Home რუბრიკები ისტორია “ჩვენი უმთავრესი უბედურება საზოგადოდ ის არის, რომ ნამდვილის საქმიანობის უნარი არა გვაქვს”

“ჩვენი უმთავრესი უბედურება საზოგადოდ ის არის, რომ ნამდვილის საქმიანობის უნარი არა გვაქვს”

ჩვენს ქვეყანაში პრობლემები თითქმის არ იცვლება, ხოლო დიდი ადამიანის აზრებს არასოდეს გასდის ყავლი...

936
პარლამენტი

სულმნათმა ილიამ თავის დროზე ქართველების სიზარმაცეს მოთხრობაკაციაადამიანი?!” მიუძღვნა _ შექმნა ლუარსაბის დაუვიწყარი სახე, რამაც მაშინ ბევრი ქართველი გაანაწყენა, რადგან სიმართლისთვის თვალის გასწორება არ უნდოდათ. ასეა დღესაც _ არც ჩვენ გვინდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ ქვეყანა ჩვენივე სიზარმაცით დავაქციეთ. როგორც ილია წერს, “ყვირილით კი ბევრს ვყვირით და ძალიან ხმამაღლაცა, ყველას ვარწმუნებთ, რომ გულწრფელად გვსურს რაიმე საქმის გაკეთება და საქმით კი ხელსაც არა ვძრავთ. პირველ დაწყებაში ბევრი ჰაიჰუი ვიცით, ვცხარობთ, ვყვირით, ვჩხუბობთ, და მინამდე საქმემდის მივალთ, ჩალასავით აპილპილებული ჩალასავით ჩავქრებით ხოლმე”.

შედეგად, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული მრეწველობა, ეროვნული სოფლის მეურნეობა, ეროვნული განათლება, ეროვნული კულტურა

ამიტომ გვიწოდებენ მესამე კატეგორიის ქვეყანას, განვითარებად ქვეყანას; ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა და ..

რა არის ამის მიზეზი? შური, მტრობა, ცრუ თავმოყვარეობა, წვრილმანობა”, “აი რა მიუძღვის წინ ყოველ ჩვენს საზოგადო საქმეს, აი რა გვიშლის ხელს ყველგან და ყოველისფრის საქმეში; ყველგან, საზოგადო საქმეში თუ ცხოვრებაში”. ერი კი სრულყოფილი მაშინ ხდება, როდესაც იგი ეროვნულ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს. ამისთვის კი თავისუფლებაა საჭირო

მაგრამ რა არის თავისუფლება?

რეალურად, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ყველაფრის უფლების ქონა _ რასაც გინდა და როგორც გინდა, ისე რომ აკეთებ და საერთოდ არ გაინტერესებს, მოსაწონია, დასაძრახია თუ დამღუპველი ეს ყველაფერი ერისთვის, ქვეყნისთვის; როცა არ გაქვს მოვალეობის განცდა სხვა ადამიანებისა და საერთოდ ერის მიმართ. არადა, უფლება და მოვალეობა სწორედ რომ ერთად არის ნანატრი თავისუფლება!

ვართ თუ არა ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი ერი?

დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლება _ ვერა, რადგან ჩვენი ხელისუფლებები ხანძველ პატრონთანდაბრუნებას ცდილობენ, ხანახალ პატრონსეძებენ, ხანაცდამოუკიდებლად ფუსფუსებენ” _ ვითომ საქმეს აკეთებენამით თანდათან ვშორდებით თავისუფლებას. არადა, დღეს საფრთხე სწორედ ჩვენს თავისუფლებას ემუქრება და არა დამოუკიდებლობას, რომელიც თავისუფლების გარეშე დიდი ვერაფერი ღირებულებაა.

ერის ავადმყოფობას ხელისუფლებამ უნდა უმკურნალოს, მაგრამ, თუ მას საამისოდ არც ცოდნა, არც კვალიფიკაცია არ გააჩნია, ერმა თავად უნდა მიხედოს საკუთარ თავსო, მაგრამსად ქართველი კაცი და სად ერთიანი გარჯა! სად ქართველი კაცი და სად საყოველთაო საქმისათვის ერთად, კრებულად თავის მოყრა და ერთად უღლის წევა! კალიამაცკი გვაჯობა, კალიამაც! ასე იცის ჩვეულმა დაქსაქსულობამ, ასე იცის ერთმანეთის მიუკარებლობამ და გაუტანლობამ, ასე იცის ამ საყოველთაო გრძნობის არ ქონვამ”, _ წერდა ილია 1889 წელს ვაზის სნეულებების თაობაზე დაწერილ წერილში. კალიამაც კი გვაჯობაო!

ჩვენ?

ჩვენ ხომ ფაროსანამ გვაჯობა?! თანაც როგორ _ მთელი გურია, სამეგრელო და იმერეთი გადაჭამა, გაანადგურა თხილის მოსავალი და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2018 წელს სახელმწიფომ 50 მლნ გამოყო, მთავრობამ 360 ათასი ქიმიური პრეპარატი შეიძინა მილიონ ჰექტრამდე ფართობის შესაწამლად. შესყიდული შესაწამლი საშუალება განკუთვნილია ხეხილისა და ნათესი ფართობების, ასევე მიტოვებული და დასახლებული ნაკვეთების დამუშავებისთვის. მოსახლეობა? მოსახლეობამ თვითონ უნდა იმტვრიოს თავი საკარმიდამო ბაღების შესაწამლად, საკუთარი სახსრებით. აკი ზემოთ ვთქვით კიდეც: “სად ქართველი კაცი და სად ერთიანი გარჯა! სად ქართველი კაცი და სად საყოველთაო საქმისათვის ერთად, კრებულად თავის მოყრა და ერთად უღლის წევა!”

თუ გლეხს არ აქვს იმის საშუალება, რომ შეწამლოს თავისი კარმიდამო, რა, ფაროსანა საკარმიდამო ნაკვეთიდან ფეხს არ მოიცვლის?! ხომ ფაქტია, რომ ეს 50 მლნ წყალში ჩაიყრება?

პასუხს ისევ ილიას დავესესხები: “ჩვენი უმთავრესი უბედურება საზოგადოდ ის არის, რომ ნამდვილის საქმიანობის უნარი არა გვაქვს”.

უმოქმედობა და საზოგადოება

* “ეს საშინელი სენი უქმობისა, თავის-თავის არ-პატრონობისა, თავის-თავის არშველისა ისე არსად არ არის ხელ-აღებით მოკიდებული, როგორც ჩვენს თავადაზნაურობაში”. (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

* “ამდენმა ხანმა, რომლის განმავლობაში უთვალავი სიმდიდრე და ღონე წაგვერთვა, სულ უქმად და ამაოდ ჩაიარა ჩვენთვის ისე, რომ ერთის იოტის ოდენა ჭკუაც არ გვასწავლა, როგორ მოვუაროთ ჩვენს თავსა და რა წამალი დავსდვათ. საკვირველია, ამოდენა ხალხში ერთი იმისთანა კაცი არ გამოგვიჩნდა, რომ თავისთავად დაჰკვირვებოდა ამ საგანსა და აქაურ ბუნების მიხედვით მისი ვითარება თვითონაც ცოტად თუ ბევრად გაეგოს და სხვებისათვისაც გაეგებინებინა”.

* “თავისით თვალის ადევნება, თავისით გამოძიება, ან სხვისი გამონაძიების შეთვისება, ცოტად თუ ბევრად გამჭრიახობას ჰთხოულობს, ცოტად თუ ბევრად რთულს გარჯასა და შრომას, და ამიტომაც ამ შემთხვევაში სხვისათვის მიუტევებელ უქმად-ყოფნა ჩვენს მიძინებულს გონებას და დამბლადაცემულს ხალისს ასე თუ ისე შეეწირება, თუმცა ცოდვის დავთარში-კი მაინც ცოდვად დაეწერება სხვილის ასოებით” (“ვაზის სნეულებანი”. 1889 წ. 28 დეკემბერი).

* “ვაი ის არის, რომ რთულ და ადვილად მოსავლელ საქმეშიაც იგივ უღონობა, უთაურობა, უქმად ყოფნა გამოვიჩინეთ. …თქვენგან არ გვიკვირს: სად ქართველი კაცი და სად ერთიანი გარჯა! სად ქართველი კაცი და სად საყოველთაო საქმისათვის ერთად, კრებულად თავის მოყრა და ერთად უღლის წევა! კალიამაცკი გვაჯობა, კალიამაც! ასე იცის ჩვეულმა დაქსაქსულობამ, ასე იცის ერთმანეთის მიუკარებლობამ და გაუტანლობამ, ასე იცის ამ საყოველთაო გრძნობის არ ქონვამ” (“ვაზის სნეულებანი”. 1889 . 28 დეკემბერი).

უუნარობა _ აი რა გვიშლის ხელს საზოგადო საქმეებში

* “ჩვენი უმთავრესი უბედურება საზოგადოდ ის არის, რომ ნამდვილის საქმიანობის უნარი არა გვაქვს. ვერც ერთს საქმეს ბოლოს ვერ გავატანთ ხოლმე. ჩვენ მხოლოდ ლაპარაკი გვიყვარს, სიტყვით ოქროს კოშკებს დავსდგამთ, მთებს შევსძრავთ, და თუკი საქმე საქმეზე მიდგა, მაშინვე ყველა უკან ვსდგებით, ცალკცალკე ვიფანტებით, შორიდამ გულგრილად ვუცქერით საქმესა და თან კიდეც ვკვირობთ, რატომ ჩვენში არაფერი საქმე არა ხერხდებაო. ვიმეორებთ, ყვირილით კი ბევრს ვყვირით და ძალიან ხმამაღლაცა, ყველას ვარწმუნებთ, რომ გულწრფელად გვსურს რაიმე საქმის გაკეთება და საქმით კი ხელსაც არა ვძრავთ. პირველ დაწყებაში ბევრი ჰაიჰუი ვიცით, ვცხარობთ, ვყვირით, ვჩხუბობთ, და მინამდე საქმემდის მივალთ, ჩალასავით აპილპილებული ჩალასავით ჩავქრებით ხოლმე (“შავი-ქვის მრეწველობის მიმდინარე საქმეებზე”. 1886 წ. 15 ოქტომბერი).

* “რა არის ამის მიზეზი? შური, მტრობა, ცრუ თავმოყვარეობა, წვრილმანობა, _ აი რა არის ამის უმთავრესი მიზეზი, აი რა მიუძღვის წინ ყოველ ჩვენს საზოგადო საქმეს, აი რა გვიშლის ხელს ყველგან და ყოველისფრის საქმეში. ყველგან, საზოგადო საქმეში თუ ცხოვრებაში (“შავი-ქვის მრეწველობის მიმდინარე საქმეებზე”. 1886 წ. 15 ოქტომბერი).

ლოდინი მათხოვარსავით ხელგაწვდილია მუდამ

* “სულ ველით, რაღაცას ველით გამსუნაგებით, მაგრამ ლოდინი ლოდინად გვრჩება. ეგ ლოდინია საყოველთაო სატკივარი დღევანდელის დღისა, ეგ ლოდინია ის ახალი სენი, რომელიც დიდსა თუ პატარას დღეს აგებულებაში ჩასდგომია და რომელიც ყოველს საქმეში, ყოველ შემთხვევაში გვათქმევინებს ხოლმე: ვინ იცის, ხვალ რა იქნებაო (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. სექტემბერი).

* “ამაო ლოდინმა სული და გული დაუმშია ადამიანს, ხელფეხი დაუბაწრა, გაუცვითა ნიჭი ნატვრისა, გაუქსუა სურვილი, მოშალა ტანში და ერთობ მოუდუნა მთელი აგებულება, უამისოდაც მოდუნებული (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ქვეყნის ჭირი ჩვენი ჭირიც არის. ჩვენც ქვეყანაში ვურევივართ და ქვეყანასთან ერთად ბევრი რამ საზიარო გვაქვს (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ლოდინით მომართული ადამიანი ბაგაში დამწყვდეულ პირუტყვსავით ნებიერადა წევს და იცოხნება ნელნელად, ტკბილად. ამგვარის ყოფისათვის მარტო კბილია საჭირო და მაგარი კუჭი. ღვთის მადლით, არც ერთი დაუზოგავს ბუნებას ადამიანისათვის და არც მეორე: კბილიც უჭრის საცოხნელად და კუჭიც მოსანელებლად. ოღონდკი საცოხნელი ჰქონდეს და სხვა არა უშავრა. საცოხნელი კიდევ თითონ ლოდინია. ვერც კბილს გასცვეთს და ვერც კუჭს მოშლის, და მშიერს, როგორც იქნება, გამოჰკვებავს (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ლოდინი ბუნებითაც დინჯი რამ არის. მშვიდობიანი, წყნარი და მთხოვარსავით მუდამ ხელგაწვდილი: მიაწვდი რასმე _ მადლობელია და არ მიაწვდი _ მაინც მადლობელია. ხელგაწვდით და ღრეჭით თუმცა ჰგავს მათხოვარსა, მაგრამ უმადურობით კი არა” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ლოდინში ერთი კიდევ კარგი ის არის, რომ მუქთია. რამდენიც გნებავთ ხარჯეთ, გროში არ გაგივათ. მეორე კიდევ ის არის, რომ თუ მოინდომეთ, დაუსრულებელი იქნება, ბოლო აღარ მოეღება. ამ მხრით ლოდინი მეტად კარგი ხერხია და ოსტატის კაცისთვის დიდად გამოსაყენი. შეიძლება ერთს რისამე ლოდინს რომ ბოლო მოეღოს, მაშინვე მეორე საგანი აუჩინო და ამას მიუსიო ადამიანის მუდამ დამშეული გული. ამ გზით შეგიძლიანთ ადამიანის გულს არ მოაშოროთ ლოდინი არას-დროს” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ლოდინი თოკია. თუ ოსტატმა კარგად ხერხიანად გამოიყენა, მაშინ ახსნილიც დაებმის და დაბმული ხომ დაბმულია და დაბმული”. (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “იცით, “სულელი” საიდამ გამოდის? ლოდინიდამ. იცით “სულელის” ძირი რა არის? ლოდინი. აბა “ლოდინი” და “სულელი” _ საიდამ სადაო, იკითხავთ. არც ისე შორს არიან ერთმანეთზედ ეს სიტყვები, როგორც თქვენა გგონიათ. იმ კაცს რას ეტყვით, რომელიც “სულ ელის და სულ ელის?” “სულ ელიო”. მორჩა და გათავდა. გამოცანა ჩვენ გვერგება” (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

* “ვიდრე წესების ცვლილებას შეუდგებიან ჩვენში, ჯერ ყველაზედ უწინარეს გამოცნობილ და აღიარებულ უნდა იქმნას ის, თუ რა თვალით და რა გულით უნდა გვიყურონ ჩვენ. უნდა გამოცნობილ იქმნას, კარგად განსაზღვრულ და ბეჯითად განმარტებულ, _ თუ ვინა ვართ ჩვენ და რანი ვართ (“შინაური მიმოხილვა”. 1881 წ. დეკემბერი).

საიდან დაგვჩემდა გულგრილობა?

* “შორიდამ რომ შემოგვხედოს უცხო კაცმა და შენიშნოს, რომ ჩვენ თავად-აზნაურთა საზოგადოებაცა გვყავს ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც, ქართული დრამატიული საზოგადოებაც, საკუთარი საადგილ-მამულო ბანკებიც, გაზეთებიც და ჟურნალებიც, მწერალნიცა და მკითხველებიცა, _ ყოველივე ეს რომ შენიშნოს, იფიქრებს, ამ საქართველოს ერს არა უჭირს რაო, ცნობიერს ცხოვრებაში წილი ჩაუდვია, სიკეთის და განვითარების გზაზედ ფეხი მკვიდრად მოუკიდებიაო. რასაკვირველია, ცოდვა იქნება, ვსთქვათ, რომ ყოველივე ესე მცირეოდენად მაინც სანუგეშოდ არ მიაჩნდეს მას, ვისაც ჩვენის ერისა და ქვეყნისათვის გული შესტკივა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველს ამას საძირკველი და ნიადაგი რომ შინაურულად გავუსინჯოთ, დავრწმუნდებით, რომ რაღაც აკლიათ, არიან და აღარც არიან” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. თებერვალი).

* “საიდამ შემოგვეპარა, საიდამ შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა დღეს უგემურმა “მე”-მ იმის ადგილი, საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო “ჩვენ” ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ესე? ეგ სენი ახალი სენია და საიდამ არის მოსული, ვისი დანერგილია, ეგ ადვილი მისახვდომია: იმისგან, ვისაც უძლური “მე” უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალგულოვანი “ჩვენ” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. თებერვალი).

* “ასეა თუ არა, ჩვენ კი, როგორც მემატიანე ჩვენის შინაურის ცხოვრებისა, შევნიშნავთ, რომ დღეს ყოველს ჩვენს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზაკვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ: თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო. თუ ზემოხსენებულნი საზოგადოებანი იმით სანუგეშონი არიან, რომ მაგალითს წარმოგვიდგენენ, რომელშიაც ცხოვლად ჩანს ჩვენის ერის სურვილი ხელახლადჩვენობასფეხი აადგმევინოს და კუთვნილი ადგილი მოუპოვოს ჩვენს ცხოვრებაში, იმის ნიმუშიც არიან, თუ რამოდენად ძლიერია დღეს ჩვენში თვითეულობა, განცალკევება, განზედ დგომა და საკუთარიმე (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. თებერვალი).

 

* * *

“ქვეყნის ჭირი ჩვენი ჭირიც არის. ჩვენც ქვეყანაში ვურევივართ და ქვეყანასთან ერთად ბევრი რამ საზიარო გვაქვს”, მაგრამ საიდან შემოგვეპარა, საიდან დაგვჩემდა გულგრილობა?

რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია “ობიექტივში” ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ევროპული მემკვიდრეობის კვირეული ჩატარდა და რაოდენ სამწუხაროც და გასაკვირიც უნდა იყოს, მათ დავით გარეჯა საბოლოოდ გამოაცხადეს ალბანურ ძეგლად და შესაბამისად _ თავიანთ საკუთრებადო. მისი ინფორმაციით, გარეჯის ტერიტორიაზე მოეწყო მსვლელობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები, ასევე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტი ახალგაზრდობა.

მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია: აზერბაიჯანული მხარე თვლის, რომ ძეგლები _ ჩიჩხიტური და ბერთუბანი ალბანური ძეგლებია, ანუ აზერბაიჯანელთა წინაპრების დანატოვარი, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე.

“ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავსო”, _ ამბობს ილია მართალი, გულანთებული კაცებიო…

თავის დროზე 6 ათასმა გარეჯელმა შეაკლა თავი აქ შაჰ-აბასს იმის გამო, რომ ეს ადგილი დაეცვა. ჩვენ კი დღეს ვითომც არაფერი _ ერთხელ ვიყვირეთ “გარეჯი საქართველოაო”, დროშები ვაფრიალეთ საზღვართან და მორჩა!

ამით დასრულდა ჩვენი პროტესტიც, გვიხარია აზერბაიჯანთან სტარტეგიული მეგობრობა. მაგრამ ის, რომ “21-ე საუკუნეში გართმევენ ეკლესიებს და შემდეგ იქ მიდის გადაფხეკა ფრესკების, ამაზე განგაშის ზარი არ უნდა შემოვკრათ? თუ ასე უნდა ვიყოთ მდუმარედ? ჰოდა, მერე ჩამოვლენ ლავრაშიც, სადაც ამჟამად მოლოცვის პრობლემა არ არის და ქართველი ბერ-მონაზვნები არიან. თუ გულგრილად ვუყურებთ ყველაფერ ამას, ნურც ის გაგვიკვირდება მერე, ქვეყანაში პრობლემები რომ არის და ღმერთი განსაცდელს გვიმზადებს. სისხლით მორწყულ წმინდა მიწაზე როდესაც უარს იტყვი, რა თქმა უნდა, უფლის სასჯელი მოგევლინება. გასაგებია, რა საშიშ და დიდ ძალასთან გვაქვს საქმე, მაშინ ის მაინც ვთქვათ, რომ ეს არის ქართული ტერიტორია ოკუპირებული აზერბაიჯანის მიერ, ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები და არ გავისუსოთ ისე, ვითომც არაფერი არ მომხდარა”, _ იმედია, ასე მხოლოდ მჟავანაძე არ ფიქრობს და სხვებსაც ადარდებთ დავით გარეჯას ბედი.

ილიას თქმისა არ იყოს, “რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებით”. ნუთუ იმის იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე ერთხელაც იმ ჭკუაზე დადგება, რომ სინით მოგვართმევს დავითგარეჯს?! მაგრამ “სხვაზედ მინდობა ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი “შემთხვევისა” და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, _ შენს თავს შენვე მოუარეო”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here