Home რუბრიკები საზოგადოება ჩეჩენი გელაევიდან აზერბაიჯანელ მუხტარლიმდე

ჩეჩენი გელაევიდან აზერბაიჯანელ მუხტარლიმდე

1730
რუსლან გელაევის რაზმი

ჟურნალისტობამ, როგორც პროფესიამ, ისე დაკარგა ფასი, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს, “ალიევის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლაქტივისტს, ვინმე აფგან მუხტარლისაც ჟურნალისტად მოიხსენიებენ ქართულ მედიაშიც და კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გულდათუთქულ განცხადებებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჟურნალისტობის დამადასტურებელი პუბლიკაციები, ვეჭვობ, არავის უნახავს, არ წაუკითხავს, არ მოუსმენია. ასე დასჭირდათ. თქვეს და ბეჭედიც დაუსვეს. მიდი და არკვიე, ყალბი იყო თუ არა ის ბეჭედი. ვის აინტერესებს!..

არც მათ, რაც ფრიად სამწუხაროა, ვისი მოვალეობაცაა. განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევაში, რომლის გამოც ატეხილმა შფოთმა და ვაი-უშველებელმა საქართველო ხომ წალეკა და ახლა ხელდაკაპიწებული ევროპარლამენტარები ემზადებიან შუაგული თბილისიდან “გაუჩინარებული” ერთი აზერბაიჯანელი “ჟურნალისტის” საქმის გარჩევას. ერთი კაცისას, რომელმაც ცოლითურთ საქართველოს თავი შეაფარა და ამის გამო დატრიალდა ქარბორბალა. თითქოს აფგან მუხტარლიმდე მსგავსი არაფერი მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში.

ჩეჩენი ლტოლვილების მასობრივი გადმოსვლა გაიხსენეთ, განსაკუთრებით კი, კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო შენაერთისა, რომელსაც რუსლან გელაევი ედგა სათავეში. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ეს პრობლემა მედიააჟიოტაჟის გარეშე მოაგვარა.

ერთი გამონაკლისის გარდა, და ეს გამონაკლისი, რა თქმა უნდა, “რუსთავი 2” იყო, რომელიც ჩეჩნეთისკენ დაძრულ გელაევის რაზმს კვალში მისდევდა და მოხალისე აგენტის მონდომებით გადასცემდა “ცენტრს”, როგორ გადაადგილდებოდა ეს სამხედრო შენაერთი საქართველოს ტერიტორიაზე.

“ეგებ ოკოლოდჩიკობაც მიბოძოთ, ბატონო პოლიცმეისტერო!..”

მინიშნებებიდან ფაქტებით საუბარზე გადავიდეთ. “საქართველო და მსოფლიოსკორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა იმ პერიოდში საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გენერალლეიტენანტ ვალერი ჩხეიძეს.

_ იმხანად ჩრდილოეთ კავკასიაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად ორგანიზებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს, უდიდესი დესანტი გადმოსხეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე და პრაქტიკულად ჩაკეტეს საზღვარი. გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა დასახლებულ პუნქტ კომსომოლსკაიასთან, რომელსაც მეორე სტალინგრადს უწოდებდნენ. მძიმე არტილერია, ავიაცია იყო ჩართული ამ ოპერაციაში. დაადუღეს ყველაფერი. კომსომოლსკაიას თავდაცვას რუსლან გელაევი ხელმძღვანელობდა. 400 კაცამდე ჰყავდა. ნახევარი დაეღუპა. როცა აშკარა შეიქნა, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო, სროლით გაარღვიეს ალყა.

ალყიდან თავდაღწეული ეს რაზმი ჯდება მანქანებში, ნახევარ ჩეჩნეთს გაივლის, შედის ინგუშეთში და ასას ხეობაში გადადის. ამ ჯგუფის რამდენიმე წევრის საქართველოში გადმოსვლა ადგილობრივებმა შეამჩნიეს. დაზუსტების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს იყო დაჭრილი მებრძოლების 12-კაციანი ჯგუფი, მათ შორის  რამდენიმე თურქი დაქირავებული.

_ მოახერხეთ მათი დაკავება?

_ დავაკავეთ, როგორც საზღვრის დამრღვევები. მათი დაკითხვისას გაირკვა, რომ გილაევის 200-კაციანი რაზმი გადმოსულია საზღვარზე, ეს ჯგუფი კი, წინდაწინ, ავანგარდად იყო გამოგზავნილი, ძირითადი ძალები ორიოდე კილომეტრის დისტანციით მოჰყვებოდა.

იმხანად გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოვლენები ასე განვითარდა: მეზობელ ხეობაში აღმოჩნდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანები, რომლებითაც ამ ორასკაციან საბრძოლო ერთეულს პანკისის ხეობაში გადაიყვანენ, სადაც ლტოლვილების უდიდესი მასა იყო დაგროვილი. ეს რეალობა რუსეთისა და საქართველოს უწყებათაშორის ყველა შეხვედრისას დაპირისპირებისა და კამათის თემად იქცა.

_ იმხანად საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი იყო.

_ დიახ, ამიტომაც ასეთი შეხვედრები რეგულარულად ეწყობოდა. რუსეთის მხარე ყოველთვის პრეტენზიას გვიყენებდა, რომ გელაევი ჩვენთან თავს აფარებდა. განსაკუთრებით გვსაყვედურობდნენ მესაზღვრეებს. ვითარების განსამუხტავად საჭირო შეიქნა არაორდინარული ღონისძიებების განხორციელება და, პრეზიდენტის დავალებით, მე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, გენერალი ლევან კენჭაძე და თემურ გრძელიძე _ უშიშროების მინისტრის მოადგილე, ჩავედით პანკისის ხეობაში და შევხვდით რუსლან გელაევს. უნდა გაგვერკვია, რას აპირებდა, როგორი სამოქმედო გეგმა ჰქონდა და ა.შ. ამასთანავე, ისიც უნდა გვეთქვა, როგორ დაგვეძაბა ურთიერთობა რუსეთთან და უარესის თავიდან ასაცილებლად რაღაც უნდა გვემოქმედა.

არსებული ვითარება რომ გავაცანით, გელაევმა განაცხადა, მზად ვარ დავბრუნდე ჩეჩნეთში, ოღონდ თქვენ ვერტმფრენებით გადაგვისროლეთო.

რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით…

გილაევთან მოლაპარაკების დეტალებს დაწვრილებით ყვება გენერალი ლევან კენჭაძე:

_ გელაევმა გვითხრა, რომ თავისი მებრძოლებით ჩეჩნეთში დაბრუნებას აპირებდა: უხუცესებმა შემომითვალეს, შენ მანდ ისვენებ, ჩვენ კი აქ ომი გვაქვს და უნდა ჩამოხვიდეო. თქვა, რომ პანკისის ხეობიდან გადავიდოდა აფხაზეთში, დაიკავებდა იქაურ ქალაქებს, ამასობაში ქართული ჯარი შემოიყვანეთ და აფხაზეთი თქვენ დაგრჩებათო.

ჩვენ კატეგორიული უარით ვუპასუხეთ. დავუსახელეთ კონკრეტული უღელტეხილი, რომლითაც ჩეჩნეთში შეძლებდნენ გადასვლას. ვუთხარით, აქედან გავუშვებდით და რუსებთან თვითონ მოეგვარებინათ საქმე.

დაგვპირდა, რომ იფიქრებდა და ჩვენს ულტიმატუმზე საბოლოო გადაწყვეტილებას შეგვატყობინებდა.

მოლაპარაკება შუადღესვე დავამთავრეთ და ჩამოვედით თბილისში. საღამოს მოსკოვიდან მოდის შიფროგრამა, გელაევი აპირებს ამა და ამ გზით რუსეთში დაბრუნებასო. და ასახელებდნენ იმ უღელტეხილს, რომელიც ჩვენ გელაევს შევთავაზეთ. მიაქციეთ ამას ყურადღება და საჭირო ზომები მიიღეთო, _ გვირჩევდნენ.

ასეთი კონკრეტიკა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან აღნიშნული მარშრუტის შესახებ ვიცოდით მხოლოდ ჩვენ და გელაევმა. რუსებისთვის ან ჩვენ, ან მას უნდა შეეტყობინებინა.

ჩვენგან ეს ინფორმაცია არ გასულა.

(ამ პერიოდში გელაევს საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ აღნიშნულ პრობლემაზე მოლაპარაკების მიზნით _ ა.ს.)

გადის გარკვეული დრო.

ერთ დღეს ჩვენი კოლეგა ელგუჯა ჯამბურია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი იყო, გვირეკავს და გვეუბნება, რომ სამეგრელოში სამხედრო მანქანებით შევიდნენ გილაევის მებრძოლები და გეზი აფხაზეთისკენ აიღესო. მაშინ ვერ დადგინდა, მანქანები თავდაცვის სამინისტროსი იყო თუ შინაგანი ჯარების.

ეს ყველაფერი მოვახსენეთ ქვეყნის ხელმძღვანელობას და ნუგზარ საჯაიასთან, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, სასწრაფოდ გაიმართა თათბირი. უშიშროების საბჭოს წევრებს ავუხსენით, რომ, თუ გელაევი აფხაზეთში შევიდოდა, შეიქმნებოდა კატასტროფული ვითარება. ცხონებულმა ნუგზარ საჯაიამ აიღო პასუხისმგებლობა და ყველას კატეგორიულად აუკრძალა, გაჰყოლოდნენ გელაევს. ამ უკანასკნელმა კი ისე იარა სოხუმამდე, რომ რუსებს ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ. გელაევს რომ გავყოლოდით, მაშინ მოხდებოდა ის კატასტროფა, რომელიც 7 წლის შემდეგ, ანუ  2008 წლის აგვისტოში მოხდა.

ვალერი ჩხეიძე განაგრძობს:

_ ფაქტები ღაღადებს, რომ გელაევის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ საქართველოს საზღვრამდე თითქმის დაუბრკოლებლად მოაღწია და ჩეჩენი “ბოევიკები” ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ზუსტად ეს მოვახსენე ჩემს რუს კოლეგას, როცა მან მორიგი საყვედურით მომმართა გელაევზე.

მან მიპასუხა, რომ საგუშაგოს უფროსი მოხსნა და სამხედრო ტრიბუნალს გადასცა.

ჩემი რეაგირება მწვავე იყო: შენ ერთი კაცი მოხსენი, ჩვენ კი დიდი პრობლემა გაგვიჩინე, როცა 200 “ბოევიკი” თავზე დაგვაყენე-მეთქი.

ამ საკითხებზე დიდი პრესკონფერენცია მოვაწყვეთ, რომელშიც სხვებთან ერთად რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

ამის შემდეგ ჩეჩნებთან დაკავშირებულ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ჩავრეულვარ. ვიცი მხოლოდ ის, რომ შინაგანმა ჯარმა (გია შერვაშიძემ) ეს ჯგუფი “კამაზებით” სვანეთისკენ გადაიყვანა. კოდორის ხეობიდან აფხაზეთში გადავიდნენ.

_ აფხაზეთიდან გადავიდა?

_ არა მგონია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც საიდუმლო ოპერაცია განახორციელა, ეს რაზმი დააბრუნა პანკისის ხეობაში და იქიდან გადავიდნენ.

ყველაფერი, რაც გელაევის საქართველოში გადმოსვლასთან, ჩვენს ტერიტორიაზე მოძრაობასა და უკან დაბრუნებასთან არის დაკავშირებული, საიდუმლოების ბურუსითაა მოცული, მაგრამ მთელი ეს პროცესი მედიაში საჯარო განხილვის, მით უფრო, აჟიოტაჟის საგანი არ გამხდარა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ჟანრის კანონიდან გამომდინარე, ეს პუბლიკაცია კვანძის გახსნით უნდა დამთავრდეს, ანუ მკითხველმა უნდა გაიგოს, წინამდებარე წერილი ჟურნალისტიკის დაკნინების შესახებ ლაპარაკით რატომ დავიწყე.

არაფერი განსაკუთრებული: “Птичку жалко!”. მედროვეებმა იმ პატარა ჩიტივით უფსკრულში გადაჩეხეს ჩვენი ხელობა და ახლა სულთმობრძავია.

როგორც საერთოდ პროფესიონალიზმი ჩვენს ქვეყანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here