Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენ კი აქ უნდა ვიცხოვროთ!

ჩვენ კი აქ უნდა ვიცხოვროთ!

1262
ვადიმ ანასტასიადი

ვილაპარაკოთ სიცრუეზე; იმაზე, რომელიც ზედაპირზე დევს და რომელიც სიღრმეშია დამალული _ ინტრიგებში გაწაფული ტვინის ფსკერზე.

ჯერ იმაზე _ რაც ზედაპირზე დევს: თბილისში გაიმართა მედიაფორუმი “მასმედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცების საქმეში”. აქ შეიკრიბნენ ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ასეთი შეხვედრები უწინაც იმართებოდა, მაგრამ წლევანდელი განსაკუთრებული იყო, რადგან ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომლის დროსაც ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ანასხლეტი, აპირებს, “ქართულ ოცნებას” გაუმართოს “საბოლოო და გადამწყვეტი ბრძოლა”.

სერიოზული პოლიტიკური ბრძოლები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის წინა წლებშიც მიმდინარეობდა, იყო ეს საპარლამენტო თუ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, მაგრამ “მეოცნებენი” მაშინ ისეთი სუსტი და უძლური, ისეთი არაორგანიზებული არ იყვნენ, როგორც დღეს არიან, რაც “ერთიან ეროვნულ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” რევანშის აღების სურვილს უორკეცებს. ამ შანსს ისინი ორივე ხელით არიან ჩაჭიდებულნი და, ჩვეულებისამებრ, თავხედურად და უნამუსოდ მოქმედებენ, არავითარ საშუალებაზე უარს არ ამბობენ. მათი მთავარი მიზანი “ქართული ოცნების” პოლიტიკური განადგურებაა, ამიტომაა, რომ ნებისმიერ სიყალბეს იყენებენ, რათა “ქართული ოცნება” წარმოაჩინონ, როგორც ძალაგამოცლილი, უბადრუკი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც არ შეუძლია აქტუალური პრობლემების გადაწყვეტა როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

პრეზიდენტობის მსურველები _ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან თვითკმაყოფილებისა და საკუთარი დამსახურებების განდიდებაში. სააკაშვილის ტელევიზია “რუსთავი 2” ვაშაძეს წარმოგვიდგენს, როგორც “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ საგარეო საქმეთა მინისტრს”. ისეთ გამარჯვებებს მიაწერენ, რომ გიჩნდება სურვილი, შესძახო: თქვენ ხომ არ გაგიჟდით?! წარმატებულიაო, ამბობთ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომლის დროსაც საქართველომ თავისი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა? ამ უმძიმეს დანაშაულში ბატონ გრიგოლს ერთადერთ გასამართლებელ არგუმენტად შეიძლება გამოადგეს ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ის რეალურად არ ყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრი, მარიონეტი გახლდათ _ მოლაპარაკე თოჯინა სათაყვანებელი პრეზიდენტის ხელში, და ამადვე დარჩა. მას კარგად ეხერხებოდა ისეთ სუბიექტებთან ძმობა და მეგობრობა, პირზე კოცნა, როგორიც ოდიოზური ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა იყო. აი, ხალხთან ურთიერთობა კი დღემდე არ გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ გადახვევა-გადაკოცნის მეთოდს ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს აქტიურად იყენებს. ე.წ. ელექტორატთან ურთიერთობისას ისე ფართხალებს, როგორც ხმელეთზე ამოგდებული თევზი; ისეთ ბანალურ აზრებს აფრქვევს, რომელთა ძირი და ფესვი მიხეილ სააკაშვილის ორატორულ საგანძურში უნდა ვეძებოთ.

დავით ბაქრაძე, ამ თვალსაზრისით, ტოლს არ უდებს თავის კონკურენტს. როგორ მიგაჩნიათ, ძვირფასო მკითხველო, რას უნდა დაჰპირდეს ამომრჩევლებს ისეთი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორიც საქართველოა, სადაც უმუშევრობა მძვინვარებს და მოსახლეობის ერთი მესამედი იძულებულია, სამუშაოს საძებრად უცხოეთში გადაიხვეწოს? იგი უნდა დაჰპირდეს, რომ შეეცდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას თავის ქვეყანაში და, საერთოდ, თანამემამულეებისთვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომ მათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ.

ლოგიკურად ასე უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკულად ასე არ არის. “ევროპული საქართველოს” კანდიდატი გვპირდება, რომ, თუ მას ავირჩევთ პრეზიდენტად, იგი შემოივლის “ევროპულ საზღვარგარეთს” და იქაურ ლიდერებს დაარწმუნებს საქართველოდან გადახვეწილებს, გამოუყონ უცხოეთში ცხოვრებისა და მუშაობის კვოტები. იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო ამ “ფანტასტიკური” დაპირების შესრულების შემთხვევაში.

ქვეყანა დაცარიელდება!

ოპოზიციის კანდიდატებს, ვაშაძესა და ბაქრაძეს, წინასაარჩევნო პროპაგანდის მომგებიან თემად ამოჩემებული აქვს “რუსი ოლიგარქის” _ ბიძინა ივანიშვილის თემა, რომელიც ფეხქვეშ ეგება “ოკუპანტ პუტინს”. ამიტომაც იყო, რომ ჟურნალისტების ეს ფორუმი ავი სიტყვის მოყვარულებმა გამოიყენეს, როგორც მიზეზი დაგროვებული ბოღმისა და ბალღამის გადმოსაღვრელად.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ უკეთესი აუდიტორია, როგორიც ეს ფორუმია, პრაქტიკულად ძნელად წარმოსადგენია: შეგიძლია შეხვდე და ელაპარაკო ჩამოსულ კოლეგებს, ეკამათო, დაიცვა შენი პოზიცია, გაუზიარო შენი განცდები და ფიქრი 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შესახებ. მით უფრო, რომ ამ შეხვედრაზე საამისოდ ყველაფერი დეტალურად იყო გაწერილი და ორგანიზებული. შებრძანდი დარბაზში, მოითხოვე სიტყვა _ მიკროფონი ჩართულია და ილაპარაკე, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა: უნდა იყო კორექტული, თავშეკავებული! და, ბუნებრივია, უნდა შეგეძლოს შენი მოსაზრებების გასაგებად წარმოდგენა.

მაგრამ ეს არავის სჭირდებოდა. ის აჟიოტაჟი, რომელიც თბილისის ჟურნალისტური ფორუმის გარშემო ატეხეს, კიდევ ერთ გამოუმწვარ აგურად ჩაიდო ვაშაძებაქრაძის წინასაარჩევნო კამპანიის მორღვეული შენობის ფასადში: ქართველმაოლიგარქმაერთხელ კიდევ მოუხარა ქედივერაგ მტერს”, “პუტინის აგენტურასსაქართველოში ჩამოსვლისა და აქაური მოსახლეობისთვისტვინების გამორეცხვისსაშუალება მისცა.

ანტირუსული ახალგაზრდული აქციის მონაწილეები რუს ჟურნალისტებს მიეგებნენ შეძახილით: “რუსეთი ოკუპანტია!” “ვერე პალასის” წინ, სადაც ფორუმი იმართებოდა, დადგეს მაგიდა და გაშალეს სუფრა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ პერფომანსით გამოხატავდნენ იმ სტუმართმოყვარეობას, რომლითაც თითქოს საქართველოს ხელისუფლება მიეგება ოკუპანტებს. მაგრამ, ღატაკური სუფრით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიკე კიტრითა და პომიდვრით, საზამთროს ნესვის მეოთხედებით და ერთი უდღეური კვახით გულუხვობასა და სტუმართმოყვარეობას ვერ დააბრალებ “მასპინძლებს”. პერფომანსი ფარსად წარმოგვიდგა.

ადგილობრივი ტელეარხები ავბედით სურათს გვიხატავდნენ, რომლის ხილვით თმები ყალყზე დაგიდგებოდა: მოსკოვი, კრემლი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტი. ვლადიმერ პუტინი ფართხუნა შარვლის ჯიბიდან ამოიღებს ლენინის პორტრეტიან ძველი საბჭოთა ასმანეთიანების დასტას და გადასცემს პოლიტოლოგ ალექსი მალაშენკოს, თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს და საქართველოში ტვინების გამორეცხვის საკითხზე უკანასკნელ მითითებებს აძლევს.

ეს მალაშენკო კი ფორუმის გარშემო შექმნილი ვითარების დახასიათებისას აღნიშნავს: Кавказ _ дело тонкое. ხაზს გაუსვამს, რომ განსაკუთრებულს არაფერს ხედავს საპროტესტო აქციაში. “ადამიანები გამოდიან, ყვირიან, მათი უფლებაა. ასეთია პოლიტიკური რეალობა”. ასე იტყვის ტელეკამერების წინ და განაგრძობს: “თბილისში საურთიერთობოდ ჩამოვედით. ჩვენ განსხვავებულები ვართ _ განსხვავებული შეხედულებებით, განსხვავებულ პოზიციებზე ვდგავართ. დამთავრდა ის დრო, როცა ყველანი ერთნაირები ვიყავით”. ექსპერტის აზრით, მედიაფორუმის თბილისში გამართვის მთავარი მიზანი იყო მოსაზრებათა გაცვლა, რათა “სამომავლოდ თანდათან ნორმალური ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ”.

შედეგი როგორია? ვინ მოიგო? _ ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ ცნობილია ის, ვინც წააგო: ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ოპოზიცია არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებს, დღითიდღე აძლიერებს მმართველ პარტიაზე ზემოქმედებას. ჩანაფიქრი მარტივია და აშკარა: ქართულ ოცნებასდააბრალოს ყველა არსებული თუ მოგონილი ცოდვა, რომ მმართველი პარტია არის იარაღი რაღაც გარე ძალების ხელში, რომლებიცმეოცნებეებსთავის ნებაზე ატრიალებენ. ოპონენტების ყველა ბრალდებას თან სდევს პატრიოტიზმის შესახებ რახარუხი და ნიანგის ცრემლების ღვრა ხალხის გაჭირვებისა გამო, რომელშიც ქართველობა სწორედ ნაცების მმართველობის დროს ჩავარდა.

ასეთია არსი სიცრუის.

ამით განსხვავდება ის, რაც ზედაპირზე დევს, იმისგან, რაც ინტრიგებში გაწაფული ტვინის ფსკერზე იმალება.

სტუმრებს რა?

ჩამოვიდნენ და მშვიდობით გაემგზავრნენ. ჩვენ კი აქ უნდა ვიცხოვროთ.

ვადიმ ანასტასიადი,

ვეჩერნი ტბილისისმთავარი რედაქტორი

1 COMMENT

  1. 99%. ნაცების დროს გავღატაკდით და ედუარდ-დიდი-ამაოხრებლის დროს ფუფუნებაში ვცხოვრობდით ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here