Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს”

“ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს”

12232
ჯანსუღ ჩარკვიანი

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” _ ეს ცნობილი სენტენცია განგსტერ ალ კაპონეს ეკუთვნის და ამმორალური ხასიათის გამონათქვამის, ზნეობრივი დარიგების” (ასე განმარტავს ლათინურ ტერმინსენტენციასუცხო სიტყვათა ლექსიკონი) სიუჟეტის რამდენი ამერიკული ფილმი გვინახავს, რომლებშიც ძმა _ ძმას, მეგობარი _ მეგობარს, შვილი _ მამას და პირიქით _ მამა შვილს კლავს?

რადგან წინამდებარე წერილით შეიძლება მავანის მორალური მკვლელობა ჩავიდინო, ამ ამერიკულ სენტენციას გურამ დოჩანაშვილის დახმარებით გადმოვაქართულებ: არაფერი პირადული, მხოლოდ “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”, ხოლო ამ “ერთ რამეში” სამშობლო რომ იგულისხმება, ამის შეხსენება არ სჭირდება ჩვენი გაზეთის მკითხველს. იქნებ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ, მაგრამ სხვისი დაკვეთით ჯერ სიტყვაც არ დამიწერია, ბევრჯერ შევმცდარვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია.

ჩემი ნახევარძმა (მამით ერთნი), გაქანებული ნაცი ლევან მხეიძე (სააკაშვილის ზეობის ჟამს კეზერაშვილის მოადგილე და ფინანსური პოლიციის შეფი, კონტროლის პალატის მოადგილე და ბოლოს _ დიდუბის გამგებელი), მხოლოდ იმას მეხვეწებოდა, სააკაშვილს თუ არ აქებ, ნუ ლანძღავ მაინც, გადაიდე ფეხი ფეხზე და არხეინად იცხოვრეო, მაგრამ ჩემი ვერ მომაშლევინეს, რის გამოც მამასთან წლების განმავლობაში უბრად ვიყავი. უფრო მეტიც, მანამდე “ვიხტუნავე”, სანამ 2008 წელს “დანაშაული” არ “გამიჩალიჩეს” და გლდანის ციხის ჯოჯოხეთს, ღვთის წყალობით, სასწაულით გადავრჩი _ საპროცესო გარიგებით პირობითი 4 წელი მაკმარეს… ჩემი “სროკის” დამთავრება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა ლამის ერთად მოხდა. ვიფიქრე, არიქა, როგორც იქნა, გვეშველა ქართველებს-მეთქი, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ქართველების ოცნება სულაც არ ყოფილა “ქართული ოცნება” და კვლავ რადიკალურ ოპოზიციაში ვდურთე თავი.

ხოლო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა და ჩემმა სიძემ (ფანჯიკიძეები ჩემი ალალი დეიდაშვილები არიან) ირაკლი ალასანიამ, ცოლისდა მაია ფანჯიკიძესა და საკუთარ გუნდთან ერთად, დემარშით დატოვა “ქართული ოცნება”, _ არიქა, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ე.წ. ჩრდილოატლანტიკურ არჩევანს საფრთხე ემუქრება და ქვეყნის საგარეო ვექტორი რუსეთისკენ იხრებაო, ბეჭდურ მედიაში ერთ-ერთმა პირველმა მე “დავარტყი” “თავისუფალ დემოკრატებს” (დეიდაშვილსა და სიძეს) გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებული სტატიით “სიძევ, შენ გეუბნები და, დაო, შენც გაიგონეო”…

მოკლე ხანში იმავე თემაზე და იმავე პათოსით, ამჯერად სიტყვით გამოვედი ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაზარეს” რიგით მეორე შეკრებაზე რუსთაველის თეატრის გადაჭედილ დარბაზში, რითაც, ალბათ, სამუდამოდ დავანგრიე ჩემს სისხლსა და ხორცთან დასაბრუნებელი ხიდი. სიტყვამ მოიტანა და, რუსთაველის თეატრის, მაგრამ ამჯერად არა გადაჭედილ, არამედ ნახევრადშევსებულ დარბაზში “ლაზარეს” (რომლის გამგეობის წევრიც გახლდით) ბოლო, მესამე შეკრებაზე, რომელიც ბიძინა ივანაშვილისთვის გუნდრუკის საკმევად იყო ჩაფიქრებული, შეიძლება ითქვას, ძალით ავიჭერი სცენაზე, რადგან ბატონი რეზო, იცოდა რა ჩემი განხიბლვის შესახებ ბიძინა ივანაშვილის პერსონის მიმართ, სიტყვის მოცემას არ აპირებდა. ჰოდა, მივიჭერი მიკროფონთან და ვთქვი, რომ საქართველო ივანაშვილის მილიარდებს არ უნდა გადავაყოლოთ, არ მჯერა საყდრისის ამფეთქებელი საქართველოს აღმშენებლობას რომ ეწევა-მეთქი, და გავიხსენე კოჰაბიტაცია, სამართლიანობის არაღდგენა და სხვა მრავალი ცოდვა. დარბაზში მსხდომნი სიტყვას, მოწონებისა და თანხმობის ნიშნად, აპლოდისმენტებითა და შეძახილებით მაწყვეტინებდნენ.

ამ დემარშს, ვიცოდი, არ მაპატიებდა ბატონი რეზო… ასეც მოხდა _ “ბოლნისის ლომების” ავტორთან მეგობრობა იმ საღამოს დასრულდა. ახლა მავანი იკითხავს, რას ემსახურება წერილის ეს ერთობ ვრცელი “პრელუდიაო”?

თავის ქებას? საქებარ საქმედ არ მიმაჩნია ზემოთქმული, რადგან დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი. იქნებიან, ალბათ, ისეთებიც, რომლებიც გიჟად ჩამთვლიან, _ რა გინდა, ვის და რისთვის ებრძვი, წუთისოფლის სტუმრები ვართ, დაჯექი და წყნარად თალე შენი წილი ცხვრის დუმაო. მაგრამ რა ვქნა! “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!” როდესაც საქმე ეხება “ერთი რამის სიყვარულს, დაფარვა რომ სჭირდება”, სამშობლოს მტრების მიმართ ლმობიერების გამომჩენი შვილიც არ მინდა. ეს ვრცელი შესავალიც იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა: საკუთარ სისხლსა და ხორცს არ ვინდობ და მით უმეტეს, არ მაქვს მორალური უფლება, სხვა დავინდო.

თუნდაც ეს სხვა იყოს “სახალხო პოეტი” ჯანსუღ ჩარკვიანი.

ფუნაგორიების დიდოსტატმა ამას წინათ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” “იანგლა” (იქნებ, “ინაგლა”?): ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო”. და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი მოთმინების ფიალის ასავსებად, თორემ, აგერ მესამე წელიწადია, ჩემი კალამი ბატონ ჯანსუღს ნატრობს.

გახსოვთ, ალბათ, “იმედის” ეთერში ინგა გრიგოლიასა და შალვა რამიშვილის გადაცემა. სტუმრად მიწვეულმა ბატონმა ჯანსუღმა შალვა რამიშვილის პროვოკაციულ შეკითხვაზე _ ლენინ-სტალინზე ლექსები არ დაგიწერიათო? _ ისეთი ტყუილი დაახეთქა წარბშეუხრელად, რომ სირცხვილისგან მის მაგივრად ყურები მე ამეწვა: ლენინზე არა, მაგრამ სტალინი ერთიორგან მყავს ნახსენებიო”, _ განაცხადა ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატმა.

ახლა გადავხედოთ ჯანსუღ ჩარკვიანის ბიოგრაფიას. ვიკიპედიაში ვკითხულობთ:

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. დააკვირდით თარიღს, მკითხველო, _ 1947-1953 წლები, ანუ მწვერვალი დიდ სამამულო ომში გამარჯვებული დიდი სტალინის ზეობისა… ალბათ, ამ ლექსში თუ ახსენა “ერთი-ორჯერ” ვინმე გორელი სოსო ჯუღაშვილი ბატონმა ჯანსუღმა.

1962-63 წლებში იყო ჟურნალ “ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი; 1963-67 წლებში – ჟურნალ “დილას” მთავარი რედაქტორი; 1967-77 წლებში – ჟურნალ “ცისკრის” მთავარი რედაქტორი; 1977-87 წლებში _ საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; ჟურნალ “დროშის” მთავარი რედაქტორი; იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი; გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” დირექტორი; საზოგადოება “თბილისელის” პრეზიდენტი; 1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია; 1985 წელს 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (საკვირველია, რომ ვიკიპედიაში არაფერი წერია ბატონი ჯანსუღის ლენინური კომკავშირის პრემიით დაჯილდოებაზე).

ეს რაც შეეხება საბჭოთარუსულმანებისპერიოდის მონაგარს. ბატონ ჯანსუღს ერთი ლექსი მაინც რომ არ დაეწერა ვლადიმერ ილიჩზე, ზემოჩამოთვლილ ურიცხვ საბჭოთა ჩინმედლებსა და ცეკას ნომენკლატურულ თანამდებობებს ვინ მიაშავებდა?!

ერთ მომენტში ვიფიქრე, თუ საბჭოეთის პერიოდში გენიალური გალაკტიონით, ტიციანით, გოგლათი, ლადოთი, მუხრანით დაწყებული და “ლექსმახერებით” დამთავრებული, ყველას აქვს პროლეტარიატის ბელადისადმი მიძღვნილი ლექსები, “ლომთა ხვედრიას” ავტორი, რომლის შემოქმედება ახლოსაც ვერ მივა ჩამოთვლილ კლასიკოსებთან, იქნებ ლომური ვაჟკაცობითა და სიმამაცით აღემატება მათ და მართლაც არ აქვს ლენინზე ლექსი დაწერილი, თორემ ასეთ ტყუილს როგორ გაბედავდა, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ტყუილს, მოკლე კი არა, საერთოდ არ აქვს ფეხები-მეთქი, და ბატონი ჯანსუღი ამხანაგ ლენინთან ერთად “დავგუგლე”…

ჰოდა, ბატონი ჯანსუღის მიერ ლენინზე დაწერილი ორი ლექსის ზუსტი მისამართი მომცა ინტერნეტმა _ საჯარო ბიბლიოთეკა. წავედი და… აი ეს ლექსებიც:

ლენინი

უსმინეთ ლენინს

მოდის აპრილი ულამაზეს ფერთა სიმღერით,

მოდის დიადი, დიდებული და მოლხენილი.

ჩვენ ვდგავართ ძეგლთან, დღეთა რწმენით,

დღეთა სიმხნევით, ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი.

მღერიან მთანი და ჩვენსავით ილხენენ ხენი.

ბუნება სუნთქავს ლამაზი და ყელმოღერილი.

ჩვენ სიყვარულით დიდ  თვალებში ვუყურებთ ლენინს,

ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი.

ამ გაზაფხულის დაბადებას დიდება ჩვენი,

გდია სიკვდილი მოთენთილი და მოცელილი.

ჩვენ სიცოცხლეში, სიმღერებში ვუყურებთ ლენინს,

ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი.

ქვეყანა მიჰყავს ლაჟვარდებში იმედით, რწმენით

და მხარში გვიდგას მზესთან ერთად გამოჩენილი.

ჩვენ საოცარი გაკვირვებით ვუყურებთ ლენინს,

ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი.

ჰქვია ბელადი, კიდევ? _  მამა და კიდევ? _ ბრძენი

და გამარჯვება გრიგალებში გამოვლენილი

ჩვენ ამ სიტყვებით გვასწავლიან ვლადიმერ ლენინს,

ჩვენ, ვისაც ერთხელ არ გვინახავს დიდი ლენინი.

გესმოდეთ ყველას გაზაფხულის სიმღერა წრფელი,

ვინა ხართ ქვეყნად ცრემლიანი და მოწყენილი

ლენინი მოჩანს ყველა მხრიდან, უსმინეთ ლენინს,

დგას ტრიბუნაზე და ვრცელ სიტყვას ამბობს ლენინი.

ჯანსუღ ჩარკვიანი

(გამომცემლობა “ნაკადული”, თბილისი, 1970, “მსოფლიო პოეტები ლენინს”. კრებული, გვ. 235-236)

მოსკოვი, იანვრის 21

ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია.

ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს

გარეთ გამოსულა, ქვეყანაზე რაც რუსია,

რუსი, ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე.

წითელ მოედნამდე რიგია უსაშველო,

კრემლის საათი თორმეტჯერ რეკავს,

მაღალ მილიციელს შეჰყინვია ულვაშები,

ხელებს იორთქლავს და ადგილზე ცეკვავს.

დრო მიდის ნელა და რიგიც მიდის,

მდუმარედ დგანან კაცნი და ხენი.

გაციებულ მზეს ფერი აქვს შინდის

და შინდისფერი მზე მოედანს შვენის.

დგანან და ელიან იმ წუთს ბედნიერს,

როცა პირადად შეხვდებიან ვლადიმერ ლენინს

იხდიან ქუდებს, მავზოლეუმში ჭმუნვით შედიან

და ჩურჩულებენ: “ილიჩი ჩვენი”.

გარეთ კი დადის ბრძენი კაცივით იანვრის სუსხი

და ხალხი ამბობს: “ქვეყანაზე თუ ვინმეა, მხოლოდ შენ ერთი

და მოუწოდებს ხალხებს ბრძენი და დიდი რუსი:

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”

ჯანსუღ ჩარკვიანი

(საქ. კპ. ცკ-ის გამომცემლობა, ჟურნალი “ცისკარი”, 1970, #4, გვ.12)

ილიკო ჩიგოგიძე რომ ვიყო, ვიტყოდი:

ეტყობა, უგრძვნია კაცს, უგრძვნია”…

ისეთი განცდით, ექსპრესიით არის დაწერილი ორივე ლექსი, “რუსულმანებმა” დღეს ილიჩისადმი მიძღვნილი ლექსების კონკურსი რომ ჩაატარონ, ბატონი ჯანსუღი გრანპრის ფავორიტი გახდება.

პირველი ლექსი გამომცემლობა “ნაკადულის” მიერ გამოცემული ლენინის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულშია (“მსოფლიო პოეტები ლენინს”) დაბეჭდილი, სადაც ბატონ ჯანსუღს “გვერდს უმშვენებს” ორმოცამდე ქართველი პოეტის, უკლებლივ ყველა კლასიკოსის, “ლენინიადა”, ხოლო მეორე ლექსი დაბეჭდილია ჟურნალ “ცისკარში”, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონ ბრძანდებოდა “სახალხო პოეტი”.

ეს ყოველივე 2 წლის წინათ უნდა დამებეჭდა, მაგრამ მაშინ ბატონი ჯანსუღის ერთი მეგობრის თხოვნით ამომაღებინა რედაქტორმა გაზეთის ნომრიდან, რომელსაც დაკაბადონებაღა აკლდა, _ მოხუცდა, ცოდოა, რამე ფარსაგი არ დაემართოსო და ..

ახლა კი ვნანობ, რომ მაშინ ეს თხოვნა გავითვალისწინე, რადგან კაცს ფარსაგი შეიძლება ცილისწამებამ დამართოს და არა სიმართლემ. ცილისწამებას კი ვერც იმ და ვერც წინამდებარე წერილში ვერ იპოვით. ისე კი, როგორც “რუსულმანები” იტყვიან, “Правда людям глаза колит”, მაგრამ რა გაეწყობა, ცოტას “სახალხო პოეტიც” ინერვიულებს, ალბათ. ეს სიმართლე თავის დროზე რომ მეთქვა, იქნებ ბატონ ჯანსუღს ის პატარპატარა შეცდომები აღარ დაეშვა, რომლებმაც ბოლოს მისი ცხოვრების შეცდომების კვინტესენციამდე მიიყვანა _ “რუსულმანობამდე”.

ირაკლი ალასანიას დემარშის შემდეგ ფილარმონიაში “თავისუფალი დემოკრატების” პომპეზურ ყრილობაზე ბატონი ჯანსუღი ამ პარტიის მხარდამჭერი ისეთი “შემოქმედებითი ინტელიგენციის” წარმომადგენელთა გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: “საიდუმლო სირობის” ავტორი ერეკლე დეისაძე, რომელსაც თავის დედაზე ერექცია აქვს; “გასაბერი ანგელოზის” ავტორი ზაზა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს პატრიარქის ზოოპარკის ვოლიერში დამწყვდევას ითხოვს; ლაშა ბუღაძე, რომელმაც წმინდა მეფე თამარი შეურაცხყო და ა.შ. აი ამ სამარცხვინო ადამიანებთან ერთად აკეთებდა “სახალხო პოეტი” ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო შეკრებაზე კომენტარებს, მაგრამ დიდი ჭაბუას ორმოცზე ივანაშვილის გვერდით მჯდომმა ბატონმა ჯანსუღმა ვერ გააპროტესტა ბიძინას მიერ საქართველოს პატრიარქის შეურაცხყოფა (თუმცა, ობიექტური ვიყოთ, რატომ მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანისგან ვითხოვთ გულადობას _ იმხელა სუფრაზე, პოეტ ვაჟა ოთარაშვილისა და დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის გარდა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება).

ბატონმა ჯანსუღმა ვერ გააპროტესტა შეურაცხყოფა პატრიარქისა, რომლის უზარმაზარი პორტრეტი, დარწმუნებული ვარ, უკიდია მუზეუმივით მორთულ ბინაში, სადაც, რომ იტყვიან, ცხენი გაჭენდება და, რომელიც სწორედ საბჭოთარუსულმანებმაუწყალობეს პოეტს იმიტომ, რომ ერთი ლექსიცარ დაუწერიალენინზე.

ცალკე თემაა ბატონი ჯანსუღის მართლაც პირმშვენიერი ასული, ქალბატონი თამარი, თაკოდ წოდებული, რომლის ხელოვნურად განაბული თვალებიდან დაყენებულმა “არისტოკრატულმა მზერამ” ლამის ნახევარ საქართველოს ნევროზი დამართა. როგორც კი ეს ქალბატონი პირს გააღებს და მორალის კითხვას დაიწყებს, მისი ვიზუალური სილამაზე უკვალოდ ქრება. იყო პერიოდი, ლამის ყოველდღე იჯდა სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ნებისმიერ თემაზე ისე “პროფესიონალურად” ლაპარაკობდა, რომ, ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, იფიქრებდით, ამ ქალბატონს “საყველაფრო” აქვს დამთავრებულიო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალბატონ თაკოს ერთი “ფრთიანი ფრაზა”: ოო, რა დიდი განსხვავებაა ჩურკინთან მოპაექრე ალასანიასა და პუტინის გვერდით მჯდომ ნინო ბურჯანაძეს შორის”.

და კიდევ _ ყველა ეთერში ქალბატონ თაკოს წარადგენდნენ, როგორც პუბლიცისტს და ახლა ვსვამ კითხვას: ვინმეს წაკითხული გაქვთ თაკო ჩარკვიანისპუბლიცისტიკა”?

საზოგადოდ, როგორც წესი, შვილი განაგრძობს ხოლმე მამის გზას, მაგრამ ჩარკვიანების შემთხვევაში, როგორც ჩანს, პირიქითაა _ შვილმა გადაიყვანა მამა ლიბერალურ რელსებზე, რომელზეც საბჭოეთში აღზრდილ, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატსა და საქართველოსსახალხო პოეტსარასოდეს უოცნებია, რადგან, როგორც .. ელიტური შემოქმედებითი ინტელიგენციის წევრი, მუდამ სარგებლობდა საბჭოთა პერიოდში არსებული პრივილეგიებით, შავივოლგაიქნებოდა ეს, ბინები თუ სპეცმაღაზიები, სახელმწიფო აგარაკები მთაში თუ ზღვაზე, სპეცსაავადმყოფოები და ..

ისიც კარგად იცის ბატონმა ჯანსუღმა, რომ საქართველოს ხსნა ერთმორწმუნე რუსეთის გარეშე შეუძლებელია და გაუგებარია, რისთვის სჭირდება ხანდაზმულ პოეტს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს), როდესაც ყველა ნორმალური ადამიანი სულის ცხონებაზე ფიქრობს, ტყუილი, რომ ლენინზე ლექსი არ დაუწერია?! ისე, თუ ტყუილია, ბარემ ისიც ეთქვა, რომ კომპარტიის წევრიც არასოდეს ყოფილა. არადა, პროვოკატორ შალვა რამიშვილის “მიჯირყვნა” ერთი კონტრკითხვით შეეძლო _ იყო კი საბჭოეთში პოეტი ან მწერალი, რომელსაც ლენინ-სტალინზე რამე არ დაუწერია, რა, ამით გალაკტიონის, ტიციანის, მუხრანის ან კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა შემოქმედებას ჩრდილი მიადგა?

ამ შემთხვევაში, ალბათ, არც წინამდებარე წერილი დაიწერებოდა, მაგრამ…

ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები _ ამ იდიოტურმა და, რაც მთავარია, უმადურმა ფუნაგორიამ მოთმინების ფიალა ამივსო.

საბჭოეთის მიერ ბოძებულ სიკეთეებზე, რომლებიც ბატონმა ჯანსუღმა დედის რძესავით შეირგო, უკვე ვთქვით და ახლა რეზო ამაშუკელის კერძო საუბარში ნათქვამს გამოვამზეურებ, რასაც, იმედია, არ მიწყენს, ერთ დროს ჩემი უფროსი მეგობარი და, ჩემი აზრით, ცოცხალთა შორის ერთადერთი დიდი პოეტი:

“200 წელიწადი რუსეთის ძუძუებს ვწოვდით. ერთიდან “სგუშჩონი მალაკო” მოდიოდა და მეორედან _ “შიკალადი”…

სერიოზულად კი, რუსეთმა გადაგვარჩინა ფიზიკურ განადგურებას, შეგვინარჩუნა მართლმადიდებლობა (ახლა არ მითხრათ, ფრესკები შეგვითეთრაო), რაც იმავე ქართველობის შენარჩუნება იყო, დაგვიბრუნა თითქმის სამუდამოდ დაკარგული სამცხეჯავახეთი და აჭარა. რუსეთის ცარისტულ იმპერიაში ხალხმა წერაკითხვა ისწავლა, გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი, შეიქმნა ქართული თეატრი, 60-იანელმა თერგდალეულებმა მიიღეს ევროპული განათლება მოსკოვის, პეტერბურგის, ოდესის უნივერსიტეტებში და .. აღარაფერს ვიტყვი საბჭოთა იმპერიაზე, სადაც ქართველები 70 წელიწადი “უდელნი კნიაზებივით” ვცხოვრობდით და ამის შემდეგ _ “რუსულმანები”? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბატონი ჯასუღის მიერ რუსეთის ასე მოხსენიება ელემენტარული უმადურობაა, რადგან სწორედ “რუსულმანებმა” აქციეს იმად, ვინც დღეს ბრძანდება.

ბატონი ჯანსუღი მომენტს არ გაუშვებს, არ დაიტრაბახოს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”, ზემოდან სანქციის გარეშე, ლამის საკუთარი სიცოცლის რისკის ფასად დაბეჭდა ჟურნალ “ცისკარში”, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ლენინზე ლექსების იგავი. 1970-იანი წლების დასაწყისში ასეთ თვითნებობას არავის აპატიებდა საბჭოთა ხელისუფლება. და მეორეც _ საბჭოთა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებელ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისადმი არალოიალურ “სახალხო პოეტს” ხალხი მეტსახელად ჯანსუკს (ახალგაზრდებისათვის განვმარტავ: სუკი აბრევეატურაა და ასე იშიფრება _ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) რატომ შეარქმევდა?

ბატონი ჯანსუღი, აგრეთვე, ხშირად ყელყელაობს იმით, რომ ერთადერთი იყო, ვინც ხმა არ მისცა მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვას, იმას კივერ იხსენებს”, რომლომთა ხვედრიასავტორმა, შევარდნაძის სხვაშემოქმედებით ინტელიგენტებთანერთად, ლომის წილი დაიდო ზვიად გამსახურდიასსაქართველოდან გარიცხვაში”… მკითხველი შენიშნავდა, რომ ბატონი ჯანსუღისადმი მიმართვისას სახალხო პოეტი ყველგან ბრჭყალებშია ჩასმული და ეს არა იმიტომ, რომ დიდ პოეტად თუ არა, საერთოდ, პოეტად არ მიიჩნევს საზოგადოება. არა, ბატონებო! ჯანსუღ ჩარკვიანი დიდი პოეტი არ არის, მაგრამ რამდენიმე კარგი ლექსი მართლაც დაწერა!

ეს “რამდენიმე” კი რუსთაველის, გურამიშვილის, ტატოს, ვაჟას, აკაკის, ილიას, გალაკტიონის, ტიციანისა და სხვა ბუმბერაზი პოეტების ქვეყანაში სულაც არ არის პატარა საქმე. უბრალოდ, ეს ტიტული _ “სახალხო პოეტი” დააწესა და ბატონ ჯანსუღს მიანიჭა მაყვალა გონაშვილისა და რეზო მიშველაძის მიერ პრივატიზებულ-უზურპირებულმა მწერალთა კავშირმა, რომელშიც ნამდვილი მწერალი სანთლით საძებარია. სახალხო პოეტის ტიტულს ვერავის მიანიჭებს მიშველაძის მიერ დარტყმული ბეჭედი. ამ ტიტულს თვით ხალხი ანიჭებს ხელოვანს და თანაც ყოველგვარი ბეჭდის გარეშე! მათვე უბოძეს (თუ არ ვცდები) ბატონ ჯანსუღს მწერალთა კავშირის საპატიო თავმჯდომარის ტიტული. მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობა _ აი ერთადერთი ნატვრა, რომელიც ვერ აისრულა ბატონმა ჯანსუღმა საბჭოთა “რუსულმანების” ხელში და, ალბათ, ამიტომაც მოიხენიებს ასე უდიერად საქართველოს გადამრჩენელ რუსეთს.

ამას წინათ ცეკას ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიამბო: როდესაც ედუარდ შევარდნაძე “ლეჩკომბინატში” სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ნოდარ დუმბაძის სანახავად მისულა, დამშვიდობებისას ბატონ ნოდარს, იმჟამად მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, შევარდნაძისთვის უთხოვია, გნებავთ, ანდერძად დაუგდია _ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ ჯანსუღ ჩარკვიანი არ დანიშნოო. ეს ამბავი, თვითონ შევარდნაძემ მიამბოო, ირწმუნება ცეკას ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც მისი თანხმობის გარეშე, ცხადია, არ გავამხელ.

დავით მხეიძე

P.S. „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“…       

ლამის მთელი კვირაა ამ წერილს „ვეჭიდავები“ და, აჰა, როგორც იქნა, მოვახრჩე, მაგრამ ეჭვი შემომიჩნდა _ თქმა სჯობდა თუ არათქმა? ჩვენთან ხომ ასე იციან, _ ის მოხუცია და ვაპატიოთ, სიმართლის თქმით დარჩენილ სოცოცხლეს ნუ გავუმწარებთო, ეს ახალგაზრდაა და მომავალს ნუ გავუფუჭებთო. სჭირდება კი ასეთი სიმართლე, ჩემ გარდა, ვინმეს?

მუხრანის სტრიქონები ამეკვიატა:

„რა ჩემი ჭკუის საქმეა, ნეტავ,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ

ანდა მსაჯული მისი!“

ახლაც და ყოველთვის ნიკალასავით მეც თითქოს წმინდა გიორგი მადგას თავზე და მიყვირის: დაწერე, დაწერე, დაწერე, დავით! ჰოდა, მეც დავწერ და, შვილის საფლავს ვფიცავ, არავის დავინდობ!

არავითარი პირადული, მხოლოდ „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“…

20 COMMENTS

  1. თქვენს მარჯვენას ვენაცვალე,ბატონო დავით,როგორ მიყვარს თქვენი კალამი.ამ ფარისევლურ,ამ ყალბ სამყაროში იშვიათი მარგალიტი ბრძანდებით.როგორ მინდა,თქვენი მსგავსი ბევრი ვიყოთ,როგორ ზარს დავცემდით ყველა მოღალატეს და გადაჯიშებულს.აბსოლიტურად ყველა სტატიაში ჭეშმარიტებას ღაღადებთ,ჩემი ფიქრების გამხმოვანებელი ხართ,მგონია.ჯანსუღის ქალიშვილი ამ ბოლო დროს მეტისმეტი ოდიოზური პერსონა გახდა,გეთანხმებით,მე,პირადად,ვერ ვუძლებ მის მოსმენას.ან რა უბედურებაა ეს ამდენი ამპარტავნება და მორალის კითხვა,არ ვიცი.

    • ზუსტად თაკოს ისტერიკამ და მიტრიალ-მოტრიალებამ ,,ააბრძანა” ჯანსუღი მთაწმინდაზე, ჩემი თავმოყვარეობა არ დამანებებდა ამას მამაჩემი რომ ყოფილიყო. აბა რომელ ქართველს მოუტრიალდება ენა,ოთარ ჭილაძე რატო დაასაფლავეს მთაწმინდაზეო, ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე შვილები.

  2. ეს სტატია კი არა, ლუსტრაციაა. უფრო მეტი, ახალი რუბრიკაა. მადლობა, ბატონო დავით, ასეთი ბრწყინვალე პუბლიკაციისათვის! დიდი გვარის კაცო, დიდი წინაპრების ღირსეულო შთამომავალო და დიდო პუბლიცისტო!

  3. დიდი მადლობა ასეთი სტატიისათვის. ასეთი მარტალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია აღარ გამიგონია.

  4. ასეთი მართალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია აღარ ისმის.

  5. აბა, რა ვთქვა… ავტორი იმდენად ახლოს იცნობს აქაური ყოფიერების ”ელიტარულ შიგთავსს” და წერილიც იმგვარი პროფესიონალიზმითაა დაწერილი, რომ სხვა განმარტებას, თითქმის არ ითხოვს.
    ერთ ჩემს სტროფს გავიხსენებ:
    ყველა მთავრობა
    ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი,
    ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
    კომსტრუქტურიდან
    ეროვნულზე ცანგალ-ცანგალით,
    პერმანენტულად გარდამავალი…
    მაგრამ მთლად ”უკარება”, ვერც ვერავინ იქნებოდა, რადგან ადამიანებს ნებსით თუ უნებლიეთ იმ რეჟიმში ადაპტირება უწევდათ.
    ჯანმსუღ ჩარკვიანს კეთილი სააქმებიც უკეთებია, ჟურნალ ”ცისკარსაც”, იმ ვითარებისდა მიხედვით ალღოიანად რედაქტორობდა. ქართული ენის დასაცავად იღწვოდა…
    მაგრამ ”კომუნისტური წარსულის” ასე ხელაღებით მივიწყება, კარგს, არც არაფერს მატებს…
    ერთგან წავიკითხე, ევგენი ევტუშენკო საყვედურობადა, პირობითად ასე მახსენდება: რაა, შე კაცო, შენი წიგნის რუსულად თარგმნას გადავყევი, ღამეები ვათენე და შენ იმის გამო, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ვერ გამოვხატე, ასე ერთბაშად მომიძულეო.
    იმის თქმა მინდა, ე. წ. ”კომუნისტური ელიტის” ნაწილი, თავისი ერთიანი ბიოგრაფიის მთლად ”დისდენტურ” ყაიდაზე გადაწყობით გვემუქრება; ის კი არა, ზოგი მათგანი, მეტისმეტად აგრესიულია იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დღევანდელი მწვავე ვითარებისდა მიხედვით, თავისებურად ცდილობენ რუსულ საზოგადოებასთან დიალოგის განვითარებას, მტკივნელ საკითხთა სათანადოდ გაანალიზებას.
    ხელოვნური ამნეზია, მთლად ამოაყირავებს ამ ქვეყანას…
    ამგვარი პუბლიცისტიკური მხილება მეხსიერების გაჯანსაღებას ემსახურება…
    ”მოყვარეს პირში უძრახე, მტერს – პირს უკანაო.”

    და ბოლოს,
    ბატონ ჯანსუღს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას…

  6. ვაშა, მოქალაქეობრივი სიმამაცისათვის! სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ რაც ბრძანეთ, ესეც ნუგეშია მათთვის, ვისაც სიმართლე სიცოცხლეზე მეტად უყვართ! გმადლობთ, მეგობარო! იარეთ წინ, ღვთისკენ და ნურაფრის გეშინიათ!

  7. რატომ უნდა გვიჭირდეს მართლის თქმა?სიმართლის განცდა ყოველთვის იქნება ხალხში…ფარისევლობა რყვნის გონებას,რა სჯობია სუფთა სიმართლეს რომ სუნთქავ…

  8. 89 წელს ერთ ერტ მიტინგზე მერაბმა და ზვიადმა გამოიჩინეს სულგრძელობა და ჯანსუკს სიტყვა მისცეს. გადავირიე. დავიწყე ფსტვენა და ყვირილი: ამ კაცს სიტყვას რატომ აძლევთ, ვინ გდია ეს ჯანსუკი მეტქი. ხალხი აღელდა და კინაღამ გამწეწეს. რომ არა ჩემი სამი მეგობრის თავდადება, ჩამქოლავდნენ. არა იმიტომ რომ ჯანსუკი ვინმეს გულზე ეხატა, არამედ იმიტომ, რომ ორი ეროვნული გმირის საქციელი გავაპროტესტე. როცა საქმე შენ ოჯახს არ ეხება, როცა საქმე სენს პირადულს არ ეხება, მაშინ არავის, არავის, არც ეროვნულ გმირებს, არ აქვთ გულმოწყალების უფლება, მიტუმეტეს როცა საქმე სამშობლოს ეხება. ჯერ ზრდილობიანად უნდა მიეთითებინათ, რომ იმ მიკროფონთან მისი ადგილი არ არის და, თუ ვერ გაიგებდა, ერთი პანღურიც უნდა ეთავაზებინათ. არ გააკეტეს და მტელმა საქარტველომ მიიღო პანღურზე უარესი.

  9. სამწუხაროდ დღემდე არ ვიცნობდი ბატონ დავით მხეიძეს!
    რა დიდი კაცი ყოფილა!.. დიდი: ნიჭისათვის, სამართლიანობისათვის და გამბედაობისათვის..
    უფალმა არ მოგვაკლოს ასეთი მამულიშვილები..
    პ.ს.
    ჩემი “ბეჭედი” ზემოთ თქმულზე “ძალაში” დაიმკვიდრებს “ადგილს”, თუკი ეს უდაოდ ნიჭიერი და გამბედავი ადამიანი, “ერთი-ორი სიტყვის” დაწერას გაბედავს ბატონ[პატინ-სკუა] შალვა კაჭარავაზე
    გვიან წავიკითხე სხვათა კომენტარები და ძალიან მესიამოვნა მათი(ლელას, ომარ-ის) მოსმენა..
    ალბათ სხვაც მრავალი აღმოჩნდება “ობიექტურობის” სამართლიანად შემფასებელ-დამფასებელი და მაქებარი..
    თუ ვინმე შეძლებთ – მიაწვდინეთ ბატონ დავითს ჩემი ზემოთ ხსენებული”პირობა” – “ბეჭედის დასმასთან” დაკავშირებით
    ვფიქრობ ასეთ ადამანებს ძალუძთ გაარღვიონ 32 წლოვანი მდუმარების (დღევანდელი “ქართული გონის გამყინვარების”) საზღვარი და ხალხს “ხელჩასაჭიდი იმედი” წარმოუჩინონ..

  10. ეს ამბები ახალი არ არის…მამაჩემისგან გამიგონია ერთი ძალიან მძიმე ისტორია, როგორ ჩაუდო ჯიბეში ჯანსუღ ჩარკვიანმა ანონიმურად ცხონებულ იოსებ ნონეშვილს მის ცოლზე დაწერილი ბინძური ეპიგრამა…ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ, იოსებს ინფარქტი დამართნია…რაც შეეხება თაკოს, ის იმდენად სასაცილოა თავისი სნობური სახით,რომ , მასზე ლაპარაკიც არ ღირს…

  11. გმადლობთ ამ გამბედაობისტვის და სიმართლისტვის.რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ სიმართლე.გაიხარეთ.

  12. შესანიშნავია,მაგრამ სამწუხაროდ თუ სამხიარულოდ ეგ ყველაფერი მუდამ ნაცნობი იყო რიგითი ქართველისათვის ,ქარისა და ნიავის მიხედვით მოფარფატე ეგ კასტა დიდი ხანია გაშიფრულია ამისათვის უბრალო მრავალრიცხოვან ადამიანებში მხოლოდ გულის რევასა და სიბრალულს იწვევენ

  13. დიდი მადლობა ბატონ დავით მხეიძეს. სიმართლე თვალის სინათლეა ყოველთვის…

  14. დედა შვილის საგიჟეთიდან გამოგზავნილი წერილი, საფლავში ჩაიტანა, გვიშველეო ევედრებოდნენ, იმედი ქონდათ, მაგრამ………… გაწირა.

  15. მოვკვდები, გავცამტვერდები, შევუერთდები მინდვრებს, ჩემი ცისფერი მტრედები იფრენენ კიდითკიდე. ლაჩარსა, ქსლისა მბეჭველსა, მკვდარიც შისის ზარს ვჰგვრიდე, შენ ჩემსა მწიფე ყანებსა გულმოდგინებით მკიდე. ჯანსუღ ჩარკვიანი

  16. ავტორო კარგია მაგრამ ერთი რამე აკლია ზ გამსახურდიას წერილები და ესსეები წაიკითხე და იქ ჯანსუღის პლაგიატთან დაკავშირებული მასალა ჩაამატე ამ წერილს

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here