამოვიკითხე, რომ ფრანგული წარმოების მანქანების კონსტრუქცია, კვანძების განლაგება, ძრავა გაცილებით რთულია ამერიკულ მანქანებთან შედარებით.

_ სწორად ამოგიკითხავთ, მაგრამ ფრანგული მანქანების ჩაუთვლელად სხვა ევროპული მანქანები მარტივია. თუმცა “ლეონის ფოლკსვაგენი”, “ფიატი”, “შკოდა”, საზოგადოდ, ერთი ფუძიდან მოდის. მათი გარკვეული დეტალები, ნაწილები ჩანაცვლებადია, ცოტა გადაკეთება დაჭირდება ზოგჯერ, მორგება, მაგრამ გაუკეთებელი არაფერია.

შოთა სამსონაშვილი და პაპუნა ლაღიძე
შოთა სამსონაშვილი და პაპუნა ლაღიძე

_ მოუკითხავთ ავტომოყვარულებს იმის გამო, რომ სხვებს ვერ შეუკეთებიათ მათი გაფუჭებული ავტოები?

_ აი, მე მოვედი, _ საუბარში ერთვება იქვე მდგარი კლიენტი. ნუ ჩავუთვლით უზრდელობად ჩვენს საუბარში ჩართვას, რადგან ყველგან _ ავტოსახელოსნოებში, ბენზინგასამართ სადგურებში, “სტაიანკებზე” ან, უბრალოდ, ქუჩაში ორი კაცი მანქანებზე თუ დაიწყებს ლაპარაკს, მესამე აუცილებლად ჩაერთვება, თუნდაც უცნობი გამვლელი. ასეთი წესი და ტრადიციაა, _ იმხელა დაწესებულებამ, სადაც დღეში 150 მანქანა შედის და გამოდის, ვერ გამირემონტა მანქანა. ევაკუატორით მოვიტანეთ აქ და ბიჭებმა უშველეს.

_ სამაგიეროდ, იქაურ თბილ კაფეებში ყავას სვამენ, _ დავიწუწუნე იმ დილის ყინვანარევი ქარით შეწუხებულმა.

_ ყავას კარგად სვამენ, _ დამეთანხმა უცნობი.

_ ყოფილა ასეთი შემთხვევები, _ ამბობს შოთა სამსონაშვილი, _ არ იციან და არც ცდილობენ, შეისწავლონ, რადგან მოგება მაინც აქვთ.

_ მე, მაგალითად, სიჩქარეების კოლოფი დამიშალეს, ვერაფერი გააწყვეს და იმაში, რომ ბოლოს ეთქვათ, არაფერი გამოვაო, 150 ლარი გამომართვეს, _ არ ცხრება გამწარებული უცნობი.

და ისევე, როგორც იქაურმა ბიჭებმა, ამ უცნობმაც არ დაასახელა, რომელ “იმხელა დაწესებულებაში” მოხდა ეს აბსურდული შემთხვევა.

ჯენტლმენები არიან.

მაგრამ მწარე შეფასებისგან მაინც ვერ შეიკავეს თავი:

_ “კრახობორობაა” ეს, მენამცეცეობა!

_ პირველებმა ჩვენ შემოვიღეთ ავტომობილების მექანიკური კოლოფების გადაკეთება, _ დაასკვნეს.

ის ურჩევნიათ ბიჭებსა

ეზო სავსეა “შკოდების” კორპუსებით, ბამპერებით, ძველითა და ჯერ უხმარით. ბევრი რამ აწყვია კიდევ.

_ ეს სიუხვე ნიშნავს, რომ კლიენტები გყავთ?

_ კი, რა თქმა უნდა. საკმაოდ. ისე არაა ქუჩიდან შემოსული ადამიანი მივიღოთ. პირდაპირ რომ ძირითადად კლიენტების ჩაწერა ხდება და ზუსტად დანიშნულ დღეს, დანიშნულ საათზე მზად ვართ ხოლმე “პაციენტი” მანქანების მისაღებად.

_ ყველაზე ხშირად, მაგალითად, “შკოდასრომელი აგრეგატი გამოდის მწყობრიდან? _ ვეკითხები მიხეილ ვაშაკიძეს.

_ ძირითადი პრობლემა ზეთის “ჭამაა”, ამ პრობლემას ოპერატიულად ვაგვარებთ და გარანტიასაც ვაძლევთ, რომ ძრავა იმუშავებს იდეალურად. ორიგინალი ნაწილებით ვაწყობთ, ჩამოტანილით დღემდე პრობლემა არ შეგვქმნია. ხალხი კმაყოფილია და მადლობელი.

_ ოჯახები თუ არის კმაყოფილი?

_ რა თქმა უნდა, კმაყოფილია.

შეკითხვას, რომელ ავტომანქანას იყიდდნენ, არჩევა რომ შეეთავაზებინათ, უმრავლესობამ “შკოდა-ოქტავია” დაასახელა.

_ ნაწილების შოვნა პრობლემა არ არის, შეკეთება კი ჩვენი საქმე და ხელობაა.

და მაინც პოლიტიკა

_ რა არ მოგწონთ დედაქალაქში? პოლიტიკის პერმანენტული და ზომას გადამეტებული გააქტიურება ხელს არ გიშლით ცხოვრებაში?

_ გარკვეული პროცენტით, გვიშლის ხელს.

_ მოქმედებს, როგორ არ მოქმედებს! საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს: ბიზნესზე, ჩვენს მომხმარებელზე, მისვლა-მოსვლაზე. პოლიტიკა გვმართავს.

_ ჭკვიანურად უნდა წარმართვა.

_ სიმყარის განცდას გვიკარგავს.

ეს ახალგაზრდები, ისე ვატყობ, მარტო სუპერპროფესიონალები კი არ არიან თავ-თავიანთ დარგებში, არამედ პოლიტიკურ ვითარებაშიც ტელეექსპერტებზე ნაკლებად არ ერკვევიან.

_ ძალიან გაწუხებთ პრობლემა, რომელი პრინციპით აირჩევენ გაისად საქართველოს პარლამენტის წევრებს?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაგ ყველაფერს. ძალიან კარგი იქნებოდა, პროპორციული პრინციპით რომ ჩატარებულიყო არჩევნები. სტაბილურობაც იქნებოდა და თავისუფლების მეტი გარანტიაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რატომ? ვერ შევალთ პოლიტიკურ სიღრმეებში. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და, უპირველეს ყოვლისა, იმას უნდა მივხედოთ, ამიტომ ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ. ჩვენ უფრო გვაინტერესებს, ბიზნესი იყოს თავისუფალი.

_ პოლიტიკას თავი დავანებოთთბილისში რა გიქმნით დისკომფორტს?

_ გადატვირთულობა. ავტომობილებით გადატვირთულობა. რა ეშველება? ინფრასტრუქტურის განვითარება ხდება აუცილებელი. ამას წინათ, საღამოს მტკვართან რომ ჩავიარეთ, ბიჭებმა თქვეს: აქაურობა იაპონელებს რომ ენახათ, ზედ რას არ გააკეთებდნენო _ ესტაკადებს, ათას რამეს, ხიდებს… აბა, ავტომანქანის შეძენას ხომ არ აუკრძალავენ ხალხს?!

_ სოფელი რომ განვითარდება, მიბრუნდებიან. ჩასხდებიან თავიანთ მანქანებში, წავლენ თავიანთ სოფლებში და დაინახავთ, როგორ დაცარიელდება თბილისი. სოფელი უნდა განვითარდეს, პირველ რიგში, _ აზრი შემოგვიგდო კიდევ ერთმა უცნობმა, საამქროსკენ აჩქარებულმა, რომელმაც ქარივით კი ჩაგვიქროლა, მაგრამ მაინც მოახერხა თავისი აზრის გასაჯაროება ჩვენი მცირე აუდიტორიის წინაშე.

_ აღდგომაზე თბილისის ქუჩები რომ ამოისუნთქავს, ამას ამტკიცებს, _ შემოგძახებს ახლა უკვე უკან დაბრუნებული იგივე უცნობი.

რაკეტაა, ჩემმა მზემ!

_ ახლა ყველაზე დიდი სურვილი რისი გაქვთ? _ უკანასკნელი შეკითხვაა.

პასუხიც ბოლო:

_ ქვეყანა რომ წელში გაიმართება, თითოეული ჩვენგანიც კარგად ვიქნებით!

არმაზ სანებლიძე

P.S.

ამათი კუდიგორისკენ მიმავალი გზაასავალდასავალისუნიკალური შაირფელეტონების ლიტერატორულმა გმირმა, კონგენიალურმა ჟანჟან დილიჟანმა (გვარი შეთხზულია) მიმასწავლა:

თხამ შეჭამა ვენახი და

მიაყოლა მსხალიცაო

გეიკინომ გადარია

საქართველოს სტალიცაო.

აკინო, ფიწლის გიტარა

ჟანიმ ხიდის ქვეშ გიტარა!”

სადღაც იმ უბანში არისო

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here